Baby Bag

9 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაზარდოს ბავშვი ბებიამ

9 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაზარდოს ბავშვი ბებიამ

ოჯახში ბავშვის დაბადებასთან ერთად ბებიები განსაკუთრებით აქტიურდებიან. ისინი მშობლებს ბავშვის აღზრდაში დახმარებას სთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ბებიებს შვილიშვილების მოვლა ახარებთ, ისინი იშვიათად ითვალისწინებენ მშობლების რეკომენდაციებსა და რჩევებს. ეს ყოველივე კი ბებიასა და მშობლებს შორის ხშირად კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი ხდება.ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, მშობლებმა ბავშვის აღზრდაზე დამოუკიდებლად იზრუნონ და ბებიის დახმარებაზე უარი თქვან. ჩვენს სტატიაში იმ მიზეზებს გაგაცნობთ, რომელთა გამოც ბავშვის აღზრდა ბებიას არ უნდა მიანდოთ.

  • ბავშვის მოვლის მოძველებული მეთოდები

წლების წინ ბავშვებს 37 გრადუს ტემპერატურაზე აბანავებდნენ, დღეს კი ბავშვის ბანაობა 33-34 გრადუსზეა რეკომენდებული. საბჭოთა კავშირში მცირეწლოვან ბავშვებს ძროხის რძეს და ხილის წვენებს აძლევდნენ. თანამედროვე სამყაროში რძის ფორმულები იყიდება, რომლებიც ვიტამინებით არის გაჯერებული. წლების წინ ითვლებოდა, რომ ჩვილ ბავშვს ხელ-ფეხის გამოძრავების შესაძლებლობა არ უნდა მისცე. თანამედროვე მშობლებისთვის მსგავსი მიდგომა მიუღებელია. ბებიები, როგორც წესი, უპირატესობას ბავშვის მოვლის მოძველებულ მეთოდებს ანიჭებენ და მშობლების ახალ მიდგომებს სულელურს ან არასაჭიროს უწოდებენ. თუ ბებია წინააღმდეგობას გიწევთ, მას კარგად აუხსენით, რომ თქვენ მხოლოდ თანამედროვე მეთოდების გამოყენებას გეგმავთ. თუ ის თქვენს აზრს არ იზიარებს, ბავშვის აღზრდას ბებიას ნუ მიანდობთ.

  • საკუთარი აღზრდის პრინციპებისთვის უპირატესობის მინიჭება

ბავშვის აღზრდის მეთოდები, რომლებიც 30 წლის წინ აქტუალური იყო, დღეს ძალიან მოძველებულია. ადრე ბავშვებს ძალიან მკაცრად ზრდიდნენ. მათ მიმართ ზედმეტ სითბოს და სიყვარულს არ გამოხატავდნენ. ბავშვის ხელში აყვანას ერიდებოდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ მას ძალიან გაათამამებდნენ. მშობლებმა ბავშვის აღზრდაში მონაწილე ყველა ადამიანს აღზრდის საკუთარი პრინციპები უნდა გააცნონ. თუ თქვენთვის მიუღებელია ბავშვთან ძველებური, მკაცრი მიდგომების გამოყენება, ეს ყველასთვის გასაგები უნდა გახადოთ.

  • ბავშვის გათამამება

ბებიები საკუთარ შვილიშვილებს მეტისმეტად ათამამებენ. შესაძლოა, მშობლები შვილებს ასწავლიდნენ, რომ სადილის შემდეგ მათ საკუთარი თეფში უნდა გარეცხონ. ბებია შვილიშვილის შეწუხებას მოერიდება და მისთვის ყველაფერს თავად გააკეთებს. ეს ყველაფერი ბავშვს აბნევს. ის ვერ იგებს, როგორ მოიქცეს და რა არის სწორი საქციელი. მშობლებმა ბებიას გარკევით უნდა აუხსნან, რომ არსებობს აღზრდის ისეთი პრინციპები, რომლებსაც არავინ უნდა გადაუხვიოს. შეგიძლიათ, ბებიას თანამედროვე აღზრდის მეთოდების შესახებ წიგნიც წააკითხოთ და უთხრათ, რომ თქვენთვის გარკვეულ საკითხებზე კომპრომისზე წასვლა მიუღებელია.

  • ოჯახური ცხოვრების კონტროლი

ბავშვის აღზრდასთან ერთად ბებია წყვილის ოჯახური ცხოვრებითაც ინტერესდება. ის მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტისმეტად ერთვება. შესაძლოა, მან გააკრიტიკოს დედა, რომელიც ბევრს მუშაობას და მას ბავშვებისადმი უყურადღებობაში დასდოს ბრალი. ბებიასთან ურთიერთობისას მშობლებმა გარკვეული ზღვარი უნდა დააწესონ. თუ ბავშვის აღზრდაში დედამთილი გეხმარებათ, მას აუხსენით, რომ თქვენს ოჯახურ საქმეებში ჩარევას მისგან არ მოითმენთ. ნუ გააკეთებთ ამას მას შემდეგ, რაც მოთმინება ამოგეწურებათ. ბებიას ყველაფერი წინასწარ აუხსენით.

  • მშობლების ავტორიტეტის შელახვა

ბებიებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები აქვთ. ისინი მშობლების საწინააღმდეგო აზრს, როგორც წესი, შვილიშვილების წინაშე გამოთქვამენ. წარმოიდგინეთ შემდეგი სურათი: ბავშვები ჭირვეულობენ, მათ ტკბილეულის მირთმევა უნდათ. დედას არ სურს, რომ ბავშვებმა ტკბილეული მიიღონ. ის შვილებს მკაცრი უარით ისტუმრებს. ამ დროს საუბარში ბებია ერთვება და ბავშვებს ნაყინის ყიდვას სთავაზობს. ბავშვები ხედავენ, რომ მათი მშობლების უარი საბოლოო არ არის და ბებია ყოველთვის მათ მხარეს იჭერს. ეს ბავშვის პრობლემური ქცევის გამომწვევი მიზეზი ხდება. აუხსენით ბებიას, რომ ბავშვების წინაშე საწინააღმდეგო აზრი არასდროს გამოხატოს.

  • ბავშვის დემოტივაცია

სამსახურში წასული მშობლები ბავშვს ბებიასთან ტოვებენ. ისინი თვლიან, რომ ასე უკეთესია. ბავშვი აცნობიერებს, რომ მშობლების ნახვას მათი სამსახურში ყოფნის გამო ვერ ახერხებს. სახლში დაბრუნებული უფროსები წუწუნებენ, რომ ძალიან დაიღალნენ. ეს ყოველივე ბავშვს შრომისა და მუშაობის წინააღმდეგ განაწყობს. ეცადეთ, სამუშაო გრაფიკი შეამციროთ და ბავშვებთან მეტი დრო გაატაროთ. როდესაც ბავშვს ბებიასთან იშვიათად ტოვებთ, ბავშვს თქვენი ნახვის სასიხარულო მოლოდინი ექნება. თუ ყოველდღიურად მუშაობთ და ბავშვი ბებიასთან იზრდება, ის იფიქრებს, რომ თქვენთვის ზედმეტი ტვირთია.

  • საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება

ბავშვისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მშობლები თუ ვერ ახერხებენ, ამას ბებია აკეთებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, მშობლების მოლოდინისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. წინასწარ აუხსენით ბებიას, რა უნდა ჩააცვას ბავშვს, რა აჭამოს ან სად ატაროს გასართობად, რათა შემდგომში იმედგაცრუებები არ გქონდეთ.

  • ბავშვისადმი გადაჭარბებული მზრუნველობა

ბებიები ბავშვებს მეტისმეტად ბევრ ტანსაცმელს აცმევენ. ისინი პატარებთან ერთად სეირნობას ერიდებიან, რადგან ეშინიათ, ბავშვი არსად გაექცეთ. ზოგჯერ ბებიები შვილიშვილებისთვის საშინაო დავალებებს თავად წერენ. რა თქმა უნდა, ბებიას ბავშვისთვის ყველაფერი საუკეთესო სურს, მაგრამ ის გაუცნობიერებლად უქმნის მას პრობლემებს. მსგავს პირობებში ბავშვი დამოუკიდებლობას ვერ სწავლობს. ბებია თქვენთან მოიპატიჟეთ და აჩვენეთ, როგორ ზრდით შვილს, რა მიდგომები და მეთოდები გაქვთ, რათა მან თქვენი მაგალითით იხელმძღვანელოს.

  • ჭარბი კვება

კვლევებით დგინდება, რომ ბავშვებს, რომლებიც ბებიებთან იზრდებიან, ჭარბწონიანობის პრობლემა ხშირად აწუხებთ. ბავშვი, რომელიც ჭირვეულობას იწყებს, ბებიასგან მაშინვე იღებს იმ საკვებს, რომლის მირთმევასაც მას მშობლები უკრძალავენ. აუხსენით ბებიას, რომ ჭარბი წონა ბავშვის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად ზემოქმედებს. მან უნდა იცოდეს, რომ გარკვეული ტიპის საკვების მიცემა ბავშვისთვის კატეგორიულად არ შეიძლება.

