Baby Bag

დედის ყოველდღიური შრომა სპორტდარბაზში ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ტოლფასია

დედის ყოველდღიური შრომა სპორტდარბაზში ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ტოლფასია
ადამიანები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიმდევრები არიან, ყოველდღიურად ითვლიან მიღებული და დახარჯული კალორიების რაოდენობას. ისინი სპეციალური აპლიკაციების გამოყენებით ამოწმებენ, რამდენ ნაბიჯს დგამენ დღის განმავლობაში. თუ თქვენ მცირეწლოვანი შვილი გყავთ და მისი აღზრდით ხართ დაკავებული, ალბათ, ყოველდღიურად უზღვავ ენერგიას ხარჯავთ. როდესაც გაღიზიანებული ბავშვის დასამშვიდებლად სხვადასხვა აქტივობებში ერთვებით ან მოუსვენარი პატარას მანქანის სავარძელში გაჩერებას ცდილობთ, თქვენ იმაზე მეტ კალორიას წვავთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ბავშვის აღზრდის პროცესი მშობლისთვის საკმაოდ დამღლელია. უახლესი კვლევებით დგინდება, რომ დედები, რომლებიც თავიანთ შვილებზე ყოველდღიურად ზრუნავენ, თვის განმავლობაში 50 884 კალორიას წვავენ. თუ დედა ხართ და დარბაზში წასვლა ძალიან გეზარებათ, სახლში დარჩენა თამამად შეგიძლიათ, რადგან ბავშვის მოვლის პროცედურებით ყოველდღიური დატვირთვა დარბაზში ვარჯიშზე ნაკლებ ენერგიას და ძალისხმევას ნამდვილად არ მოითხოვს.
ბავშვის მოვლის ისეთი რეგულარული პროცედურები, როგორიცაა მაგ. საფენების გამოცვლა, თვის განმავლობაში 1 478 კალორიის დაწვაში გეხმარებათ. კვლევებში სულ 1 000 რესპოდენტი მონაწილეობდა, მათ მიერ ნაჩვენები შედეგები კი იდენტური იყო.
მშობლისა და დიასახლისის როლის შეთავსება ქალბატონებისგან უდიდესი ენერგიის მობილიზებას მოითხოვს. ხშირად დედები ძალიან განიცდიან, რომ ვარჯიშს სათანადო დროს არ უთმობენ და ჯანსაღი ცხოვრების სტილის უგულებელყოფა უხდებათ, თუმცა ისინი საკუთარ ყოველდღიურ აქტივობებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მშობლის მოვალეობების პირნათლად შესრულება და საოჯახო საქმეებზე ზრუნვა ქალბატონებს გამუდმებით ფორმაში ყოფნას აიძულებს და ზედმეტი კალორიებისგან გათავისუფლებაშიც ეხმარება.
კვლევებით დგინდება, რომ საოჯახო საქმეების შესრულებისას ყველაზე მეტ კალორიას ქალბატონები იატაკის წმენდისას წვავენ (405 კალორია 138 წუთში), ყველაზე ნაკლებს კი ტანსაცმლის რეცხვისას (202 კალორია 77 წუთში). დედები, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებს ზრდიან, დღის განმავლობაში წარმოუდგენლად ბევრ კალორიას წვავენ. ჩვილი ბავშვის ხელით ტარება 108 წუთში 259 კალორიის დაწვაში გეხმარებათ. ბავშვის პაწაწინა ტანსაცმლის დაკეცვითა და დალაგებით კი 27 წუთში 41 კალორიას წვავთ.

დედები ხშირად ვერც კი წარმოიდგენენ, რამხელა ენერგიას ხარჯავენ საოჯახო საქმეების შესრულებისას. მეცნიერების ახალი აღმოჩენა ცხადყოფს, რომ დედის ყოველდღიური შრომა სპორტდარბაზში ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ტოლფასია. თუ მცირეწლოვან ბავშვს ზრდით, ფიტნესით რეგულარულად დაკავებულ ადამიანებზე ნაკლებად არ იტვირთებით.

მომზადებულია: ​moms.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად