Baby Bag

როგორ გავრეცხოთ ტანსაცმელი სწორად სარეცხ მანქანაში?

როგორ გავრეცხოთ ტანსაცმელი სწორად სარეცხ მანქანაში?

სარეცხმა მანქანამ დიასახლისებს ტანსაცმლის რეცხვის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმარტივა. ერთი შეხედვით ყველაფერი ძალიან ადვილია: მანქანას გასარეცხი ტანსაცმლით ავსებთ, სპეციალურ რეჟიმს რთავთ და თავად სხვა საოჯახო საქმეებით მშვიდად კავდებით. თუმცა, სარეცხი მანქანის გამოყენების დროს ბევრი დიასახლისი შეცდომებს უშვებს, რაც ელემენტარული წესების არცოდნით არის გამოწვეული. ჩვენს სტატიაში იმ მარტივ ხრიკებს გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით ტანსაცმლის იდეალურად გარეცხვას და მანქანის სწორად გამოყენებას შეძლებთ.

  • რეცხვის დროს ტანსაცმელი უკუღმა გადმოაბრუნეთ

რეცხვის დაწყებამდე ტანსაცმელი აუცილებლად უკუღმა უნდა გადმოაბრუნოთ. თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა, თქვენს საყვარელ კაბას ან მაისურს ფერი სწრაფად გადაუვიდეს. გახსოვდეთ, რომ ტანსაცმელი უკუღმაც მშვენივრად ირეცხება. გარდა ამისა, ამ დროს ტანსაცმლის დაზიანების რისკი ძალიან დაბალია, რადგან ღილები და ელვა-შესაკრავები შიდა მხარეს არის მოქცეული. როდესაც ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში გადაბრუნების გარეშე ათავსებთ, შესაძლოა ბრუნვის პროცესში ღილმა ან შესაკრავმა სხვა ტანისამოსი დააზიანოს.

  • ტანსაცმელს ლაქები მოაშორეთ

ტანსაცმლის სარეცხ მანქანაში მოთავსებამდე თითოეული მათგანი აუცილებლად გულდასმით დაათვალიერეთ. დააკვირდით, ხომ არ აქვს ტანისამოსს ცხიმის ლაქები. იმ შემთხვევაში, თუ ლაქას აღმოაჩენთ, მის მოსაშორებლად ჭურჭლის სარეცხი საშუალება გამოიყენეთ. ლაქა სარეცხი სითხით დაფარეთ და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ტანსაცმელი მანქანაში მოათავსეთ. ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენების შემდეგ რეცხვის პროცესში ლაქა გაცილებით მარტივად ამოვა, რაშიც თავად დარწმუნებით.

  • თეთრი ტანსაცმლის რეცხვის დროს ასპირინის გამოყენება შეგიძლიათ

თეთრი ტანსაცმლის გარეცხვა ყველა დიასახლისისთვის მეტისმეტად რთული გამოწვევაა. თუ თქვენი ტანისამოსი გაყვითლდა ან გაყავისფრდა, მის გასათეთრებლად სიცხის დამწევი საშუალება, ასპირინი გამოიყენეთ. 5 აბი ასპირინი სარეცხ ფხვნილს უნდა შეურიოთ და ტანსაცმელი ისე გარეცხოთ. თუ თქვენს თეთრ ტანისამოსს ლაქა აქვს, ასპირინი მის მოსაშორებლადაც გამოგადგებათ. ასპირინი წყალში გახსენით და მიღებული ნაზავი ლაქაზე დაასხით. შემდეგ ტანსაცმელი ჩვეულებრივად გარეცხეთ. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

  • შავი ტანსაცმლის გასარეცხად ყავა და შავი ჩაი გამოიყენეთ

დიასახლისები თეთრ ტანსაცმელზე იმდენად ღელავენ, რომ შავი ფერის ტანისამოსს სათანადო ყურადღებას აღარ უთმობენ. რეცხვისგან შავი ტანსაცმელიც ისევე ხუნდება, როგორც თეთრი. თუ გსურთ, რომ მუქი ფერის სამოსმა ფერი დიდხანს შეინარჩუნოს, ტანსაცმელს ჭიქით შავი ჩაი ან ყავა მოასხით და ისე გარეცხეთ.

  • მარილი ფერადი ტანსაცმლის რეცხვისას გამოგადგებათ

ფერადი ტანსაცმლის რეცხვის დროს ყველაზე კარგი დამხმარე საშუალება მარილია. ვიდრე ტანსაცმელს მანქანაში მოათავსებთ, მას მარილი მოაყარეთ, რათა ტანისამოსმა ფერის შენარჩუნება ხანგრძლივად შეძლოს. მარილი ტანსაცმელს აახლებს და მას საოცარ ბრწყინვალებას სძენს.

  • სარეცხ მანქანაში სპორტული ფეხსაცმლის გარეცხვაც შეგიძლიათ

სპორტული ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა სავსებით შესაძლებელია, თუმცა ტემპერატურის დარეგულირების დროს დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. მაღალ ტემპერატურაზე სპროტული ფეხსაცმელი ზიანდება და მის გამოყენებას ვეღარ შეძლებთ. რეცხვის დაწყებამდე ფეხსაცმლის თასმები ერთმანეთს გადააბით და მანქანის კარში მოაყოლეთ, რათა ფეხსაცმელმა მანქანის დოლურა არ დააზიანოს.

ჩვენ მიერ შემომთავაზებული რჩევები საკმაოდ მარტივი შესასრულებელია. თუ მათ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქცევთ, სარეცხი მანქანის გამოყენების დროს შეცდომებს ნაკლებად დაუშვებთ, რაც ბევრი უსიამოვნებისგან გიხსნით. 

მომზადებულია ​Sovkus​om.ru-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„გავაკეთე საცივი ხორბლით, სხვანაირი გემო შემოიტანა, ცოტა დარიჩინსაც ვუმატებ“ - „მასტერშეფის" გამარჯვებული რუსო დაუშვილი

„გავაკეთე საცივი ხორბლით, სხვანაირი გემო შემოიტანა, ცოტა დარიჩინსაც ვუმატებ“ - „მასტერშეფის" გამარჯვებული რუსო დაუშვილი

მასტერშეფის" გამარჯვებულმა რუსო დაუშვილმა იმ კერძების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საახალწლოდ განსხვავებული წესით ამზადებს:

„ყველას ჰგონია, რომ ყველაზე გემრიელ საცივს აკეთებს. მე მგონია, რომ ჩვენთან ყველას ბებია კარგად აკეთებს საცივს. ეს გადმოდის მერე შთამომავლობაზეც. ჩემთანაც ტრადიციულად კეთდება საცივი, უბრალოდ ქათმით ვაკეთებთ ჩვენ, რადგან ინდაურის ხორცი დიდად არ მიყვარს. წელს პირველად ვცადე, რომ გამეკეთებინა ხორბლით. ნიგოზს დავუმატე ხორბალი და სისქისთვის ხორბლის ნახარში გამოვიყენე. სხვანაირი გემო შემოიტანა. მე ცოტა დარიჩინს ვუმატებ ხოლმე საცივში.“

რუსო დაუშვილის თქმით, ტრადიციულ გოზინაყთან ერთად ის გოზინაყის განსხვავებულ ვერსიასაც ამზადებს:

​გოზინაყიც გავაკეთე მოხალული ხორბლისგან და კარამელისგან, თუმცა, რა თქმა უნდა, ტრადიციული გოზინაყი აუცილებლად კეთდება ყველა ოჯახში. ნიგოზი და თაფლი არ გამომიყენებია. შაქრის კარამელს ვაკეთებ და ხორბალს ვხალავ ტაფაზე. გამოდის ძალიან ტკაცუნა თხილივით. გამოდის ძალიან ლამაზი და უფრო თხელი.“

„ბებიის რეცეპტებით ვამზადებდი ბევრ რამეს. ნამცხვრები ადრე რომ ცხვებოდა, მგონია, რომ ახლა ასეთი ნამცხვრები არ ცხვება, მაგალითად მანდარინის ტორტი. ახლა საახალწლოდ გავაკეთებ ჩემს ოჯახში რა ნამცხვრებიც ცხვებოდა. მანდარინის ტორტის მომზადებისას მანდარინს ატარებ კანიანად და ნიგვზით კეთდება. ეს რეცეპტი ბებომ მასწავლა. ახლა ვხვდები, როგორი საოცარი რეცეპტები აქვს ბებოს. ჩემთვის იმ გემოების გათანამედროვება, რომელიც ადრე იყო, უფრო საინტერესოა. მგონია, რომ ეს ბავშვობას გვახსენებს,“ - აღნიშნულ საკითხზე რუსო დაუშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად