Baby Bag

8 იაფი და სახალისო იდეა ბავშვის პირველი დაბადების დღის წვეულებისთვის

8 იაფი და სახალისო იდეა ბავშვის პირველი დაბადების დღის წვეულებისთვის

ბავშვის პირველი დაბადების დღე ნებისმიერი მშობლისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წვეულების გამართვას მთელი თქვენი დანაზოგი და ოჯახის ბიუჯეტი უნდა ​ემსხვერპლოს. პატარას გაბედნიერება და მისთვის დაუვიწყარი წვეულების გამართვა საკმაოდ ხელსაყრელ ფასშიც შეგიძლიათ, მთავარია ორიგინალური და საინტერესო იდეები არ შემოგაკლდეთ. ჩვენს სტატიაში რვა იაფ და სახალისო იდეას შემოგთავაზებთ, რომლებიც ბავშვისთვის დაუვიწყარი დღესასწაულის ჩუქებაში დაგეხმარებათ.


შექმენით სახალისო ფოტოკოლაჟი

ბავშვის გასახალისებლად ყველა იმ ფოტოს მოუყარეთ ერთად თავი, რომლებიც მისი ცხოვრების პირველი წლის მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორიცაა პირველი კბილის ამოსვლა, პირველი ნაბიჯები, პირველი გაცინება და ა.შ. აღნიშნული ფოტოკოლაჟი არამხოლოდ წვეულების დეკორაციად გამოგადგებათ, ის ბავშვისთვის სანუკვარ და საყვარელ საჩუქრად იქცევა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე შეინახავს.

დეკორაციისთვის ჟატის ქაღალდი გამოიყენეთ

წვეულების გემოვნებიანად გაფორმება თუ გსურთ, მაგრამ დეკორაცია ძალიან ძვირი გიჯდებათ, შეგიძლიათ, დეკორისთვის ჟატის ქაღალდი გამოიყენოთ. ჟატის ქაღალდისგან უამრავი რამის დამზადებას შეძლებთ. ფერად-ფერადი ქაღალდებით დამზადებული ყვავილები, ბურთები და სხვა საბავშვო დეკორაციული ნივთები სტუმრად მოსულ პატარებს და მშობლებს ნამდვილად აღაფრთოვანებთ.

საბავშვო მენიუ თავად შეადგინეთ

ბავშვის პირველი დაბადების დღის წვეულებაზე საპატიო სტუმრის რანგში რამდენიმე მცირეწლოვანი აუცილებლად გეყოლებათ. მათ საპატივცემულოდ საბავშვო ტკბილეული და ნუგბარი მაგიდასთან მცირე ზომის ლამაზ ჭურჭელში ჩაწყობილი მიიტანეთ. საბავშვო მენიუ თქვენგან დიდი ფინანსური რესურსის მობილიზებას ნამდვილად არ მოითხოვს, პატარებს კი თქვენ მიერ გამოჩენილი ყურადღება ძალიან გააბედნიერებთ.

საბავშვო ტკბილეული დეკორაციის ნაწილად აქციეთ

ლამაზად გაფორმებულ დონატებზე მშვენიერი დეკორაცია, ალბათ, იშვიათად თუ გინახავთ სადმე. საბავშვო ტკბილეულის დეკორაციის ნაწილად ქცევა წვეულების გალამაზებაში ძალიან დაგეხმარებათ. რძით სავსე ბოთლებს თავზე ლამაზად მორთული დონატები დააფარეთ, ბოთლებში ფერადი საწრუპი ჩხირები ჩააწყვეთ და მშვენიერი დეკორაციაც მზად გაქვთ.

მუყაოს ყუთების გამოყენებით პატარა მონსტრები გამოჭერით

წვეულების თემად შეგიძლიათ „მონსტრები“ შეარჩიოთ. მონსტრების დასამზადებლად მუყაოს ყუთები გამოიყენეთ. პატარებს თქვენი იდეა აუცილებლად მოეწონებათ. მონსტრების გამოჩენა წვეულებას მნიშვნელოვნად გაახალისებს. ეს ყველაფერი კი ძალიან იაფი დაგიჯდებათ.

მოაწყვეთ რძისა და ნამცხვრების წვეულება

არ აქვს მნიშვნელობა ერთი წლის ბავშვის წვეულებას აწყობთ, თუ 100 წლის მოხუცის, ნამცხვრებს გვერდს მაინც ვერ აუვლით. პატარები რძისა და ნამცხვრების უგემრიელესი კომბინაციით გაახარეთ. წვეულების ტკბილეულით გახალისებისთვის ბანკის გაძარცვა ნამდვილად არ დაგჭირდებათ.

ბავშვის საკვები სკამ-მაგიდა პრინცის/პრინცესას ტახტად აქციეთ

ბავშვის საკვები სკამ-მაგიდა ლამაზად მორთეთ და ამაღლებულ ადგილას დადგით. თუ გოგოს წვეულებაა, თქვენს პატარას თავი ნამდვილ პრინცესად უნდა აგრძნობინოთ. ბიჭმა კი თავი ყოვლისშემძლე პრინცად უნდა წარმოიდგინოს.

პატარები ფერადი ბურთებით გაართეთ

ბურთის თამაში არამხოლოდ მცირეწლოვან ბავშვებს, თინეიჯერებსა და ზრდასრულ ადამიანებსაც ძალიან უყვართ. თქვენს წვეულებაზე ფერადი ბურთები აუცილებლად უნდა გქონდეთ. თუ სახლში საბავშვო აუზი გაქვთ, ის ფერადი ბურთებით გაავსეთ. ბავშვები თქვენი სახალისო იდეით ნამდვილად აღფრთოვანდებიან. ისინი რამდენიმე დაუვიწყარ საათს მხიარულებაში გაატარებენ, მათი ფერადი ბურთებით გართობა კი ძვირი ნამდვილად არ დაგიჯდებათ.

მომზადებულია parents.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ზაფხულში ტვინის დასვენების საჭიროებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სჭირდება თუ არა თავის ტვინს დასვენება? უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხოლმე, სჭირდება თუ არა წვრთნა, როგორ ვავარჯიშოთ სხვადასხვა უნარი. დასვენება არის ისეთივე აუცილებელი კომპონენტი განვითარების პროცესში, როგორც ნებისმიერი სავარჯიშო და წვრთნის პროცესი. არსებობს პასიური დასვენება, როდესაც რეალურად უქმად ვართ და იგნორირებას ვუკეთებთ ყველა განმავითარებელ აქტივობას.

არსებობს აქტიური დასვენება, როდესაც იმავე უნარებზე მუშაობა შეიძლება ცოტა განსხვავებული ფორმით, ისე, რომ ამას სრულებით არ ჰქონდეს სასწავლო პროცესის სახე. პირიქით, გაცილებით ეფექტიანი იყოს და გაცილებით მოგვეხმაროს იმაში, რომ იგივე ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და დავამკვიდროთ თავის ტვინში ხანგრძლივად, უფრო სხვა ფორმით დაინახოს ბავშვმა, სხვა ფორმით დაიმახსოვროს.

ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით. შეიძლება თამაში მარტივ აქტივობებთან არ იყოს ასოცირებული. ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა არსებობს, რომელსაც აქვს იმაზე მეტად განმავითარებელი აქტივობა ხანდახან, ვიდრე ერთი თემის დამუშავებას საკლასო ოთახში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად