Baby Bag

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

37 წლის თამუნა გახოკიძე ერთადერთი ქალია საქართველოდან, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებულია. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვე​ბა:

„მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. 12 წელია ამ დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.

2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე წელს გავიგე, რომ აივ-ვირუსით ვიყავი ინფიცირებული.

მანამდე, 2001 წელს, როცა პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, ჩამიტარდა ორსულთათვის სავალდებულო აივ-ტესტი და პასუხი უარყოფითი იყო. დაკავების შემდეგ, ყოველ წელს მიტარდებოდა ტესტირება არა მარტო აივ-ვირუსზე, არამედ B და C ჰეპატიტზე და ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მოდიოდა. მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში გაკეთებულმა ტესტმა დაადასტურა, რომ ვირუსით ინფიცირებული ვიყავი. ამ დიაგნოზისთვის სულ ორი სარისკო ქცევა მქონდა ციხეში: ერთი, როცა ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთეს და "არამიანცის" კლინიკაში გადამიყვანეს და მეორე, როცა გართულებული კბილის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და ციხის „ერბეში“ წამიყვანეს. მაინც მგონია, რომ სწორედ აქ დავინფიცირდი. ჩემს მიყვანამდე, სტომატოლოგს ეჯდა პაციენტი - პატიმარი კაცი, რომელიც ჩემი შემოსვლისთანავე საჩქაროდ გაიყვანეს, რადგან არ შეიძლებოდა ქალი და კაცი პატიმრების ერთ სივრცეში მოხვედრა. ალბათ, იქ მოხდა შეცდომა, შესაძლოა, იარაღები აერია ექიმს. ამ ამბიდან 1 წლის თავზე გავიგე ჩემი დიაგნოზი.

იმ დროს 25 წლის ვიყავი.

„თუ მკურნალობას დაიწყებ და თავს კარგად მიხედავ, 10 წელი იცოცხლებ“. „ბავშვების გაჩენა დაივიწყე, ისინიც შენნაირად დაინფიცირებული გაჩნდებიან“ . „ისინი მხოლოდ 3 წელი იცოცხლებენ“. ამ მითებით მაცხოვრეს ექიმებმა საპატიმროში. მთელი დღეები ეს „დარჩენილი 10 წელი“ მიტრიალებდა თავში. კადრებივით გადიოდა წარსული, თუ რა ვიცხოვრე და მომავალი, თუ რა დამრჩა, რას მოვასწრებ. რადგან დამარწმუნეს, რომ შვილის გაჩენას ვეღარასდროს შევძლებდი, ვფიქრობდი, როცა საპატიმროს დავტოვებდი, ბავშვს ვიშვილებდი. მაგრამ ჩემი ბიოგრაფიით ამას ვერასდროს შევძლებდი და ეს ოცნებაც დავივიწყე. დაღამების მეშინოდა, მინდოდა, დიდი ხანი ვყოფილიყავი მღვიძარე. გათენებისაც მეშინოდა იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ეგებ მეორედ აღარ დაღამებულიყო ჩემთვის. ასე ვიჯექი გისოსებიან ფანჯარასთან და ვუყურებდი, როგორ თენდებოდა. მინდოდა, კიდევ ბევრჯერ მომესწრო გათენების ნახვა. ფსიქოტროპული წამლები დამინიშნეს, რომ არ შევრყეულიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს მედიკამენტები უფრო მეტად დამოკიდებულს მხდიდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი თავი რამენაირად ხელში ამეყვანა და გავძლიერებულიყავი. ამისთვის 3 თვე დამჭირდა.

გადავწყვიტე, ჩემი დიაგნოზი იმ ქალებისთვის გამენდო, ვისთანაც შეხება მქონდა. შემეძლო საკუთარი კონფიდენციალობა დამეცვა, მაგრამ არ მინდოდა, მათი ჯანმრთელობა დამეყენებინა რისკის ქვეშ. ვუთხარი, რომ არ მეწყინებოდა, თუ მომერიდებოდნენ. ზუსტად ნახევარ საათში მთელმა დაწესებულებამ იცოდა ჩემი დიაგნოზის შესახებ. უფრო მეტად ადმინისტრაციისგან იგრძნობოდა არაკეთილგანწყობა. ესეც სტიგმის ბრალია. ადამიანები დღემდე ტოლობის ნიშანს სვამენ შიდსის დიაგნოზსა და ე.წ. გარყვნილი ქმედებისგან მიღებულ სასჯელს შორის. არაერთხელ უთქვამთ დამცინავად, წასულიყავი აფთიაქში და დაგეცვა თავიო. არადა, ზუსტად მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დავინფიცირდი მათივე თანამშრომლის დაუდევრობით, რისგანაც არავინაა დაცული. თუმცა იყვნენ ისეთი თანამშრომლებიც, ვისაც გულთან ახლოს მიჰქონდა ჩემი მდგომარეობა და მამხნევებდნენ. თითქმის ბავშვი ვიყავი, იქ რომ მივედი.

21 წლის დამიჭირეს.

არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ, სამართლიანი იყო პასუხი მეგო იმისთვის, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე ვიღაცას რომ წავართვი. მე, როგორც ადამიანს, არ მქონდა ამის უფლება. მეორეს მხრივ, რომ არა ის რაღაც „შამფურისმაგვარი რკინა“, როგორც განაჩენშია მოხსენებული, რომელიც იქვე ეგდო, დღეს მე არ ვიქნებოდი ცოცხალი. თავი დავიცავი იმ ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ჩემზე. ათგზის ტვინის შერყევა, ხერხემლის დაზიანება, ყბის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები - ეს იმ დაზიანებების ჩამონათვალია, რომელიც ამ ძალადობის შედეგად მქონდა. ძალადობისგან თავს ვერ ვიცავდი, რადგან არანაირი საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობდა იმ დროისთვის და მეც ვითმენდი ამ ყველაფერს, რომ ცოცხალი მაინც დავრჩენილიყავი.

განზრახ მკვლელობის მუხლით გამასამართლეს. მე ჩემი ქმარი მოვკალი. 6 წელი მომისაჯეს. წელიწადნახევარი მობილურის პოვნისთვის დამიმატეს. კიდევ წელიწადნახევარი, 2009 წლის ე.წ. "ციხის ბუნტში" მონაწილეობისთვის.

ჩემი ოჯახის, მშობლების და ძმების მხარდაჭერა მაძლებინებდა ციხეში. ერთადერთი, რაც მიჭირდა, ის იყო, რომ არ მქონდა საშუალება, შვილი მენახა. შუშის მიღმა კი შვილის მოფერება ძალიან რთულია. იმ დროს ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა. ბაბუა პენსიის ნახევარს მირიცხავდა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა. თუმცა ჩემი გამოსვლისთვის არცერთი დამხვდა ცოცხალი.

ძალიან გამიჭირდა ოჯახისათვის ჩემი დიაგნოზის შესახებ თქმა. ძალიან დაბალი იყო მათი ცნობიერება, მათაც მითების სჯეროდათ, რომ თითქოს ეს დიაგნოზი მხოლოდ ნარკომომხმარებლებს და სექს-მუშაკებს ჰქონდათ. ვიცოდი, გაუჭირდებოდათ აღქმა. ერთ დღეს, ციხის ადმინისტრაციას შიდსის შესახებ ბროშურები გამოვართვი და მამას ვთხოვე ერთ-ერთ პაემანზე, სახლში მისვლისას წაეკითხა. საღამოს დავურეკე და მოვიკითხე. წაკითხვით კი წაეკითხა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო, ამით რისი თქმა მსურდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ აივ-ინფიცირებული მე თავად ვიყავი. გაშეშდა, ვეღარ ლაპარაკობდა. დედას უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა. პაემანზე ისე ტიროდა, საკუთარ პანაშვიდზე მეგონა თავი. ასეთ დროს ხომ თითოეული ადამიანის რეაქცია განადგურებს. საბოლოოდ, შეეგუვნენ ჩემს დიაგნოზს და მიხვდნენ, რომ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი.

ციხიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გამოვედი. გამოვედი ორმაგი სტიგმით - ვიყავი ნასამართლევი და აივ-ინფიცირებული. ფაქტობრივად, მეორე დღესვე დავიწყე მკურნალობა. მაშინდელი პროტოკოლით, მკურნალობას მხოლოდ ის პაციენტები ექვემდებარებოდნენ, რომლებსაც იმუნიტეტი 250-ზე დაბალი ჰქონდათ, ამიტომ ციხეში მკურნალობის რეკომენდაცია არავის მოუცია. ახლანდელი პროტოკოლით, მკურნალობას ექვემდებარება ყველა, ვისაც კი ეს დიაგნოზი დაუდასტურდება, რომ არ მოხდეს გართულება და აივ-ინფექციის უფრო მძიმე სტადიაში, შიდსში გადასვლა. მკურნალობის დასაწყისში მქონდა ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზი. მე მინდოდა სიცოცხლე და მინდოდა სიცოცხლე კიდევ სხვებისთვის მეჩუქებინა. ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, ჩემი ვირუსი სუპრესირდა, ანუ განულდა, იმუნიტეტის დონემ აიწია. ამის შემდეგ კიდევ 2 შვილი გავაჩინე, ორივე ჯანმრთელი. ახლა მეოთხეს ველოდები.
ყოველი მაისის ბოლო კვირა შიდსით გარდაცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ასოციაცია „ბროწეულთან“ ერთად აღვნიშნავთ. სიმბოლურად, ბროწეული სისხლის წვეთს გულისხმობს. გვინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ, აივ-ინფიცირებულები არ ვართ გასარიყი ადამიანები. ჩვენი დიაგნოზი არ არის სასიკვდილო განაჩენი და საფრთხის შემცველი სხვებისთვის. ის ახლა მკურნალობას ექვემდებარება და მასთან ერთად ცხოვრება, ისევე როგორც სხვა ქრონიკულ დაავადებასთან, შესაძლებელია.

„არავინ დატოვო სამედიცინო სერვისების მიღმა“ - ეს სლოგანი ჩვენი კამპანიის მთავარი მოწოდებაა. არსებული სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულებს ხშირად უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე. ექიმებშიც კი დაბალი ცნობიერებაა ამ ინფექციის მიმართ. ვირუსზე მკურნალობას კი აფინანსებს სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ თავად შიდსის ცენტრი სულ ოთხია ქვეყანაში, არ არის საკმარისი. ცენტრში სამკურნალოდ მისული პაციენტების კონფიდენციალურობა ირღვევა, რადგან წამლის მისაღებად რიგში დგომისას, უამრავი ნაცნობი შეიძლება შეგხვდეს და შენი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდება. რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა და ამის გამო ბევრი ადამიანი წყვეტს მკურნალობას. ასევე, პრობლემაა ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თბილისშია ასეთი ცენტრი და რეგიონებიდან დიდი მანძილის გავლა უწევთ პაციენტებს. ამიტომ აუცილებელია, მუნიციპალურ ამბულატორიებს ჰქონდეთ ტესტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობა. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა - პოლიკლინიკას მიმართოს თუ ინფექციურ დაწესებულებას. ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შიდსის ცენტრი თბილისში. ეს ცენტრი ავერსის კლინიკის ბაზაზეა და ყურადღებას არავინ აქცევს. აქ ისეთი ანტისანიტარიაა, რომ პრაქტიკულად, სტაციონარული მკურნალობა პაციენტებისთვის გაუსაძლისია.

ჩვენი კამპანიის გზავნილიც ესაა სახელმწიფოსთვის, რომ ყურადღება მიაქციოს აივ-ინფიცირებულებს და უზრუნველყოს მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისები და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ დონეზე.

ჩემმა ახალმა ოჯახმა ჩემი დიაგნოზის შესახებ ყველაფერი იცის. ჩემი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, ჩართული არიან ჩემი მკურნალობის პროცესში. აივ-ინფექციაზეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ და იციან გადადების გზებისა და მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. თავადაც კი მეხმარებიან, რომ წამლის დალევა არ დამავიწყდეს და კიდევ მრავალი წელი ვიყო მათთან ერთად.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია

შეიძლება დაინტერესდეთ

აღზრდის ჩუმი ტრაგედია, რომელიც ჩვენს სახლებში იმალება

აღზრდის ჩუმი ტრაგედია, რომელიც ჩვენს სახლებში იმალება

ჩვენს სახლებში ჩუმი ტრაგედია მჟღავნდება, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ძვირფას საჩუქარს - შვილებს ეხება.

ჩვენი შვილები შიშისმომგვრელ ემოციურ მდგომარეობაში არიან. მკველვარები ბავშვებში ფსიქიკური დაავადებების გავრცელების მძაფრი და მდგრადი ზრდის შესახებ შემაშფოთებლად მზარდ სტატისტიკას გვაცნობენ, რომელიც უკვე ეპიდემიის მასშტაბებს აღწევს.

სტატისტიკა არ ცრუობს:

  • ყოველი ხუთი ბავშვიდან ერთს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამოვლენის სიხშირე 43%-ით გაიზარდა
  • მოზარდებში დეპრესიამ 37%-ით მოიმატა
  • 10-14 წლის ბავშვებში სუიციდის შემთხვევები 200%-ით გაიზარდა

რა ხდება და რას ვაკეთებთ არასწორად?

თანამედროვე ბავშვები ჭარბად წახალისებულები არიან მატერიალური საგნებითა და საჩუქრებით, მაგრამ მათ აკლიათ ჯანსაღი ბავშვობის ისეთი ფუნდამენტი, როგორიცაა:

  • ემოციურად ხელმისაწვდომი მშობლები
  • ნათლად განსაზღვრული ჩარჩოები
  • პასუხისმგებლობა
  • ბალანსირებული კვება და ადეკვატური ძილი
  • მოძრაობა (განსაკუთრებით სუფთა ჰაერზე გასვლა)
  • კრეატიული თამაშები, სოციალური ინტერაქცია, არასტრუქტურირებული თამაშის შესაძლებლობა და მოწყენილობისთვის განსაზღვრული სივრცე

ნაცვლად ამისა, ბოლო წლებში ბავშვების ცხოვრება სავსეა:

  • ციფრული ტექნიკით გატაცებული მშობლებით
  • შემწყნარებელი და დამთმობი მშობლებით, რომლებიც ბავშვებს სამყაროს მართვის უფლებას აძლევენ
  • განცდით, რომ ბავშვს უფლება აქვს ყველაფერი დამსახურების გარეშე მიიღოს და პასუხისმგებლობის გარეშე შეინარჩუნოს
  • არაბალანსირებული კვებითა და არაადეკვატური ძილით
  • ცხოვრების მჯდომარე წესით
  • მუდმივი სტიმულაციით, ტექნოლოგიური ძიძებით, მოთხოვნების მყისიერი დაკმაყოფილებითა და მოსაწყენი წუთების არარსებობით

როგორ მოვიქცეთ?

თუ გვსურს, რომ ჩვენი შვილები ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანები იყვნენ, უნდა გამოვფხიზლდეთ და საფუძვლებს დავუბრუნდეთ. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია! ბევრი ოჯახი ამჩნევს ბავშვის მდგომარეობის დაუყოვნებლივ გამოსწორებას მას შემდეგ, რაც მოცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს:

  • დაუწესეთ ბავშვს საზღვრები და გახსოვდეთ, რომ გემის კაპიტანი თქვენ ხართ. თქვენი შვილები გაცილებით თავდაჯერებულად იგრძნობენ თავს მას შემდეგ, რაც გააცნობიერებენ, რომ საჭეს თქვენ აკონტროლებთ.
  • დააწესეთ ძილის თანმიმდევრული რეჟიმი, რათა ბავშვმა საკმარისად გამოიძინოს. განრიგის შედგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის.
  • ასწალეთ ბავშვს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. არ დაიცვათ ის ზედმეტად ფრუსტრაციისა და შეცდომებისგან. გაუგებრობა მათ გამძლეობას ჩამოუყალიბებს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას ასწავლის.
  • არ ატაროთ თქვენი შვილის ზურგჩანთა, არ გაუფცქვნათ მათ ბანანი და ფორთოხალი, თუ ამის გაკეთება თავადაც შეუძლიათ (4-5 წლის ასაკი). არ მისცეთ ბავშვს თევზი, ნაცვლად ამისა თევზაობა ასწავლეთ.
  • ასწავლეთ ბავშვს ლოდინი და კმაყოფილების გადავადება.
  • შექმენით პირობები „მოწყენილობისთვის.“ მოწყენილობა შემოქმედებითობას აღვიძებს. ნუ ჩათვლით თავს ვალდებულად, რომ ბავშვი ყოველთვის გაართოთ.
  • მოწყენილობის დაძლევის საშუალებად ტექნოლოგიებს ნუ გამოიყენებთ, ნუ შესთავაზებთ მას ბავშვს პასიურობის პირველივე წუთებში.
  • მოერიდეთ ტექნოლოგიების გამოყენებას მანქანებში, კვებისას, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში. ეს წუთები სოციალიზაციისთვის გამოიყენეთ. ასწავლეთ ტვინს როგორ იმოქმედოს მოწყენილობის წუთებში.
  • მიაწოდეთ ბავშვს აქტივობების იდეები, როდესაც ისინი მოწყენილები არიან.
  • იყავით ბავშვისთვის ემოციურად ხელმიმსაწვდომი, ასწავლეთ მათ თვითრეგულაცია და სოციალური უნარები.
  • გამორთეთ ტელეფონები ღამით, როდესაც ბავშვები დასაძინებლად ემზადებიან. მოარიდეთ ისინი ციფრულ გასართობს.
  • გახდით ბავშვის ემოციების მასწავლებელი. ასწავლეთ მას საკუთარი ფრუსტრაციისა და ბრაზის ამოცნობა-მართვა.
  • ასწავლეთ ბავშვს მისალმება, რიგის დაცვა, გაზიარება ისე, რომ არ იგრძნონ დანაკლისი, ასწავლეთ შვილს „მადლობა,“ და „გთხოვ.“ ასწავლეთ მას შეცდომის აღიარება და მობოდიშება. იყავით მოდელი იმ ღირებულებებისა, რომელსაც ნერგავთ.
  • გქონდეთ ბავშვთან ემოციური კავშირი: გაუღიმეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ, წაიკითხეთ იცეკვეთ, იხტუნავეთ, იხოხეთ და ითამაშეთ მათთან ერთად.

ავტორი: ფსიქიატრი ლუის როხას მარკოსი

წყარო: ​Mumsadvice.co.uk

წაიკითხეთ სრულად