Baby Bag

როგორ აღვზარდოთ მილიონერი - 10 სასარგებლო რჩევა მშობლებს

როგორ აღვზარდოთ მილიონერი - 10 სასარგებლო რჩევა მშობლებს

ილონ მასკი, ოპრა უინფრი, მარკ ცუკერბერგი - ეს იმ მილიონერების მცირე ნუსხაა, რომლებმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს. ყველა მშობელი ოცნებობს, რომ მისი შვილი ძლიერი და წარმატებული ადამიანი გახდეს. ჩვენს სტატიაში საინტერესო მიდგომებსა და სტრატეგიებს გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით წარმატებული შვილების აღზრდას შეძლებთ.

  • ბავშვებს აუცილებლად ესაუბრეთ ფულზე

ფული ტაბუდადებული თემა არ არის. ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე აუხსენით მისი მნიშვნელობა. მაღაზიაში ყოფნისას თქვენს შვილებს პროდუქტების ფასებზე გაამახვილებინეთ ყურადღება. ბავშვი მალე გააცნობიერებს, რატომ ყიდულობენ ადამიანები ერთი და იმავე ხარისხის მქონე ორ კბილის პასტას შორის იმას, რომელიც უფრო იაფი ღირს. ბავშვებს აუხსენით, რატომ დადიხართ სამსახურში და რაში გიხდიან ხელფასს. სადილობის ჟამს ისაუბრეთ იმ პროდუქტების შესახებ, რომელთა შეძენასაც გეგმავთ.

  • ბავშვი საყიდლებზე მარტო გაგზავნეთ

აუცილებელი არ არის, რომ ბავშვი მაღაზიაში სრულიად მარტო გაუშვათ. შეგიძლიათ, მას უკან გაყვეთ და თვალი ადევნოთ. დარწმუნდით, რომ ბავშვს საყიდლების სია და ფული თან აქვს. ბავშვს კარგად აუხსენით, როგორ უნდა შეიძინოს პროდუქტები. თქვენს შვილს რთულ დავალებებს ნუ მისცემთ. მისი საყიდლების სია რამდენიმე პროდუქტისგან უნდა შედგებოდეს. ბავშვი დავალებას თავს კარგად ართმევს, როდესაც უფროსების დახმარების გარეშე ახერხებს იყიდოს ყველაფერი, რაც დაავალეს.

  • ითამაშეთ თამაშები, რომლებიც ბავშვს ფინანსურ საკითხებზე დააფიქრებს

ოჯახურ გარემოში ისეთი თამაშები უნდა ითამაშოთ, რომლებიც ბავშვს ფინანსურ საკითხებზე დააფიქრებს და მათემატიკურ აზროვნებას ასწავლის. თქვენი შვილი ბანიკირის ან მოლარის როლს თუ მოირგებს, ის ფულის გამომუშავებისა და ხარჯვის მარტივ წესებს გაეცნობა.

  • ბავშვს რამდენიმე ყულაბა უნდა ჰქონდეს

ბავშვს ფულის შესანახად სამი ან ოთხი ყულაბა უნდა ჰქონდეს. თითოეული მათგანი კი სხვადასხვა მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ერთ-ერთ ყულაბაში თანხები გარკვეული მიზნის მისაღწევად უნდა ინახებოდეს, მეორე ყულაბა მოულოდნელი ხარჯებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. ბავშვებს, უფროსების მსგავსად, ყოველთვის არ გამოსდით ფულის შენახვა, ზოგჯერ მათ საკუთარი სურვილის დაუყოვნებლივ ასრულება სურთ, რისთვისაც ცალკე ბიუჯეტის გამოყოფაა საჭირო. მესამე ყულაბა ინვესტიციებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. ბავშვს თუ რაიმე ინტერესი აქვს, რომლის გაღვივებაც სურს, შეუძლია, თანხები მოაგროვოს, რათა საკუთარ ინტერესებს უფრო სერიოზულად მოეკიდოს. მეოთხე ყულაბა კი ქველმოქმედებისთვის უნდა იყოს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მის მიერ გამომუშავებული თანხმა მხოლოდ საკუთარ თავს არ უნდა მოახმაროს. ყულაბაში მოგროვილი ფულით მიუსაფარ ცხოველს ან უპატრონო ბავშვს თუ დაეხმარება, ეს მას ქველმოქმედების მნიშვნელობის გაცნობერებაში შეუწყობს ხელს.

  • არასდროს უთხრათ ბავშვს, რომ რომელიმე ნივთს ფინანსურად ვერ შეწვდებით

ბავშვი მაღაზიაში სათამაშოს შეძენას თუ გთხოვთ, რომელიც მას არაფერში სჭირდება, არ უთხრათ მას, რომ სასურველი ნივთის შეძენას ფინანსურად ვერ შეწვდებით. ბავშვი იფიქრებს, რომ თქვენი მატერიალური მდგომარეობა არ გაკმაყოფილებთ და ნეგატიური ემოციებით ხართ სავსე. მსგავსი პასუხით თქვენ ბავშვს პასიურობისკენ უბიძგებთ. ის იფიქრებს, რომ მისი მშობლები საკუთარ ცხოვრებას ვერ აკონტროლებენ და რომ მათ არ აქვთ სურვილი რაიმე შეცვალონ. უმჯობესია, თუ ბავშვს ერთი სათამაშოს ნაცვლად მეორე, შედარებით იაფიანი სათამაშოს ყიდვას შესთავაზებთ.

  • სასურველი ნივთის ყიდვაზე უარის თქმა სხვადასხვა ფორმით შეგიძლიათ

„ჩვენ აქ ამის საყიდლად არ ვართ,“ - ეს პასუხი ბავშვს მიანიშნებს, რომ მშობელი საკუთარ ქმედებებს გეგმავს, მას აქვს გარკვეული პრიორიტეტები და მიზნები. „დავიმახსოვრებ, რომ ეს თოჯინა მოგეწონა და მომავალში აუცილებლად გიყიდი,“ - ეს პასუხი თქვენს შვილს მიახვედრებს, რომ მან მოთმინება უნდა გამოიჩინოს და მას მიზნების დასახვასაც ასწავლის. „ეს სათამაშო ძვირი ღირს, დღეს ამდენის დახარჯვას არ ვგეგმავ,“ - ამ პასუხით ბავშვს მიანიშნებთ, რომ უფროსები საკუთარ შემოსავალს და გასავალს გონივრულად ანაწილებენ. „შეგვიძლია იგივე სათამაშო უკეთეს ფასად ვიპოვოთ და ვიყიდოთ,“ - თუ ბავშვს ასე უპასუხებთ, ის მიხვდება, რომ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს.

  • კვირაში ერთხელ შვილთან ერთად ტორტი გამოაცხვეთ

სამზარეულოში მშობლებთან ერთად ფუსფუსი ბავშვს უამრავ რამეს ასწავლის. ის უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი გაიზრდება. ბავშვი საკუთარი მიზნების ბოლომდე მიყვანას და მიზნის მიღწევის გზაზე შესრულებული სამუშაოთი სიამოვნების მიღებას ისწავლის. ის პასუხისმგებლობით მოეკიდება ნებისმიერ საქმეს და რისკზე წასვლასაც არ შეუშინდება.

  • ბავშვს უნიკალური სასწავლო გარემო შეუქმენით

ადამიანის განვითარებაზე გარემო უდიდეს ზეგავლენას ახდენს. აუცილებლად გაარკვიეთ, რა მოსწონს თქვენს შვილს და მისი სასწავლო გარემო მისთვის საყვარელი ნივთებით გაამრაველფეროვნეთ. მათემატიკის დავალების დაწერისას ბავშვს უფლება მიეცით საყვარელი ხილი მიირთვას, რათა სწავლის პროცესი მისთვის სასიამოვნო იყოს.

  • გარკვეულ შემთხვევებში ბავშვს სკოლის გაცდენის ნება დართეთ

წარმატებული ადამიანები სკოლაში იდეალური მოსწავლეები იშვიათად არიან. მათ მოქნილობა და თავისუფლება ყველასგან გამოარჩევთ. თუ ბავშვს სკოლაში წასვლა არ სურს, მას ზოგჯერ უფლება მიეცით სხვა აქტივობებით დაკავდეს. ბავშვს ზოგჯერ შესვენება აუცილებლად ესაჭიროება. თუ ბავშვი გადაღლილია, თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობთ, მას ამოსუნთქვის შესაძლებლობა მიეცით. შესვენება ბავშვის მოტივაციას მნიშვნელოვნად გაზრდის, ის უამრავ რამეზე დაფიქრდება. ბავშვი თავად აღმოაჩენს რა არის მისთვის პრიორიტეტული და ამ გზით პასუხისმგებლობის გრძნობასაც განივითარებს. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ბავშვს რისკზე წასვლასაც ასწავლის, რაც მილიონერების ერთ-ერთი მთავარი თვისებაა.

  • ზოგჯერ საკუთარ თავს სიზარმაცის უფლება უნდა მისცეთ

ყოველთვის იდეალური მშობელი ნუ იქნებით. ზოგჯერ თავი შეიკავეთ სადილის მომზადებისა და სახლის დალაგებისგან. ბავშვებს უფლება მიეცით დაგეხმარონ. ეს მათთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის გზაა. ექვსი-შვიდი წლის ასაკის ბავშვები შესანიშნავად მოახერხებენ კატის გამოკვებას, ფეხსაცმელების დასუფთავებას და დამოუკიდებლად კვებას. თავისუფლება წარმატების უმთავრესი პირობაა. ბავშვებს თავისუფლება მიეცით. თავად გაოცდებით, როდესაც აღმოაჩენთ, როგორი უსაზღვრო შეიძლება იყოს თქვენი შვილების შესაძლებლობები.

მომზადებულია ​brightside.me - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

როგორ აღვზარდოთ გენიოსი - აღზრდის 10 პრინციპი ებრაელი მშობლებისგან
გენიოსი შვილის აღზრდაზე ბევრი დედა ოცნებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობის შესახებ უამრავი საინტერესო რჩევის მოსმენის შესაძლებლობა გვაქვს, არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც გენიოსის ა...

შეიძლება დაინტერესდეთ

„გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს,“ - გოდერძი ჩოხელი

„გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს,“ - გოდერძი ჩოხელი

ცნობილი ქართველი მწერლის გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ბებო“ მარტო დარჩენილი და ყველასგან დავიწყებული ბებოს სევდიან ისტორიას გვიყვება, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. მწერლის მთავარი სათქმელი კი შემდეგია: „გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს.


ბებო

***

ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო. ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა, ზოგი სამსახურს იმიზეზებდა, ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თითქმის ოთხივემ ერთად აიღო, ოჯახებით აიყარნენ და ზღვაზე წავიდნენ. იქიდან დაბრუნებულებს კი, ისევ უამრავი გადაუდებელი საქმე ელოდებოდათ თბილისში.

მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა ბებომ. ერთთავად თვალებზე სანთელივით გაყვითლებულ ხეს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა.

გზას გასათიბი ბალახი და შამბი მოსდებოდა, აღარც კი ეტყობოდა წესიერად. დილით, ანდა ნისლიანში რომ მოგენდომებინა გავლა ამ გზით, ისე იყო ბალახი ცვარით დამძიმებული, წელს ქვემოთ უცებ დასველდებოდი.

ბებოს იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდნენ მისი შვილები, რძლები და შვილიშვილები, ამიტომ წინასწარ თადარიგს იჭერდა ნისლიან ამინდში. რამდენიმეჯერ აივლ-ჩაივლიდა გზაზე. თან ჯოხით ცვარიან ბალახს ბერტყავდა, რომ „ქალაქელები“ არ ჩაელპო (ასე ეძახდა თავის შვილებს).

სახინკლე ხორციც რამდენჯერ გაამზადა წინასწარ. სიზმარს ნახავდა ხოლმე, რომ ყველანი სახლში იყვნენ. დილაუთენია კი, როგორც კი მამალი საგათენებლო ზარს მორთავდა, იმ წუთში ლოგინიდან წამოდგებოდა ბებო, შვილიშვილებისათვის საგულდაგულოდ ჭინჭრის ფოთლებში გახვეულ სახინკლე ხორცს კარგად გარეცხავდა, მამამთილისეული ხანჯლით წვრილად დაკეპავდა და სოფელში გავიდოდა, ერთი-ორი მასავით ბებერი კიდევ იყო ამ სოფელში. იმათთან ყვებოდა ბებო თავის წუხანდელ სიზმარს.

– დღეს აუცილებლად ვინმე მოგივა, – ეუბნებოდნენ ისინი.

ბებოც მოელოდა.

– შემოგევლოთ თქვენი ბებო, თქვე მამაძაღლებო, თქვენა, ეგრე უნდა ბებოს დავიწყება, რო ერთმა აღარ მომხედეთ.

„ქალაქელებს“ რა ყურს უგდებთ, დასხედით მანქანაზე და წამოდით. არ გიშვებენ განა? მოიცადეთ, ერთი აქ ამოვიდნენ, როგორ მივტყიპო ეგენი, რომ თქვენი თავი დამანატრეს – შვილიშვილების სურათებს ეალერსებოდა ბებო.

ამაოდ გაჰყურებდა სოფლის გზას.

ამაოდ იჩრდილავდა თვალებზე ჩამომჭკნარ ხელს.

ბინდდებოდა.

გულმოკლული ბებო ხინკალს ახვევდა. თვითონ ისე შეკვროდა მოლოდინით გული, ლუკმასაც ვერ შეჭამდა, მაგრამ ამდენ ხანს ნალოლიავებელ ხინკლის გულს ისე ხომ არ გააფუჭებდა. ზაფხულობით იმათ მთებში ცხვრის ფარები იდგა და სახინკლე ხორცს ხან რომელი მწყემსი უწყალობებდა ბებოს, ხან – რომელი.

დუღდა ხინკლიანი ქვაბი.

ნაღველი დუღდა ბებოს გულში.

მერე ხონჩაზე ამოყრილ ხინკლებს ორთქლი ასდიოდა.

მთელი სოფელი იმ ერთ პატარა ხონჩას შემოსხდომოდა და მაინც, კიდევ იყო სტუმრისთვის ადგილი დარჩენილი.

ბებოს ერთ ხელში სანთელი ეჭირა, მეორეში – წყლით სავსე ჭიქა. რომელსაც სუფრის თავზე წაღმა ატრიალებდა და ილოცებოდა:

– ღმერთმა მოიხსენოს, ვისი სულიც ამ სუფრას შემოსტრიალებდეს, ამ სახის დაკლებულებისაც და ყოველი ქრისტიანისა, ვისაც ხინკალი უყვარდა, დღეს კი ცოცხლები აღარ არიან. იმათ სულის სალხინო იყოს ეს სუფრა. იმათი სული ნათელში ამყოფოს მაღალმა ღმერთმა.

– ამინ!

– ამინ! – დასტურს იძლეოდნენ მეზობლები.

ბებო ჩქარ-ჩქარა გადიოდა გარეთ და ღამეს აყურადებდა.

მოსვლით კი მაინც არავინ მოდიოდა.

ნელ-ნელა იწურებოდა ზაფხული.

ძლივს თიბავდა ბებო ბალახს.

მხარი სტკიოდა.

მუხლებშიც ძალა აღარ ედგა.

მალ-მალე ჩაიხვეოდა ხოლმე სათიბში და ძალას იკრებდა.

შემოდგომა რომ დადგა, ტყეში გავიდა. შვილიშვილებისათვის თხილს და ძახველს კრეფდა.

იმ წელს თბილი შემოდგომა იყო.

ოქტომბრის ბოლოს აურია ცოტა.

ბებო შეაშფოთა ამინდის გაჭირვეულებამ, საზამთრო შეშაზე დაიწყო ფიქრი. ახლა უკვე შვილების მოუსვლელობაზე კი არ დარდობს იმდენად, ალბათ ვინმეს რამე უჭირსო, ის უხეთქავდა გულს.

– სად წავიდე, როგორ წავიდე, რო ესეთი საპყარი ვარ და ქალაქის გზაც არ ვიცი, – მეზობლებს შესჩიოდა ბებო.

დამოკლდა დღე და გაგრძელდა უძილო ღამეები.

ზამთრის სუნი დატრიალდა ჰაერში.

მუხლები აუკანკალდა ბებოს.

უშეშოდ დარჩენილს ზამთრის მოახლოების შეეშინდა.

ჯერ კი მაინც იმედი ჰქონდა.

გზას გაჰყურებდა.

ის დღეც მოლოდინში დაღამდა.

ღამე უსაშველოდ დიდხანს გაგრძელდა.

დილით კი …

იმ ღამით ისეთი თოვლი მოსულიყო, სოფელში მისასვლელი გზაც კი აღარ ჩანდა. წყარომდე ძლივს გარეკეს იმ დღეს საქონელი.

უშეშოდ დარჩა ბებო.

დარჩა ზეცისა და მიწის ანაბარა.

მიწაც თოვლით იყო დაფარული.

თოვდა.

გამოდარებას არ აპირებდა.

თითქმის ორ კვირამდე ითოვა ასე.

მეზობლების მიმოსვლა შეწყდა.

საქონელს თოვლს უდნობდნენ და იმას ასმევდნენ. წყაროსაკენ გზის გამკვალავი აღარავინ იყო, თანაც ზვავისა ეშინოდათ. იმხელა თოვლი იყო, კაცმა არ იცოდა, საიდან მოვიდოდა ზვავი. ბებო აქა-იქ ეძებდა შეშის ნარჩენებს და იმით ანთებდა ცეცხლს, ცეცხლს, რომ როგორმე გაედნო თოვლი.

ღამღამობით საშინელ სიზმრებს ხედავდა: გარდაცვლილი მეუღლე ეპატიჟებოდა თავისთან. ბებო უარობდა, შვილიშვილების უნახავად როგორ წამოვიდე, კაცო, რა გულმა უნდა გამიძლოს სამარეში, იმათი რომ ვერა ვიცი და ისე წამოვიდეო.

ციოდა. შიგნიდანაც შეჭირხლული იყო სახლის კედლები.

რომ გამოიდარა, მზე გამოჩნდა.

ცოტა დათბა.

აგუგუნდნენ ზვავები.

ბებო მყუდროში იჯდა და თავის დამჭკნარ ხელებს დაჰყურებდა.

ფიქრობდა.

ღმერთმა იცის, რაზე ფიქრობდა.

იქნებ შვილებზე.

იქნებ ქმარზე.

იქნებ რომელიმე დღე ახსენდებოდა თავის ბალღობიდან.

იქნება სულაც სხვა რამეზე ფიქრობდა ბებო, მაგრამ რაზეც არ უნდა ფიქრობდნენ სიბერეში ბებოები, შვილიშვილების სახე მაინც ერთთავად თვალწინ უდგათ.

ჰოდა ფიქრობდა ბებო.

დღე კი ილეოდა.

ბებომ საღამოს საქონელს თივა დაუყარა და რაკი ცეცხლი ვერაფრით დაანთო, ლოგინში ჩაწვა.

ჩაეძინა.

შუაღამისას რაღაც საშინელმა ხმაურმა გამოაღვიძა.

ტორტმანებდა მიწა და სახლის მინებს ზრიალი გაჰქონდა.

ლოგინში წამომჯდარი ბებო პირჯვარს იწერდა.

ბნელი ღამე იყო და ფანჯარაში არაფერი ჩანდა.

მიწისძვრას დააბრალა ბებომ ეს ამბავი.

ცოტა ხანში გარემო ჩაჩუმდა.

დაწყნარდა სახლი.

ისევ ჩასთვლიმა ბებოს.

დილით მამალმა გააღვიძა.

ბებომ თვალები გაახილა და ყური მიუგდო. იქვე, სახლის ეზოში ყიოდა მამალი.

– მელამა კი არ გამიწყვიტოს ქათმები – ლოგინიდან წამოდგა ბებო და გარეთ გაიხედა.

გაოცებისგან კარგა ხანს ერთ ადგილას იდგა: მის ეზოში უზარმაზარი წიფლის ხე მოეტანა ზვავს და მის კენწეროზე მამალი ყიოდა. დანარჩენი ქათმები წიფლის ტოტებზე ისხდნენ აქა-იქ. ეტყობა, ზვავის ქარს საქათმე მოეგლიჯა და უსახლკაროდ დარჩენილ მამალს ამ წიფლის ხეზე შეეხიზნა თავისი ოჯახი მელიის შიშით.

ბებო გაოცებას ვერ ფარავდა: ამდენი ხანი ამ სოფელში, ცხოვრობდა და არასოდეს ენახა აქ ზვავი.

მამალი კი ისე ხმამაღლა და ლაღად გაჰკიოდა, თითქოს თავისი დღე და მოსწრება იმ წიფლის კენწეროზე ჰქონდა გატარებული.

ბებომ საკენკი დაუყარა ქათმებს და ისინიც რიგ-რიგობით ჩამოფრინდნენ ძირს.

მარტო მამალი არ ჩამოვიდა.

მზის ამოსვლამდე იჯდა წიფლის კენწეროზე და ყიოდა.

რაღაცა უხაროდა ბებოს.

რა, თვითონაც არ იცოდა და ის-ის იყო ძროხების გამოშვება დააპირა მზეზე, რომ უცებ სახეგაბრწყინებული მიაჩერდა ეზოს კარებს.

ეზოში ხმაურით შემოვიდა მისი ოთხივე ბიჭი.

ასეთი დიდი სიხარულის განცდა ბებოს არასოდეს არ ჰქონია.

მამალი კი ხის კენწეროზე იჯდა და ისე გადმოჰყურებდა ეზო-გარემოს, როგორც ერთადერთი მბრძანებელი თავის სამეფოსი. მხოლოდ მაშინღა იკადრა ძირს ჩამოსვლა, როცა ბიჭებმა ქურქები გაიხადეს და მოსაჭრელად მიადგნენ წიფელს.

რაღაცით სჯობდა ის დღე მოლოდინით ფერმკრთალ დღეებს.

***

– მე რა მინდოდა?

– გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს.

წაიკითხეთ სრულად