Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედა სამ რამეს უნდა დაჰპირდეს ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ არ მოვლენილა ქვეყანაზე,“ - შალვა ამონაშვილი

„დედა სამ რამეს უნდა დაჰპირდეს ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ არ მოვლენილა ქვეყანაზე,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ახალგაზრდა დედებს საინტერესო რჩევები მისცა. მან სამი პირობა დაასახელა, რომელიც ნებისმიერმა დედამ შვილს ჯერ კიდევ დაბადებამდე უნდა მისცეს:

​დედა რომ შვილს აიყვანს, გულზე რომ დააწვენენ და მოესიყვარულება, პირველი ფრაზა, რაც უნდა უთხრას, ეს არის: „შვილო, შენ ყველაფერი შეგიძლია!“ ახალგაზრდა დედას უნდა ჰქონდეს სამი პირობა. თუ უნდა, რომ ბავშვი გააჩინოს, სამ რამეს უნდა დაჰპირდეს ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ არ მოვლენილა ქვეყანაზე. პირველი: „შვილო, მე შენთვის მექნება დრო, იმდენი, რამდენიც უნდა შენს აღზრდას. თუ არ გექნება დრო, მაშინ გააჩუქე შვილი და ვისაც დრო ექნება, ის აღზრდის. ხომ გინდა, დედა იყო?! დედობა უნდა შედგეს დროში.“

შალვა ამონაშვილმა ახალგაზრდა დედებს ურჩია, შვილს პირობა მისცენ, რომ მისი აღზრდისას მოთმინებას გამოიჩენენ, არ დასჯიან, არ დაუყვირებენ:

„მეორე: „შვილო, იმდენი მოთმინება მეყოფა, რამდენიც შენ დაგჭირდება. ​მექნება უსაზღვრო ​მოთმინება, არ დაგიყვირებ, არ გცემ, არ გაგაძევებ, არ შეგიძულებ! მეყოფა მოთმინება, რომ სულ მიყვარდე და ყოველთვის პატივი გცე!“

„მესამე: „შვილო, ჩემს სიყვარულს არ ექნება საზღვარი.“ ერთია, რომ დრო მექნება, მეორეა, რომ მოთმინეა მექნება და მესამეა, რომ მეყვარები, სულ მეყვარები, როგორიც უნდა იყო. წარმატებას ვუსურვებ ახალგაზრდა დედებს და მამებსაც,“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა „ამონაშვილის აკადემიის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად