Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ქალებისთვის სტრესის გამომწვევი მთავარი მიზეზი ქმრები არიან - უახლესი კვლევები

ქალებისთვის სტრესის გამომწვევი მთავარი მიზეზი ქმრები არიან - უახლესი კვლევები

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალბატონების 46 პროცენტი სტრესის გამომწვევ მთავარ ფაქტორად არა შვილებთან, არამედ მეუღლეებთან ურთიერთობას ასახელებს. მათი თქმით, მამაკაცები დიდი ბავშვები არიან, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას საჭიროებენ.

მართალია, მშობლების ყოველდღიური ყოფა საკმაოდ რთულია და შვილებზე ზრუნვა მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ცვლის, მაგრამ კვლევებით მტკიცდება, რომ სტრესის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი ორივე სქესის წარმომადგენლისთვის მეუღლესთან ურთიერთობა უფროა, ვიდრე შვილებზე ზრუნვით გამოწვეული დაღლილობა და დაძაბულობა.
7 000 დედის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ქალბატონების უდიდესი ნაწილი მათი ყოველდღიური სტრესის ხარისხს 10-დან 8.5 ქულას ანიჭებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. დედების 46 % კი აღნიშნავს, რომ მათი ცხოვრება სტრესული მეუღლეების გამოა და არა ბავშვების, რომლებზე ზრუნვასაც ისინი ძალიან დიდ დროს და ენერგიას ახარჯავენ.

ქალბატონების უმრავლესობა მეორე ნახევარს ზრდასრულ ადამიანად არ განიხილავს და მათი მხარდაჭერის იმედი ნაკლებად აქვს. დედები თვლიან, რომ მეუღლეები მათ ყოველდღიურ ტერორში ამყოფებენ, რადგან გამუდმებით ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებენ.

ქალბატონების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დედები და მამები ბავშვებზე ზრუნვისას განსხვავებულად იტვირთებიან. ამ მხრივ მამაკაცებს ნაკლებად სტრესულ გარემოში უხდებათ ცხოვრება, ვიდრე ქალბატონებს. დედებმა უმთავრეს პრობლემად მეუღლეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ნაკლებობა დაასახელეს. როგორც აღმოჩნდა, წყვილების უდიდეს ნაწილს ბავშვის ერთობლივად აღზრდა უჭირს და ოჯახებში გუნდურობის პრინციპი ნაკლებად მუშაობს.

ქალბატონების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სახლის მოვლისა და ბავშვზე ზრუნვის ვალდებულებები მთლიანად მათ ეკისრებათ, მამაკაცები კი ამ მხრივ ნაკლებად იტვირთებიან. დედების უდიდესი ნაწილი ყოველდღიურად სტრესულ გარემოში ცხოვრობს, რადგან დატვირთული გრაფიკის გამო დასახული მიზნების მისაღწევად დრო არ ჰყოფნის. ქალბატონების ნეგატიურ განწყობას მეუღლეების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობის გაცნობიერება კიდევ უფრო ამძაფრებს. ისინი განიცდიან, როდესაც გრძნობენ, რომ მეორე ნახევრები მათ გვერდით არ არიან და მათ მძიმე შრომას ვერ აფასებენ.

ფსიქოლოგები დედების სტრესულ ცხოვრებას მამაკაცების უპასუხისმგებლობას და გულგრილობას ნაკლებად უკავშირებენ. ისინი მთავარ პრობლემად ოჯახის შექმნით გამოწვეულ ცხოვრებისეულ ცვლილებებს განიხილავენ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ დაოჯახებული წყვილის ურთიერთობა გაცილებით რთული და სტრესულია, ვიდრე მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობები. ორი ადამიანის კავშირი, რომელიც მათგან გარკვეული სახის დათმობებს და ცვლილებებს მოითხოვს, პარტნიორებისთვის სტრესის გამომწვევ ძირითად ფაქტორად ძალიან ხშირად გვევლინება.

მკვლევარებმა მამაკაცების განწყობებისა და მოსაზრებების შესასწავლად 1500 მამა გამოკითხეს, რომელთა უდიდესი ნაწილი მეუღლეების დამოკიდებულებით ასევე უკმაყოფილოა. მამაკაცები აღნიშნავენ, რომ ისინი შვილების აღზრდაში იმაზე მეტ ენერგიას და დროს ხარჯავენ, ვიდრე ქალბატონებს წარმოუდგენიათ. მათი თქმით, მამების შრომა სათანადოდ არ ფასდება. მამაკაცების 2/3 ამტკიცებს, რომ ერთადერთი რაც მათ მეუღლეებისგან სურთ, მათი შრომისა და მონდომების დაფასება და აღიარებაა. 

მომზადებულია​ mirror.co.uk-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად