Baby Bag

„ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი სამშობლოში, მერე თანდათან ეჩვევი ყველაფერს, თუმცა შვილებისგან შორს ყოფნას ვერასდროს შეეჩვევი“ - ემიგრანტი დედა

„ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი სამშობლოში, მერე თანდათან ეჩვევი ყველაფერს, თუმცა შვილებისგან შორს ყოფნას ვერასდროს შეეჩვევი“ - ემიგრანტი დედა
რთული ეკონომიკური პირობების გამო საქართველოდან უამრავი ქალი ემიგრაციაშია წასული. იმისთვის, რომ შვილებს უკეთესი მომავალი შეუქმნან, იძულებულები არიან, ​მათგან ათასობით კილომეტრით შორს იყვნენ. ერთ-ერთია ნინო ქვათაძე, რომელიც ექვსი წლის წინ წავიდა იტალიაში სამუშაოდ. მას ოთხი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს.
„2014 წელს ჩამოვედი იტალიაში. ემიგრაციაში ყოფნის მთავარი მიზანი შვილების სწავლაზე ზრუნვაა. უამრავი ხარჯია სწავლასთან დაკავშირებული. ეს ხარჯები კიდევ უფრო ორმაგდება, თუ საცხოვრებელი ბინა არ გაქვს. მინდა, შვილებს უკეთესი მომავალი შევუქმნა. იმედი მაქვს, ერთ დღეს საცხოვრებელ ბინასაც შევუძენ“, - გვეუბნება ნინო.
იგი ემიგრაციაში ყოფნასთან დაკავშირებულ სირთულეებზე გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ ყველაზე ძნელი შვილებისგან განშორება აღმოჩნდა.
„ყველაზე რთულია შვილებისა და ახლობლებისგან შორს ყოფნა. უცხო კულტურაში, უცხო ხალხში გიწევს ყველაფერის თავიდან დაწყება. ისინი თანასწორად არ აღგიქვამენ, ფიქრობენ, რადგან უცხოელი ხარ, არაფერი არ იცი. ენის არცოდნა კი ამ ყველაფერს უფრო ართულებს. პირველი ორი წელი ძალიან მიჭირდა, ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი სამშობლოში, მერე თანდათან ეჩვევი ყველაფერს, თუმცა შვილებისგან შორს ყოფნას ვერასდროს შეეჩვევი,“ - გვიყვება ნინო.
ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ნინომ საქართველოში ჩამოსვლა ვერც ერთხელ ვერ მოახერხა. 6 წელია, არ უნახავს შვილები. როგორც აღნიშნავს, განშორებას ვერ ეჩვევა და სწორედ ამიტომ დღეში არაერთხელ ეხმიანება მათ...

„ბავშვები ძალიან განიცდიან დედისგან შორს ყოფნას, ეს დიდი სტრესია მათთვის. მუდმივად სჭირდებათ დედის გვერდით ყოფნა, რჩევა-დარიგება და მხარდაჭერა. დედა მათთვის მთავარი დასაყრდენია. განსაკუთრებით უმცროს გოგონას გაუჭირდა ჩემგან შორს ყოფნა, 14 წლის იყო, როცა წამოვედი და დედის მოვალეობის რაღაც ნაწილის შეთვისება მოუწია. არც ერთი დედა არ უნდა იყოს შორს შვილებისგან შორს, მაგრამ იძულებულები ვართ ასე ვიცხოვროთ. ყოველდღე 10-ჯერ ან 20-ჯერ მაინც ვურეკავ, ვკითხულობ, ეძინათ თუ არა, ჭამეს თუ არა. შეიძლება, ეს შემაწუხებელიც იყოს მათთვის, მაგრამ მე ხომ დედა ვარ?! ვცდილობ, დედისგან შორს ყოფნა არ იგრძნონ. ამიტომ ხშირად ველაპარაკები, ვიზიარებ მათ განცდებს, ემოციებს, ვუსმენ მათ პრობლემებს და ვაძლევ რჩევებს,“ - ამბობს ნინო.

კითხვაზე, რას ურჩევდა ემიგრანტ დედებს, ასე გვპასუხობს: 
„ყველას საქმე ინდივიდუალურია, ამიტომ რთულია სხვას რჩევა მისცე. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ, მიუხედავად დიდი მანძილისა, რაც შეიძლება ახლოს უნდა იყვნენ, მოუსმინონ და გაუგონ შვილებს.“
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„მეორე შვილის გაჩენა ავტომატურად ნიშნავს შიმშილს,“ - ახალგაზრდა დედის წერილი

„მეორე შვილის გაჩენა ავტომატურად ნიშნავს შიმშილს,“ - ახალგაზრდა დედის წერილი

​„აი, უიმედო მდგომარეობა ქვია როცა 5 თვის ბავშვი გყავს და სამსახურში უნდა დაბრუნდე, რათა ხელფასი აიღო და შენი შვილის სარჩენად თეთრი არ დაგრჩეს. ისიც იმიტომ რომ იქნება მოაგროვო ფული და სახლი იყიდო რომ ქირაში აღარ იხადო.. მაგრამ, როგორ გამოგივა თუ 5 თვის ბავშვის დამტოვებელი არავინ გყავს, ვერსად დატოვებ. მაშინ ძიძა უნდა აიყვანო.. რაც უფრო მეტად-არ გამოგივა. კარგ ძიძას და თან ისეთს, რომელიც შენს სამუშაო გრაფიკს დათანხმდება (9-ზე რომ იწყებ და ვეღარასდროს ამთავრებ, რადგან შენი უფროსები დროულად არ გაწვდიან სამუშაოს და ზუსტად 6 საათზე ვერასოდეს გამოდიხარ სამსახურიდან), თანაც ისე რომ შენი ხელფასი ქირას, ძიძას, კომუნალურებს, გზის ხარჯს და კვებას ეყოს (ბავშვისას რა თქმა უნდა, შენ ის სამსახურის კაფეტერიაში ნაყიდი 60 თეთრიანი ღვეზელიც გეყოფა), არ არსებობს. და თუ მაინც, დავუშვათ, არსებობს ასეთი ქველმოქმედი და ეცოდები და დაგთანხმდა.. ან თვითონაც სხვა გზა არ აქვს.. ყოველი თვის ბოლოს როცა ხელფასს აიღებ, ყველას გადაუხდი და უფროსი გეტყვის რომ დროა ტანსაცმელი შეცვალო და უფრო აკადემიურად გამოიყურებოდე, ან თუნდაც შენი გახეული ფეხსაცმლის თვითონ შეწებება ვეღარ შეძელი, ან პაკეტების ფული აღარ დაგრჩა, ან ბავშვი გაცივდა და მკურნალობა სჭირდება, ან შენი შვილის დაბადების დღე მოდის..... ხდები უიმედო... რომ ყველა, ვინც რამეს მაინც ამბობდა “შენს სასიკეთოდ”, სათავისოდ ითბობს ტრაკს და სულაც ფეხებზე კიდია შენ რომ შვილისთვის, მდიდრული კი არა, უბრალოდ სუფთა აბაზანა გინდა და არა ჭაობი.. რეალურად არც არავინ არის მხარდამჭერი და რაიმეს შემძლები, შეფუთვით ჩანს რომ აკეთებს და ისიც შენს ხარჯზე ხდება. უიმედო ხდები რადგან სახელმწიფო, რომელიც შენი ისედაც მცირე ხელფასიდან 20%-ს იღებს და ბოლო დროს არ ეყო და კიდევ 4 დაამატა, შენზე არ ზრუნავს და ფეხებზე კიდია 5 თვის ბავშვს სად ჯანდაბაში წაიყვან, თუ ხელფასი გინდა უნდა დაბრუნდე, თუ შიმშილით არ გინდა მოკვდე უარი უნდა თქვა ყველაფერზე და იმუშაო იქ სადაც, “ნორმალურ მდგომარეობაში”, არ ღირს.. მეორე შვილის გაჩენაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.. მეორე შვილის გაჩენა ავტომატურად ნიშნავს შიმშილს (ბავშვებისას, თორე შენ ხოომ ისედაც ეგრე ხარ პირველ შვილზე).. იმიტომ რომ ორ ბავშვს ძიძა იაფად აღარ დაიტოვებს, თანაც შენი გრაფიკი.. უმუშევრად რჩები ბავშვებს რომ მოუარო.. ბაღში 2 წლამდე ვერ შეიყვან, იქაც რიგებია, დასწრებაზეა და თუ მოხვდა ყოველი თვის რაიმე კონკრეტულ რიცხვში საჩუქრად გაციება, გრიპი ან სუპერ პრიზი ვირუსი ხვდება.. და შენ სამსახურში პრობლემები გექმნება ამის გამო, მუდმივად. ბოლოს ყველას ყელში აქვს, ცოტა ხანი ჩუმდებიან და მერე გიშვებენ..

**
ნატალი 11 მაისს ხდება 5 თვის, 13 მაისს სამსახურში უნდა დავბრუნდე.
ჩემი ხელფასის ოდენობა ზუსტად იმდენია, რამდენიც მისი ვირუსის სტაციონარში ხუთდღიანი მკურნალობა დაჯდა.
მარტოხელა დედები ნეტა რას შვებიან?!
22 აპრილს ჩემი დაბადების დღეა, შარშან უკვე აღარ მიხაროდა, წელს ვნანობ საერთოდ რომ ეს დღე დადგა..

ძალიან ვწუხვარ ყველას გამო, მითუმეტეს ჩემი თავის, რადგან ვგრძნობ რომ ჩემი შვილისთვის საკმარისი არ ვარ..

**
დასამშვიდებელ ტექსტებს ნუ მომწერთ. ნამდვილად არ მჭირდება.“

აღნიშნულის შესახებ ფეისბუქმომხმარებელმა​ თათია ღუდუშაურმა სოციალურ ქსელში დაწერა. ახალგაზრდა დედის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

წაიკითხეთ სრულად