Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მიდგომა „ახლა თუ არ ისწავლა ამან, მერე ნახე რა იქნება,“ არასწორია. ის ბავშვებთან ურთიერთობის ძალიან აგრესიულ ფორმას ბადებს,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

„მიდგომა „ახლა თუ არ ისწავლა ამან, მერე ნახე რა იქნება,“ არასწორია. ის ბავშვებთან ურთიერთობის ძალიან აგრესიულ ფორმას ბადებს,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ოჯახში არსებულ იერარქიულ სისტემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვისთვის სილაღის და თავისუფლების ზედმეტად შეზღუდვა არასწორია:

„ოჯახში აუცილებლად დგება იერარქიული სისტემა. არცერთ სისტემას არ აწყობს ამბოხი. ხომ გახსოვთ „ვერის უბნის მელოდიებში“ როგორც არის: „ნუ იქნება მხოლოდ ბუნტი.“ ბავშვი თავისი ბუნებით არის აბსოლუტურად ლაღი და თავისუფალი. ზრდასრულები, ოჯახი და მთლიანად საზოგადოება, ​ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე გადმოვიყვანოთ ბავშვი ჩვენს წეს-ჩვეულებებზე, რომ ის იყოს უფრო მართვადი. ამის მიზანი ისაა, რომ მე დისკომფორტი არ შემიქმნას. ამიტომ ვიგონებთ უამრავ სისტემას. მიდგომა: „ახლა თუ არ ისწავლა ამან, მერე ნახე რა იქნება,“ ეს რა თქმა უნდა არასწორია. ასეთი მიდგომა ბავშვებთან ურთიერთობის ძალიან აგრესიულ ფორმას ბადებს.“

​ბაკურ კოტეტიშვილმა აღნიშნა, რომ აკრძალვები ბავშვებთან ურთიერთობას ყველაზე მეტად აფუჭებს:

„პირველი, რაც გვიფუჭებს ყოველთვის ურთიერთობებს არის აკრძალვების ფენომენი. ნებისმიერ საკითხში ჯ​ერ არის ქმედება და მერე მისი აკრძალვა. ჩვენ ვიწყებთ „არ შეიძლებათი.“ ძალიან მარტივი მაგალითი: სანამ ბავშვი დამოუკიდებლად გაივლის, ის ხედავს და უყურებს, რომ დედამ დღის განმავლობაში ვერც დავთვლით რამდენჯერ გამოაღო კარადა, აიღო რაღაც ნივთი, ჩადო და დახურა ისევ. ეს იმდენად ბევრჯერ გაიმეორა დედამ და ბევრჯერ აჩვენა, რომ ბავშვს არც აქვს სურვილი კითხვა დასვას, ეს შეიძლება თუ არ შეიძლება. თუ დედა აკეთებს ამას, ე.ი. შეიძლება. გაიარა თუ არა ბავშვმა, მივიდა კარადასთან, გამოაღო და დაიწყო იქიდან რაღაცების ამოღება. ჩვენ ამას ვეძახით „აურია,“ სინამდვილეში გაეცნო. ჩვენ მივდივართ და ვეუბნებით: „არ შეიძლება, ნუ აღებ!“ ამ დროს ვასწავლეთ, რომ გაეღო. ასეთი უამრავი ქმედებაა ოჯახში. ჩვენს ქმედებას ბაძავენ ბავშვები. როდესაც ამას აკეთებენ, ჩვენ მერე შენიშვნას ვაძლევთ.“

ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, ადამიანები „შავი კატის“ ფენომენს ქმნიან, რომელსაც ბევრი პრობლემის გამომწვევ მიზეზად ასახელებენ:

„ადამიანებს გვჩვევია „შავი კატის“ ფენომენის არსებობა. ვიგონებთ შავ კატას, რომელსაც დავაბრალებთ რაღაც-რაღაცებს. ჩემს ბავშვობაში ასეთი შავა კატა იყო ტელევიზორი. ​ნელ-ნელა ეს შავი კატა ჩამოვიდა ტელეფონამდე. ძალიან მარტივია, რომ იმას დავაბრალოთ რაღაც და არ განვსაზღვროთ ვითარება, თუ რატომ იყენებს ადამიანი ასე ხშირად ტელეფონს. სინათლე ძალიან კარგი რამ არის, მაგრამ გააჩნია, როგორ გამოვიყენებთ მას. შეიძლება სინათლემ თვალი გაგვიფუჭოს კიდეც და დაგვაბრმავოს.“

„ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტებს უთქვამთ, რომ ბავშვს თავის ტკივილი აქვს და პირველი განსაზღვრება აქვთ, ხომ არ უყურებს დიდხანს ტელეფონს. ტელეფონი არაფერ შუაშია ამ დროს თავის ტკივილთან. თუ მას მხედველობის პრობლემა აქვს ან კისრის არასწორი მდებარეობა, აქედან ტკივა თავი. ​ნაცვლად იმისა, რომ ეს გავიაზროთ, ყველაფერს ვაბრალებთ ტელეფონს. ტელეფონის მაგივრად რომ წიგნი ეჭიროს და ბავშვს იგივე დაემართოს, არავინ წიგნს არ დააბრალებს. წიგნი კარგია, ასე ვიცით და ტელეგონი - ცუდი. ამ ვითარებაში ტელეფონიც და წიგნიც ერთსა და იმავე პირობას ქმნის, რომ ბავშვს ან თვალები დაეძაბოს, თუ მხედველობის პრობლემა აქვს, ან არასწორი მდებარეობის გამო კისრის კუნთები დაეჭიმოს. წიგნი კარგია და ტელეფონი ცუდია არის „შავი კატის“ ფენომენი,“ - აღნიშნულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად