Baby Bag

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

37 წლის თამუნა გახოკიძე ერთადერთი ქალია საქართველოდან, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებულია. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვე​ბა:

„მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. 12 წელია ამ დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.

2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე წელს გავიგე, რომ აივ-ვირუსით ვიყავი ინფიცირებული.

მანამდე, 2001 წელს, როცა პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, ჩამიტარდა ორსულთათვის სავალდებულო აივ-ტესტი და პასუხი უარყოფითი იყო. დაკავების შემდეგ, ყოველ წელს მიტარდებოდა ტესტირება არა მარტო აივ-ვირუსზე, არამედ B და C ჰეპატიტზე და ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მოდიოდა. მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში გაკეთებულმა ტესტმა დაადასტურა, რომ ვირუსით ინფიცირებული ვიყავი. ამ დიაგნოზისთვის სულ ორი სარისკო ქცევა მქონდა ციხეში: ერთი, როცა ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთეს და "არამიანცის" კლინიკაში გადამიყვანეს და მეორე, როცა გართულებული კბილის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და ციხის „ერბეში“ წამიყვანეს. მაინც მგონია, რომ სწორედ აქ დავინფიცირდი. ჩემს მიყვანამდე, სტომატოლოგს ეჯდა პაციენტი - პატიმარი კაცი, რომელიც ჩემი შემოსვლისთანავე საჩქაროდ გაიყვანეს, რადგან არ შეიძლებოდა ქალი და კაცი პატიმრების ერთ სივრცეში მოხვედრა. ალბათ, იქ მოხდა შეცდომა, შესაძლოა, იარაღები აერია ექიმს. ამ ამბიდან 1 წლის თავზე გავიგე ჩემი დიაგნოზი.

იმ დროს 25 წლის ვიყავი.

„თუ მკურნალობას დაიწყებ და თავს კარგად მიხედავ, 10 წელი იცოცხლებ“. „ბავშვების გაჩენა დაივიწყე, ისინიც შენნაირად დაინფიცირებული გაჩნდებიან“ . „ისინი მხოლოდ 3 წელი იცოცხლებენ“. ამ მითებით მაცხოვრეს ექიმებმა საპატიმროში. მთელი დღეები ეს „დარჩენილი 10 წელი“ მიტრიალებდა თავში. კადრებივით გადიოდა წარსული, თუ რა ვიცხოვრე და მომავალი, თუ რა დამრჩა, რას მოვასწრებ. რადგან დამარწმუნეს, რომ შვილის გაჩენას ვეღარასდროს შევძლებდი, ვფიქრობდი, როცა საპატიმროს დავტოვებდი, ბავშვს ვიშვილებდი. მაგრამ ჩემი ბიოგრაფიით ამას ვერასდროს შევძლებდი და ეს ოცნებაც დავივიწყე. დაღამების მეშინოდა, მინდოდა, დიდი ხანი ვყოფილიყავი მღვიძარე. გათენებისაც მეშინოდა იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ეგებ მეორედ აღარ დაღამებულიყო ჩემთვის. ასე ვიჯექი გისოსებიან ფანჯარასთან და ვუყურებდი, როგორ თენდებოდა. მინდოდა, კიდევ ბევრჯერ მომესწრო გათენების ნახვა. ფსიქოტროპული წამლები დამინიშნეს, რომ არ შევრყეულიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს მედიკამენტები უფრო მეტად დამოკიდებულს მხდიდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი თავი რამენაირად ხელში ამეყვანა და გავძლიერებულიყავი. ამისთვის 3 თვე დამჭირდა.

გადავწყვიტე, ჩემი დიაგნოზი იმ ქალებისთვის გამენდო, ვისთანაც შეხება მქონდა. შემეძლო საკუთარი კონფიდენციალობა დამეცვა, მაგრამ არ მინდოდა, მათი ჯანმრთელობა დამეყენებინა რისკის ქვეშ. ვუთხარი, რომ არ მეწყინებოდა, თუ მომერიდებოდნენ. ზუსტად ნახევარ საათში მთელმა დაწესებულებამ იცოდა ჩემი დიაგნოზის შესახებ. უფრო მეტად ადმინისტრაციისგან იგრძნობოდა არაკეთილგანწყობა. ესეც სტიგმის ბრალია. ადამიანები დღემდე ტოლობის ნიშანს სვამენ შიდსის დიაგნოზსა და ე.წ. გარყვნილი ქმედებისგან მიღებულ სასჯელს შორის. არაერთხელ უთქვამთ დამცინავად, წასულიყავი აფთიაქში და დაგეცვა თავიო. არადა, ზუსტად მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დავინფიცირდი მათივე თანამშრომლის დაუდევრობით, რისგანაც არავინაა დაცული. თუმცა იყვნენ ისეთი თანამშრომლებიც, ვისაც გულთან ახლოს მიჰქონდა ჩემი მდგომარეობა და მამხნევებდნენ. თითქმის ბავშვი ვიყავი, იქ რომ მივედი.

21 წლის დამიჭირეს.

არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ, სამართლიანი იყო პასუხი მეგო იმისთვის, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე ვიღაცას რომ წავართვი. მე, როგორც ადამიანს, არ მქონდა ამის უფლება. მეორეს მხრივ, რომ არა ის რაღაც „შამფურისმაგვარი რკინა“, როგორც განაჩენშია მოხსენებული, რომელიც იქვე ეგდო, დღეს მე არ ვიქნებოდი ცოცხალი. თავი დავიცავი იმ ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ჩემზე. ათგზის ტვინის შერყევა, ხერხემლის დაზიანება, ყბის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები - ეს იმ დაზიანებების ჩამონათვალია, რომელიც ამ ძალადობის შედეგად მქონდა. ძალადობისგან თავს ვერ ვიცავდი, რადგან არანაირი საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობდა იმ დროისთვის და მეც ვითმენდი ამ ყველაფერს, რომ ცოცხალი მაინც დავრჩენილიყავი.

განზრახ მკვლელობის მუხლით გამასამართლეს. მე ჩემი ქმარი მოვკალი. 6 წელი მომისაჯეს. წელიწადნახევარი მობილურის პოვნისთვის დამიმატეს. კიდევ წელიწადნახევარი, 2009 წლის ე.წ. "ციხის ბუნტში" მონაწილეობისთვის.

ჩემი ოჯახის, მშობლების და ძმების მხარდაჭერა მაძლებინებდა ციხეში. ერთადერთი, რაც მიჭირდა, ის იყო, რომ არ მქონდა საშუალება, შვილი მენახა. შუშის მიღმა კი შვილის მოფერება ძალიან რთულია. იმ დროს ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა. ბაბუა პენსიის ნახევარს მირიცხავდა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა. თუმცა ჩემი გამოსვლისთვის არცერთი დამხვდა ცოცხალი.

ძალიან გამიჭირდა ოჯახისათვის ჩემი დიაგნოზის შესახებ თქმა. ძალიან დაბალი იყო მათი ცნობიერება, მათაც მითების სჯეროდათ, რომ თითქოს ეს დიაგნოზი მხოლოდ ნარკომომხმარებლებს და სექს-მუშაკებს ჰქონდათ. ვიცოდი, გაუჭირდებოდათ აღქმა. ერთ დღეს, ციხის ადმინისტრაციას შიდსის შესახებ ბროშურები გამოვართვი და მამას ვთხოვე ერთ-ერთ პაემანზე, სახლში მისვლისას წაეკითხა. საღამოს დავურეკე და მოვიკითხე. წაკითხვით კი წაეკითხა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო, ამით რისი თქმა მსურდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ აივ-ინფიცირებული მე თავად ვიყავი. გაშეშდა, ვეღარ ლაპარაკობდა. დედას უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა. პაემანზე ისე ტიროდა, საკუთარ პანაშვიდზე მეგონა თავი. ასეთ დროს ხომ თითოეული ადამიანის რეაქცია განადგურებს. საბოლოოდ, შეეგუვნენ ჩემს დიაგნოზს და მიხვდნენ, რომ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი.

ციხიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გამოვედი. გამოვედი ორმაგი სტიგმით - ვიყავი ნასამართლევი და აივ-ინფიცირებული. ფაქტობრივად, მეორე დღესვე დავიწყე მკურნალობა. მაშინდელი პროტოკოლით, მკურნალობას მხოლოდ ის პაციენტები ექვემდებარებოდნენ, რომლებსაც იმუნიტეტი 250-ზე დაბალი ჰქონდათ, ამიტომ ციხეში მკურნალობის რეკომენდაცია არავის მოუცია. ახლანდელი პროტოკოლით, მკურნალობას ექვემდებარება ყველა, ვისაც კი ეს დიაგნოზი დაუდასტურდება, რომ არ მოხდეს გართულება და აივ-ინფექციის უფრო მძიმე სტადიაში, შიდსში გადასვლა. მკურნალობის დასაწყისში მქონდა ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზი. მე მინდოდა სიცოცხლე და მინდოდა სიცოცხლე კიდევ სხვებისთვის მეჩუქებინა. ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, ჩემი ვირუსი სუპრესირდა, ანუ განულდა, იმუნიტეტის დონემ აიწია. ამის შემდეგ კიდევ 2 შვილი გავაჩინე, ორივე ჯანმრთელი. ახლა მეოთხეს ველოდები.
ყოველი მაისის ბოლო კვირა შიდსით გარდაცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ასოციაცია „ბროწეულთან“ ერთად აღვნიშნავთ. სიმბოლურად, ბროწეული სისხლის წვეთს გულისხმობს. გვინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ, აივ-ინფიცირებულები არ ვართ გასარიყი ადამიანები. ჩვენი დიაგნოზი არ არის სასიკვდილო განაჩენი და საფრთხის შემცველი სხვებისთვის. ის ახლა მკურნალობას ექვემდებარება და მასთან ერთად ცხოვრება, ისევე როგორც სხვა ქრონიკულ დაავადებასთან, შესაძლებელია.

„არავინ დატოვო სამედიცინო სერვისების მიღმა“ - ეს სლოგანი ჩვენი კამპანიის მთავარი მოწოდებაა. არსებული სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულებს ხშირად უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე. ექიმებშიც კი დაბალი ცნობიერებაა ამ ინფექციის მიმართ. ვირუსზე მკურნალობას კი აფინანსებს სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ თავად შიდსის ცენტრი სულ ოთხია ქვეყანაში, არ არის საკმარისი. ცენტრში სამკურნალოდ მისული პაციენტების კონფიდენციალურობა ირღვევა, რადგან წამლის მისაღებად რიგში დგომისას, უამრავი ნაცნობი შეიძლება შეგხვდეს და შენი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდება. რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა და ამის გამო ბევრი ადამიანი წყვეტს მკურნალობას. ასევე, პრობლემაა ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თბილისშია ასეთი ცენტრი და რეგიონებიდან დიდი მანძილის გავლა უწევთ პაციენტებს. ამიტომ აუცილებელია, მუნიციპალურ ამბულატორიებს ჰქონდეთ ტესტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობა. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა - პოლიკლინიკას მიმართოს თუ ინფექციურ დაწესებულებას. ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შიდსის ცენტრი თბილისში. ეს ცენტრი ავერსის კლინიკის ბაზაზეა და ყურადღებას არავინ აქცევს. აქ ისეთი ანტისანიტარიაა, რომ პრაქტიკულად, სტაციონარული მკურნალობა პაციენტებისთვის გაუსაძლისია.

ჩვენი კამპანიის გზავნილიც ესაა სახელმწიფოსთვის, რომ ყურადღება მიაქციოს აივ-ინფიცირებულებს და უზრუნველყოს მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისები და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ დონეზე.

ჩემმა ახალმა ოჯახმა ჩემი დიაგნოზის შესახებ ყველაფერი იცის. ჩემი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, ჩართული არიან ჩემი მკურნალობის პროცესში. აივ-ინფექციაზეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ და იციან გადადების გზებისა და მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. თავადაც კი მეხმარებიან, რომ წამლის დალევა არ დამავიწყდეს და კიდევ მრავალი წელი ვიყო მათთან ერთად.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვისთვის საკვების დაძალება სასურველ შედეგს არასდროს იძლევა და მის ფსიქიკას აზიანებს

ბავშვისთვის საკვების დაძალება სასურველ შედეგს არასდროს იძლევა და მის ფსიქიკას აზიანებს

მშობლების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ მისი შვილი სათანადოდ კარგად არ იკვებება, საჭირო რაოდენობის ბოსტნეულს არ იღებს და ჯანსაღი პროდუქტები არ უყვარს. როდესაც ბავშვი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს და თეფშს ხელს კრავს, უფროსები მას ყოველთვის ერთსა და იმავე ფრაზას ეუბნებიან: „კიდევ ერთი ლუკმა შეჭამე.“ მიუხედავად ამისა, ბავშვი მაინც უარზეა და საბოლოოდ მშობლები იძულების მეთოდს მიმართავენ. ბავშვისთვის საკვების დაძალება სასურველ შედეგს არასდროს იძლევა, სამაგიეროდ ის თქვენს შვილს კონტროლს აკარგვინებს, ისტერიკაში აგდებს და აღიზიანებს. როდესაც ბავშვს ეუბნებით, რომ ის საკვები მიირთვას, რომელიც მას არ უყვარს, თქვენ მის ფსიქიკას აზიანებთ.

ბავშვი საკვებს მხოლოდ მაშინ მიირთმევს, როდესაც შია, ჭამას კი იმ შემთხვევაში ასრულებს, თუ დანაყრებულია. მშობლებს ხშირად ეჩვენებათ, რომ მათი შვილი ვერ დაკმაყოფილდებოდა რამდენიმე ლუკმით, რომელიც მიირთვა, თუმცა ეს ასე არ არის. ბავშვის ორგანიზმში შინაგანი სენსორია გააქტიურებული, რომელიც ტვინს დანაყრების შეგრძნების შესახებ ინფორმაციას აწვდის. უფროსების შემთხვევაში აღნიშნული სენსორი გამართულად არ მუშაობს, რაც ბავშვობის ასაკში არასწორი კვებით არის გამოწვეული. თუ ბავშვს ვაიძულებთ, რომ დანაყრების მიუხედავად საკვები მაინც მიირთვას, მის ტვინს დანაყრების სიგნალი გვიან მიეწოდება, რაც მას ჭარბი კალორიების მიღებას აიძულებს.

მშობლები საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებენ, როდესაც საქმე შვილის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ეხება. ყველა დედას ეშინია, რომ მისი შვილი მშიერი დაიძინებს, რომ ის სათანადოდ ვერ დანაყრდება, რაც სავსებით გასაგებია. დედები მთელი გულით ამზადებენ სადილს, რომელით, მათი აზრით, ბავშვს ძალიან უნდა მოეწონოს. როდესაც ბავშვი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, ისინი იმედგაცრუებას განიცდიან. მშობლებო, უმჯობესია, შეწყვიტოთ ღელვა იმაზე, ასუფთავებს თუ არა ბავშვი თეფშს, რომელიც მიართვით. საკვების მოცულობა პატარას დანაყრების ხარისხზე ზეგავლენას საერთოდ არ ახდენს.

საკვების დაძალებას ბავშვისთვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. პატარები ბუნებრივ რეცეპტორებზე დაყრდნობით იკვებებიან. ისინი არასდროს იღებენ ზედმეტ კალორიებს. თუ თქვენ მათ კვებას აიძულებთ, შესაძლოა, ჭარბი კალორიების მიღებისკენ უბიძგოთ, რაც მათ წონაზე ნეგატიურად აისახება. ზედმეტად ბევრი საკვების მირთმევის შემდეგ ბავშვს მუცლის ტკივილი და სიმძიმეც შეაწუხებს, რაც მისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება.

ბავშვი, რომელსაც საკვების მიღებას ხშირად აიძულებენ, ზედმეტად ბევრს მიირთმევს და ეს მისთვის ნორმად იქცევა. კვლევებით დგინდება, რომ საკვების დაძალება ბავშვებში ჭარბწონიანობის პრობლემებს იწვევს, რაც მათ თვითშეფასებაზე ნეგატიურად აისახება. კვლევებით ასევე დგინდება, რომ ბავშვებს აღარ მოსწონთ ის პროდუქტები, რომლებსაც იძულებით აჭმევენ, მაგ. ბოსტნეული.

ბავშვები, რომლებიც საკვებს ყოველთვის არჩევენ და ჭირვეულები არიან, წონაში ისევე იმატებენ, როგორც ნორმალურ კვებაზე მყოფი პატარები. ამასთან, მშობლების იძულება ბავშვის ჭირვეულობაზე ზეგავლენას ვერ ახდენს. თუ მას გარკვეული ტიპის საკვები არ მოსწონს, უფროსებისგან ზეწოლა მის გადაწყვეტილებას ვერ ცვლის. მართალია, ბავშვის ჭირვეულობა მშობლებს აღიზიანებს, მაგრამ საკვების შერჩევით მირთმევა ჯანმრთელობის პრობლემებს არ იწვევს. მშობლებმა ბავშვისთვის საკვების დაძალებაში დრო არ უნდა დაკარგონ, ეს სასურველ შედეგს მაინც არ გამოიღებს.

ბავშვებს ხემსის სახით ჯანსაღი პროდუქტები უნდა შესთავაზოთ. თქვენს შვილს ხშირად მიეცით ხილი, ბოსტნეული, არაქისის კარაქი, კრეკერები, თხილი და სხვა ჯანსაღი საკვები. გირჩევთ, პატარებს ხემსი დილის საათებში, საღამოს და კვებამდე 2 საათით ადრე შესთავაზოთ. ხემსი დიდი მოცულობის არ უნდა იყოს. თუ ბავშვს ჩიფსებს, პოპკორნს და სხვა არაჯანსაღ ხემსს შესთავაზებთ, ის ვერ დანაყრდება და მალე კვლავ იმავე პროდუქტებს მოგთხოვთ.

არასდროს შესთავაზოთ ბავშვს საჩუქარი საკვების მირთმევის ნაცვლად. ამ გზით თქვენ მას კონკრეტული პროდუქტისადმი ნეგატიურად განაწყობთ. თუ თქვენს შვილს ეტყვით, რომ მწვანე ლობიოს მირთმევის შემთხვევაში მას დესერტით დააჯილდოვებთ, ის იფიქრებს, რომ მწვანე ლობიო უგემური საჭმელია. დესერტისთვის სპეციალური დღეები გამოყავით, მაგ. ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი. ბავშვმა ტკბილეული მირთმეული კერძების მიუხედავად გარკვეული რეჟიმით უნდა მიიღოს.

ბავშვს ახალი პროდუქტის მოწონებისთვის გარკვეული დრო სჭირდება. მას ერთი და იგივე საკვები რამდენჯერმე უნდა გაასინჯოთ, რათა მიხვდეს, რომ ის ნამდვილად მოსწონს. შესაძლოა, ამისთვის თვეებიც კი დაგჭირდეთ. ეს მეთოდი იძულებაზე ბევრად უკეთ მუშაობს და ბავშვზე სტრესულად არ ზემოქმედებს.

ბავშვისთვის სპეციალური საკვები არასდროს მოამზადოთ. თუ ის ჭირვეულობს და განსაკუთრებულ კერძებს მოითხოვს, მის მახეში ნუ გაებმებით. კერძები ყოველთვის ოჯახისთვის მოამზადეთ. სადილად აუცილებლად მოამზადეთ ერთი კერძი, რომელსაც ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ. დანარჩები კერძები კი ოჯახისთვის უნდა იყოს. შესაძლოა, ისინი ბავშვს თავდაპირველად არ მოსწონდეს, მაგრამ რამდენიმე გასინჯვის შემდეგ მოეწონოს. თუ თქვენს შვილს სახლში მომზადებული ყველიანი მაკარონი არ მოსწონს, ის ბოსტნეულთან ერთად გარნირის სახით მიართვით. გასინჯავს თუ არა ბავშვი მაკარონს ეს მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუ ბავშვს მაგიდაზე ყოველთვის აქვს ერთი კერძი, რომელიც მას უყვარს, ის უფრო თავისუფლად გასინჯავს სხვა პროდუქტებს.

ბავშვებს მკაცრად აუხსენით, რომ მაგიდიდან ადგომის შემდეგ ისინი დამატებით საკვებს ვეღარ მიირთმევენ. ბავშვს განუმარტეთ, რომ თუ ის მაგიდიდან დანაყრებული არ ადგება, საჭმელს ვეღარ მიიღებს, რის გამოც კარგად უნდა მიირთვას. ამგვარად ბავშვი თავად გადაწყვეტს, უნდა თუ არა დამატებით საკვების მიღება. მშობლის უმთავრესი მოვალეობაა ბავშვს ჯანსაღი პროდუქტები მიართვას, მაგრამ ბავშვმა თავად უნდა გადაწყვიტოს რა მოცულობის ულუფის მირთმევა სურს.

თქვენი შვილი საკვების მირთმევაზე უარს თუ ხშირად გეუბნებათ და გამუდმებით ჭირვეულობს, გირჩევთ დამშვიდდეთ და შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:

  • იმის ნაცვლად სასოწარკვეთაში ჩავარდეთ, საკუთარ თავს უთხარით: „ეს პროცესის ნაწილია.“
  • ნაცვლად იმისა, რომ მომზადებული საკვები უსარგებლოდ ჩათვალოთ, ის მეორე დღისთვის გადაინახეთ და ბავშვებს ხელახლა გაასინჯეთ.
  • არასდროს დანებდეთ და ბავშვისთვის კერძების მომზადება განაგრძეთ. ისინი თქვენს ნახელავს აუცილებლად შეიყვარებენ.
  • ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებისგან გაწეული შრომის სანაცვლოდ მადლიერებას ელოდეთ, ეცადეთ, ყურადღება მათ სურვილზე გადაიტანოთ. ბავშვებმა საკვები არა თქვენი ხათრით, არამედ საკუთარი მოთხოვნილების გამო უნდა მიირთვან.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული რჩევების გათვალისწინება ბავშვის კვებითი ჩვევების გაუმჯობესებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

მომზადებულია​ thepragmaticparent.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად