Baby Bag

როგორ დავეხმაროთ ბავშვს კარგი მანერების ათვისებაში?

როგორ დავეხმაროთ ბავშვს კარგი მანერების ათვისებაში?
ბავშვისთვის კარგი მანერების სწავლება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი ​პროცესია. ზოგიერთ პატარას ეტიკეტის წესების სრულად ასათვისებლად, შესაძლოა, 8 წელიც კი დასჭირდეს. თავაზიანი ქცევის წესების ათვისება ნებისმიერ ბავშვს შეუძლია. ჩვენს სტატიაში გამოცდილ და ეფექტურ საშუალებებს გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით ბავშვებს ყოველდღიურ მაგალითზე დაყრდნობით კარგი მანერების ათვისებაში დაეხმარებით.

ასწავლეთ ბავშვს სხვების მაგალითზე

ხშირ შემთხვევაში ბავშვები ოჯახის წევრებზე მეტად უცხო ადამიანებს უსმენენ და უჯერებენ კიდეც. დახმარებისთვის თქვენს მეგობრებს, ნათესავებს და მასწავლებლებს მიმართეთ. თუ თქვენი შვილები თქვენი ახლობლის სახლში დაუდევრად იქცევიან და ოჯახის ნივთებს აზიანებენ, უთხარით თქვენს მეგობარს, რომ ბავშვებს შენიშნვა მისცეს და აუხსნას, რომ ასე მოქცევა დაუშვებელია. სახლში დაბრუნების შემდეგ კი თქვენს შვილებს იმავე საკითხზე სხვაგვარად გაესაუბრეთ. აუხსენით, რომ ისინი არასწორად მოიქცნენ, მაგრამ თქვენი მეგობრის სიტყვებს ნუ გამოიყენებთ. თქვენი სათქმელი განსხვავებულად ჩამოაყალიბეთ. აუცილებელია, რომ ერთსა და იმავე საკითხზე ბავშვებს რამდენიმე ადამიანი დაელაპარაკოს. პატარები ასე უკეთ შეძლებენ ეტიკეტის წესებში გარკვევას.

გამოიყენეთ პოზიტიური სიტყვები

კარგი მანერების ათვისების პროცესი ბავშვისთვის სასიამოვნო და საინტერესო უნდა იყოს. სწავლებას დამსჯელი ან ავტორიტარული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. აუხსენით თქვენს შვილს, რომ კარგი მანერების დასწავლით ისინი სოციუმში მეტი წარმატების მიღწევას შეძლებენ, ადამიანებს მათ მიმართ მეტი პატივისცემის გრძნობა გაუჩნდებათ, რის გამოც ნებისმიერ ოჯახში სასურველი სტუმრები იქნებიან. უთხარით მას, რომ კარგი მანერების მქონე ადამიანები სასურველ მიზნებს გაცილებით მარტივად აღწევენ, რადგან მათ მიმართ საზოგადოებას მეტი ნდობა აქვს, ვიდრე იმ ადამიანებისადმი, რომლებსაც სოციუმში ქცევის წესებზე წარმოდგენა არ აქვთ.

მიზნის მიღწევაში იუმორიც დაგეხმარებათ

თუ თქვენი პატარა თხოვნით მოგმართავთ, მაგრამ წინადადების ბოლოს არ ახსენებს სიტყვას „გთხოვ,“ მისი მოქმედება გააშარჟეთ და სახის სასაცილო გამომეტყველება მიიღეთ. ბავშვი კარგ განწყობაზე დადგება, რის შემდეგაც შეგიძლიათ აუხსნათ, თუ როგორ მოიქცეს, როდესაც ადამიანს თხოვნით მიმართავს.

ასწავლეთ თამაშის დახმარებით

ბავშვთან ერთად საინტერესო თამაშები ითამაშეთ, რომელთა დახმარებით ის სოციუმში სწორად მოქცევას ისწავლის. გაითამაშეთ უცხო ადამიანთან პირველი შეხვედრისა და გაცნობის სცენა, ან წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შვილთან ერთად სუპერმაკეტში პროდუქტებს ყიდულობთ. ბავშვს თამაშის დახმარებით ასწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეს, როდესაც ადამიანს პირველად ხვდება ან სუპერმარკეტში რომელიმე პროდუქტის შეძენა სურს.

ასწავლეთ ოჯახური სადილების დახმარებით

ოჯახური სადილების დახმარებით თქვენს შვილებს მაგიდასთან სწორად მოქცევის წესებს მარტივად ასწავლით, გარდა ამისა მათთან მეტად დაახლოვდებით. ასწავლეთ თქვენს შვილს, როგორ დაღეჭოს საკვები უხმაუროდ, როგორ გამოიყენოს დანა-ჩანგალი, როგორ მოიქცეს რესტორანში ან ოჯახში სტუმრად ყოფნისას. თუ თქვენს შვილს რომელიმე საკვები არ მოსწონს, აჩვენეთ მას, როგორ უნდა თქვას კულტურულად უარი მის მირთმევაზე. ბავშვი ოჯახურ გარემოში თავს თავისუფლად და მშვიდად გრძნობს, რის გამოც ეტიკეტის ათვისებას მარტივად ახერხებს.

ისადილეთ გარეთ ბავშვებთან ერთად

ვიდრე ბავშვებს რესტორანში ან წვეულებებზე წაიყვანდეთ, თქვენთან ერთად სასადილოდ რამდენჯერმე წაიყვანეთ. შეარჩიეთ ისეთი კაფეები, რომლებშიც საბავშვო სივრცე სათანადოდ არის მოწყობილი. ასწავლეთ თქვენს შვილს მენიუს მშვიდად და უხმაუროდ დათვალიერება, შეკვეთის გაკეთება და მომსახურე პერსონალთან კულტურულად მოქცევა. შეგიძლიათ ბავშვები თქვენთან ერთად მაღაზიებშიც ატაროთ, რათა თქვენს მაგალითზე სოციუმში ქცევის წესები სათანადოდ აითვისონ.

გაითვალისწინეთ თქვენი შვილის აზრები და იდეები

როდესაც თქვენი შვილი სხვა ადამიანის ქცევას აკრიტიკებს და თვლის, რომ მან ეტიკეტის წესები დაარღვია, ბავშვს ყურადღებით და გულდასმით მოუსმინეთ. ჰკითხეთ თქვენს შვილს, თავად როგორ მოიქცეოდა მსგავს ვითარებაში. ასწავლეთ პატარას პატივისცემის გამომხატველი სიტყვები, რომელთა დახმარებით ის უფროსებთან, მასწავლებლებთან და უცხო ადამიანებთან კულტურულ საუბარს შეძლებს.

პრაქტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს


ბავშვებს კარგი მანერების ათვისებაში ყოველდღიურად უნდა დაეხმაროთ. თუ ის საჩუქრის მიღებისას მადლობას არ იხდის, შეახსენეთ, რომ მისი ქცევა სწორი არ არის. ბავშვი თქვენს მაგალითზე ყოველდღიურად უნდა ხედავდეს, რომ ადამიანები კომპლიმენტის ან საჩუქრის მიღებას მადლობით პასუხობენ. როდესაც პატარა თხოვნით მოგმართავთ, ყოველთვის შეახსენეთ, რომ წინადადების ბოლოს სიტყვა „გთხოვ“ აუცილებლად უნდა თქვას. ყოველდღიური პრაქტიკის დახმარებით ბავშვი ეტიკეტის წესების ათვისებას ადვილად შეძლებს და ზრდილობიანი ქცევა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა.

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ,“- ნინო ცინცაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ცინცაძემ ბავშვებში მეტყველების დაწყების ვადებსა და იმ ეტაპებზე ისაუბრა, რომელსაც ბავშვი მეტყველების დაწყებამდე გადის:

„ის პროცესები, რომლებიც მეტყველების დაწყებამდე ვითარდება, არის ძალიან საინტერესო და ყურადსაღები. ეს არის სხვა ადამიანზე ყურადღების ფოკუსი, ჯერ ემოციური და მერე ინიციატივების გამოხატვა, მაგალითად, რაღაც მინდა და ამას მივიღებ უფროსისგან. გარემოს წინასწარმეტყველება არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. 6 თვის ბავშვი ტიტინებს, ერთი წლის ასაკში ერთ ან ორ, ან რამდენიმე სიტყვას მაინც უნდა ამბობდეს. 2 წლის ასაკში ბავშვი ორსიტყვიანი წინადადებების თქმას უნდა იწყებდეს, 3 წლის ასაკამდე უკვე ძალიან სწრაფად ვითარდება ენა და ბავშვები რთულ წინადადებებს ამბობენ. ამ ეტაპების მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველანი.

თანამედროვე კვლევები ძირითადად იმაზე ლაპარაკობს უკვე, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არის კომუნიკაციური პარტნიორის როლი. ამაში იგულისხმება უფროსი, რომელიც ბავშვთან დიდ დროს ატარებს. მნიშვნელოვანია, როგორ ელაპარაკება, რას ელაპარაკება, რამდენად შესაბამისია მისი ენა. ძალიან პატარა ასაკიდან რაც უფრო მეტი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვთან, მით უფრო ადვილად ახერხებს ბავშვი ამ ეტაპების გავლას.

ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარებული ყურადღება. პრაქტიკაში ეს როგორ გამოიყურება? 6 თვის ბავშვი მიჭირავს ხელში. რაღაც მოხდა, ვიღაც შემოვიდა ოთახში. ბავშვს ველაპარაკებოდი, ჩემი ყურადღების ფოკუსი წავიდა იმ მოვლენისკენ და ბავშვის ყურადღების ფოკუსიც წავიდა იმ მოვლენისკენ. შეიკრა სამკუთხედი. ეს სამკუთხედი არის უმნიშვნელოვანესი. ნებისმიერი მომენტი, როდესაც ბავშვი ამოხედავს მშობელს და ეუბნება: „მიყურე, რას ვაკეთებ,“ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ელემენტები ავითარებს ენას და კომუნიკაციას.

თუ ბავშვი 2 წლის ასაკისთვის არაფერს არ ამბობს, ეს უკვე არის ნიშანი, რომ სპეციალისტს მიმართონ. შესაძლებელია, რომ მანამდეც მივაქციოთ ამას ყურადღება. თუ ბავშვი ნაკლებად დაინტერესებულია გარშემო ადამიანებით, ადამიანზე ფოკუსით, ადამიანთან ყურადღების გაზიარებით, ემოციური გაცვლა-გამოცვლით, ეს უკვე შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, ხომ არ დავინტერესდე სპეციალისტის აზრით,“- მოცემულ საკითხზე ნინო ცინცაძემ საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“ 

წაიკითხეთ სრულად