Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არის ბუშტი ბავშვისთვის ყველაზე სახიფათო სათამაშო?

რატომ არის ბუშტი ბავშვისთვის ყველაზე სახიფათო სათამაშო?

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ბუშტებით თამაში ბავშვის სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ბუშტი სათამაშოებს შორის ყველაზე ხშირად ხდება ბავშვთა სიკვდილიანობისა და უეცარი გარდაცვალების მიზეზი. მკვლევარებმა დეტალურად შეისწავლეს იმ ნივთების ფორმები, მოცულობა და სახეობები, რომლებიც ბავშვების დახრჩობას იწვევდა. კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიშ ნივთებს შორის გვხვდება მცირე ზომის სათამაშოების ნაწილები, რომელთა დიამეტრი 3,17 სანტიმეტრს უტოლდება. როგორც აღმოჩნდა, ბავშვებისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია სფეროს ფორმის საგნები, როგორიც არის ბურთი, მინის პატარა ბურთულები, თოჯინები, რომლებსაც სფეროს ფორმის თავი აქვთ. სფეროს ფორმის ნივთებზე უფრო საშიშად მეცნიერებმა ისეთი საგნები დაასახელეს, რომლებიც ბავშვის სასუნთქი გზების ფორმას ერგებიან. სწორედ მსგავსი ნივთების კატეგორიაში მოხვდა ბუშტიც. კვლევებით დგინდება, რომ ბუშტის ნაწილის საჰაერო გზებში მოხვედრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 3-6 წლის ბავშვებში.

ექიმები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ ბუშტებთან მიმართებაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. მშობლებმა ბავშვების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შემდეგი რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვან:

  • არასდროს ჩათვალოთ, რომ სათამაშო ბავშვისთვის უსაფრთხოა, რადგან მას გავლილი აქვს შესაბამისი ტესტირება, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი ალერგიული არ არის.
  • არ ჩათვალოთ, რომ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ის უკვე სამი წლის გახდა.
  • თუ ამჩნევთ, რომ საგანი, ან მისი რომელიმე ნაწილი ბავშვის პირის ღრუში ეტევა, ყოველთვის ყურადღებით დააკვირდით ბავშვს, როდესაც ის ამ საგნის სიახლოვეს იმყოფება.
  • არასდროს მისცეთ ბავშვს შესაძლებლობა ითამაშოს ბუშტით, როდესაც თქვენ მის გვერდით არ ხართ.
  • გახსოვდეთ, ქაღალდისგან დამზადებული ბუშტები ლატექსის მასალისგან დამზადებულ ბუშტებთან შედარებით გაცილებით უსაფრთხოა.
  • აუცილებლად იყავით ინფორმირებული პირველადი დახმარების გაწევის პროცედურების შესახებ. გახსოვდეთ, რომ სიცოცხლე, რომელსაც თქვენ გადაარჩენთ, შესაძლოა, თქვენთვის ყველაზე ძვირფასი იყოს!

ყველა ზემოთ დასახელებული რეკომენდაცია მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან მაქსიმალურად დაიზღვიონ თავი.

მომზადებულია ​Drgreene.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად