Baby Bag

რატომ არიან ოქტომბერში დაბადებული ბავშვები წარმატებულები?

რატომ არიან ოქტომბერში დაბადებული ბავშვები წარმატებულები?
ოქტომბერში დაბადებული ბავშვები ხასიათის განსაკუთრებული თვისებებითა და შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩევიან. თუ თქვენ ორსულად ხართ და პატარას აღნიშნულ თვეში ელოდებით, გილოცავთ, თქვენი შვილი წარმატებისთვის არის ​დაბადებული!

ოქტომბრის თვეზე ფიქრისას ჩვენს გონებაში ყვითელი ფოთლების, ფოთოლცვენის, ზაფხულის საბოლოო დასასრულისა და ნამდვილი შემოდგომის დასაწყისის ასოციაციები ჩნდება. ზოგიერთ პატარას ძალიან უმართლებს და სამყაროს სწორედ ამ თვეში ევლინება. ოქტომბერში დაბადებული ბავშვების მშობლებისთვის ეს ულამაზესი თვე, პირველ რიგში, საკუთარი შვილის დაბადების დღესთან ასოცირდება. ადამიანებს, რომლებიც ოქტომბერში იბადებიან არამხოლოდ იმის გამო უმართლებთ, რომ მათი დაბადების დღე ფოთოლცვენის ოქროსფერ და ულამაზეს სეზონს ემთხვევა, ისინი პიროვნულადაც გამორჩეულები და განსაკუთრებულები არიან.

ოქტომბრის თვეში დაბადებული ბავშვები კარგი სპორტსმენები არიან და დიდხანს ცოცხლობენ

კვლევებით დასტურდება, რომ ოქტომბრის თვეში დაბადებული ბავშვები კარგი სპორტსმენები არიან, მათ შესაშური ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა აქვთ და საშუალოდ 100 წლამდე ცოცხლობენ. სხვა ადამიანებთან შედარებით მათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ნაკლები რისკი აქვთ. როგორც წესი, მათი პიროვნული თვისებები კარიერულ წინსვლასა და წარმატებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი შვილი, რომელიც ოქტომბრის თვეშია დაბადებული, პრეზიდენტი ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი გახდება.

ოქტომბერში დაბადებული ბავშვების დედების ორსულობის მესამე ტრიმესტრი ზაფხულის თვეებსა და სექტემბრის თვეს ემთხვევა, რის გამოც მათი ორგანიზმი მზის სხივების წყალობით დიდი რაოდენობით D ვიტამინს იღებს. აღნიშნული ვიტამინის მარაგის მხოლოდ საკვები პროდუქტების მიღებით შევსება შეუძლებელია. D ვიტამინი ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ოქტომბრის ბავშვებს D ვიტამინის დანაკლისი არასდროს აწუხებთ, სწორედ ამიტომ ისინი სხვა თვეებში დაბადებულ პატარებთან შედარებით მეტად ჯანმრთელები და ძლიერები არიან. მათ მყარად განვითარებული ძვლებისა და ჯანსაღი სხეულის გამო სპორტში წარმატების მიღწევა უადვილდებათ.

ოქტომბერში დაბადებულ ბავშვებს კარგი მენტალური ჯანმრთელობა აქვთ

ოქტომბერში დაბადებულ ბავშვებს შესაშური მენტალური ჯანმრთელობა აქვთ, რაც მათი ფიზიკური ჯანმრთელობის დადებით გავლენას უნდა მივაწეროთ. კარგი გარეგნობა და ჯანსაღი ორგანიზმი ოქტომბერში დაბადებულ პატარებს თვითშეფასებას უმაღლებს და თავდაჯერებას მატებს, რაც მათ მეტად თავისუფალ და გამბედავ ადამიანებად აყალიბებს. როგორც წესი, ისინი წარმატებას მარტივად აღწევენ და საოცრად მიზანდასახულები არიან.

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

„შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას სცივა,“- პედიატრი მეგი ფარქოსაძე

პედიატრმა მეგი ფარქოსაძემ ჩვილის მოვლის წესებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„დღევანდელი ტენდენციებით ნამდვილად აღარ არის მიზანშეწონილი ჩვილის მჭიდროდ შეკვრა. პირიქით, ხელების საშუალებით ჩვილი შეიცნობს სამყაროს, თავისი ხელების შეხებით, პირში ჩადებით. ფეხების ერთმანეთთან მჭიდრო პოზიციაში ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რადგან ხელს უწყობს ჩვილ ბავშვთა ასაკში დისპლაზიის ჩამოყალიბებას. რაც უფრო განზიდულ პოზიციაში იქნება ქვედა კიდურები, მით უფრო თავიდან აგვარიდებს ამ გავრცელებულ პრობლემას.

სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბავშვს სცივა. ყელში ან კისერზე ხელი უნდა მოკიდოთ და მისი სხეულის ჭეშმარიტ ტემპერატურას ასე განსაზღვრავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი, ჩაეხუტოთ, ხელში გყავდეთ აყვანილი, ესაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ხელში აყვანით ბავშვი არ გაფუჭდება ნამდვილად. ბავშვი თავის პატარა სამყაროში იყო და უზარმაზარ სამყაროში აღმოჩნდა. შეიძლება მან მარტო იგრძნოს თავი, ჰქონდეს შიში ამასთან დაკავშირებით. თქვენი ჩახუტება, როგორც დედის, ასევე მამის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბუნებრივ იმუნიტეტს უზიარებენ მშობლები ამ შეხებით ჩვილს. შესაბამისად მისი იმუნური სისტემა უფრო ძლიერდება,“- მოცემულ საკითხზე მეგი ფარქოსაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“ 

წაიკითხეთ სრულად