Baby Bag

დაორსულებისთვის საუკეთესო სეზონი ახლოვდება

დაორსულებისთვის საუკეთესო სეზონი ახლოვდება
სამყაროს ყოველდღიურად მილიონობით პატარა ​ევლინება. ახალი სიცოცხლის დაბადება ყველას გვაბედნიერებს და შობის სასწაულის წინაშე გაოცებას ვერ ვმალავთ. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ გარკვეულ თვეებში შობადობა მნიშვნელოვნად იმატებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთ ოჯახში დაბადების დღის წვეულებები ერთმანეთს ისეთი სისწრაფით მოსდევს, რომ მათ მოსამზადებლად უამრავი ენერგია იხარჯება. აღნიშნული მოვლენა შემთხვევითობას არ უნდა მივაწეროთ. როგორც აღმოჩნდა, წელიწადის სხვდასხვა დროს დაბადების დღეებს განსხვავებული სიხშირით აღნიშნავენ, რასაც თავისი საფუძვლიანი მიზეზი აქვს.

უახლესი კვლევებით დადგინდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი ბავშვი ივნისიდან ნოემბრამდე იბადება, ხოლო ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელ პერიოდად შემოდგომა და ზამთარი დასახელდა.
შესაძლოა, იფიქროთ, რომ ეს ახალი ხუმრობაა, რომელიც ადამიანებს შემოდგომისა და ზამთრის ცივ დღეებში დროის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარებისკენ მოუწოდებს. თუმცა, ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ, რომ დედამიწაზე სიცოცხლის ციკლს სეზონურობა ახასიათებს. როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ არც ადამიანის სიცოცხლეა გამონაკლისი.
შობადობის სეზონური მაჩვენებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულია და ამა თუ იმ ქვეყნის ეკვატორიდან დაშორების მიხედვით იცვლება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჰავა, ტემპერატურის ცვლილებები და დღის ხანგრძლივობაც. მონაცემები განსხვავებულია ქალაქში და სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვისაც, რაც კულტურული და ეკონომიკური ფაქტორების გავლენას უნდა მივაწეროთ.
სამწუხაროდ, ყოველწლიურად შობადობის სეზონური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ეცემა, რაც ადამიანის ბუნებასთან დაშორებით და მასთან დაკარგული კავშირის გავლენით აიხსნება. თანამედროვე ადამიანს, კარიერული თუ სხვა სოციალური ფაქტორებისთვის ანგარიშის გაწევის გამო, ყველაფრის დაგეგმვა უხდება, რის გამოც შობადობის მაჩვენებლის ზრდა ან კლება მხოლოდ სეზონურ ცვლილებებს აღარ ემყარება. თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვის გაჩენის სურვილი აქვთ, დასაიმედებლად ვეტყვით, რომ ჩასახვისთვის საუკეთესო სეზონი უკვე მოახლოვდა. თუ შემოდგომის მიწურულს თქვენი ახლობლებისა და ნათესავების დაბადების დღეების სიუხვემ თავბრუ დაგახვიათ, ამ მოვლენას სიხარულით უნდა შეხვდეთ, რადგან შობადობის სეზონური აფეთქება ევოლუციის დადებით დინამიკაზე მიგვანიშნებს.

​ავტორი: ია ნაროუშვილი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედ​ები

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ რაღაც ჩვენება არ გააჩნია, ქალმა ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროს,“- მეან-გინეკოლოგი ირაკლი ვერულაშვილი

„თუ რაღაც ჩვენება არ გააჩნია, ქალმა ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროს,“- მეან-გინეკოლოგი ირაკლი ვერულაშვილი

მეან-გინეკოლოგმა ირაკლი ვერულაშვილმა ფიზიოლოგიური მშობიარობის დადებით მხარეებსა და მშობიარობისთვის იდეალურ ასაკზე ისაუბრა:

„ახალგაზრდა მშობიარეები არიან 20 წლამდე ასაკის ქალბატონები. ოქროს შუალედი არის 20-დან 30 წლამდე, შემდეგ არის 30-დან 45 წლამდე ასაკი. როდესაც ქალი არის 20-დან 30 წლამდე, ჰორმონალური ფონი დალაგებული აქვს, დედობისთვისაც უფრო მზად არის და მშობიარობის რისკ-ფაქტორები ნაკლებია. სასურველია, რომ ამ ასაკში ქალმა მოახერხოს ბავშვის გაჩენა.

იყო ასეთი სტატისტიკა, რომ საკეისროების რაოდენობამ ძალიან მოიმატა. ეს გამოწვეულია ბევრი ფაქტორით. ერთი ის, რომ არ არსებობს ქალი, რომელსაც მშობიარობის ბოლომდე არ ეთქვას, რომ „საკეისრო გამიკეთე.“ თუ რაღაც ჩვენება არ გააჩნია, ქალმა ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროს. საკეისრო კვეთაც არის მშობიარობის ერთ-ერთი მეთოდი. ის არის სიცოცხლის გადამრჩენელი ოპერაცია. საკეისრო კვეთის ჩვენება შესაძლებელია იყოს ქალის მხრივ, შეიძლება იყოს ნაყოფის მხრივ. შეიძლება ნაყოფის შემთხვევაში იყოს არასწორი მდებარეობა, მაგალითად, ტერფებით წინ მდებარეობა, ჯდომით წინ მდებარეობა. ქალის შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს ექსტრაგენიტალური პათოლოგიები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თვალის დაავადებები და ა.შ.

არ არსებობს ქალი, ვისაც არ ეშინია მშობიარობის. ქალმა ექიმთან იმიტომ უნდა იაროს, რომ მან უნდა უთხრას ყველა რისკი, ყველაფრისთვის მოამზადოს. ის, რომ მეშინია, ეს საკეისრო კვეთის ჩვენება არ არის. ნებისმიერ ქალს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს საკეისრო კვეთა. ნებისმიერ ექიმსაც შეუძლია, რომ უარი უთხრას საკეისრო კვეთაზე. ექიმმა მას უნდა დაუსაბუთოს ეს უარი და აუხსნას, რატომ სჯობს ერთი მეთოდი მეორეს,“- აღნიშნულ საკითხზე ირაკლი ვერულაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ოჯახის ექიმი“

წაიკითხეთ სრულად