Baby Bag

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ბრაზის გამოხატვა უხეშობის გარეშე?

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ბრაზის გამოხატვა უხეშობის გარეშე?
გაბრაზებული პატარები ხშირად დაგროვილ აგრესიას ძალადობრივი ფორმებით გამოხატავენ, ისინი თავიანთ მეგობრებს, თანატოლებს და მშობლებს კბენით, ყვირილით, მუჯლუგუნების კვრით ან მსუბუქი საგნების სროლით ფიზიკურად უსწორდებიან. ბრაზის მსგავსი ფორმებით გამოხატვა მშობლებს სერიოზულ საფიქრალს ​უჩენს.

პატარებისთვის აგრესიის, რისხვის, აპათიის ან შიშის შეგრძნებები ძალიან ნაცნობია, თუმცა მათ საკუთარი ემოციების და განცდების გადმოსაცემად არასაკმარისი ლექსიკური მარაგი აქვთ. სწორედ ამიტომ ბავშვები დაგროვილ ბრაზს საკმაოდ უხეში ფორმებით გამოხატავენ. მშობლების ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა საკუთარ შვილებს ემოციების სწორად გაგებასა და მართვაში დაეხმარონ. თუ ბავშვი საკუთარ განცდებს სწორად აღიქვამს და სრულყოფილად გააანალიზებს, ის ბრაზის გამოხატვის ნაკლებად აგრესიულ ფორმებს ადვილად გამოძებნის, რათა სხვებს ფიზიკური ტკივილი ან შეუარცხყოფა არ მიაყენოს.

გაბრაზება ნორმალური მოვლენაა

ბავშვებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ გაბრაზება ნორმალური მოვლენაა. ადამიანები ძალიან ხშირად განიცდიან შიშს, რისხვას, სევდას და ამაში ცუდი არაფერია. აუცილებლად უთხარით თქვენს შვილს, რომ საკუთარი განცდების არ უნდა ეშინოდეს, აუხსენით, რომ გუნება-განწყობის ცვლილებამ სხვების მიმართ აგრესიულად არ უნდა განაწყოს. ნუ წაუკითხავთ პატარებს მორალს. მათთან საუბრისას პრიმიტიული ფრაზებით შემოიფარგლეთ. თუ ბავშვის საქციელი მოსაწონია, უთხარით, რომ მისი ქცევა კარგია, ხოლო თუ ის სხვების მიმართ აგრესიას ავლენს, უთხარით, რომ ეს არ არის კარგი. ბავშვებს ზედმეტი ახსნა-განმარტების მოსმენა არ ხიბლავთ, მათ მარტივი ფრაზები ბევრად უკეთ ესმით. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი შვილი თავის ძმას კბენს ან სხვა სახის ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, შემდეგი ფრაზით შემოიფარგლეთ: „სწორია, რომ შენს ძმაზე ბრაზდები, მაგრამ მისი კბენა არ არის კარგი საქციელი.“ ბავშვი თქვენს ნათქვამ სიტყვას აუცილებლად დაიმახსოვრებს.

შესთავაზეთ ბავშვს ჯანსაღი ალტერნატივა

კარგი მასწავლებელი ბავშვს დერეფანში სირბილს შემდეგი სიტყვების თქმით უკრძალავს: „მოდი, ყველამ ერთად მშვიდად ვისეირნოთ.“ თუ ბავშვს ეტყვით, რომ მან სირბილი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს, ის თქვენს მოსმენას არ მოისურვებს. მიმართვის კატეგორიული ტონი ბავშვებში გაღიზიანებას იწვევს. ამა თუ იმ ქცევის აკრძალვის ნაცვლად პატარას უფრო ჯანსაღი ალტერნატივა უნდა შესთავაზოთ.

თუ გაბრაზებულ ბავშვს ეტყვით, რომ თავის ძმას არ დაარტყას, ის ვერაფერს გაიგებს. ბავშვი დაიბნევა და საკუთარი ემოციების მართვა უფრო გაუჭირდება, რადგან დაგროვილი ბრაზის გამოხატვის ერთადერთ საშუალებას წაართმევთ. აუცილებლად შესთავაზეთ ბავშვს აგრესიული ქცევის ჯანსაღი ალტერნატივა. პატარას ემოციების მართვაში ადვილად დაეხმარებით თუ შემდეგ რეკომენდაციებს მისცემთ:

  • ემოციები ვერბალურად გამოხატოს
  • რჩევისთვის უფროსს მიმართოს
  • დასამშვიდებლად სუნთქვითი ვარჯიშები შეასრულოს
  • მოთმინების გამომუშავების მიზნით იცეკვოს, იმღეროს, დაითვალოს მის ირგვლივ არსებული საგნები

გაბრაზებული ბავშვების დასამშვიდებლად სპეციალური აპლიკაციები არსებობს, რომლებიც პატარებს მხიარული სიმღერების დახმარებით ემოციების მართვას ასწავლის. მშობლებს ინტერნეტში მარტივად შეუძლიათ მსგავსი აპლიკაციების მოძიება.

ბავშვს ემპათიის უნარი განუვითარეთ

ბავშვს სხვების განცდებისა და ემოციების გაზიარება ადრეული ასაკიდანვე უნდა ასწავლოთ. თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი თავის თანატოლს კბენს, ხელით ეხება ან ხმამაღლა უყვირის, აუცილებლად ესაუბრეთ მას ემპათიის შესახებ. როდესაც ბავშვი დამშვიდდება, აუხსენით მას, თუ როგორი ტკივილი მიაყენა თავის მეგობარს, როდესაც მწარედ უკბინა. უთხარით, რომ თავისი თანატოლის ადგილას საკუთარი თავი წარმოიდგინოს და დაფიქრდეს, მოეწონებოდა თუ არა მის მიმართ მსგავსი აგრესიის გამოვლენა. ბავშვი საკუთარი ქცევის შედეგების გაანალიზებას უნდა მიეჩვიოს და სხვა ადამიანების განცდებს პატივი სცეს.

ბავშვის აგრესიულ ქცევას ყოველთვის აქვს გარკვეული მიზეზი. მშობელმა უნდა გაარკვიოს, რა აწუხებს პატარას, ხომ არ ეძინება, ხომ არ გადაიღალა ან შია. შესაძლოა აგრესიული ქცევის მოტივი ეჭვიანობა ან შიშის განცდაც იყოს. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მშობელი მისი განცდებითა და ემოციებით ინტერესდება, რომ ის მშობლის სიყვარულის მთავარი ობიექტია. თუ ბავშვისადმი სათანადო მზრუნველობას გამოიჩენთ, ის სხვებზე ზრუნვას გაცილებით მარტივად ისწავლის. 

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შედეგს იწვევს მამის პასიური ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში?

რა შედეგს იწვევს მამის პასიური ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში?
რა შედეგს იწვევს მამის პასიური ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში და რამდენად დიდი როლი აქვს მას? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი.
- ბავშვის აღზრდის პროცესში, ძირითადად დედები არიან ხოლმე ჩართულები. რამდენად მნიშვნელოვანია მამის როლი?
- მამის როლი ბავშვის აღზრდის პროცესში ნამდვილად მნიშვნელოვანია. ბავშვს სჭირდება გვერდით, როგორც დედა, ისე მამა. მისთვის აუცილებელია მამა იყოს დაინტერესებული, მხარს უჭერდეს, უყვარდეს, უგებდეს და აფასებდეს. ამ მხრივ, მამის მიერ შეტანილი წვლილი განსხვავდება იმისგან, რასაც დედა აძლევს შვილებს და მხოლოდ დედასთან ურთიერთობა ამას ვერ ჩაანაცვლებს. დღეისათვის მამების როლი ბავშვების აღზრდის პროცესში შეცვლილია. ამ მხრივ შეინიშნება დადებითი ტენდენცია - მამების მეტი ჩართულობა ბავშვთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცესში. მამის მონაწილეობა აღზრდაში აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით და დისციპლინის უზრუნველყოფით. ეს ტენდენცია იკვეთება იმ მომენტებშიც, რომ დღეს უფრო ხშირად ნახავთ მამას, რომელიც მიჰყვება შვილს ექიმთან კონსულტაციაზე, მშობელთა კრებაზე ან უბრალოდ თავისუფალ დროს ატარებს ბავშვთან. ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია შეცვლილ სოციალურ და ეკონომიკურ რეალობასთან - მამებს დღეს მეტად აქვთ საშუალება, ჩაერთონ ბავშვებზე ზრუნვის პროცესში, ხოლო დედებს მეტად აქვთ საშუალება, რეალიზდნენ პროფესიაში და შექმნან ეკონომიკური დოვლათი.
- ცალ-ცალკე რომ ვისაუბროთ მამის როლზე გოგონების და ბიჭების შემთხვევაში.
- ორივე სქესის ბავშვისთვის მამის მონაწილეობა აღზრდის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი მამების შვილები უკეთესად ვითარდებიან, აქვთ ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები და ზრდასრულ ასაკშიც მეტად წარმატებულები არიან. მეცნიერები ამას „მამის ეფექტს“ უწოდებენ. „მამის ეფექტი“ არის ერთგვარი ქოლგა, რომლის ქვეშ მოიაზრება ყველა ის სარგებელი, რაც მოსდევს ბავშვის ცხოვრებაში მამის არსებობას და მონაწილეობას. საინტერესოა, რომ ბევრი კვლევის მონაცემებით, მოზარდობის ასაკამდე მამის ეფექტი ბიჭების და გოგონების აღზრდაში დიდად არ არის განსხვავებული. მოზარდობის პერიოდში კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის გოგონების თვითშეფასების, იდენტობის და საწინააღმდეგო სქესთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. მოზარდი ბიჭების შემთხვევაში, მამა არის როლური მოდელი, ასევე ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად აქტიური იქნება მოზარდი სოციალურ ურთიერთობებში. მოზარდობის პერიოდში აღზრდაში ჩართული მამების შვილები ნაკლებად არიან მიდრეკილი განახორციელონ სარისკო და სოციალურად მიუღებელი ქცევა, ან მიიღონ ნაადრევი სექსუალური გამოცდილება.
- რა სახის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს მამის პასიურობამ აღზრდის პროცესში?
- მამის პასიური პოზიცია შეიძლება გამოიხატებოდეს იმაში, რომ ბავშვებზე ზრუნვის მთელი პასუხისმგებლობა გადაჰქონდეს დედაზე (მათ შორის, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება). ასეთ შემთხვევაში, მამა ნაკლებად იზიარებს პასუხისმგებლობას აღზრდის პროცესზე და არ რეაგირებს ბავშვის ქცევაზე, არ აძლევს ადეკვატურ უკუკავშირს, შესაძლოა, ყველაფრის ნებას რთავდეს ბავშვებს, ან უბრალოდ არ რეაგირებდეს არც კარგ და არც ცუდ ქცევაზე. ასევე შესაძლოა, მამა იყოს დისტანციური, ემოციურად მიუწვდომელი, ასეთ შემთხვევაში ბავშვს უჭირს მამის დამოკიდებულების ინტერპრეტაცია - მოეწონა ეს საქციელი თუ ეწყინა? ორივე შემთხვევაში, ბავშვის საჭიროებები (ფიზიკური, ემოციური, სოციალური) არ არის მიღებული და დაკმაყოფილებული. შესაბამისად, ის სარგებელი, რასაც ბავშვი მიიღებდა აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართული მამის შემთხვევაში, მათ შორის, უსაფრთხოების განცდა (მამა დიდი და ძლიერია, ზრუნავს დედაზე და მასზე), ჯანსაღი ემოციური მიჯაჭვულობა და წარმატებულობის განცდა (როდესაც მამა ამაყია შვილის მიღწევებით და გამოხატავს ამას), განსხვავებული აზრი რეალობის სხვა კუთხით დანახვა, ვიდრე დედა ხედავს, და ბევრი სხვა სარგებელი იკარგება.
- რა დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ორივე მშობლის თანაბარ ჩართულობას და როგორ შეიძლება შევცვალოთ გავრცელებული წარმოდგენა, რომ შვილების აღზრდა დიდწილად დედების მოვალეობაა?

- ნებისმიერი მამაკაცისთვის, გახდეს მამა ძალიან დიდი მოვლენაა. რეალურად არავინ იცის, როგორი მამა იქნება მანამ, სანამ ამ რეალობაში არ აღმოჩნდება. ყოველი ახალი რეალობა კი ადამიანისთვის სტრესია. სამწუხაროდ, მამის როლის მორგებას ბევრად ნაკლები ყურადღება ეთმობა, ვიდრე დედობას. ამ ახალი როლისთვის მას ფიზიკური მომზადებაც სჭირდება და ემოციურიც (უძილო ღამეები, ზოგჯერ ჩვილის ხშირი ტირილი, რადგან ამ ეტაპზე ბავშვისთვის კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა). ორსულობის და მშობიარობის პროცესებში ხშირად მომავალი მამები ნაკლებად მონაწილეობენ და ასე ერთი ხელის მოსმით აღმოჩნდებიან ახალ რეალობაში, როდესაც მთელი ყურადღება გადადის ახალშობილზე და მის მოთხოვნილებებზე. ამდენად, პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას მამების ჩართულობის მიმართულებით ესაა მათი მონაწილეობა ორსულობის მონიტორინგის პროცედურებში, მშობიარობის დროს მხარდაჭერა შეუფასებელი გამოცდილებაა, როგორც ორივე პარტნიორისთვის, ისე ჩვილისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მამების გამოცდილება საკუთარ მშობლებთან, რადგან აღზრდის პროცესში ხშირად ვიყენებთ იმ მიდგომებს და მეთოდებს, რასაც ჩვენი მშობლების იყენებდნენ ჩვენთან. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ მიდგომების გაუმჯობესება არ შეგვიძლია. მეორე, რაც უნდა გაკეთდეს მამების ჩართულობის წასახალისებლად, „ვაცალოთ“ ზრუნვა ჩვილზე, მივცეთ საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ჩვილის დაბანის, დაძინების პროცესებში, კრიტიკისა და ზედმეტი კომენტარების გარეშე. ყოველ შემდგომ ეტაპზე ყოველთვის არის ზრუნვისა და თამაშის აქტივობები, რომლებშიც შესაძლებელია მამების აქტიური ჩართვა. პირველი 2-3 წლის ასაკში ბავშვისთვის მნიშვნელოვანია სამყაროს შეცნობა, ამ პროცესში მამამ შეიძლება მიიღოს აქტიური მონაწილობა, როგორც მეგზურმა და მხარდამჭერმა ამ აღმოჩენებში, არ შეზღუდოს ბავშვის ცნობისმოყვარეობა, არამედ დააზღვიოს და უზრუნველყოს უსაფრთხოება. სკოლამდელ ასაკში, მამა კარგი როლური მოდელია ბავშვისთვის სხვადსახვა ყოფითი წინააღმდეგობის გადალახვაში. აქ მნიშვნელოვანია ბავშის მოტივირება იყოს მეტად დამოუკიდებელი და დარწმუნებული საკუთარ ძალებში (რაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება მამის მხარდაჭერას). სასკოლო ასაკის და შემდგომ ეტაპებზე, მამა ხდება სოციალური და მორალური ღირებულებების მოდელი. მესამე მნიშვნელოვანი მომენტია თავად მშობლების ურთიერთობა, რამდენად ჯანსაღი ემოციური კლიმატია სახლში, რამდენად შეუძლიათ მშობლებს ყოფითი პრობლემების ერთობლივი ეფექტური გადაწყვეტა, რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის შეცდომების ან მიღწევების მიმართ, რამდენად აქვთ ერთმანეთის იმედი და მხარდაჭერა გადამწყვეტ მომენტებში.

ესაუბრა მარიამ ჩოქური​

წაიკითხეთ სრულად