Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობელი 3-4 თვის ბავშვს ტელეფონით სხვადასხვა მულტფილმს აყურებინებს, რის გამოც ვითარდება გარკვეული პრობლემები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მშობელი 3-4 თვის ბავშვს ტელეფონით სხვადასხვა მულტფილმს აყურებინებს, რის გამოც ვითარდება გარკვეული პრობლემები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში გაჯეტდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგჯერ მშობლები შვილებს ჩვილობის ასაკიდან აჩვევენ ეკრანთან ურთიერთობას:

„რაც შეეხება ეკრანდამოკიდებულებას, ეს მართლაც პრობლემაა. ჩემთან ბავშვი მოჰყავთ ორი თვის ასაკში და ის სამწუხაროდ, გაჯეტდამოკიდებულია. ტელეფონით სხვადასხვა მულტფილმს აყურებინებს მშობელი სამი თვის ასაკში, ოთხი თვის ასაკში. უფრო მეტად ხმოვანი გამღიზიანებლების შედეგად ვითარდება გარკვეული პრობლემები. მხედველობის ზედმეტი სტიმულაციის შედეგად, ვითარდება ძილის ჰორმონის, მელატონინის სინთეზის დაქვეითება. ბავშვი არის აღგზნებული, როგორც წესი, არ იძინებს. შემდეგ მოგვმართავენ როგორც ნევროლოგიური აღგზნებადობის ჩივილებით, ასევე სხვადასხვა პრობლემით.“

„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ 4-5 თვის ასაკიდან მშობელმა სამწინადადებიანი, ხუთწინადადებიანი სამეტყველო პატარა მოთხრობა ან ზღაპარი წაუკითხოს ბავშვს და ეს აუცილებელია,“- აღნიშნულ საკითხზე პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“

წაიკითხეთ სრულად