ბებიებმა, რომლებსაც შვილიშვილების აღზრდა სურთ, მშობლების ინტერესები და მოთხოვნილებები უნდა გაითვალისწინონ, რათა ბავშვს ნორმალური განვითარების შესაძლებლობა მისცენ. თუ ისინი მშობლებთან კონფლიქტს არ ერიდებიან, ბავშვის სწორად აღზრდა ძალიან გაუჭირდებათ.

მომზადებულია​ adme.ru - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

შვილიშვილის აღზრდაში ბებიებისა და ბაბუების ჩართულობა და მათი მხრიდან გამოჩენილი მზრუნველობა სასწაულებს ახდენს

შვილიშვილის აღზრდაში ბებიებისა და ბაბუების ჩართულობა და მათი მხრიდან გამოჩენილი მზრუნველობა სასწაულებს ახდენს
ერთ-ერთი ცნობილი გამოთქმის მიხედვით, ერთი ბავშვის აღზრდას მთელი სოფელი სჭირდება. შესაძლოა, აღნიშნული მოსაზრება გადაჭარბებულია, მაგრამ შვილიშვილის აღზრდაში ბებიებისა და ბაბუების ჩართულობა და მათი მხრიდან გამოჩენილი მზრუნველობა სასწაულებს ნამდვილად ახდენს. მათთან ახლო ურთიერთობის დამყარება პატარას გამოცდილების შეძენაში ეხმარება. ნებისმიერი ბავშვი იმსახურებს ყურადღებიან და თბილ ბებია-ბაბუას, რომლებიც მასზე ზრუნავენ, მასთან ერთად თამაშობენ და ერთობიან.

თანამედროვე სამყაროში მშობლები გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ბავშვებთან ბევრ დროს ვერ ატარებენ, შესაბამისად ბებიებისა და ბაბუების პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. როგორც წესი ისინი თავიანთი დროის უდიდეს ნაწილს სწორედ შვილიშვილებზე ზრუნვას უთმობენ. ვიდრე მშობლები სამსახურის საქმეებით არიან დაკავებულნი, მათი შვილები ბებიებთან და ბაბუებთან ერთად დროს სასიამოვნოდ და საინტერესოდ ატარებენ.

არ დაგავიწყდეთ !!!

​Momsedu.ge​-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


მართალია, ბებიებსა და ბაბუებს შვილიშვილებთან განსაკუთრებული სიახლოვე და ურთიერთობა აკავშირებთ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პატარები დედის მშობლებს მეტად ეჯაჭვებიან, ვიდრე მამის მშობლებს. ცხადია, ამ ყოველივეს თავისი მიზეზები აქვს.
რატომ აქვთ ბავშვებს დედის მშობლებთან უფრო მეტი სიახლოვე?
როგორც ვიცით, დედებს თავიანთი შვილების ცხოვრებაზე მამებთან შედარებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. როგორც წესი, შვილების ყოველდღიურ აქტივობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს უმეტესად ისინი იღებენ. დედები წყვეტენ, სად და როგორ უნდა გაატარონ ბავშვებმა დრო სკოლის შემდეგ, ისინი გეგმავენ, რით გაართონ ბავშვები შაბათ-კვირას. როდესაც დედა შვილებს თავის მშობლებს ხშირად უტოვებს, დროთა განმავლობაში ის მათ მეტად ენდობა და ბავშვებთან ურთიერთობისას მეტ თავისუფლებას აძლევს. შედეგად ბავშვები დედის მშობლებთან გაცილებით მეტ დროს ატარებენ, ვიდრე მამის მშობლებთან. ურთიერთობების სიხშირე კი ბავშვებსა და ბებია-ბაბუას შორის განსაკუთრებული სიახლოვის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შვილიშვილები მამის მშობლებისადმი ნაკლებ სიახლოვეს განიცდიან, ვიდრე დედის მშობლებისადმი, არის რძალ-დედამთილს შორის არსებული ურთიერთობები. როგორც წესი, რძლები დედამთილებს რთულად ეწყობიან, რაც იმდენად გახშირებული მოვლენაა, რომ ადამიანებს უკვირთ, როდესაც იგებენ, რომ დედამთილს და რძალს ერთმანეთისადმი სიმპათიები აქვთ. ახალი ოჯახის შექმნის შემდეგ სოციუმში ყოველთვის ჩნდება იმის მოლოდინი, რომ რძალი და დედამთილი ერთმანეთისადმი ნეგატიურად განეწყობიან. თუ მოვლენები საზოგადოების მოლოდინების მიხედვით განვითარდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბავშვები მამის მშობლებისადმი ნაკლებ სიახლოვეს იგრძნობენ.
შვილიშვილებსა და ბებია-ბაბუებს შორის ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მანძილიც. თუ ბავშვებს დედის ან მამის მშობლებთან ხშირი ურთიერთობა აქვთ, ისინი მათ მიმართ უფრო კეთილგანწყობილები არიან. ამ შემთხვევაში ბებიებმა და ბაბუებმა კარგად იციან, რა ხდება ბავშვების ცხოვრებაში, რა მოსწონთ ან რა არ მოსწონთ მათ შვილიშვილებს. იმ ადამიანებს, რომლებსაც ცოტა შვილიშვილი ჰყავთ, ბავშვებთან ახლო ურთიერთობის დამყარება უადვილდებათ, რადგან მათთან ურთიერთობისთვის გაცილებით მეტი დრო აქვთ.
რა ხდება, როდესაც ბავშვები იზრდებიან?
თინეიჯერები ბებიებთან და ბაბუებთან ურთიერთობებს უფრო მეტად ესწრაფვიან. ისინი მათი ნახვის სურვილს ხშირად გამოთქვამენ და მოტივირებულები არიან, რომ მათთან მეტი სიახლოვე დაამყარონ. მართალია, ამ შემთხვევაში, ისინი თავად წყვეტენ, ვის დაურეკონ ან ვინ ნახონ, მაგრამ, როგორც წესი, ამ ასაკშიც, მოზარდებს ურჩევნიათ უფრო მეტი დრო დედის მშობლებთან გაატარონ, ვიდრე მამის მშობლებთან. სავარაუდოდ, ასე იმიტომ ხდება, რომ დედის მშობლებთან ახლო ურთიერთობა მათ ადრეულ ბავშვობაშივე ჩამოუყალიბდათ, რაც წლების მანძილზე შენარჩუნდა. თინეიჯერებს მეტი თავდაჯერებულობა ახასიათებთ. ისინი მეტად არიან მოტივირებულები, რომ ბებიებთან და ბაბუებთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდეთ. მოზარდები გრძნობენ, რომ დედის მშობლებთან მათ განსაკუთრებული სიახლოვე აქვთ. ისინი ბებიას და ბაბუას ოჯახის წევრებად თვლიან და მათთან ყოფნისას თავს დაცულად გრძნობენ.
როგორ ზემოქმედებს განქორწინება ბავშვისა და ბებია-ბაბუების ურთიერთობებზე?
თუ ბავშვი მშობლების დაშორების შემდეგ დედასთან რჩება, მსგავს შემთხვევაში დედის მშობლები მის აღზრდაში აქტიურად იღებენ მონაწილეობას. მშობლებს შორის არსებული დაძაბულობის პირობებში, ბავშვებს ურჩევნიათ ბებიასთან და ბაბუასთან მეტი დრო გაატაროთ, რათა კონფლიქტურ ვითარებას თავი დააღწიონ.
ბუნებრივია, დედის და მამის მშობლები, ბავშვებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ. ისინი შვილიშვილების სატკივარს უხმოდ ისმენენ და მათ არასდროს განიკითხავენ. ბებიებისა და ბაბუებისგან ბავშვები იმ მხარდაჭერას იღებენ, რომლებიც მათ ძალიან სჭირდებათ. რადგან ბავშვებს უფრო ახლო ურთიერთობა დედის მშობლებთან აქვთ, ისინი პრობლემურ ვითარებაში დახმარების მიღებას სწორედ მათგან ცდილობენ.
არსებობს თუ არა გამონაკლისი შემთხვევები?
რა თქმა უნდა, გამონაკლისი არსებობს. როდესაც ბავშვები შერეულ ოჯახებში იზრდებიან, ისინი იმ ბებიას და ბაბუას უახლოვდებიან, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ. რა თქმა უნდა, უფრო ხშირად შერეულ ოჯახებში ბავშვები მამის მშობლების გვერდით ცხოვრობენ, რის გამოც მათ განსაკუთრებული ურთიერთობა სწორედ მათთან უყალიბდებათ.
მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ბავშვისა და ბებია-ბაბუების ურთიერთობებზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს, მაგრამ ყველაზე დიდი როლი მაინც ბებიებისა და ბაბუების მხრიდან გამოჩენილ ყურადღებას, მზრუნველობას და ინიციატივას ეკისრება. თუ ისინი ცდილობენ, რომ შვილიშვილებს განსაკუთრებული სითბო და სიყვარული აგრძნობინონ, ბავშვების მხრიდანაც იმავე დამოკიდებულებას იღებენ. როგორც წესი, პატარები თავადაც თბილ და ყურადღებიან დამოკიდებულებას ავლენენ ისეთი ბებიებისა და ბაბუებისადმი, რომლებიც შვილიშვილებს მზრუნველობას არ აკლებენ.
მომზადებულია ​momjunction.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად