Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ განცდა, რომ დედასთან ყველაფრის თქმა შეიძლება,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ განცდა, რომ დედასთან ყველაფრის თქმა შეიძლება,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ მშობლისა და ბავშვის გახსნილი, ღია კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ განცდა, რომ დედასთან ყველაფრის თქმა შეიძლება. ათი წლიდან იწყება ავტორიტეტის შეცვლა. თუ ამ ასაკში აჯანყება, ოჯახიდან დაშორება არ დაიწყო, გაგვიჭირდება ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბება. ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ 15 წლის ასაკისთვის პირადი სივრცე ექნებათ 360 გრადუსი. ოჯახი უპირობო ავტორიტეტი აღარ არის.“

თამარ ედიბერიძის თქმით, 10-15 წლის ასაკის ბავშვს ღირებულებებზე აქტიურად უნდა ვესაუბროთ:

​ბავშვმა რჩევა შეიძლება მოისმინოს, მაგრამ თვითონ წყვეტს უკვე, რაც გააკეთებს. ეს საჭიროა მისი შემდგომში პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. 10-დან 15 წლამდე ღირებულებებზე აქტიური საუბარია საჭირო. რა არის კარგი, რა არის ცუდი. უნდა ვასწავლოთ შვილებს რაღაცაზე „არას“ თქმა. თუ მინდა, რომ ბავშვს ვიღაცისთვის „არას“ თქმა შეეძლოს, მან ეს ტრენინგი ოჯახში უნდა გაიაროს.“

„ეს ყველაფერი ათი წლიდან ლუკმა-ლუკმა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ასწავლოთ ბავშვს. თუ ჩვენ ჰარმონიულად მივედით ამ ასაკმდე, უცებ აღმოაჩენთ, რომ არის შემდგარი ადამიანი, რომელმაც იცის რა უნდა ცხოვრებაში. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვებთან კომუნიკაციას ვკარგავთ. როდესაც ის მოდის თქვენთან რჩევისთვის, ეს არის უკვე დიდი კომპლიმენტი, რადგან ბავშვი ნებით აღიარებს თქვენს ავტორიტეტს და არა - იძულებით,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად