Baby Bag

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მარტო დაძინებას?

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მარტო დაძინებას?
შფოთვის, დაუცველობის შეგრძნების და შიშის განცდის გამო ბავშვებს მარტო დაძინება ხშირად ძალიან უძნელდებათ, რის გამოც ისინი მშობლებთან ძილს არჩევენ და საკუთარ საძინებელში დარჩენა ​არ სურთ. თუ თქვენს შვილსაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიას. ჩვენ მიერ შემოთავაზებული სპეციალური სტრატეგიების გამოყენებით ბავშვს შფოთვისა და შიშის დაძლევაში დაეხმარებით.

ღამით ბავშვის ოთახში სიჩუმე და სიმშვიდე უნდა სუფევდეს

ბავშვის საძინებელი კომპიუტერის, ტელევიზორის, სმარტფონების და ელექტრონული მოწყობილობებისგან უნდა გაათავისუფლოთ. პატარას ოთახში ძილისთვის ხელსაყრელი და კომფორტული ატმოსფერო უნდა შექმნათ. კომპიუტერის, ტელევიზორის ან სმარტფონის გამოსხივება ბავშვს ჩაძინებაში ხელს შეუშლის. თქვენს შვილს ღამით ოთახს მხოლოდ ნათურის სუსტი შუქი უნდა უნათებდეს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სიბნელეში დაძინება აშინებს.

ბავშვი ძილის წინ ჩასატარებელ ჰიგიენურ პროცედურებს უნდა მიაჩვიოთ

თბილი აბაზანის მიღება, ღამის პერანგის ჩაცმა, კბილების გახეხვა და ძილის წინ ზღაპრების კითხვა ყოველდღიურ რუტინად უნდა აქციოთ. ჰიგიენური პროცედურების რეგულარულად ჩატარება ბავშვს ძილისადმი უფრო დადებითად განაწყობს, ამასთან ის თავს მეტად დაცულად და უსაფრთხოდაც იგრძნობს. აღნიშნული რუტინა ბავშვს შფოთვის დაძლევაში ეხმარება. პატარები, რომლებიც ძილის წინ ჰიგიენურ პროცედურებს რეგულარულად იტარებენ, ჩაძინებას მარტივად ახერხებენ.

ბავშვის ოთახში დიდხანს ნუ დარჩებით

ბავშვის საძინებელი იქამდე უნდა დატოვოთ, ვიდრე მას ჩაეძინება. პატარა თქვენზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. მან დაძინება თქვენს გარეშე უნდა შეძლოს. თუ ბავშვი მარტო დარჩენაზე უარს აცხადებს, მის საწოლზე ნუ ჩამოჯდებით, ნუ ეცდებით პატარას გართობას. ეცადეთ ბავშვის საწოლისგან მოშორებით დადგეთ. ყოველდღიურად თქვენსა და ბავშვს შორის არსებული მანძილი ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ, რათა პატარა დამოუკიდებლად ჩაძინებას მიეჩვიოს.

ბავშვი ოთახში თავს დაცულად უნდა გრძნობდეს

მარტო დარჩენილი პატარა საძინებელში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს. „საშინელმა მონსტრებმა“ და „მოჩვენებებმა“ მისი დაშინება რომ ვერ შეძლონ, ბავშვს საწოლში საყვარელი სათამაშო ჩაუწვინეთ, რათა თავი მარტოდ არ იგრძნოს.

იყავით თანმიმდევრული და პრინციპული

თუ თქვენი შვილი შუაღამით საძინებელში შემოდის და თქვენს საწოლში დაწოლას ითხოვს, ის თავის ოთახში უნდა დააბრუნოთ. გზად ბავშვის გართობას ნუ შეეცდებით. დაამშვიდეთ პატარა და თავის საწოლში ჩააწვინეთ. აუცილებელია, რომ მის თხოვნას ყოველთვის ამგვარი ქცევით უპასუხოთ. თუ ბავშვს ერთხელ მაინც მისცემთ ნებას, რომ თქვენს საწოლში დარჩეს, ის თავის ოთახში დაბრუნებას აღარ მოისურვებს.

ბავშვი კარგი ქცევისთვის ხშირად დაასაჩუქრეთ


თუ პატარა ღამით ტირის და არ იძინებს, მის ამგვარ ქცევას ყურადღება არ მიაქციოთ. თუ ის მარტო დაძინებაზე უარს არ ამბობს და თავის საძინებელში რჩება, მეორე დღეს საყვარელი ტკბილეულით დაასაჩუქრეთ. ბავშვი გააცნობიერებს, რომ მის სიმამაცეს მშობლების მხრიდან სათანადო ჯილდო და აღიარება მოყვება. 

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად