Baby Bag

რატომ უნდა წავუკითხოთ შვილებს ძილის წინ ზღაპრები?

რატომ უნდა წავუკითხოთ შვილებს ძილის წინ ზღაპრები?
ძილის წინ ზღაპრების კითხვა ბავშვს არამხოლოდ ძილისთვის ამზადებს, არამედ პატარას გონებრივ განვითარებაზე უდიდეს გავლენას ​ახდენს. გარდა ამისა, აღნიშნული რიტუალის წყალობით მშობლებსა და ბავშვს შორის არსებული ძლიერი კავშირი მეტად ღრმავდება და მტკიცდება. ბავშვთან ერთად ფერიების, ელფებისა და უძლეველი დევების სამყაროში მოგზაურობის დროს, თქვენ მას წარმოსახვის და აზროვნების უნარს უვითარებთ.

უახლესი კვლევებით დგინდება, რომ წიგნების კითხვა და პატარასთან ვერბალური კომუნიკაცია ბავშვის ნერვულ სისტემაზე დადებითად ზემოქმედებს. ზღაპრების კითხვისას ბავშვი უამრავ რამეს სწავლობს. მას ლოგიკისა და რაციონალური განსჯის უნარები უვითარდება. გარდა ამისა, პატარას გონება ზედმეტი სტრესისგანაც თავისუფლდება. თუმცა ყველაზე დიდი სარგებელი, რაც ძილის წინ ზღაპრების კითხვას თქვენი შვილისთვის მოაქვს ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარებაა. პატარები, რომლებსაც მშობლები რეგულარულად უკითხავენ წიგნებს, მშობლიურ ენას ადრეული ასაკიდანვე სრულყოფილად ეუფლებიან.

ბავშვებს, რომლებსაც ძილის წინ ზღაპრებს არ უკითხავენ, როგორც წესი, გაცილებით არამყარი ნერვული სისტემა აქვთ, ვიდრე იმ პატარებს, რომლებსაც მშობლები ყოველ საღამოს ახალ-ახალი ზღაპრული ისტორიებით ანებივრებენ. კვლევებით დასტურდება, რომ იმ ბავშვების ტვინი, რომლებსაც ზღაპრებს რეგულარულად უკითხავენ, ვერბალურ სიმბოლოებზე სწრაფად და ადეკვატურად რეაგირებს. როდესაც ბავშვს ზღაპარს უკითხავთ, მისი თავის ტვინის სმენით ზონას ააქტიურებთ. პატარა ფონემებს სწრაფად აღიქვამს და მათ შორის არსებულ განსხვავებებს მარტივად არჩევს. სასკოლო ასაკის ბავშვი, რომელიც ზღაპრების კითხვით ადრეული ასაკიდანვე გაანებივრეს, უცხო სიტყვების ათვისებას ადვილად შეძლებს.

ბავშვები, რომლებსაც ზღაპრებს რეგულარულად უკითხავენ, სიტყვების გაანალიზებას იწყებენ. ისინი სამეტყველო ბგერების აღქმას სწავლობენ.

ვერბალური მარაგის გამდიდრება

5 წლამდე ასაკის ბავშვს ზღაპრების კითხვისას რეგულარულად უნდა დაუსვათ კითხვები. თუ თქვენ მიერ წაკითხულ ისტორიაში ნახსენებია ძაღლი ან კატა, ჰკითხეთ თქვენს შვილს, მასაც ხომ არ ჰყავს ასეთი ცხოველი სახლში? როგორ გამოიყურება მისი საყვარელი კატა, რა ფერისაა? მსგავსი კითხვებით ბავშვს ყოველდღიურ მეტყველებაში სიტყვების სწორად გამოყენებას ასწავლით.

ბავშვებს ზღაპრების კითხვისას წარმოსახვა უვითარდებათ. წიგნებში ისეთ საგნებზეა საუბარი, რომლებიც პატარას რეალურ ცხოვრებაში არასდროს უნახავს, მაგ. კენგურუ, სელაპი და ა.შ. ბავშვი აუცილებლად დაიწყებს იმაზე ფიქრს, თუ როგორ გამოიყურება წიგნში ნახსენები ესა თუ ის ცხოველი, რომელიც მისთვის აბსოლუტურად უცხოა, რაც მის წარმოსახვის უნარს მნიშვნელოვნად განავითარებს.

ბავშვები ძილისთვის თავის არიდების მიზნით მშობლებს ხშირად ზღაპრის გამეორებით წაკითხვას სთხოვენ. თუ ბავშვს ერთსა და იმავე ზღაპარს რამდენჯერმე წაუკითხავთ, მას ლოგიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარებით. ბავშვები ზღაპრის გარკვეულ პასაჟებს დაიმახსოვრებენ, საკუთარ ცოდნაზე დაყრნობით ისინი ეცდებიან გამოიცნონ, რა მოხდება წიგნის მომდევნო გვერდზე. ზღაპრის შინაარსის გაანალიზება და მოვლენების თანმიმდევრობის გაცნობიერება, პატარებს სამომავლოდ მათემატიკური, მეცნიერული თუ ლიტერატურული უნარების განვითარებაში შეუწყობს ხელს. წიგნის კითხვისას ბავშვს ჰკითხეთ, როგორ დაასრულებდა ზღაპარს, თავად რომ ყოფილიყო მისი ავტორი. ამგვარად თქვენს შვილს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დაეხმარებით.

მშობლებმა შვილების წიგნიერებაზე ზრუნვა მოზრდილ ასაკშიც უნდა გააგრძელონ. შეურჩიეთ თქვენს თინეიჯერ შვილებს საინტერესო წიგნები, რომელთა დახმარებით ისინი თავიანთ ლექსიკონსა და სიტყვის მარაგს მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნებენ. ბავშვებს ყოველთვის ისეთი წიგნები უნდა წაუკითხოთ, რომლებიც მათთვის სასიამოვნო მოსასმენი იქნება. პატარასთვის კითხვა სასიამოვნო ემოციებთან უნდა ასოცირდებოდეს. სხვაგვარად ისინი წიგნის შეყვარებას ვერ შეძლებენ. ნევროლოგები თვლიან, რომ მშობელთან ერთად სასიამოვნო წიგნის კითხვისას ბავშვი სტრესთან ბრძოლას წარმატებით ახერხებს. პატარებს, რომლებსაც ჰორმონ კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) მაღალი მაჩვენებელი აქვთ, სწავლა უჭირთ. ზღაპრების კითხვით თქვენს შვილს სტრესის დაძლევაში მარტივად დაეხმარებით.

ძილის წინ ბავშვისთვის ზღაპრების კითხვა მშობლის ფსიქიკაზეც დადებითად აისახება. თუ თქვენს შვილს საღამოობით წიგნებს რეგულარულად უკითხავთ, ემოციების მართვას გაცილებით მარტივად შეძლებთ. თუ სტრესთან გამკლავება გიჭირთ, აუცილებლად გაატარეთ მეტი დრო შვილებთან ერთად, წაუკითხეთ მათ სასიამოვნო ზღაპრები. მალე დარწმუნდებით, რომ ზღაპრების დახმარებით სტრესთან გამკლავებას მარტივად ახერხებთ.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახი და ოჯახური აღზრდა ადამიანის სოციალიზაციის მიკროფაქტორთა სიაში უპირველესია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი მომავალი თაობის სოციალიზაციის ყველაზე მძლავრი ინსტიტუტია, სადაც ხდება მოზარდი თაობის ჩამოყალიბება.

ოჯახი ვალდებულია, ბავშვს მთელი ცხოვრების გზაზე „სამყოფი“ აღზრდა მისცეს. ოჯახის პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. სკოლამდე მთელი პასუხისმგებლობა ოჯახს ეკისრება, თუმცა სკოლის პერიოდში და შემდგომაც ეს ფუნქცია სრულიადაც არ კნინდება, პირიქით, კიდევ უფრო იზრდება. ასე რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე პირველი და უმთავრესი სკოლაა. ცხადია ყველა მშობლის სურვილია, აღვზარდოთ ჯანსაღი შვილები-ჯანსაღი სხეულით, ჯანსაღი ფსიქიკით და ჯანსაღი ურთიერთობებით, რაც დღეისდღეობით საკმაოდ გართულებულია, თუმცა მშობლებს ვურჩევდი, სერიოზულად მოეკიდონ შვილების აზრებს და გრძნობებს, დაინტერესდნენ მათი საქმიანობით, იდეებით, პრობლემებით, აჩვენონ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც ისინი ფიქრობენ და აკეთებენ, წაახალისონ, ხაზი გაუსვან იმას, რაც კარგად გამოსდის და არა იმას, რაც არ გამოსდის, ასწავლონ ბავშვს ზრუნვა, ზრუნვა მშობლებსა და ერთმანეთზე, ასწავლონ თანაგრძნობა, დაეხმარონ იმაში, რომ გაუგონ ადამიანებს და გაუჩნდეთ მათი დახმარების სურვილი, შეეცადონ, ბავშვმა თავი იგრძნოს საჭირო და მნიშვნელოვან პიროვნებად. თუ ადრეული ასაკიდან დავაკისრებთ მისი უნარების შესაბამის მოვალეობებს, ამით საკუთარი ძალების რწმენასაც განუმტკიცებთ და ხელს შევუწყობთ მასში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია ეცადონ, ხშირად აგრძნობინონ შვილს, რომ უყვართ და პატივს სცემენ მის პიროვნებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი აღზრდისთვის, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი დებულებები დაეხმარება მშობლებს შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობის და კომუნიკაციის დამყარებაში, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვება ბავშვის არასწორი აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საფუძველია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვებული ბავშვი მარტივად ექცევა სხვა ადამიანთა გავლენის ქვეშ, ეს გავლენა კი შეიძლება დადებითიც იყოს და უფრო მეტ შემთხვევაში უარყოფითიც.

ოჯახის როლის მნიშვნელობაში ისიც კი გვარწმუნებს, რომ მისი როლის უგულებელყოფა თვით სპარტის დესპოტურმა სკოლამაც კი ვერ შეძლო. დიახ, სწორედ ოჯახში სწავლობს ბავშვი ფუნდამენტურ ღირებულებებს, ბავშვი ოჯახში ვითარდება, იზრდება და საზოგადოების წევრად ყალიბდება. სწორედ ოჯახში, ამ პატარა ორგანიზმში უყალიბდება ბავშვს ზრდილობა, ზნეობა, ეტიკეტი და კარგი ქცევა. ოჯახში სწავლობენ უფროსებისადმი პატივისცემას, პატარებისადმი გულისხმიერებას, მეგობრებისადმი გულითად და ჰუმანურ მოპყრობას. თუ ადამიანი ოჯახში სათნოებას არის მოკლებული და არ იღებს შესაბამის აღზრდას, საზოგადოებას პრობლემებს უქმნის. მგრძნობიარე და სხვების პატივისმცემელი ადამიანი მხოლოდ ჰარმონიულ, სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ოჯახურ გარემოში შეიძლება აღიზარდოს. ბავშვის აღზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობლების როლი და მათი დამოკიდებულება. ასეთ გარემოში აღზრდილი თაობები არიან გაწონასწორებული და საზოგადოებისათვის სასარგებლო. არაჯანსაღ ოჯახში აღზრდილი ბავშვი კი შესაძლოა სოციალიზაციის მსხვერპლიც კი გახდეს, რაც, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია, ამას, რა თქმა უნდა, მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შემდეგია: დღევანდელი თანამედროვე ოჯახი ჩართულია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში. სამწუხაროდ, ოჯახის შიდა ფსიქოლოგიურ კლიმატზე მოქმედებს როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, თავისუფალი დროის უქონლობა, მუდმივი აუცილებლობა დამატებითი შემოსავლის ძიებისა, დაძაბულობა და სტრესი. ფსიქოლოგიური გადატვირთვა გამოიხატება იმაში, რომ მშობლები ხშირად არიან გაღიზიანებული, დაღლილი და ზოგჯერ უარყოფითი ემოციების მსხვერპლნი არიან ბავშვები. ამგვარად, ბავშვების განწყობა, ხასიათი მთლიანად დამოკიდებული ხდება მშობლების განწყობაზე და ხასიათზე, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ბავშვის ფსიქოლოგიაზე და მის ურთიერთობებზე მშობლებთან, მეგობრებთან და ა.შ.

აგრეთვე, დედ-მამას შორის ურთიერთობა და მათი ზნეობრივი დონე ისეთი ფაქტია, რომელიც ყველაზე მეტად მოქმედებს მოზარდის ჩამოყალიბებაში. იმ შემთხვევაში, თუ მშობლები თავიანთი საქციელით ბავშვის გონებაში ტოვებენ კვალს, როგორც უპასუხისმგებლო ადამიანები, მატყუარები, მოზარდის ცნობიერებიდან ამ კვალის ამოშლა ძალიან ძნელია, ხშირ შემთხვევაში კი სრულიად შეუძლებელიც კი. ამის გამო მშობელი ვალდებულია, იმ უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულთან ერთად ბავშვს კარგი ადამიანობის მაგალითიც უჩვენოს, რადგან მშობელი შვილისთვის გარკვეულ ასაკამდე ავტორიტეტია და ბაძავს მის ყველა ქმედებას, ასე რომ, თავად მშობელმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი შვილის ცხოვრებაში, იგი გმირი იქნება თუ ანტაგონისტი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და სოციო-ვოლიტური განვითარება, ოჯახური აღზრდაც სწორედ ამ ყველაფერს უნდა შევუფარდოთ და გავითვალისწინოთ თითოეული ასაკის შემთხვევაში ბავშვის/მოზარდის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესები. აქ კი უკვე მშობლის განათლების მნიშვნელობა იწევს წინა პლანზე, რადგანაც ხშირად მშობლებს არ ესმით მათი შვილის ქცევის მიზეზი, ამისი პასუხი კი მარტივია - მისი ასაკობრივი თავისებურებები.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს მოზარდის შემდგომ სოციალურ განვითარებაზე არის მშობელთა ჰიპერმზრუნველობა, მისი გახანგრძლივებული „ბავშვურობა“, ცხოვრების სირთულეებისადმი მოუმზადებლობა, დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრის უუნარობა, რის შედეგადაც ის ადვილად ექცევა უფრო გამოცდილი მეგობრების გავლენის ქვეშ და არ შესწევს უნარი თავად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გაუმკლავდეს ცხოვრების სირთულეებსა და გამოწვევებს, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, რამაც საბოლოო ჯამში უკვე ზრდასრულ ასაკში მისი ლუმპენობაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

საბოლოოდ, ზემოთ აღნიშნული საკითხები ოჯახისა და ოჯახური აღზრდის შესახებ, რა თქმა უნდა, არასრულია და ეს საკითხი ამოუწურავია. მე შევეხე ყველაზე საინტერესო რამდენიმე საკითხს და ვეცადე წარმომედგინა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, შევეცადე წარმომედგინა ოჯახის უდიდესი მნიშვნელობა ბავშვის მომავალი სოციალური განვითარების კუთხით. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ოჯახი შესაძლოა იყოს საუკეთესო და სახიფათო გარემო ბავშვის სოციალიზაციის პროცესში, რაც ყველა მშობელმა უნდა გაიაზროს საკუთარ შვილთან ურთიერთობის პროცესში.

ავტორი: ლიკა ბაბლუანი
წაიკითხეთ სრულად