Baby Bag

რატომ არ შეიძლება ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტა?

რატომ არ შეიძლება ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტა?

ძუძუთი კვება დედისა და ჩვილისთვის ნამდვილი საჩუქარია. დედის რძეში ყველა ის ნივთიერება გვხვდება, რომელიც ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ძუძუთი კვება ბავშვის იმუნურ სისტემას იცავს და აძლიერებს. მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან ბავშვისთვის ძუძუთი კვების შეწყვეტა დედას მაინც უწევს. ალბათ, გსმენიათ, რომ ამის გაკეთება ზაფხულში კატეგორიულად არ შეიძლება. რამდენად ახლოსაა სიმართლესთან მოსაზრება, რომ ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტა დაუშვებელია? პედიატრები დედებს ამ მხრივ კატეგორიულად არ ზღუდავენ და მათ მკაცრ რეკომენდაციებს არ აძლევენ. ექიმები თვლიან, რომ ძუძუთი კვების შეწყვეტისთვის ბავშვი და დედა მზად უნდა იყვნენ. მიუხედავად ამისა, პედიატრები აღნიშნავენ, რომ ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დედები კარგად უნდა დაფიქრდნენ.

ზაფხულის სიცხე ბავშვის ორგანიზმისთვის სტრესია. როდესაც პატარას კვების რეჟიმს და რაციონს უცვლით,ამით სტრესს კიდევ უფრო აძლიერებთ. გარდა ამისა, ზაფხულში ნაწლავური ინფექციების რისკი მნიშვნელოვნად მატულობს. პედიატრები დედებს ურჩევენ, რომ მსგავსი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ზაფხულში კვების რაციონის შეცვლისგან თავი შეიკავონ. დედის რძე ბავშვის ორგანიზმს აძლიერებს და მას ვირუსებთან და ინფექციებთან გამკლავებაში ეხმარება.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნაწლავური ინფექციის განვითარების დროს, ბავშვისთვის მხოლოდ დედის რძის მიცემაა რეკომენდებული. მსგავსი მიდგომა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფუნქციას სწრაფად აღადგენს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტა შეიძლება, თუ ძალიან ცხელი ამინდები არ არის. ზაფხულში პატარები ძალიან აქტიურები არიან, ბევრს მოძრაობენ, სუფთა ჰაერს სუნთქავენ, რის გამოც მათი ორგანიზმი ცვლილებებისთვის მზად არის. შესაბამისად, თუ გაუსაძლისად არ ცხელა, დედებს შეუძლიათ, ძუძუთი კვების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღონ, მაგრამ ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ბავშვის ორგანიზმს ზიანს არ აყენებენ. მთავარია, ბავშვი ძუძუთი კვების შეწყვეტისთვის მზად იყოს.

მომზადებულია ​Geo-storm.ru-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეს კოვიდ კლინიკებში 90 ბავშვი მკურნალობს, აქედან რამდენიმე არის საყურადღებო,“ - დიმიტრი ხუნდაძე

„დღეს კოვიდ კლინიკებში 90 ბავშვი მკურნალობს, აქედან რამდენიმე არის საყურადღებო,“ - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ბავშვებში დელტა შტამის გავრცელებისა და დამძიმებული ეპიდვითარების შესახებ ისაუბრა:

„ინფიცირების ასაკმა მნიშვნელოვნად დაიწია. ​დღეს 90 ბავშვი კოვიდ კლინიკებში გადის მკურნალობას. აქედან რამდენიმე არის საყურადღებო და მცირე ნაწილი კრიტიკული. ინდური შტამიდან გამომდინარე შეინიშნება ორსულებში ინფიცირების ფაქტები და ლეტალური გამოსავალიც კი. ორსულების აცრა ნებისმიერ ტრიმესტრში რეკომენდებულია.“

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის სასწავლო პროცესის დროულად დაწყების მომხრეა, თუმცა ეპიდუსაფრთხოების გათვალისწინებაც აუცილებელია:

„მე მომხრე ვარ, რომ სასწავლო პროცესი დაიწყოს დროულად, მაგრამ პირველ მოთხოვნად ვაყენებ ბავშვების, მასწავლებლებისა და იქ მომუშავე პერსონალის ეპიდუსაფრთხოების აუცილებლობას. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის ქცევაზე, იმაზე, თუ რამდენად მაღალი იქნება მასწავლებლებსა და მომსახურე პერსონალს შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში. არის გარკვეული შემოთავაზებები ამ კუთხით, რომლის გაჟღერებისგანაც სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თავს შევიკავებ. ჩვენ ვიზრუნებთ ორი მიმართულებით: რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სასწავლო პროცესი, დავიცვათ ეპიდუსაფრთხოება.“

„ერთია რეკომენდაციების გაცემა, ერთია დარეგულირება ამ საკითხების, მეორეა მისი აღსრულება. ჩვენი ხვალინდელი დღე და უსაფრთხოება არის დიდწილად დამოკიდებული საზოგადოების ქცევაზე. ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით რომ გამოვიდეთ.​ მასწავლებლების 50 %-ზე მეტი არ არის აცრილი. არის დრო, არის საშუალება, ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის ვაქცინები. პირველ რიგში, მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა,“ - აღნიშნულ საკითხებზე დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ ტელეკომპანია „იმედი“

qs-არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა-qe-

წაიკითხეთ სრულად