Baby Bag

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

37 წლის თამუნა გახოკიძე ერთადერთი ქალია საქართველოდან, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებულია. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვე​ბა:

„მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. 12 წელია ამ დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.

2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე წელს გავიგე, რომ აივ-ვირუსით ვიყავი ინფიცირებული.

მანამდე, 2001 წელს, როცა პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, ჩამიტარდა ორსულთათვის სავალდებულო აივ-ტესტი და პასუხი უარყოფითი იყო. დაკავების შემდეგ, ყოველ წელს მიტარდებოდა ტესტირება არა მარტო აივ-ვირუსზე, არამედ B და C ჰეპატიტზე და ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მოდიოდა. მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში გაკეთებულმა ტესტმა დაადასტურა, რომ ვირუსით ინფიცირებული ვიყავი. ამ დიაგნოზისთვის სულ ორი სარისკო ქცევა მქონდა ციხეში: ერთი, როცა ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთეს და "არამიანცის" კლინიკაში გადამიყვანეს და მეორე, როცა გართულებული კბილის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და ციხის „ერბეში“ წამიყვანეს. მაინც მგონია, რომ სწორედ აქ დავინფიცირდი. ჩემს მიყვანამდე, სტომატოლოგს ეჯდა პაციენტი - პატიმარი კაცი, რომელიც ჩემი შემოსვლისთანავე საჩქაროდ გაიყვანეს, რადგან არ შეიძლებოდა ქალი და კაცი პატიმრების ერთ სივრცეში მოხვედრა. ალბათ, იქ მოხდა შეცდომა, შესაძლოა, იარაღები აერია ექიმს. ამ ამბიდან 1 წლის თავზე გავიგე ჩემი დიაგნოზი.

იმ დროს 25 წლის ვიყავი.

„თუ მკურნალობას დაიწყებ და თავს კარგად მიხედავ, 10 წელი იცოცხლებ“. „ბავშვების გაჩენა დაივიწყე, ისინიც შენნაირად დაინფიცირებული გაჩნდებიან“ . „ისინი მხოლოდ 3 წელი იცოცხლებენ“. ამ მითებით მაცხოვრეს ექიმებმა საპატიმროში. მთელი დღეები ეს „დარჩენილი 10 წელი“ მიტრიალებდა თავში. კადრებივით გადიოდა წარსული, თუ რა ვიცხოვრე და მომავალი, თუ რა დამრჩა, რას მოვასწრებ. რადგან დამარწმუნეს, რომ შვილის გაჩენას ვეღარასდროს შევძლებდი, ვფიქრობდი, როცა საპატიმროს დავტოვებდი, ბავშვს ვიშვილებდი. მაგრამ ჩემი ბიოგრაფიით ამას ვერასდროს შევძლებდი და ეს ოცნებაც დავივიწყე. დაღამების მეშინოდა, მინდოდა, დიდი ხანი ვყოფილიყავი მღვიძარე. გათენებისაც მეშინოდა იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ეგებ მეორედ აღარ დაღამებულიყო ჩემთვის. ასე ვიჯექი გისოსებიან ფანჯარასთან და ვუყურებდი, როგორ თენდებოდა. მინდოდა, კიდევ ბევრჯერ მომესწრო გათენების ნახვა. ფსიქოტროპული წამლები დამინიშნეს, რომ არ შევრყეულიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს მედიკამენტები უფრო მეტად დამოკიდებულს მხდიდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი თავი რამენაირად ხელში ამეყვანა და გავძლიერებულიყავი. ამისთვის 3 თვე დამჭირდა.

გადავწყვიტე, ჩემი დიაგნოზი იმ ქალებისთვის გამენდო, ვისთანაც შეხება მქონდა. შემეძლო საკუთარი კონფიდენციალობა დამეცვა, მაგრამ არ მინდოდა, მათი ჯანმრთელობა დამეყენებინა რისკის ქვეშ. ვუთხარი, რომ არ მეწყინებოდა, თუ მომერიდებოდნენ. ზუსტად ნახევარ საათში მთელმა დაწესებულებამ იცოდა ჩემი დიაგნოზის შესახებ. უფრო მეტად ადმინისტრაციისგან იგრძნობოდა არაკეთილგანწყობა. ესეც სტიგმის ბრალია. ადამიანები დღემდე ტოლობის ნიშანს სვამენ შიდსის დიაგნოზსა და ე.წ. გარყვნილი ქმედებისგან მიღებულ სასჯელს შორის. არაერთხელ უთქვამთ დამცინავად, წასულიყავი აფთიაქში და დაგეცვა თავიო. არადა, ზუსტად მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დავინფიცირდი მათივე თანამშრომლის დაუდევრობით, რისგანაც არავინაა დაცული. თუმცა იყვნენ ისეთი თანამშრომლებიც, ვისაც გულთან ახლოს მიჰქონდა ჩემი მდგომარეობა და მამხნევებდნენ. თითქმის ბავშვი ვიყავი, იქ რომ მივედი.

21 წლის დამიჭირეს.

არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ, სამართლიანი იყო პასუხი მეგო იმისთვის, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე ვიღაცას რომ წავართვი. მე, როგორც ადამიანს, არ მქონდა ამის უფლება. მეორეს მხრივ, რომ არა ის რაღაც „შამფურისმაგვარი რკინა“, როგორც განაჩენშია მოხსენებული, რომელიც იქვე ეგდო, დღეს მე არ ვიქნებოდი ცოცხალი. თავი დავიცავი იმ ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ჩემზე. ათგზის ტვინის შერყევა, ხერხემლის დაზიანება, ყბის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები - ეს იმ დაზიანებების ჩამონათვალია, რომელიც ამ ძალადობის შედეგად მქონდა. ძალადობისგან თავს ვერ ვიცავდი, რადგან არანაირი საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობდა იმ დროისთვის და მეც ვითმენდი ამ ყველაფერს, რომ ცოცხალი მაინც დავრჩენილიყავი.

განზრახ მკვლელობის მუხლით გამასამართლეს. მე ჩემი ქმარი მოვკალი. 6 წელი მომისაჯეს. წელიწადნახევარი მობილურის პოვნისთვის დამიმატეს. კიდევ წელიწადნახევარი, 2009 წლის ე.წ. "ციხის ბუნტში" მონაწილეობისთვის.

ჩემი ოჯახის, მშობლების და ძმების მხარდაჭერა მაძლებინებდა ციხეში. ერთადერთი, რაც მიჭირდა, ის იყო, რომ არ მქონდა საშუალება, შვილი მენახა. შუშის მიღმა კი შვილის მოფერება ძალიან რთულია. იმ დროს ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა. ბაბუა პენსიის ნახევარს მირიცხავდა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა. თუმცა ჩემი გამოსვლისთვის არცერთი დამხვდა ცოცხალი.

ძალიან გამიჭირდა ოჯახისათვის ჩემი დიაგნოზის შესახებ თქმა. ძალიან დაბალი იყო მათი ცნობიერება, მათაც მითების სჯეროდათ, რომ თითქოს ეს დიაგნოზი მხოლოდ ნარკომომხმარებლებს და სექს-მუშაკებს ჰქონდათ. ვიცოდი, გაუჭირდებოდათ აღქმა. ერთ დღეს, ციხის ადმინისტრაციას შიდსის შესახებ ბროშურები გამოვართვი და მამას ვთხოვე ერთ-ერთ პაემანზე, სახლში მისვლისას წაეკითხა. საღამოს დავურეკე და მოვიკითხე. წაკითხვით კი წაეკითხა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო, ამით რისი თქმა მსურდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ აივ-ინფიცირებული მე თავად ვიყავი. გაშეშდა, ვეღარ ლაპარაკობდა. დედას უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა. პაემანზე ისე ტიროდა, საკუთარ პანაშვიდზე მეგონა თავი. ასეთ დროს ხომ თითოეული ადამიანის რეაქცია განადგურებს. საბოლოოდ, შეეგუვნენ ჩემს დიაგნოზს და მიხვდნენ, რომ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი.

ციხიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გამოვედი. გამოვედი ორმაგი სტიგმით - ვიყავი ნასამართლევი და აივ-ინფიცირებული. ფაქტობრივად, მეორე დღესვე დავიწყე მკურნალობა. მაშინდელი პროტოკოლით, მკურნალობას მხოლოდ ის პაციენტები ექვემდებარებოდნენ, რომლებსაც იმუნიტეტი 250-ზე დაბალი ჰქონდათ, ამიტომ ციხეში მკურნალობის რეკომენდაცია არავის მოუცია. ახლანდელი პროტოკოლით, მკურნალობას ექვემდებარება ყველა, ვისაც კი ეს დიაგნოზი დაუდასტურდება, რომ არ მოხდეს გართულება და აივ-ინფექციის უფრო მძიმე სტადიაში, შიდსში გადასვლა. მკურნალობის დასაწყისში მქონდა ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზი. მე მინდოდა სიცოცხლე და მინდოდა სიცოცხლე კიდევ სხვებისთვის მეჩუქებინა. ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, ჩემი ვირუსი სუპრესირდა, ანუ განულდა, იმუნიტეტის დონემ აიწია. ამის შემდეგ კიდევ 2 შვილი გავაჩინე, ორივე ჯანმრთელი. ახლა მეოთხეს ველოდები.
ყოველი მაისის ბოლო კვირა შიდსით გარდაცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ასოციაცია „ბროწეულთან“ ერთად აღვნიშნავთ. სიმბოლურად, ბროწეული სისხლის წვეთს გულისხმობს. გვინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ, აივ-ინფიცირებულები არ ვართ გასარიყი ადამიანები. ჩვენი დიაგნოზი არ არის სასიკვდილო განაჩენი და საფრთხის შემცველი სხვებისთვის. ის ახლა მკურნალობას ექვემდებარება და მასთან ერთად ცხოვრება, ისევე როგორც სხვა ქრონიკულ დაავადებასთან, შესაძლებელია.

„არავინ დატოვო სამედიცინო სერვისების მიღმა“ - ეს სლოგანი ჩვენი კამპანიის მთავარი მოწოდებაა. არსებული სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულებს ხშირად უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე. ექიმებშიც კი დაბალი ცნობიერებაა ამ ინფექციის მიმართ. ვირუსზე მკურნალობას კი აფინანსებს სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ თავად შიდსის ცენტრი სულ ოთხია ქვეყანაში, არ არის საკმარისი. ცენტრში სამკურნალოდ მისული პაციენტების კონფიდენციალურობა ირღვევა, რადგან წამლის მისაღებად რიგში დგომისას, უამრავი ნაცნობი შეიძლება შეგხვდეს და შენი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდება. რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა და ამის გამო ბევრი ადამიანი წყვეტს მკურნალობას. ასევე, პრობლემაა ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თბილისშია ასეთი ცენტრი და რეგიონებიდან დიდი მანძილის გავლა უწევთ პაციენტებს. ამიტომ აუცილებელია, მუნიციპალურ ამბულატორიებს ჰქონდეთ ტესტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობა. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა - პოლიკლინიკას მიმართოს თუ ინფექციურ დაწესებულებას. ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შიდსის ცენტრი თბილისში. ეს ცენტრი ავერსის კლინიკის ბაზაზეა და ყურადღებას არავინ აქცევს. აქ ისეთი ანტისანიტარიაა, რომ პრაქტიკულად, სტაციონარული მკურნალობა პაციენტებისთვის გაუსაძლისია.

ჩვენი კამპანიის გზავნილიც ესაა სახელმწიფოსთვის, რომ ყურადღება მიაქციოს აივ-ინფიცირებულებს და უზრუნველყოს მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისები და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ დონეზე.

ჩემმა ახალმა ოჯახმა ჩემი დიაგნოზის შესახებ ყველაფერი იცის. ჩემი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, ჩართული არიან ჩემი მკურნალობის პროცესში. აივ-ინფექციაზეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ და იციან გადადების გზებისა და მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. თავადაც კი მეხმარებიან, რომ წამლის დალევა არ დამავიწყდეს და კიდევ მრავალი წელი ვიყო მათთან ერთად.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია

შეიძლება დაინტერესდეთ

7 აკრძალული ფრაზა, რომელიც ბავშვს არ უნდა უთხრათ

7 აკრძალული ფრაზა, რომელიც ბავშვს არ უნდა უთხრათ

მშობლებს შვილების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ბავშვთან საუბრისას სიტყვების სიფრთხილით შერჩევა აუცილებელია. ერთმა არასწორმა ფრაზამ, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს ბავშვის წარმოდგენები სამყაროზე და მის განვითარებას ხელი შეუშალოს. ჩვენს სტატიაში იმ შვიდ ფრაზას გაგაცნობთ, რომელიც ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრათ.

1. „უფროსებს უნდა დაუჯერო!“

ბავშვს თუ ეტყვით, რომ მან უფროსებს უნდა დაუჯეროს, ის გადაწყვეტს, რომ ნებისმიერი უფროსი ადამიანი ჭკვიანი და სამართლიანია. ის ჩათვლის, რომ უცნობ ადამიანებსაც უნდა ენდოს. ბავშვი ვერ იგრძნობს საფრთხეს, რომელიც, შესაძლოა, უცხოსგან ემუქრებოდეს. ​უმჯობესია, თუ ბავშვს ეტყვით: „მშობლებს უნდა დაუჯერო!“ ამ შემთხვევაში ის გააცნობიერებს, რომ ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი სანდო არ არის და ყველას უპირობოდ არ უნდა დაუჯეროს.

2. „ნუ ხარ ძუნწი!“

ბავშვს თუ ხშირად გაუმეორებთ, რომ ის ძუნწია, პატარა გადაწყვეტს, რომ მან ყველას ყველაფერი უნდა გაუნაწილოს ან დაუთმოს, რაც მორჩილი ხასიათის ჩამოყალიბებას განაპირობებს. სამომავლოდ ის მარტივად დათმობს საკუთარ ფასეულობებს და მისწრაფებებს, თუ იგრძნობს, რომ სხვები ამისკენ უბიძგებენ. უმჯობესია, თუ ბავშვს ეტყვით: „იქნებ მეგობარს მისცე შესაძლებლობა, რომ ცოტა ხნით შენი სათამაშოთი ითამაშოს? იქნებ თოჯინები გაგეცვალათ?“ ბავშვს უფლება მიეცით, რომ საკუთარ ნივთებს ისე მოექცეს, როგორც სურს. თუ ბავშვი წინააღმდეგია, რომ სათამაშო სხვას დაუთმოს, ამის გაკეთებას ნუ აიძულებთ.

3. „ეს ვინ გასწავლა?“

როდესაც ბავშვი ცელქობს და მას მსგავს კითხვას უსვამთ, ის ფიქრობს, რომ მის ნეგატიურ ქცევაზე პასუხისმგებელი თავად არ არის. ბავშვი ჩათვლის, რომ მის ქცევაზე პასუხს მშობლები აგებენ. ​უმჯობესია ბავშვს ჰკითხოთ: „რატომ მოიქეცი ასე?“ ის თავად გეტყვით ნეგატიურად სხვების მიბაძვის გამო მოიქცა, თუ საკუთარი ნებით. ბავშვს თავისი ქცევის მიზეზების ახსნის შესაძლებლობა მიეცით.

4. „შეხედე, რა კარგი ბავშვია!“

ბავშვის თანდასწრებით მის თანატოლებს ხშირად თუ შეაქებთ, ის გადაწყვეტს, რომ თავად სათანადოდ კარგი არ არის. თუ ბავშვს სხვებს ადარებთ, მას თვითშეფასება უქვეითდება. თუ სხვები გარკვეულ საქმეს თავს თქვენს შვილზე უკეთ ართმევენ, ბავშვი გაამხნევეთ და უთხარით: „მე შენ მიყვარხარ! ამის გაკეთება შენც შეგიძლია!“ ყურადღება თქვენი შვილის შესაძლებლობებზე გაამახვილეთ.

5. „სახლში დაგელაპარაკები!“

​ამ ფრაზის მოსმენა ბავშვს აშინებს. ის ფიქრობს: „შეიძლება, მშობლებმა რაიმე მატკინონ, მეშინია და არ მინდა სახლში წავიდე.“ მშობლების მოსიყვარულე დამოკიდებულება მუქარით ჩანაცვლდება, ხოლო სახლი სახიფათო სივრცედ იქცევა, რომელიც ბავშვს არ მოსწონს. როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, უმჯობესია უთხრათ: „მინდა გითხრა, რატომ ვარ გულნატკენი!“ თქვენს გრძნობებზე საუბარი ბავშვს უბიძგებს, რომ მომავალში უკეთ მოიქცეს.

6. „ჯერ პატარა ხარ, ვერ გაიგებ!“

თუ ბავშვი უხერხული კითხვით მოგმართავთ, მას უხეშად არ უნდა უპასუხოთ. ის ამ კითხვაზე პასუხის პოვნას სხვა ადამიანთან შეეცდება, რომელიც, შესაძლოა, კომპეტენტური საერთოდ არ იყოს. უმჯობესია, თუ ბავშვს მსგავს პასუხს გასცემთ: „ახლა ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემ, ფიქრისთვის ცოტა დრო მომეცი!“ მსგავსი პასუხის მოსმენის შემდეგ ბავშვს თქვენ მიმართ მეტი ნდობა გაუჩნდება.

7. „ტირილი შეწყვიტე!“

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ბავშვი გადაწყვეტს, რომ ​ემოციების გამოხატვა ცუდია. ის საკუთარ თავში ჩაიკეტება და გარკვეული დროის შემდეგ დაფარულ განცდებს აგრესიული ფორმით გამოხატავს. უმჯობესია ბავშვს უთხრათ: „მითხარი, რა გაწუხებს, რატომ ტირი? რამემ ხომ არ შეგაშინა, რამე გტკივა?“ მსგავსი კითხვა ბავშვს თქვენთან სასაუბროდ განაწყობს, რაც მას ემოციების გამოხატვაში დაეხმარება.

მომზადებულია ​Brightside.me-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად