Baby Bag

მშობლების მაგალითი ბავშვისთვის საუკეთესო გაკვეთილია - როგორ აღვზარდოთ მზრუნველი ბავშვი

მშობლების მაგალითი ბავშვისთვის საუკეთესო გაკვეთილია - როგორ აღვზარდოთ მზრუნველი ბავშვი

ბავშვები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სხვა ადამიანების გრძნობებისა და განწყობების ​ამოცნობას. მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად ვერ აცნობიერებენ, როგორ უპასუხონ თანატოლებისა თუ უფროსების გარკვეულ ქმედებებს. ზრდასრული ადამიანები მცირეწლოვანი ბავშვების მხრიდან გამოვლენილ ეგოიზმს, როგორც წესი, ნორმალურ მოვლენად მიიჩნევენ, რადგან ითვლება, რომ ბავშვი ყოველთვის ეგოს გავლენით მოქმედებს და ამაში გასაკვირი არაფერია. მშობლები ვერ ხვდებიან, რომ ბავშვებს სხვა ადამიანების განცდების გაზიარების საოცარი უნარი აქვთ და მათთვის სხვებისადმი თანაგრძნობის გამოვლენის სწავლება რთული სულაც არ არის. ემპათიას ნებისმიერ ურთიერთობაში საბაზისო მნიშვნელობა აქვს. ჩვენს სტატიაში შემოგთავაზებთ საინტერესო ხერხებსა და მეთოდებს, რომელთა დახმარებით მზრუნველი და თანამგრძნობი ბავშვის აღზრდა არ გაგიჭირდებათ.

გაამდიდრეთ ბავშვის ლექსიკური მარაგი

ბავშვებს საკუთარი ემოციების ვერბალურად გამოხატვა ძალიან უჭირთ, რადგან მათ სათანადო ლექსიკური მარაგი არ გააჩნიათ. ასწავლეთ თქვენს შვილს ისეთი სიტყვები, რომლებიც მას გრძნობების გამომჟღავნებაში შეუწყობს ხელს. მაგ. თუ თქვენი ერთ-ერთი შვილი საკუთარ დას ან ძმას გაუბრაზდა და ტირის, მეორე შვილს შემდეგი კითხვით მიმართეთ: „რატომ ტირის შენი და/ძმა?“ ბავშვი, სავარაუდოდ, მოკლე პასუხით შემოიფარგლება და გიპასუხებთ, რომ არაფერი იცის. შემდეგ ჯერზე ბავშვს გარკვეული მიმართულება თავად უნდა მისცეთ. შეცვალეთ კითხვის ფორმულირება და თქვენს შვილს სწორი პასუხის აღმოჩენაში დაეხმარეთ. უთხარით მას, რომ, შესაძლოა, მისი დის ან ძმის ტირილის მიზეზი ის სათამაშო იყოს, რომელიც მან დაუკითხავად აიღო. მსგავსი მინიშნებები თქვენს შვილს სხვების განცდებისა და ემოციების გაცნობიერებაში დაეხმარება, გარდა ამისა, ის საკუთარი ნააზრევის უკეთ გადმოცემასაც ისწავლის. ბავშვებს ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან უყვართ. თუ გსურთ ბავშვს რაიმე ასწავლოთ, ეს მის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა გააკეთოთ. აჩვენეთ თქვენს შვილს მისი ფოტოებით სავსე ალბომი და თითოეული ფოტოს შესახებ თქვენი მოსაზრებები გამოთქვით. აუხსენით, რატომ არის იგი ამა თუ იმ ფოტოზე მოწყენილი ან ბედნიერი. ბავშვებს უყვართ ისეთი ისტორიების მოსმენა, რომლებშიც მთავარ როლს თავადვე ასრულებენ. ყურადღება გაამახვილეთ მის მიერ გამოჩენილ სიკეთეზე, თანაგრძნობასა და ემპათიაზე, რითაც თქვენი გახარება შეძლო. ბავშვი ამას აუცილებლად დაიმახსოვრებს.

მიეცით ბავშვს მაგალითი

თქვენი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან ბავშვისთვის ყველაზე საინტერესო გაკვეთილია. ის ემპათიის გამოვლენას ადვილად მიეჩვევა, თუ დაინახავს, რომ თქვენ სხვებისადმი თანაგრძნობას ხშირად იჩენთ. გრძნობების გამომჟღავნებას ნუ მოერიდებით. თქვენს მეორე ნახევარს ბავშვის თანდასწრებით ჰკითხეთ, როგორ ჩაიარა დღემ, დაეხმარეთ მოხუცს, რომელსაც გზაზე გადასვლა უჭირს, დაცემულ ბავშვს წამოდგომაში მიეშველეთ და მისთვის სანუგეშო სიტყვებიც არ დაიშუროთ. თქვენი მაგალითი ბავშვისთვის საუკეთესო გაკვეთილია. მშობლის სხეულის ენა, საუბრის მანერა თუ ქცევის გარკვეული ხასიათი შვილის მთავარ მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. დააკვირდით თქვენს სიტყვებს და ქმედებებს. ბავშვთან ყოფნისას ამ მხრივ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.

პრაქტიკა მნიშვნელოვანია

ბავშვისა და თქვენი ინტერესები ყოველთვის თანხმობაში ვერ იქნება. შესაძლოა, თქვენს შვილს ნაყინის მოზრდილი ულუფის მირთმევა სურდეს, მაგრამ თქვენ მას ამის უფლება არ მისცეთ. აუცილებელია, ბავშვს თქვენი უარის მიზეზები კარგად აუხსნათ. მას თავიდანვე უნდა ესმოდეს, რომ ადამიანებს განსხვავებული სურვილები და მოტივები ამოძრავებთ და ზოგჯერ დათმობაზე წასვლა აუცილებელია. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ სხვების მოთხოვნებისთვის ანგარიშის გაწევა სისუსტე არ არის. ბავშვი სხვებზე ფიქრსა და ზრუნვას აუცილებლად უნდა მიაჩვიოთ. მიეცით მას ისეთი დავალებები, რომელთა დახმარებით ეგოიზმის დაძლევას შეძლებს. უთხარით ბავშვს, რომ ყოველდღიურად გამოკვებოს ოჯახის ძაღლი, გაუსუფთაოს საცხოვრებელი ადგილი. ასე თქვენს შვილს სხვების ინტერესების გათვალისწინებას ასწავლით და გამუდმებით საკუთარ თავზე ფიქრს გადააჩვევთ. აუხსენით ბავშვს, რომ არ გამოიჩინოს გულგრილობა, როდესაც ატირებულ მეგობარს დაინახავს. ასწავლეთ თქვენს შვილს, როგორ უნდა მოიქცეს, როდესაც განსაცდელში მყოფ თანატოლს ხედავს. დაეხმარეთ ბავშვს სხვების განცდების და მოლოდინების სწორი აღქმა ისწავლოს, ასე მის მზრუნველ და თანამგრძნობ ადამიანად ჩამოყალიბებას შეუწყობთ ხელს.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შვილს ეუბნები: „შენ გამო დავთმე კარიერა, შენ გამო არსად დავდიოდი,“ ამით ეუბნები, რომ შენ ხარ დამნაშავე,“- ფსიქოთერაპევტი იანა სალამაშვილი

„როდესაც შვილს ეუბნები: „შენ გამო დავთმე კარიერა, შენ გამო არსად დავდიოდი,“ ამით ეუბნები, რომ შენ ხარ დამნაშავე,“- ფსიქოთერაპევტი იანა სალამაშვილი

გეშტალტ ფსიქოთერაპევტმა იანა სალამაშვილმა მშობლების მხრიდან შვილის მიმართ დაყვედრების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვს დანაშაულის გრძნობა უჩნდება მშობლის მიმართ, როდესაც მას ეუბნებიან, რომ „მის გამო“ საკუთარ ცხოვრებაზე უარი თქვეს:

„წარმოიდგინეთ, ასეთი მშობლები შვილს ხშირად ეუბნებიან, რომ „შენ გამო მე დავთმე სამსახური, შენ გამო დავთმე კარიერა, შენ გამო მე არ გავდიოდი არსად.“ ეს როგორია შვილისთვის? ეს ძალიან მძიმეა ბავშვისთვის. ბავშვი ისედაც ხედავს ამას და ისედაც განიცდის ამას.

ჩემს კლიენტებთან ურთიერთობის დროს ეს ძალიან მყვირალა საკითხებია, რომ შვილებს აქვთ დანაშაულის განცდა მშობლების მიმართ. რეალურად მათ ეს დანაშაულის განცდა არ უნდა ჰქონდეთ. ის მისი მშობელია. მშობლის პასუხიმსგებლობაა შვილის აღზრდა.

მოვალეობაა, რომ მშობელმა გაზარდოს და აღზარდოს თავისი შვილი. შენ თვითონ აიღე ეს პასუხისმგებლობა, რომ ეს გააკეთო, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა გადაგაქვს შენს შვილზე. „შენ გამო“ როდესაც ეუბნები შვილს, აქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი. ამით ეუბნები, რომ შენ ხარ დამნაშავე ამაში. ეს ასე აღიქმება ბავშვის მიერ,“- მოცემულ საკითხზე იანა სალამაშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“ 

წაიკითხეთ სრულად