Baby Bag

რატომ არ შეიძლება ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტა?

რატომ არ შეიძლება ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტა?

ძუძუთი კვება დედისა და ჩვილისთვის ნამდვილი საჩუქარია. დედის რძეში ყველა ის ნივთიერება გვხვდება, რომელიც ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ძუძუთი კვება ბავშვის იმუნურ სისტემას იცავს და აძლიერებს. მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან ბავშვისთვის ძუძუთი კვების შეწყვეტა დედას მაინც უწევს. ალბათ, გსმენიათ, რომ ამის გაკეთება ზაფხულში კატეგორიულად არ შეიძლება. რამდენად ახლოსაა სიმართლესთან მოსაზრება, რომ ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტა დაუშვებელია? პედიატრები დედებს ამ მხრივ კატეგორიულად არ ზღუდავენ და მათ მკაცრ რეკომენდაციებს არ აძლევენ. ექიმები თვლიან, რომ ძუძუთი კვების შეწყვეტისთვის ბავშვი და დედა მზად უნდა იყვნენ. მიუხედავად ამისა, პედიატრები აღნიშნავენ, რომ ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დედები კარგად უნდა დაფიქრდნენ.

ზაფხულის სიცხე ბავშვის ორგანიზმისთვის სტრესია. როდესაც პატარას კვების რეჟიმს და რაციონს უცვლით,ამით სტრესს კიდევ უფრო აძლიერებთ. გარდა ამისა, ზაფხულში ნაწლავური ინფექციების რისკი მნიშვნელოვნად მატულობს. პედიატრები დედებს ურჩევენ, რომ მსგავსი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ზაფხულში კვების რაციონის შეცვლისგან თავი შეიკავონ. დედის რძე ბავშვის ორგანიზმს აძლიერებს და მას ვირუსებთან და ინფექციებთან გამკლავებაში ეხმარება.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნაწლავური ინფექციის განვითარების დროს, ბავშვისთვის მხოლოდ დედის რძის მიცემაა რეკომენდებული. მსგავსი მიდგომა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფუნქციას სწრაფად აღადგენს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტა შეიძლება, თუ ძალიან ცხელი ამინდები არ არის. ზაფხულში პატარები ძალიან აქტიურები არიან, ბევრს მოძრაობენ, სუფთა ჰაერს სუნთქავენ, რის გამოც მათი ორგანიზმი ცვლილებებისთვის მზად არის. შესაბამისად, თუ გაუსაძლისად არ ცხელა, დედებს შეუძლიათ, ძუძუთი კვების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღონ, მაგრამ ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ბავშვის ორგანიზმს ზიანს არ აყენებენ. მთავარია, ბავშვი ძუძუთი კვების შეწყვეტისთვის მზად იყოს.

მომზადებულია ​Geo-storm.ru-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ სასარგებლო პროდუქტებით ყავის ჩანაცვლება შეგიძლიათ,“ - ოთარ ტატიშვილის რჩევები კოფეინზე დამოკიდებულ ადამიანებს

„ამ სასარგებლო  პროდუქტებით  ყავის ჩანაცვლება შეგიძლიათ,“ - ოთარ ტატიშვილის რჩევები კოფეინზე დამოკიდებულ ადამიანებს

ოთარ ტატიშვილმა ყავის შემცვლელი პროდუქტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოფეინზე უარის თქმის ბევრი მიზეზი არსებობს. მისი შემცვლელი პროდუქტების მიღება კი გაცილებით სასარგებლოა:

​ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ კოფეინზე ადამიანმა უარი თქვას. ბევრს ვერ წარმოუდგენია დილის დაწყება ყავის გარეშე, რაშიც გეთანხმებით, რადგან საიდანღაც ენერგია უნდა მივიღოთ. მე მოგიყვებით ხუთი პროდუქტის შესახებ, რომლებსაც არამხოლოდ ყავის ჩანაცვლება შეუძლია, გაცილებით უფრო სასარგებლოა და უფრო მოგიყვანთ ენერგიაზე. პირველი არის თაფლი. მას ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. თაფლის მიღების შემთხვევაში, გაიღვიძებთ და შეიძლება ენერგია საღამომდე გეყოთ. მე გირჩევთ დილა დაიწყოთ თაფლით ან თაფლიანი წყლით. შემდეგი პროდუქტი არის ნუში. ის ძალიან მდიდარია მონოუჯერი სასარგებლო ცხიმებით, ასევე B ვიტამინით. უძილო ღამის შემდეგ, როდესაც გჭირდებათ ენერგიაზე მოსვლა, შეგიძლიათ ნუშით წაიხემსოთ. პირობას გაძლევთ, რომ მოხვალთ ენერგიაზე, გონება სხვანაირად დაიწყებს მუშაობას. ნუშის მიერ მონიჭებული ძალა, ენერგია და შემართება მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.“

ოთარ ტატიშვილმა ყავის შემვლელ პროდუქტებს შორის ჭარხალი და ფორთოხალიც დაასახელა:

​ჭარხალი, ისევე როგორც სხვა ბოსტნეულები, მდიდარია რკინით. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჰემოგლობინის ნორმალური დონე, ჭარხალი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ჭარხალი შეიცავს C ვიტამინსაც, რაც ძალიან დაგეხმარებათ, რომ არ გაცივდეთ. ძალიან სასარგებლო ციტრუსია ფორთოხალი, რომელიც ჩემპიონია ყველა სხვა პროდუქტში რიბოფლავინის შემცველობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. ის დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რაც დაგეხმარებათ დილით კარგად გამოღვიძებაში. მე გირჩევთ დილა დაიწყოთ ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენით ან მიირთვით ერთი ფორთოხალი.“

„ბანანი ასევე ძალიან მდიდარი და სასარგებლო ხილია. ბანანი ​დიდი რაოდენობით B ვიტამინს შეიცავს, ასევე უჯრედისს, მაგნიუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის გამოღვიძებისთვის. C ვიტამინის საკმაოდ მაღალი შემცველობა ბანანშიც არის, რაც ასევე დაგეხმარებათ, რომ არ გაცივდეთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ოთარ ტატიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ისაუბრა.

წყარო: ​„ანატომია“

წაიკითხეთ სრულად