Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სტრესულ და ცუდ ქცევას შორის განსხვავება უნდა დავინახოთ,“ - ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი

„სტრესულ და ცუდ ქცევას შორის განსხვავება უნდა დავინახოთ,“ - ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი

ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა სტრესულ და ცუდ ქცევას შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ ორ ქცევას შორის სხვაობის დანახვა უნდა შეგვეძლოს:

​სტრესულ და ცუდ ქცევას შორის განსხვავება უნდა დავინახოთ. შენ რომ იქცევი ასე, ეს არის სტრესული ქცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენს ორგანიზმში ფიზიოლოგიურ დონეზე არის დისბალანსი. თუ გაქვს ალერგია, ასთმა, კოვიდი, ან უბრალოდ სახლში კონფლიქტი გაქვს, ეს გახარჯვინებს უამრავ ენერგიას, რომ ამ სტრესს გაუმკლავდე. რესურსი აღარ გრჩება იმისთვის, რომ იფიქრო მომავალზე. შენ არ გაქვს რესურსი, რომ როდესაც ბავშვი გეუბნება: „დედა, ძალიან მეწყინა რაღაც,“ მოუსმინო. პირდაპირ გადადიხარ იმაზე, რომ მოაგვარო ეს პრობლემა. ჩვენს ემოციებს არ სჭირდება მოგვარება. მას უბრალოდ დასრულება სჭირდება. არავის უნდა, რომ სულ მშვიდად ვიყოთ. სიახლეები, აღმოჩენები, რაღაცის შექმნა გვჭირდება. სტრესი აუცილებელია, სტრესი ყველგან მყოფია. თუ ჭარბი სტრესის ქვეშ ხარ, მუდმივად გეცლება ენერგია, რომ სადღაც რაღაცები დააბალანსოს. შენ აღარ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ის აკეთო, რაც გულწრფელად გინდა.“

ნინო მარგველაშვილის თქმით, თუ ვხედავთ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა, პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადავდგათ:

„სულ არის ხუთი ნაბიჯი. პირველი არის ის, რომ ​ცუდ ქცევას შეხედო, დააკვირდე და დასვა შეკითხვები. ახლებურად უნდა შეხედო. ეს არის ცუდი ქცევა, ჩემი შვილი არის გაწონასწორებულ მდგომარეობაში და განზრახ არჩევანი გააკეთა, რომ ასე მოქცეულიყო. შენთვის ეთქვა ცუდი რამ. უნდა ნახო, განზრახ გააკეთა ეს თუ ბოლომდე ვერ აცნობიერებდა რას შვრებოდა.“

„მეორე საფეხურია, რომ ​შევამჩნიოთ, რის გამო იქცევა ასე, რა მოხდა. ეს უამრავ სფეროში უნდა იპოვო: როგორ ეძინა ბავშვს? იქ ხმაური იყო, მამას ელოდებოდა, მამა არ მოვიდა, სკოლაში გაკვეთილზე მასწავლებელმა რაღაცაზე გაიცინა. ამას აკვირდები, რომ გაიგო, რა სტრესორებია. შემდეგ ცდილობ, რომ ეს სტრესორები შეამცირო. თუ იცი, რომ შენი შვილი ხმაურზე რეაგირებს, მგრძნობიარეა და ენერგიას აცლის, შეგვიძლია ვიყიდოთ ყურსასმენები, რომელიც ახშობს ხმაურს. ისეთ დროს არ ჩართო გამწოვი, როდესაც ბავშვი მეცადინეობს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად