Baby Bag

ქუთაისში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა

ქუთაისში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა

ქუთაისში, „ხონელიძის კლინიკაში“, 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა, - ინფორმაციას კლინიკა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. მედიკოსების თქმით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

„შეიძლება, სასწაულიც ვუწოდოთ ფაქტს, რომელიც უამრავი ქალისთვის იმედის და სტიმულის მომცემი იქნება.

ქალბატონმა დოდო გიორგაძემ 52 წლის ასაკში ქვეყნად მოავლინა პირველი შვილი, ჯანმრთელი გოგონა, ლუსი ოდილავაძე.

ბედნიერი დედა და ახალშობილი თავს მშვენივრად გრძნობენ. ორსულობის 9-თვიანმა პერიოდმა უპრობლემოდ ჩაიარა. ულამაზესი ლუსი ნამდვილად ღვთის საჩუქრია.

 

ქალბატონი დოდო უამრავი იმედდაკარგული ქალბატონის მაგალითი უნდა გახდეს. თანამდროვე სამყაროში შეუძლებელი თითქმის არაფერია. მთავარია, გწამდეთ, გჯეროდეთ და არასდროს დანებდეთ,“ - წერია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ორსულობის ტესტის გამოყენების ინსტრუქცია

ორსულობის ტესტის გამოყენების ინსტრუქცია

მენსტრუალური ციკლის მოსვლა თუ აგვიანებს, გირჩევთ, ორსულობის ტესტი ჩაიტაროთ. სწორი პასუხის გასაგებად ტესტის ჩატარების ინსტრუქციას კარგად უნდა იცნობდეთ. თანამედროვე ქალბატონები სავარაუდო ორსულობის დადგენის მიზნით მარტივ ტესტს იყენებენ.

ორსულობის ტესტის გამოყენების ინსტრუქცია

ორსულობის ტესტის გამოყენება სხვადასხვა სახით შეგიძლიათ.

  • პირველ რიგში, ტესტი უნდა გახსნათ.
  • ტესტზე სპეციალური ხაზებით არის მონიშნული ის ადგილი, რომელიც შარდის ჭავლზე მგრძნობელობას ავლენს. იმისთვის, რომ ტესტმა ზუსტი პასუხი მოგცეთ, გირჩევთ შარდის ჭავლს ის დაახლოებით 7-10 წამის განმავლობაში მიუშვიროთ.
  • ტესტის სწორი პასუხის გასაგებად სხვაგვარი მეთოდის გამოყენებაც შეგიძლიათ. სტერილურ ჭურჭელში შარდი მოაგროვეთ და ტესტის ნიშნულებიანი თავი შარდში 10 წამის განმავლობაში მოათავსეთ.
  • ტესტი მშრალ, სუფთა ადგილას დადეთ და ხუთი წუთი დაელოდეთ. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ის ზუსტ პასუხს გიჩვენებთ.

ტესტის შედეგების ინტერპრეტაცია

უარყოფითი პასუხი

ტესტის ჩატარების შემდეგ მის ზედაპირზე ერთი ხაზი თუ ფიქსირდება, ორსულად არ ხართ. აღნიშნული საკონტროლო ხაზი, როგორც წესი, წითელი ფერისაა. მისი გამოჩენა იმაზე მიანიშნებს, რომ ტესტი ვარგისია.

დადებითი პასუხი

დადებითი პასუხის შემთხვევაში ტესტის ზედაპირზე ორი წითელი ხაზი გამოჩნდება. როგორც წესი, საკონტროლო წითელი ხაზი უფრო მუქია, ვიდრე ტესტის მეორე ხაზი. რაც უფრო მუქია ტესტის მეორე წითელი ხაზი, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ორსულად ხართ.

ტესტის არასწორი პასუხი

ტესტი არასწორ პასუხს იძლევა და გამოუსადეგარია, თუ მისი ჩატარების შემდეგ ცენტრალური საკონტროლო წითელი ხაზი არ ჩნდება.

ორსულობის ტესტის შენახვის პირობები

ორსულობის ტესტი ოთახის ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ. არ გამოიყენოთ ტესტი, თუ მას ვარგისიანობის ვადა უკვე გასული აქვს. ტესტი მზის დასხივებას, ზედმეტ სიცხეს და ტენს უნდა მოარიდოთ.

გამოყენებული ტესტები ინფექციის გავრცელების რისკებს ზრდის, რის გამოც ტესტი გამოყენებისთანავე გადააგდეთ, ხელები კი საპნითა და ცხელი წყლით დაიბანეთ.

მომზადებულია ​med.​unc​.edu - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად