Baby Bag

ქალებისთვის სტრესის გამომწვევი მთავარი მიზეზი ქმრები არიან - უახლესი კვლევები

ქალებისთვის სტრესის გამომწვევი მთავარი მიზეზი ქმრები არიან - უახლესი კვლევები

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალბატონების 46 პროცენტი სტრესის გამომწვევ მთავარ ფაქტორად არა შვილებთან, არამედ მეუღლეებთან ურთიერთობას ასახელებს. მათი თქმით, მამაკაცები დიდი ბავშვები არიან, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას საჭიროებენ.

მართალია, მშობლების ყოველდღიური ყოფა საკმაოდ რთულია და შვილებზე ზრუნვა მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ცვლის, მაგრამ კვლევებით მტკიცდება, რომ სტრესის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი ორივე სქესის წარმომადგენლისთვის მეუღლესთან ურთიერთობა უფროა, ვიდრე შვილებზე ზრუნვით გამოწვეული დაღლილობა და დაძაბულობა.
7 000 დედის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ქალბატონების უდიდესი ნაწილი მათი ყოველდღიური სტრესის ხარისხს 10-დან 8.5 ქულას ანიჭებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. დედების 46 % კი აღნიშნავს, რომ მათი ცხოვრება სტრესული მეუღლეების გამოა და არა ბავშვების, რომლებზე ზრუნვასაც ისინი ძალიან დიდ დროს და ენერგიას ახარჯავენ.

ქალბატონების უმრავლესობა მეორე ნახევარს ზრდასრულ ადამიანად არ განიხილავს და მათი მხარდაჭერის იმედი ნაკლებად აქვს. დედები თვლიან, რომ მეუღლეები მათ ყოველდღიურ ტერორში ამყოფებენ, რადგან გამუდმებით ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებენ.

ქალბატონების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დედები და მამები ბავშვებზე ზრუნვისას განსხვავებულად იტვირთებიან. ამ მხრივ მამაკაცებს ნაკლებად სტრესულ გარემოში უხდებათ ცხოვრება, ვიდრე ქალბატონებს. დედებმა უმთავრეს პრობლემად მეუღლეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ნაკლებობა დაასახელეს. როგორც აღმოჩნდა, წყვილების უდიდეს ნაწილს ბავშვის ერთობლივად აღზრდა უჭირს და ოჯახებში გუნდურობის პრინციპი ნაკლებად მუშაობს.

ქალბატონების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სახლის მოვლისა და ბავშვზე ზრუნვის ვალდებულებები მთლიანად მათ ეკისრებათ, მამაკაცები კი ამ მხრივ ნაკლებად იტვირთებიან. დედების უდიდესი ნაწილი ყოველდღიურად სტრესულ გარემოში ცხოვრობს, რადგან დატვირთული გრაფიკის გამო დასახული მიზნების მისაღწევად დრო არ ჰყოფნის. ქალბატონების ნეგატიურ განწყობას მეუღლეების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობის გაცნობიერება კიდევ უფრო ამძაფრებს. ისინი განიცდიან, როდესაც გრძნობენ, რომ მეორე ნახევრები მათ გვერდით არ არიან და მათ მძიმე შრომას ვერ აფასებენ.

ფსიქოლოგები დედების სტრესულ ცხოვრებას მამაკაცების უპასუხისმგებლობას და გულგრილობას ნაკლებად უკავშირებენ. ისინი მთავარ პრობლემად ოჯახის შექმნით გამოწვეულ ცხოვრებისეულ ცვლილებებს განიხილავენ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ დაოჯახებული წყვილის ურთიერთობა გაცილებით რთული და სტრესულია, ვიდრე მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობები. ორი ადამიანის კავშირი, რომელიც მათგან გარკვეული სახის დათმობებს და ცვლილებებს მოითხოვს, პარტნიორებისთვის სტრესის გამომწვევ ძირითად ფაქტორად ძალიან ხშირად გვევლინება.

მკვლევარებმა მამაკაცების განწყობებისა და მოსაზრებების შესასწავლად 1500 მამა გამოკითხეს, რომელთა უდიდესი ნაწილი მეუღლეების დამოკიდებულებით ასევე უკმაყოფილოა. მამაკაცები აღნიშნავენ, რომ ისინი შვილების აღზრდაში იმაზე მეტ ენერგიას და დროს ხარჯავენ, ვიდრე ქალბატონებს წარმოუდგენიათ. მათი თქმით, მამების შრომა სათანადოდ არ ფასდება. მამაკაცების 2/3 ამტკიცებს, რომ ერთადერთი რაც მათ მეუღლეებისგან სურთ, მათი შრომისა და მონდომების დაფასება და აღიარებაა. 

მომზადებულია​ mirror.co.uk-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდ​ნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

რა დადებითი ზეგავლენა აქვს მშობლების მიერ ჩვილებისთვის წიგნების წაკითხვას, რა სახის წიგნები შევარჩიოთ და როგორი უნდა იყოს ძილის წინ წიგნის კითხვის რიტუალი?

რა დადებითი ზეგავლენა აქვს მშობლების მიერ ჩვილებისთვის წიგნების წაკითხვას, რა სახის წიგნები შევარჩიოთ და როგორი უნდა იყოს ძილის წინ წიგნის კითხვის რიტუალი?
რა დადებითი ზეგავლენა აქვს მშობლების მიერ ჩვილებისთვის წიგნების წაკითხვას, რა სახის წიგნები შევარჩიოთ და როგორი უნდა იყოს ძილის წინ წიგნის კითხვის რიტუალი? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტ სოფო მელაძეს ესაუბრა. 

- სოფო, რომელი თვიდან უნდა დავუწყოთ პატარებს წიგნის კითხვა?

- მშობელს შვილისთვის წიგნის გამოყენება და მისი წაკითხვა არა მხოლოდ ადრეულ ჩვილობაში შეუძლია, არამედ ორსულობის დროსაც კი. მოგეხსენებათ, ორსულები ხშირად ასმენინებენ პატარებს ​კლასიკურ მუსიკასაც. ბავშვი მუცელშიც ასხვავებს დედის ხმას და ხმაურს ერთმანეთისგან, შესაბამისად, ჩვენ ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდშიც შეგვიძლია წიგნის ემოციურად და საინტერესოდ წაკითხვა მათთვის. ეს ძალიან სასარგებლო პროცედურაა ნაყოფისთვის. პატარა მუცლადყოფნისას უკვე იწყებს ადრეული სოციალური უნარების და ურთიერთობების ჩამოყალიბებას დედასთან, ხმები და ემოციები ახდენს ნაყოფის რეფლექსების და რეაქციების სტიმულირებას. ბავშვი დაბადებამდე მეტ-ნაკლებად ახდენს ადაპტირებას გარემოსთან, მცირდება შფოთვა. რაც შეეხება ჩვილობის პირველ 2 თვეს, ამ დროს რეკომენდებულია სპეციფიკური წიგნების გამოყენება, ეს არის მკვეთრი კონტრასტის მქონე შავ-თეთრი გამოსახულებები. ამ თემაზე ძალიან საინტერესო აქტივობები ჰქონდა იტალიელ ექიმს და პედაგოგს, ​მარია მო​ნტესორის. მისი აზრით, მსგავსი შავ-თეთრი გამოსახულების მქონე ნახატები ეხმარება ბავშვს მზერის ფიქსაციაში, კონცენტრაციის გაუმჯობესებაში. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პირველი ორი თვე, როცა ბავშვის მხედველობა მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბების პროცესშია, ჩვილი გამოსახულებებს ხედავს 20-25 სმ-ის მოშორებით.

2-4 თვემდე კი შეგვიძლია ღია, ნათელი ფერების მქონე წიგნების გამოყენება, სადაც მარტივი ილუსტრაციებია. აქ მთავარია, არა წიგნის შინაარსი, არამედ მისი ემოციურად გამოხმოვანება, რომელიც მიიქცევს ჩვილის ყურადღებას და კომუნიკაციას დაამყარებს შენთან, თუნდაც გაღიმებით ან თვალით კონაქტით.

- რა დადებითი ზეგავლენა აქვს ამ პროცესს?

- გარდა იმისა, რომ კითხვის პროცესი ასტიმულირებას, როგორც ბავშვის ვიზუალურ, ასევე სმენით უნარებს, ამასთან მეტყველების ერთ-ერთი ძლიერი მასტიმულირებელი საშუალებაა. გავიმეოროთ ის სიტყვები, დავასახელოთ ის საგნები, რაც დედამ გვანახა წიგნში ან წაგვიკითხა. ასევე იწვევს კრეატიულობის და წარმოსახვითი უნარების განვითარებას. სხვადასხვა სიუჟეტის წიგნი ხელს უწყობს სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას ბავშვებში, ემპათიის თუ სხვადასხვა ემოციის განცდის ხელშეწყობას, ბოლოს სოციალური როლების ჩამოყალიბებასა და გააზრებას.

- ზოგადად, ძილის წინ წიგნის კითხვის რიტუალზე რომ ვისაუბროთ...

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძილის წინ გვქონდეს გამოყოფილი გარკვეული დრო, როცა ბავშვთან ერთად წიგნს დავათვალიერებთ, გავახმოვანებთ და წავიკითხავთ. მნიშვნელოვანია, რომ ძილის წინ წასაკითხი წიგნები იყოს მშვიდი, სახალისო და ნაკლებად აქტიური. წიგნის კითხვის ან დათვალიერების პროცესი ერთ-ერთი სტრესის და შფოთვის შემამცირებელი აქტივობაა. ამ დროს ბავშვის სხეული და ორგანიზმი მოდუნებულია და კარგ წინაპირობას ქმნის მშვიდი ძილისთვის, ანუ ხელს უწყობს ძილის რუტინას.

ასევე, მე ხშირად მესმის, რომ, როცა ბავშვი 1 წლის ან მეტისაა, უფრო მოძრავია, დღის მანძილზე რთულია მისი წიგნთან გაჩერება, უფრო მოტორული და მოძრავი თამაშები ურჩევნია, შესაბამისად, დედები ვეღარ ახერხებენ წიგნის კითხვის რუტინაში ჩართვას. ძილის წინ კი კითხვა ხელს შეუწყობს მის აქტიურად ჩართულობას ბავშვის ცხოვრებაში.

- როგორი წიგნები შევარჩიოთ ამ ასაკისთვის?

- როგორც აღვნიშნე, ორსულობის დროს ყურადღება მივაქციოთ ხმებს და ემოციებს, ნაკლებად ნახატებს, რადგან ბავშვი ფიზიკურად ამას ვერ დაინახავს.

როცა ჩვილი 1-2 თვისაა, გამოვიყენოთ სპეციფიკური კონტრასტული შავ-თეთრი გამოსახულებების მქონე ნახატები და მოვათავსოთ იგი მისგან 20-25 სმ-ის მოშორებით;

2-4 თვემდე მაქსიმალურად ჩავრთოთ სხვადასხვა ფერი, ფორმა;

ასევე 0-2 წლამდე ბავშვისთვის სენსომოტორული სტადიაა. ამ დროს ბავშვი მოტორულად ანუ მოქმედებით და სენსორული არხების საშუალებით, როგორებიცაა: მხედველობა, სმენა თუ შეხება საგნებთან, შეიმეცნებს მის გარშემო არსებულ სამყაროს, შესაბამისად, მაქსიმალურად ჩავრთოთ სენსორული სტიმულები თამაშებში. ვუყიდოთ წიგნები, სადაც სხვადასხვა ტექსტურაა გამოყენებული, მაგალითად, კატა ილუსტრირებულია ნატურალური ღუნღულა ბეწვით, სადაც ასევე იქნება ხაოიანი თუ რბილი მასალები. ვუყიდოთ ისეთი წიგნები, რომლებსაც სპეციალური ზედაპირი აქვს პირში ჩასადებად, წყალში დასასველებლად თუ ხელის მოჭიდებისთვის;

1-2 წლამდე ბავშვი უკვე იაზრებს, რომ წიგნებში გახმოვანებული სიტყვები და საგნები რაღაცას ნიშნავს და შეესაბამება მის გარშემო არსებულ გარემოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნივთების დასახელებისთვის თითის დადება, ხან მან დაადოს თითი, ხან - თქვენ. ასევე წიგნებზე გამოსახული ცხოველების იმიტირება: ხშირად შეჩერდით და დაუსვით მარტივი კითხვები, ეცადეთ აქტიურად ჩართოთ პროცესში და ხელი შეუწყვეთ მისი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.

- ერთი და იგივე წიგნების წაკითხვა სჯობს თუ განსხვავებულის?

- არაა საჭირო ძალიან ბევრი და განსხვავებული წიგნი, 2-3 წიგნიც საკმარისი იქნება. ბავშვს შესაძლოა, ამ პერიოდში ჰქონდეს რომელიმე საყვარელი წიგნი, რომელთან ურთიერთობაც განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. არ დავუშალოთ, დაიმახსოვრეთ ერთი წიგნიც კი ძალიან ბევრი ფუნქციით, უნარის განსავითარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბავშვს უყვარს გამეორება, როცა რომელიმე ილუსტრაციას ან ამბავს კარგად აითვისებს, ეს ზრდის მათში კომპეტენტურობის და თავდაჯერებულობის განცდას.

- პატარები ხშირად წიგნების ფურცლებს ხევენ, დავუშალოთ ეს ქცევა თუ ამით იწყება მათი კონტაქტი წიგნებთან? როგორ ავუხსნათ, რომ ეს არ არის სწორი საქციელი?

- კი წიგნის ფურცვლა, მისი დახევა და თუნდაც პირში ჩადება ბავშვის წიგნთან ურთიერთობის პირველი მცდელობაა. ზემოთ ვახსენე, ზუსტად ეს არის სენსომოტორული სტადია. შეგრძნებებით ცდილობს გაიგოს, რა არის წიგნი, რა არის ფურცელი, იხევა და თუ აქვს ხმა გახევის პროცესში. მოსწონს შეხება და შეგრძნება, თუ როგორი ზედაპირი აქვს ფურცელს. უფრო მოზრდილ ასაკში კი შეგვიძლია დახევის სურვილი წიგნის მაგივრად ფერადი ქაღალდების გამოყენებით ჩავანაცვლოთ და ჩავრთოთ ეს რაიმე თამაშში. ასევე სხვადასხვა ტექსტურის და მასალის გამოყენებით ვათამაშოთ ბავშვი. ვითამაშოთ ბევრი მოტორული თამაში და ასე დავტვირთოთ მისი ტაქტილური თუ მოტორული მოხოვნილებები. გვქონდეს წიგნის კუთხე, სადაც ლამაზად დავალაგებთ და მოვუვლით წიგნებს. საჭიროა ვაჩვენოთ ბავშვს, რომ წიგნებს ვუფრთხილდებით.

- ხმოვან წიგნებზეც რომ ვისაუბროთ. სჯობს თავად წავუკითხოთ, თუ ხმოვანი წიგნებიც იმავე ფუნქციის მატარებელია?

- ჩვილობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ხმა, მისი კომუნიკაცია ბავშვთან და ჩართულობა. ეს ბავშვში აყალიბებს ნდობის და უსაფრთხოების განცდას. მნიშვნელოვანია, მშობელი თავად ესაუბრებოდეს პატარას. ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიაც ამაზე უსვამს ხაზს, 0-1,5 ასაკამდე ბავშვს უვითარდება სამყაროს მიმართ ნდობა/უნდობლობის სტადია, რაც შემდგომში განაპირობებს მის პოზიტიურ ურთიერთდამოკიდებულებას სამყაროსთან თუ პირიქით შფოთვის დონეს. ამ პერიოდში, ასევე ვითარდება მშობლისადმი ბუნებრივი მიჯაჭვულობა, რომელიც უზრუნველჰყოფს მას საკვებით, უსაფრთხოების განცდით თუ ფიზიკური სიახლოვით. ამ ყველაფრის დეფიციტი იწვევს მისი შფოთვის დონის აწევას. აი, უკვე 18 თვიდან შეგვიძლია აქტიურად გამოვიყენოთ ყველანაირი ტიპის ხმოვანი სათამაშოები თუ წიგნები და მათი საშუალებით მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მეტყველების სტიმულირებას. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად