Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაღიზიანება ვისაც გაქვთ, თუნდაც ცოტა, პირველ რიგში, ეს უნდა მოიცილოთ,“ - შალვა ამონაშვილი

„გაღიზიანება ვისაც გაქვთ, თუნდაც ცოტა, პირველ რიგში, ეს უნდა მოიცილოთ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა იმ ზიანის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ბავშვს გაღიზიანებული მშობელი აყენებს და უფროსებს ურჩია ბავშვთან ურთიერთობაში სიმშვიდე შეინარჩუნონ:

​პირველ რიგში, გაღიზიანება უნდა მოვიცილოთ. ეს გაღიზიანება ვისაც გაქვთ, თუნდაც ცოტა, ბავშვმა რაღაც ისე ვერ გააკეთა, იმ წამსვე გაღიზიანდებით. „რამდენჯერ უნდა გითხრა?“ - ბავშვს ეუბნებიან. რას ჰქვია, რამდენჯერ უნდა უთხრა? იმდენჯერ უნდა უთხრა, სანამ არ გაიგებს. მშვიდად უნდა უთხრა ბავშვს ყოველთვის. ასჯერ? რატომ ასჯერ? ათასჯერ უნდა უთხრა. ვერ გაიგო ბავშვმა. შენი ნათქვამი იმ წერტილში ვერ მოხვდა, სადაც აღზრდა იწყება. თუ გაბრაზებული ხარ და ისე ეუბნები ბავშვს, ისვრი სიტყვებს, ვითომ კარგებს, მაგრამ მიზანში ვერ ურტყამ.“

შალვა ამონაშვილის თქმით, გაღიზიანება და ჩხუბი აღზრდის მეთოდი არ არის და ის ბავშვს შლის:

„გაღიზიანებული კაცი ვერ დაუმიზნებს ისარს სამიზნეში. დაუმიზნებს მშვიდი, დამთმობი, რომელსაც შეუძლია მიუტევოს. ბავშვმა გაგიტეხა ლამაზი ბროლის ლარნაკი. გატყდა ლარნაკი უკვე. ახლა გინდა ბავშვიც გააყოლო უკან?! რამდენჯერ ხდება ასეთი რამ, რომ ​ბავშვმა რაღაც გააფუჭა, გატეხა და გნიასს ვქმნით. ეს გნიასი აღზრდის მეთოდია, თუ ბავშვის დაშლის საუკეთესო მეთოდია?!“

​თუ რამ კარგი გაგიკეთებია, ამ გნიასმა დაშალა. ვიდრე დედა, მამა, ბებია და პაპა არ ჩამოიცილებენ ისეთ ჩვევებს, რაც გაღიზიანების საფუძველია, მათ გაუჭირდებათ ბავშვების აღზრდა. შეიძლება კეთილი მეზობელი აღმოჩნდეს და იმან უფრო მეტი უთხრას ბავშვს, ვიდრე თქვენ ეტყვით. იქნებ ბიძა მოვიდეს ხანდახან და ის უფრო გაზრდის ბავშვს, ვიდრე დედა ზრდის და მამა ზრდის, ასეც ხდება ხოლმე,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად