Baby Bag

რა რისკი შეიძლება შეუქმნან შინაურმა ცხოველებმა ბავშვს და როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადებები?

რა რისკი შეიძლება შეუქმნან შინაურმა ცხოველებმა ბავშვს და როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადებები?

რა რისკი შეიძლება შეუქმნან შინაურმა ცხოველებმა ბავშვს და როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადებები? - აღნიშნულ თემაზე ​MomsEdu.​ge პედიატრ თამარ ობგაიძეს ესაუბრა. 

- ქალბატონო, თამარ, როგორც კვლევები ადასტურებს, შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა  ადამიანს უფრო მშვიდს ხდის და სტრესს ამცირებს. სანამ რომელიმე შინაურ ცხოველს მივიყვანთ პატარასთან სახლში, რა უნდა გავითვალისწინოთ

მე ექიმი ვარ. შინ ღუნღულა ძაღლი ბიშონი ფრიზი და ქუჩიდან აყვანილი, სიკვდილს გადარჩენილი კატა მყავს. ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანი ამ გატაცებას სისულელედ მიიჩნევს, ბევრი - ახირებად, ზოგს კი ვერ გაუგია, ზედმეტად დატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ როგორ ვახერხებ ჩემი პატარა ოთხფეხების მოვლას.

სანამ ცხოველის აყვანას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა მის მოვლას, რადგან პასუხისმგებლობა მის მოვლა-პატრონობაზე, ცხოველისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე, თქვენს პატარას კი არა, თქვენ გეკისრებათ.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ხომ არ აქვს პატარას რაიმე უკუჩვენება, მაგალითად, ალერგია. ცხოველი, რომელსაც აიყვანთ, სახლში მიყვანამდე შეამოწმებინეთ ვეტერინარს და დარწმუნდით, რომ ის ჯანმრთელია. 

- ბევრი თვლის, რომ ცხოველმა შესაძლებელია, ალერგია ან ინფექციური დაავადება გამოიწვიოს და ბავშვთან ერთად მათი სახლში ყოფნა დაუშვებელია...

- დიახ ასეა, ბევრი თვლის, რომ ცხოველმა შესაძლებელია, ალერგია ან ინფექციური დაავადება გამოიწვიოს და ბავშვთან ერთად მათი სახლში ყოფნა დაუშვებელია.  საფიქრებელი და ასაწონ-დასაწონი კი მართლაც ბევრია.  უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ წესების ზედმიწევნით დაცვა, შინ ცხოველი არ უნდა მიიყვანოთ.  ცხოველმა შესაძლოა, დაკაწროს ან დაკბინოს პატარა,  ზოგ ბავშვს შესაძლოა, გამოუვლინდეს ალერგია ცხოველის ნერწყვზე, ქერცლსა და ორგანულ გამონაყოფებზე, ასეთ შემთხვევებში ცხოველის სახლში ყოლა დაუშვებელია. გაითვალისწინეთ, რომ ბეწვი გაცილებით ნაკლებალერგიულია, ვიდრე ზემოთჩამოთვლილები.

შინაურ ცხოველს სისტემატურად ჩაუტარეთ საჭირო აცრები და გამოცხადდით ვეტერინართან წინასწარ დაგეგმილი პერიოდულობით ცხოველის ჯანმრთელობის შესამოწმებლად.  ასევე სისტემატურად დაამუშავეთ ჭიებსა და გარეგან პარაზიტებზე.  არ დატოვოთ ბავშვი უმეთვალყურეოდ ცხოველთან.  სჯობს, არ მისცეთ ცხოველს უფლება, შევიდეს ბავშვის ოთახში, სანამ მას სძინავს.  ცხოველისათვის განკუთვნილი საკვები, წყალი და წვრილი სათამაშოები მიუწვდომელი უნდა იყოს ბავშვისათვის.  ავადმყოფი ცხოველი ბავშვისაგან იზოლირებული უნდა იყოს გამოჯანმრთელებამდე. 

- რა უნდა ვასწავლოთ პატარას ცხოველებთან ურთიერთობის დროს?

- ასწავლეთ პატარას ხელების დაბანა ცხოველთან და მისთვის განკუთვნილ საგნებთან შეხების შემდეგ. აუხსენით, რომ  ცხოველისათვის განკუთვნილი საკვები და სათამაშოები მისი არ არის. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სჯობს ასეთი ნივთები მაინც ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახოთ.

ასე, რომ თუ შინ შინაური ცხოველი გყავთ, მოუარეთ მას ისე, რომ ჯანმრთელი იყოს, ასწავლეთ პატარას ხელების ხშირი დაბანა, მკაცრად დაიცავით ჰიგიენის წესები. ასეთ პირობებში ოთხფეხა მეგობრები ბევრ სიხარულსა და ხალისს მოგიტანენ.

იხილეთ ასევე:

8 საუკეთესო მეგობარი თქვენი პატარებისთვის

შეიძლება დაინტერესდეთ

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა,“- ფსიქოლოგი მეგი საჯაია

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა,“- ფსიქოლოგი მეგი საჯაია

ფსიქოლოგმა მეგი საჯაიამ დედების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედებმა საკუთარ თავზე მეტი უნდა იფიქრონ:

„დედების დანაშაულის გრძნობა აქვთ ხოლმე: „როგორ ვიფიქრო ჩემს თავზე? როგორ გავიდე სასეირნოდ? როგორ დავტოვო ცოტა ხნით?“ ეს ყველაფერი არის მათთვის დამაბრკოლებელი. მინდა დედებს ვთხოვო, რომ უფრო მეტი იფიქრონ საკუთარ თავზე. შვილს სჭირდება ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი, ჯანსაღი დედა. დედებმა უნდა მისცენ თავს უფლება გამოიძინონ, დაისვენონ, ისეირნონ, შეხვდნენ მეგობრებს. ის აქტივობები, რომლებიც დედობამდე მათთვის იყო სასიამოვნო და სასურველი, ისევ განახორციელონ და თავი არ შეიზღუდონ იმიტომ, რომ ახლა დედები გახდნენ.“

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა. სწორად მინდა გამიგოს საზოგადოებამ. საკუთარი მე არ უნდა დავკარგოთ. შვილი ამ ყველაფერს გრძნობს. ბავშვისთვისაც ძალიან რთულია, როდესაც დედა არის გადაღლილი, ემოციებშია, არ არის ფსიქოლოგიურად ჯანსაღად. გააკეთეთ ყველაფერი, რაც გაგხდით კარგად. ეცადეთ, რომ დრო გქონდეთ დასვენებისთვის, ძილისთვის და დამხმარე პერსონა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ყველაფერი საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ დედებმა. გადაანაწილონ ბავშვზე მზრუნველობა პარტნიორზე, ოჯახის წევრებზე, თუნდაც ძიძაზე,“- აღნიშნულ საკითხზე მეგი საჯაიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „კომერსანტი“

წაიკითხეთ სრულად