Baby Bag

ქუთაისში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა

ქუთაისში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა

ქუთაისში, „ხონელიძის კლინიკაში“, 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა, - ინფორმაციას კლინიკა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. მედიკოსების თქმით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

„შეიძლება, სასწაულიც ვუწოდოთ ფაქტს, რომელიც უამრავი ქალისთვის იმედის და სტიმულის მომცემი იქნება.

ქალბატონმა დოდო გიორგაძემ 52 წლის ასაკში ქვეყნად მოავლინა პირველი შვილი, ჯანმრთელი გოგონა, ლუსი ოდილავაძე.

ბედნიერი დედა და ახალშობილი თავს მშვენივრად გრძნობენ. ორსულობის 9-თვიანმა პერიოდმა უპრობლემოდ ჩაიარა. ულამაზესი ლუსი ნამდვილად ღვთის საჩუქრია.

 

ქალბატონი დოდო უამრავი იმედდაკარგული ქალბატონის მაგალითი უნდა გახდეს. თანამდროვე სამყაროში შეუძლებელი თითქმის არაფერია. მთავარია, გწამდეთ, გჯეროდეთ და არასდროს დანებდეთ,“ - წერია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ რაღაც ჩვენება არ გააჩნია, ქალმა ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროს,“- მეან-გინეკოლოგი ირაკლი ვერულაშვილი

„თუ რაღაც ჩვენება არ გააჩნია, ქალმა ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროს,“- მეან-გინეკოლოგი ირაკლი ვერულაშვილი

მეან-გინეკოლოგმა ირაკლი ვერულაშვილმა ფიზიოლოგიური მშობიარობის დადებით მხარეებსა და მშობიარობისთვის იდეალურ ასაკზე ისაუბრა:

„ახალგაზრდა მშობიარეები არიან 20 წლამდე ასაკის ქალბატონები. ოქროს შუალედი არის 20-დან 30 წლამდე, შემდეგ არის 30-დან 45 წლამდე ასაკი. როდესაც ქალი არის 20-დან 30 წლამდე, ჰორმონალური ფონი დალაგებული აქვს, დედობისთვისაც უფრო მზად არის და მშობიარობის რისკ-ფაქტორები ნაკლებია. სასურველია, რომ ამ ასაკში ქალმა მოახერხოს ბავშვის გაჩენა.

იყო ასეთი სტატისტიკა, რომ საკეისროების რაოდენობამ ძალიან მოიმატა. ეს გამოწვეულია ბევრი ფაქტორით. ერთი ის, რომ არ არსებობს ქალი, რომელსაც მშობიარობის ბოლომდე არ ეთქვას, რომ „საკეისრო გამიკეთე.“ თუ რაღაც ჩვენება არ გააჩნია, ქალმა ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროს. საკეისრო კვეთაც არის მშობიარობის ერთ-ერთი მეთოდი. ის არის სიცოცხლის გადამრჩენელი ოპერაცია. საკეისრო კვეთის ჩვენება შესაძლებელია იყოს ქალის მხრივ, შეიძლება იყოს ნაყოფის მხრივ. შეიძლება ნაყოფის შემთხვევაში იყოს არასწორი მდებარეობა, მაგალითად, ტერფებით წინ მდებარეობა, ჯდომით წინ მდებარეობა. ქალის შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს ექსტრაგენიტალური პათოლოგიები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თვალის დაავადებები და ა.შ.

არ არსებობს ქალი, ვისაც არ ეშინია მშობიარობის. ქალმა ექიმთან იმიტომ უნდა იაროს, რომ მან უნდა უთხრას ყველა რისკი, ყველაფრისთვის მოამზადოს. ის, რომ მეშინია, ეს საკეისრო კვეთის ჩვენება არ არის. ნებისმიერ ქალს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს საკეისრო კვეთა. ნებისმიერ ექიმსაც შეუძლია, რომ უარი უთხრას საკეისრო კვეთაზე. ექიმმა მას უნდა დაუსაბუთოს ეს უარი და აუხსნას, რატომ სჯობს ერთი მეთოდი მეორეს,“- აღნიშნულ საკითხზე ირაკლი ვერულაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ოჯახის ექიმი“

წაიკითხეთ სრულად