Baby Bag

ცრემლების ხშირად შეკავება გულის პრობლემებს და დიაბეტს იწვევს

ცრემლების ხშირად შეკავება გულის პრობლემებს და დიაბეტს იწვევს

ადამიანებს ტირილი ხშირად უხერხულ ვითარებაში უნდებათ. პაემანზე ან სამსახურში ყოფნის დროს ცრემლების დაღვრა არავის უნდა. ტირილის სამომავლოდ გადადება კი რთული საქმეა. რა ემართება ადამიანის ორგანიზმს, როდესაც მას ცრემლების შეკავება უწევს?

ტირილი ზედმეტი სტრესისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ. როდესაც თვალზე მომდგარ ცრემლებს იკავებთ, ტვინი თირკმელზედა ჯირკვალს სიგნალს აწვდის, რომ მან ადრენალინი და სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი გამოიმუშავოს. აღნიშნული ჰორმონების ჭარბი დოზით გამოყოფის შემდეგ თქვენი გულისცემა და სისხლის მიმოქცევა ჩქარდება. სწორედ ამიტომ გაქვთ გულ-მკერდის არეში სიმძიმის შეგრძნება, როდესაც საკუთარ თავს ცრემლების შეკავებას აიძულებთ. ამ დროს სუნთქვაც გიძნელდებათ. შესაძლოა, ტირილისგან თავშეკავებამ თქვენს მადაზეც მოახდინოს ზეგავლენა და სისხლში შაქრის დონეც შეცვალოს.

ემოციის შეზღუდვა (ამ შემთხვევაში ფრუსტრაციისა და სევდის განცდის) მას კიდევ უფრო აძლიერებს. გარკვეული დროის შემდეგ თქვენ თავს უარესად იგრძნობთ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ყურადღების გადატანას ახერხებთ, ამ დროს კი სტრესი მატულობს. ცხადია, ცრემლების ერთხელ ან ორჯერ შეკავება თქვენს ორგანიზმს სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს. სამსახურში უფროსის წინ აცრემლება თქვენთვის ძალიან უხერხული იქნება. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, რომ არ ატირდეთ. ცრემლების ხშირად შეკავებას კი ნამდვილად არ გირჩევთ. როდესაც რეგულარულად ძალადობთ საკუთარ ემოციებზე, ორგანიზმის რეაქცია სტრესზე ორმაგდება. ცრემლების ხშირად შეკავება გაღიზიანებას, უძილობას და შფოთვით აშლილობას იწვევს. თუ ემოციებს გამუდმებით მალავთ და ტირილს ყოველთვის ერიდებით, შესაძლოა, მაღალმა წნევამ, გულის პრობლემებმა და დიაბეტმა შეგაწუხოთ.

ტირილის ხასიათზე თუ ხართ, თავს ნუ შეიკავებთ, ცრემლები აუცილებლად დაღვარეთ. თუ სამსახურში ან საქმიან შეხვედრაზე ხართ და ტირილს ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, ჭარბი ემოციებისგან მოგვიანებით გათავისუფლდეთ. სახლში მისვლის შემდეგ დრამატულ ფილმს უყურეთ, რომელიც აგატირებთ და სიმძიმის მოხსნაში დაგეხმარებათ.

რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ინტენსიურად ვერ იტირებთ, თუმცა სტრესთან გამკლავების მეთოდებს თუ ისწავლით, ტირილის მოთხოვნილება ნაკლებად შეგაწუხებთ. ცუდ განწყობაზე ყოფნის დროს თანამშრომელთან ჩხუბი ან ნივთების მსხვრევა სწორი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის. სტრესის დაძლევის ეფექტიანი ტექნიკების შესახებ ინფორმაციის მოძიება სცადეთ. როდესაც თავს დამძიმებულად იგრძნობთ, გარეთ გადით და ბუნებაში გაისეირნეთ, თქვენი ემოციები მეგობარს გაუზიარეთ, მუსიკას მოუსმინეთ. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სტრესულ ვითარებაში სევდიანი მუსიკის მოსმენა განწყობის გაუმჯობესებაში გეხმარებათ.

მართალია, ტირილი კათარზისის განცდაში ძალიან გიწყობთ ხელს, მაგრამ ის სტრესისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ტირილზე უარის თქმა თქვენს ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება. როდესაც ცრემლები მოგაწვებათ, აუცილებლად იტირეთ. გახსოვდეთ, რომ ამით თქვენს ჯანმრთელობას უფრთხილდებით.

მომზადებულია ​shape.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

ჭამის დროს წყლის დალევამ შეიძლება, ხელი შეუწყოს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ღეჭვის და ყლაპვის ეტაპზე

ჭამის დროს წყლის დალევამ შეიძლება, ხელი შეუწყოს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ღეჭვის და ყლაპვის ეტაპზე
წყლის დალევა ჭამის დროს ან მის შემდეგ, აქვს თუ არა მას ზეგავლენა საჭმლის მონელებაზე ან წონაზე? - აღნიშნულ თემაზე ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს: 

„არსებობს სპეკულაცია, რომ ჭამის შემდეგ წყლის დალევა ხელს უშლის მონელებას და წონის კლებას. სამწუხაროდ, ამ სპეკულაციის ავტორები ადამიანის ფიზიოლოგიაში ვერ ერკვევიან.

ეს არის რჩევა, რომელიც შეიძლება მოისმინოთ სადილის დროს მეგობრისგან ან ექიმისგან: „ჭამამდე, ჭამის დროს და ჭამის შემდეგ წყალი არ უნდა დალიო - ეს საჭმლის მონელებისთვის საზიანოა და წონის კლებაში ხელს შეგიშლის.“

ეს რეკომენდაცია მან შეიძლება წლების წინ გაიგო ან წაიკითხა საბჭოთა ლიტერატურაში და ჩათვალა, რომ სიმართლე იყო, ან ახლახან წაიკითხა ინტერნეტში, სადაც ასეთი არასარწმუნო ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და მარადიულად ცოცხლობს.

მოდით განვიხილოთ ეს საკითხი:

1. წყლის უარყოფითი გავლენა საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ არ შეესაბამება ადამიანის ნორმალურ ფიზიოლოგიას.

საჭმლის მონელების პროცესის სწრაფი მიმოხილვა:

საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუში, სადაც საჭმელი ქუცმაცდება და რბილდება - ფიზიკურად ღეჭვით და ქიმიურად სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოყოფილი ფერმენტებით. შემდეგ საკვები საყლაპავის გავლით გადადის კუჭში, სადაც იშლება კუჭის მჟავა წვენით. ამის შედეგად მიღებული ნარევი გადადის წვრილ ნაწლავში.
ზემოთ მოცემულ ეტაპზე ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვის 75 პროცენტი.

დანარჩენი, რაც არ შეიწოვება გადამუშავდება მსხვილ ნაწლავში და შემდეგ გამოიყოფა.

მთელი პროცესი 24-დან 72 საათამდე გრძელდება.

მითი იმის შესახებ, რომ წყალი ახდენს კუჭის წვენის განზავებას, არ შეესაბამება ადამიანის ფიზიოლოგიას რამდენიმე მიზეზის გამო:

1. წყალი მიღების შემდეგ შეიწოვება კუჭში საკმაოდ სწრაფად - როგორც წესი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი შესაძლო განზავება კუჭის წვენისა წყლით ტრანზიტორულია (გარდამავალი).

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კუჭი წყლით მთლიანად სავსე იქნება, ეს ხელს არ შეუშლის საჭმლის მონელებას, რადგან წყალი ხელს არ შეუშლის ფერმენტების აქტივობას, რადგან ფერმენტები უერთდებიან და ზემოქმედებენ მხოლოდ საკვების ნაწილაკებს, იმის მიუხედავად რა რაოდენობის წყალია კუჭში.

2. ასევე არც წყალი არ მოქმედებს კუჭის მჟავიანობაზე.

კუჭი გამოყოფს და რეაგირებს იმდენი მჟავის გამოყოფით, რამდენიც საჭიროა კუჭში მოხვედრილი საკვების მოსანელებლად.

არ არსებობს კონკრეტული მჟავის გამოყოფის რაოდენობა, ის დამოკიდებულია კუჭში მოხვედრილი საკვების რაოდენობაზე.

3. მითია, რომ წყალი ანელებს ტემპს, რომლის დროსაც საკვები გადადის კუჭიდან წვრილ ნაწლავში, ასევე ეწინააღმდეგება ფიზიოლოგიას.

ჭამის დროს წყლის დალევა გავლენას არ ახდენს კუჭის დაცლის სიჩქარეზე.

პირიქით - ჭამის დროს წყლის დალევამ შეიძლება, ხელი შეუწყოს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ღეჭვის და ყლაპვის ეტაპზე, სადაც მას შეუძლია ხელი შეუწყოს საჭმლის დარბილებას და საყლაპავში გადატანას.

ასევე კარგად ჰიდრატირებული სხეული ეხმარება საჭმლის მონელებას ელიმინაციის ეტაპზე - ეხმარება განავალს დარბილებაში და ნაწლავში გადაადგილებაში, შესაბამისად, ამცირებს შეკრულობას.

ასევე ჭამის წინ წყლის დალევის ერთ-ერთი დადებითი ეფექტი არის ის, რომ წყალი დროებით (გახსოვდეთ, ის შეიწოვება დაახლოებით 20 წუთში) იკავებს ადგილს თქვენს კუჭში.

ეს ხელს შეუწყობს ჭამის დროს სავსეობის შეგრძნებას.

თუ თქვენ წონაში დაკლებას ცდილობთ, ჭამის წინ 1½ - 2 ჭიქა წყლის მიღება ასოცირდება ნაკლები საკვების მიღებასთან ჩატარებული კვლევების მიხედვით.

უფრო დეტალურად:

არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ წყალს შეუძლია განზავება მოახდინოს საჭმლის მომნელებელი წვენის ან ხელი შეუშალოს საჭმლის მონელებას.

შეუძლებელია კუჭის მჟავა წვენის ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვანი განზავება წყლის მიღებით:

კუჭის მჟავის pH (მჟავიანობა) არის <1.

ეს ნიშნავს, რომ თქვენი კუჭის მჟავა 100 000-ჯერ უფრო მჟავურია ვიდრე წყალი (წყლის pH ~ 7).

You cannot dilute your stomach acid in any physiologically meaningful way (e.g. HURT the digestive system)1 by drinking water during a meal. The pH of stomach acid is <1. That means your stomach acid is 100,000 x more acidic than water (pH of ~7).

წყალმა შეიძლება შეამციროს მადა და შესაბამისად, მიღებული კალორიების რაოდენობა.

საჭმელთან ერთად წყლის დალევა ასევე დაგეხმარებათ პაუზის გაკეთებაში, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სიგნალი თქვენი შიმშილისა და სავსეობის შესახებ.

ამან შეიძლება, თავიდან აგაცილოთ ზედმეტი ჭამა და შესაძლოა, წონის დაკლებაშიც კი დაგეხმაროთ.

გარდა ამისა, ერთმა 12-კვირიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებმა, რომლებიც სვამდნენ 17 უნცია წყალს (500 მლ) თითოეული ჭამის წინ, დაიკლეს 2 კგ-ით მეტი, ვიდრე მათ, ვინც არ იღებდა წყალს ჭამამდე.

ასევე რამდენიმე კვლევის მიხედვით - წყალმა შეიძლება დააჩქაროს თქვენი მეტაბოლიზმი დაახლოებით 24 კალორიით ყოველ 17 უნციაზე (500 მლ), რომელსაც მოიხმართ.

ძალიან საინტერესოა, რომ დახარჯული კალორიების რაოდენობა შემცირდა, როდესაც წყალი სხეულის ტემპერატურაზე გათბა.

ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ თქვენი სხეული მეტ ენერგიას იყენებს ცივი წყლის გასათბობად სხეულის ტემპერატურამდე.

ამიტომ თბილი წყლის მიღებას ჯობია, ცივის მიღება.

გასათვალისწინებელია, რომ ეს ინფორმაცია წყალს ეხება და არა კალორიულ სასმელებს.

ერთ მიმოხილვაში, საერთო კალორიების მიღება 8-15%-ით მეტი იყო, როდესაც ადამიანები მოიხმარდნენ შაქრიან სასმელებს.

დასკვნა:
საჭმელთან ერთად ან მის შემდეგ წყლის დალევა ხელს შეგიწყობთ მადის რეგულირებაში, ხელს შეუშლის ზედმეტი საკვების მიღებას და ხელს შეუწყობს წონის კლებას“, - წერს ექიმი ზაზა თელია.

წაიკითხეთ სრულად