Baby Bag

,,თხის რქა დედა საკუთარი შვილების ინტერესებს სიცოცხლის ფასად დაიცავს'' - რომელი ზოდიაქოს წარმომადგენელი ქალბატონები არიან საუკეთესო დედები?

,,თხის რქა დედა საკუთარი შვილების ინტერესებს სიცოცხლის ფასად დაიცავს'' - რომელი ზოდიაქოს წარმომადგენელი ქალბატონები არიან საუკეთესო დედები?

ყველა დედა უნიკალური და განსაკუთრებულია. თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელ ქალბატონებს შვილებთან ურთიერთობისას ინდივიდუალური მეთოდები და მიდგომები აქვთ. მართალია, ყველა მშობელი შვილის კომფორტზე, სიმყუდროვესა და კეთილდღეობაზე ზრუნავს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დედები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს წარმომადგენელი ქალბატონები არიან საუკეთესო დედები.

  • 1.თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თევზი დედები შვილებს ხელოვნების სიყვარულს ასწავლიან და მათ კრეატიულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში უწყობენ ხელს. მათი შვილები ემოციური, მდიდარი წარმოსახვის მქონე, კეთილი და სხვათა მიმართ ემპათიით აღსავსე ადამიანები არიან. თევზი დედა შვილს ბუნების სიყვარულს და გასაჭირში მყოფთა დახმარებას ასწავლის. ის ბავშვს თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანად ზრდის. შესაძლოა, თევზმა დედამ შვილს საკუთარი ოცნებების რეალობად ქცევა ვერ ასწავლოს, მაგრამ ის საკუთარი შვილის ყველა წამოწყებას მხარს დაუჭერს და მას მიზნის მიღწევაში აუცილებლად დაეხმარება.

  • 2.ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)

ვერძი დედა შვილების ყოველდღიურ გრაფიკს მუსიკალური აქტივობებით და სპორტით ტვირთავს. ის ბავშვებს სოციალურად აქტიურ პიროვნებებად აყალიბებს. ამასთან, ვერძ დედას თავადაც ყოველთვის დაკავებული გრაფიკი აქვს. მისი შვილები თავგადასავლების მოყვარული ადამიანები არიან. ვერძი დედები შვილებს პრობლემებთან თავით შეჯახებას და მათ წინააღმდეგ ბრძოლას ასწავლიან. ზოგჯერ ვერძს ბავშვებთან ურთიერთობაში უხეშობა ახასიათებს, რასაც ის ძალიან სწრაფად ნანობს. ვერძ დედებს შვილებზე ზეწოლაც ახასიათებთ. მათ დიდი ენერგიის მობილიზება სჭირდებათ, რათა ბავშვებს ყურადღებით მოუსმინონ და მათი სურვილები გაითვალისწინონ.

  • 3.ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

ტყუპები საკუთარ შვილებს ნებისმიერ თემაზე სიამოვნებით ესაუბრებიან. ისინი ბავშვებთან საუბარს ადრეული ასაკიდანვე იწყებენ. ტყუპი დედები შვილებს არაფერს უმალავენ. მათ შვილებს სამყაროზე საკმაოდ ნათელი წარმოდგენა აქვთ. ტყუპი დედები შვილებს კომუნიკაციურ უნარებს წარმატებით უვითარებენ. ტყუპების განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მათ საკუთარი შვილის გაგება ყოველთვის შეუძლიათ, ბავშვის სქესს და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ისინი საუკეთესო წვეულებებს აწყობენ და ბავშვებთან ერთად შესანიშნავად ერთობიან.

  • 4.თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

თხის რქა დედა საკუთარი შვილების ინტერესებს სიცოცხლის ფასად დაიცავს. ისინი ძალიან ლოიალური მშობლები არიან და ბავშვს ყოველთვის მხარდაჭერას უცხადებენ. თხის რქა დედობას ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობად თვლის. ის შვილებს ეთიკურად ზრდის და მათ დისციპლინას აჩვევს. როგორც წესი, თხის რქა დედებს სამსახურიც აქვთ. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ და ხშირად იმის შეხსენება სჭირდებათ, რომ დრო საკუთარ თავსაც უნდა დაუთმონ.

  • 5.კურო (20 აპრილი - 20 მაისი)

კურო დედებს წმინდანის მოთმინება აქვთ. ისინი ძალიან მიწიერი არსებები არიან და სამყაროს რეალისტური პერსპექტივიდან უყურებენ. კუროებს სიჯიუტე ახასიათებთ, რაც თინეიჯერ შვილებთან ურთიერთობაში ხშირად ხელს უშლით. კურო დედა ცდილობს შვილებს სილამაზისა და ბუნების პატივისცემა ასწავლოს. იმის გამო, რომ კუროებს ჭამა ძალიან უყვართ, ისინი სურსათის შესაძენად ზედმეტად დიდ თანხებს ხარჯავენ. კურო დედები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან, შესაძლოა, შვილებს ჭარბი წონის პრობლემა შეუქმნან.

  • 6.სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

სასწორები შესანიშნავი დედები არიან. მათ სიმშვიდე უყვართ. სასწორი დედები ოჯახში ჰარმონიას ამყარებენ. როდესაც ბავშვები ჩხუბობენ, ისინი აუცილებლად ორივე მხარეს მოუსმენენ და მათ შერიგებასაც შეძლებენ. სასწორ დედებს დისციპლინა არ მოსწონთ. ისინი შვილებთან მეგობრობენ, თუმცა ამჯობინებენ, რომ შვილებს მაშინ დაუმეგობრდნენ, როდესაც ისინი გაიზრდებიან. სასწორი დედა შვილს სიკეთის კეთებას, სხვების თანაგრძნობას და მეგობრობას ასწავლის.

  • 7.კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

კირჩხიბი დედა შვილების მფარველი და საუკეთესო აღმზრდელია. კირჩხიბის შვილებმა ყოველთვის იციან, რომ ისინი უყვართ და მათზე ზრუნავენ. ისინი ბავშვებს ყოველთვის უსმენენ და მათ მხარდაჭერასაც უცხადებენ. კირჩხიბი დედა სახლში კომფორტულ და თბილ ატმოსფეროს ქმნის. როდესაც ბავშვები თავს ცუდად გრძნობენ, ის მათ საყვარელ ნამცხვარს გამოაცხობს, რათა შვილების გაბედნიერება შეძლოს. კირჩხიბი დედა შვილს კრეატიულობის განვითარებაში ეხმარება. ის საკუთარი შვილის ნიჭიერებასა და საოცარ უნარებზე ყველასთან ხმამაღლა საუბრობს.

  • 8.მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვილდოსან დედას ვეებერთელა გული აქვს და მთელი სამყარო საკუთარი შვილისთვის უნდა. ის ბავშვებთან ერთად ხშირად მოგზაურობს. მშვილდოსანი დედა შვილს თავისუფლების სიყვარულს, ცოდნისადმი ინტერესს და საოცარ იუმორის გრძნობას ადრეული ასაკიდანვე უვითარებს. ის მხიარული დედაა, რომელიც ყოველთვის ცდილობს ბავშვებს დადებითი განწყობა შეუქმნას. მშვილდოსანს იმპულსური ხასიათი აქვს, მას განწყობა ხშირად ეცვლება. ის შვილებს ზედმეტ შეზღუდვებს არ უწესებს. მშვილდოსანი დედა ცდილობს ბავშვი დამოუკიდებელ ადამიანად გაზარდოს.

  • 9.ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

ქალწული დედა შვილის გატეხილ თოჯინას და გატეხილ გულს ერთნაირი წარმატებით გაამთელებს. მას შვილებისადმი ყოველთვის დიდი მოლოდინები აქვს. ქალწული დედა ხშირად კრიტიკულია, თუმცა შვილი მაშინაც უყვარს, როდესაც ის მას იმედებს უცრუებს. ქალწული დედა საოცრად მშრომელია. ის შვილებს ზრდის, მუშაობს, მოხალისეობასაც არ ერიდება და სახლიც ყოველთვის მოწესრიგებული აქვს. ქალწული ბავშვს დისციპლინას აჩვევს და ცდილობს ის მებრძოლ ადამიანად ჩამოაყალიბოს. ის პერფექციონისტი დედაა, რომელიც ხშირად იმდენად მომთხოვნია, რომ შვილის ფსიქიკაზე ნეგატიურად ზემოქმედებს.

  • 10.მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

მორიელი საოცრად ინტუიციური დედაა. ის შვილის სატკივარს ან განსაცდელს ყოველთვის წინასწარ გრძნობს. მორიელი ლოიალური, ძლიერი და გულწრფელი დედაა. მთავარია, შვილებმა მასთან არასდროს იცრუონ. ფრთხილად იყავით, ვიდრე მორიელის შვილს რამეს აწყენინებთ, რადგან მისი შურისძიება სასტიკი იქნება. მორიელი ოჯახს საკუთარ თავზე მაღლა აყენებს. საფრთხის მოახლოების შემთხვევაში ის შვილებს თავგანწირვით იცავს.

  • 11.მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

მერწყული დედები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ და კონფორმულები არასდროს არიან. ისინი შვილებს სხვების თანაგრძნობასა და დახმარებას ასწავლიან. მერწყული დედა ბავშვებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ესაუბრება, როგორიცაა მაგ. გლობალური დათბობა. ის შვილების წარმოსახვას და ექსპერიმენტულ უნარებს მაქსიმალურად ავითარებს. მერწყული დედა ბავშვის ემოციური აფეთქების დროს მოუთმენელი და ფიცხია. მას ხშირად სჭირდება იმის შეხსენება, რომ შვილებს სიყვარულში უნდა გამოუტყდეს და სითბო აგრძნობინოს.

  • 12.ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

ლომი დედა ძალიან ბავშვური და მხიარულია. ის ბავშვებთან ერთად ხშირად თამაშობს და მათ სასიამოვნო საჩუქრებით ანებივრებს. ლომი ეგოისტი ნიშანია, რის გამოც ის საკუთარ ინტერესებს ხშირად შვილების ინტერესებზე წინ აყენებს. რატომ იხდის ის ძვირადღირებულ წვეულებას, იმიტომ რომ შვილების სურვილებს ასრულებს, თუ იმიტომ, რომ სხვა დედებს საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცოს?! ლომს საკუთარი შვილები ძალიან უყვარს, თუმცა ნარცისისტული ახირებების გამო ზოგჯერ მათ ინტერესებს არ ითვალისწინებს. ლომი დედა სიამოვნებით გაეფლირტავება შვილის მასწავლებელს ბავშვის თანდასწრებით, თუნდაც ეს მის შვილს საერთოდ არ მოსწონდეს.

მომზადებულია yourtango.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდ​ნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც რაღაც ცუდი ხდება, ყოველთვის სჯობს, რომ ბავშვმა იცოდეს სიმართლე, მან ცხოვრებასთან ადაპტაცია უნდა ისწავლოს,“ - ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი„სხვა შუადღეში“ ბავშვისთვის ნეგატიური ინფორმაციის სწორად მიწოდების წესებზე საუბრობს:

„ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაკარგოს უსაფრთხოებისა და ნდობის განცდა. რა უქმნის ბავშვს უსაფრთხოების განცდას? რასაკვირველია, მშობლები და ოჯახი. ეს ოჯახი იქნება სრულფასოვანი, თუ იქნება მხოლოდ დედა ამაზე არ არის საუბარი. მთავარია იყოს ვინმე, ვისთანაც ის თავს გრძნობს უსაფრთხოდ და სანდოდ. ბავშვი უარყოფით ინფორმაციას სადღაც აუცილებლად შეხვდება. მშობლებს უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები გამომძიებლები არიან, მათ დიდი ინტერესი აქვთ, თუ რა ხდება. ბევრ მშობელს ახასიათებს, რომ ბავშვს კითხვას არ ასრულებინებს, ცდილობს თემიდან გადახვევას და უმტკივნეულო პასუხებს ეძებს. მშობელი ბავშვს ყურადღებას გადაატანინებს. ბავშვი კვლავ ამ კითხვით რჩება და ფიქრობს, რომ დედამ თუ არ უპასუხა, მეზობელი უპასუხებს. ვინ რას უპასუხებს, ეს ცალკე ამბავია. მშობლებმა ძალა უნდა მოვიკრიბოთ და ჩვენს შვილებს ნებისმიერ საკითხზე ვესაუბროთ.“

მზიკო დალაქიშვილის თქმით, მშობელმა ბავშვს ყოველთვის სიმართლე უნდა უთხრას:

„დავუშვათ მოხდა რაღაც ცუდი, მაგ. ცხოველი გარდაეცვალა ბავშვს. ეს მისთვის მძიმე გადასატანია. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი, უნდა მოატყუოს თუ არა შვილს? ყოველთვის სჯობს, რომ ბავშვმა იცოდეს სიმართლე. ბავშვს თქვენი ემოცია ზემოდან არ დაუმატოთ. თქვენ უნდა იყოთ ის უსაფრთხო ზონა, სადაც ბავშვი თავის ემოციას გამოხატავს. თუ მშობლები შორდებიან, მე ორივე მშობელს ვურჩევ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მოემზადონ. თუ თქვენ მსგავს გადაწყვეტილებას იღებთ, საჩხუბარი აღარაფერია, უკეთესად უნდა იყოთ. თუ მშობლები გამუდმებით ჩხუბობენ და გადაწყვეტენ, რომ შორდებიან, ჩემი აზრით, ეს ბავშვისთვის მისალოცი ამბავია, რადგან აღარ იქნება ჩხუბი და აყალმაყალი. მას ცალკეული მშობელი, დედაც და მამაც ეყოლება ბედნიერი.“

მზიკო დალაქიშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემებთან გამკლავება ბავშვს ცხოვრებასთან ადაპტაციაში ეხმარება:

„ყოველთვის უნდა გამოვიდეთ ბავშვის ინტერესებიდან. მის კითხვებს გულწრფელად ვუპასუხოთ. ჩვენ ხომ ერთ მშვენიერ დღეს არ ვხდებით დიდები. ჩვენ ვიზრდებით პატარ-პატარა პრობლემებთან შეხვედრისა და მათთან გამკლავების გზით. როდესაც ბავშვს ვეტყვით, რომ ფისო ან ლეკვი აღარ არის, ნორმალურია, რომ მან ეს განიცადოს. ბავშვმა ცხოვრებასთან ადაპტაცია უნდა ისწავლოს. ბავშვებს აქვთ გამკლავების მექანიზმი, ისინი ჩვენზე მალე გამოვლენ ამ სტრესიდან, თუ ჩვენ არ შევუშლით ხელს, თუ არ მოვატყუებთ. მძიმე მოვლენის შემდეგ მშობელსაც აქვს უფლება იყოს სევდიანი, ეს ბავშვს ეხმარება, რადგან ის მარტო არ არის თავის სევდასთან. თუ მშობელი იწყებს მოთქმას და ტირილს ბავშვის წინ, ბავშვი დედაზეც ნერვიულობს და სტრესი ემატება.“

„მნიშვნელოვანია ბავშვს მივცეთ გლოვის, წუხილის, ემოციის გამომჟღავნების საშუალება. თუ ბავშვი ადეკვატურად აღიქვამს მოვლენებს და სვამს კითხვას, თუ სად არის ბებო, რატომ აღარ არის, მისი კითხვა აუცილებლად უნდა დავაკმაყოფილოთ. მე ასეთი პასუხი მაქვს ხოლმე მსგავს კითხვებზე. ბავშვს ვეუბნები, რომ ადამიანები, რომლებიც გვიყვარს და აქ აღარ არიან, ისევ ცოცხლობენ, მაგრამ სხვაგან, თუმცა არ ვიცი სად. იმასაც ვეუბნები, რომ აუცილებლად ისევ ვნახავთ ამ ადამიანებს და ძალიან საინტერესოა, სად ან როდის შევხვდებით. ბავშვმაც იცის, რომ ის, ვინც გარდაიცვალა ცოცხალია, რადგან ესიზმრება და ახსოვს. როდესაც ბავშვს მსგავს სიტყვებს ეუბნებით, ისინი მშვიდდებიან და თქვენც მშვიდდებით,“ - აღნიშნავს მზიკო დალაქიშვილი.

წაიკითხეთ სრულად