Baby Bag

,,ზოგჯერ უმჯობესია ძველი სათამაშოები შევინახოთ და დროის გასვლის შემდეგ გამოვაჩინოთ'' - ფსიქოლოგი თამაშის დატვირთვასა და სათამაშოების მნიშვნელობაზე საუბრობს

,,ზოგჯერ უმჯობესია ძველი სათამაშოები შევინახოთ და დროის გასვლის შემდეგ გამოვაჩინოთ'' - ფსიქოლოგი თამაშის დატვირთვასა და სათამაშოების მნიშვნელობაზე საუბრობს
როგორ უნდა ავარჩიოთ სათამაშოები, რა დატვირთვა აქვს თამაშს და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე? - ​MomsEdu.ge-ს ამ და სხვა კითხვებს ფსიქოლოგმა მარიამ ბასოშვილმა უპასუხა
.

- რა დატვირთვა აქვს ზოგადად თამაშს და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე?

- თამაში - ეს არის შეუცვლელი მოვლენა ბავშვის ცხოვრებაში. ნებისმიერი ბავშვისთვის თამაში არის სასიამოვნო, სახალისო და დადებითი ემოციების მომტანი. თამაშის დროს ბავშვის ისეთი უნარები ვითარდება როგორიც არის - მოტორული, კოგნიტური, სოციალური და ემოციური სფეროები. გამოდის რომ თამაში, ბავშვის განვითარებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, მეტიც, რაც უფრო მეტად ჯანსაღი ხასიათის თამაშებს თამაშობს ბავშვი, მას უფრო მეტად ჯანსაღი ფსიქიკა უყალიბდება. 

არსებობს სხვადასხვა სახის თამაშები. უნდა განვსაზღვროთ ესა თუ ის თამაში რა მიზანს ისახავს და რა შედეგი შეიძლება მოგვცეს. თუ გვინდა რომ ისწავლოს მან კონფლიქტების გადაჭრა, ისეთი თამაში უნდა შევთავაზოთ, სადაც ბარიერები შეხვდება და მის დაძლევას, გადალახვას ისწავლის. რაც უფრო მარტივად ახერხებს ბავშვი თამაშის დროს იყოს მოქნილი, თუნდაც სხვადასხვა პრობლემა უქმნიდეს წინააღმდეგობას, ის განვითარების შემდგომ პერიოდში უფრო მარტივად მოაგვარებს პრობლემებს.

- როგორ უნდა ავარჩიოთ სათამაშოები?

- სათამაშოს აუცილებლად აქვს მნიშვნელობა. ბავშვს უნდა შევთავაზოთ ის სათამაშო, რომელიც მისი ასაკისთვის იქნება შესაბამისი. მაგალითად, რაც სჭირდება 1-2 თვის ბავშვს, რა თქმა უნდა, იმას ვერ ვუყიდით 5 წლის ასაკში. სათამაშოს არჩევისთვის აუცილებელია მშობელმა იცოდეს, რომელ ასაკში რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. გარდა იმისა, რომ სათამაშოს ვარჩევთ იმის მიხედვით, რაც მოსწონს თავად პატარას, არამედ იმის გათვალისწინებითაც თუ რა უნარების განვითარებაზე გვინდა რომ ვიზრუნოთ. არსებობს სათამაშოები, რომლებიც ემსახურება მეხსიერებასა და ყურადღების განვითარებას, ზოგიერთი გათვლილია მათემატიკური უნარის განვითარებაზე, ზოგიერთი შემეცნებაზე და ა.შ.

- სათამაშო, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია – იარაღი. უნდა უყიდოს თუ არა მშობელმა შვილს სათამაშო იარაღი?

- როგორც აღვნიშნე სათამაშოს ყიდვისას, მისი მიზანი და შედეგი უნდა ვიცოდეთ. რას აძლევს ბავშვს ესა თუ ის სათამაშო მშობელს კარგად გააზრებული უნდა ჰქონდეს. რატომ მაინც და მაინც იარაღი?! მშობელს თუ ვკითხავთ, იტყვის რომ მოსწონს ბავშვს და ძალიან უნდოდა, მაგრამ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამაზე არ ფიქრობენ ან უბრალოდ ინფორმაცია არ აქვთ. დავიწყებ იქიდან, რომ მაგალითად, როდესაც გოგონა იწყებს თოჯინით თამაშს, თამაშობს ,,დედაშვილობანას" , ის სამომავლო პერსპექტივაში ხდება დედა. ანუ გამოდის რომ თამაშს არა მარტო განმავითარებელი ფუნქცია აქვს, არამედ ცხოვრებისეულ სიუჟეტებსაც მომავალ პერსპექტივაში გვიხატავს. რა ხდება კონკრეტულად იარაღის შემთხვევაში?! ყველამ კარგად ვიცით იარაღის დანიშნულება და მისი შედეგებიც. ბავშვი, რომელიც მუდმივად თამაშობს იარაღებით, იძახის: ,,გესვრი" ; ,,მოგკლავ"; ,,გაიქეცი"...და კიდევ უამრავი..ამ შემთხვევაში ის ხდება ნეგატიური თამაშის შედეგების მომსწრე და ამავდროულად მონაწილეც. რამდენიმე დღის წინ იყო ინფორმაცია თუ როგორ შეეწირა მოზარდი იარაღით თამაშს. რამდენად უღირთ მშობლებს როცა რისკზე მიდიან და იარაღებს ან სხვა მსგავსი ტიპის სათამაშოებს სთავაზობენ ბავშვებს არ ვიცი. ერთი რამ არის ცხადი, როდესაც ბავშვები თამაშობენ ნეგატიური სიუჟეტების მქონე თამაშებს, მათთან ვაწყდებით აგრესიას და იმპულსურობას. ნებმისმიერ შემთხვევაში იქნება ის უკვე თინეიჯერი თუ ზრდასრული არ უნდა გაგვიკვირდეს რაიმე ინციდენტის შესახებ, რადგან მას უკვე აქვს თამაშის დროს გამოცდილება სროლის, გაქცევის, სიკვდილის და ეს გადამწყვეტ როლს თამაშობს სამომავლოდ.

- რა სათამაშო უნდა ჰქონდეს პატარას ერთი წლის შემდეგ და რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მან ხატვა და ძერწვა?

- ერთი წლის შემდეგ სასურველია ჰქონდეს ფუნქციური და ასევე როლური თამაშისთვის სხვადასხვა ნივთები, ასეთია ხელის სათამაშოები, რომელსაც ზღაპრის დროს ძალიან კარგად იყენებენ მშობელებიც და ფსიქოლოგებიც. მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს წიგნები და ვასწავლოთ მათთან ურთიერთობა.ზოგიერთი მშობელი ჩივის, რომ წიგნების დახევა იცის მარტო ბავშვმა და არ აინტერესებს. ბავშვი ამ ასაკში მხოლოდ უნდა ათვალიერებდეს ნახატებს და რაც უფრო ადრე მიეჩვევა წიგნებთან ურთიერთობას, მით მალე ისწავლის როგორ უნდა გამოიყენოს ის. რაც შეეხება ხატვას და ძერწვას, ეს არის ბავშვისთვის თერაპიული შედეგის მომტანი. მშობელმა უნდა მისცეს საშუალება ბავშვს, რომ დაისვაროს, დაჩხაპნოს, გააკეთოს ფერებით ის რაც მას სურს. რა თქმა უნდა, მიეცით ამ დროს თავისი სივრცე და ნუ დატუქსავთ იმის გამო, რომ რაიმე სწორად ვერ გააკეთა. ფერები პირდაპირ კავშირშია ბავშვის ემოციებთან და რაც მეტ გასაქანს მისცემთ მის ფერებს, მით უფრო შეძლებს ბავშვი საკუთარი ემოციების ფურცელზე გადმოტანას და რეგულირებას. ძერწვაც თერაპიული ხასიათისაა და ასევე ძალიან კარგია მოტორიკისთვის, თვითშეფასებისთვის, ემოციებისთვის. 1 წლიდან უკვე შეიძლება, რომ დაიწყოს მშობელმა ზრუნვა საღებავებზე და საძერწ მასალაზე, რადგან ეს ორი პატარას განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

- რა სიხშირით უნდა ვუყიდოთ ბავშვს სათამაშო?

- ამ შემთხვევაში მშობლის საჭიროებები გასათვალისწინებელია, რამდენად აქვს საშუალება, რომ ხშირად შესთავაზოს სიახლეები ბავშვს. ბავშვებს მარტივად ბერზდებათ ერთი და იგივე სათამაშოები, ამიტომ ერთბაშად ყველაფრის ყიდვა რეკომენდირებული არ არის. ზოგჯერ უმჯობესია ძველი სათამაშოები შევინახოთ და დროის გასვლის შემდეგ გამოვაჩინოთ.

ესაუბრა მაკა ქაფიანიძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგჯერ მშობლებს შეიძლება ეშლებოდეთ, რომ როდესაც ოჯახში პატარა წევრი ჩნდება, უფროს ბავშვს ავალებენ პასუხისმგებლობას,“ - პაატა ამონაშვილი

„ზოგჯერ მშობლებს შეიძლება ეშლებოდეთ, რომ როდესაც ოჯახში პატარა წევრი ჩნდება, უფროს ბავშვს ავალებენ პასუხისმგებლობას,“ - პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვებში ზრუნვის უნარის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ჩემი და ჩემზე უმცროსია. მახსოვს, როდესაც სკოლაში დავდიოდი, მამაჩემმა მითხრა, ძალიან მინდა მაღაზიაში გამომყვე, შენთვის რაღაც აარჩიე, შენი დისთვისაც რამე შეარჩიე და აჩუქეო. მაღაზიაში ბედნიერი წავედი. ჩემს დას სიხარულით რაღაც ავურჩიე. მე უკვე ბედნიერი ვიყავი, რომ მეც რაღაც შემხვდა. ეს მომენტი მახსოვს, რომ ნინოს ვაჩუქე რაღაც და ის რა გახარებული იყო. მერე გავიგე, რომ ამ დროს დედამ ჩემს დას უთხრა, შეიძლება შენმა ძმამ დღეს რაღაც გაჩუქოს და ალბათ, ძალიან გაგიხარდებაო. იმის მერე დღემდე მინდა, რომ ჩემს დას რაღაც ვაჩუქო, რაღაც პატარა გავუკეთო.“

„ბავშვები ბუნებით ეგოისტები არიან. კიდევ ერთი რამ, რაც ზოგჯერ მშობლებს შეიძლება ეშლებოდეთ არის ის, რომ როდესაც ოჯახის პატარა წევრი ჩნდება, დიდს ავალებენ პასუხისმგებლობას, რომ ახლა შენ უნდა იზრუნო, მოუარო, გამოუცვალო. პასუხისმგებლობის იძულება არ მგონია, რომ კარგი გზა იყოს. თუ ბავშვში ზრუნვა უკვე არის, ის ამას სიხარულით გააკეთებს. თავისი ნებით თუ გააკეთებს რაღაცას, სულ პატარას მაინც, მოდი, მაგრად შევაქოთ. უფროსი ძმა სულ რომ 14 წლის იყოს, სრულწლოვანი მაინც არ არის. ის, რომ ბავშვი გადასცე და შენ კინოში წახვიდე, ასე არ გამოვა არანაირად,“ - აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად