Baby Bag

ქება ყოველთვის დამსახურებული უნდა იყოს. ნუ შეაქებთ ბავშვს მაშინ, როდესაც ის ამას არ იმსახურებს

ქება ყოველთვის დამსახურებული უნდა იყოს. ნუ შეაქებთ ბავშვს მაშინ, როდესაც ის ამას არ იმსახურებს

როგორ ვაგრძნობინოთ შვილს, რომ მისით ძალიან ვამაყობთ? მშობლებს უჭირთ ბავშვების მიმართ აღფრთოვანების გამოხატვა, რადგან ეშინიათ, რომ ბავშვებს საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა არ შეუქმნან, რაც მათი წინსვლისა და წარმატებისთვის, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს. ბავშვის მიღწევებისა და ღირსებების აღნიშნვა ისეთი ფორმით უნდა შეგეძლოთ, რომ მას სიამაყის განცდა გაუჩნდეს და არა ამპარტავნების. თქვენმა შვილმა უნდა იგრძნოს, რომ მისი შესაძლებლობების დანახვა და დაფასება შეგიძლიათ.

  • ბავშვი მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის შეაქეთ

ბავშვები ყოველდღიურად უამრავ რამეს აკეთებენ, თუმცა ზოგიერთი აქტივობა სხვებთან შედარებით ბევრად მნიშვნელოვანია. თუ ბავშვი მუსიკაზე დადის და მან მნიშვნელოვანი მუსიკალური ნაწარმოების დაკვრა ისწავლა, ბევრი იშრომა და საუკეთესო შედეგი მიიღო, ის თქვენგან შექებას იმსახურებს. თუ ბავშვი კონცერტისთვის მარტივ მუსიკას შეარჩევს, რადგან რთული ნაწარმოების მომზადება ეზარება, ის არ უნდა შეაქოთ. ქება ყოველთვის დამსახურებული უნდა იყოს. ნუ შეაქებთ ბავშვს მაშინ, როდესაც ის ამას არ იმსახურებს.

  • ბავშვი შრომის პროცესში უნდა შეაქოთ

თქვენი შვილი მნიშვნელოვან სპორტულ კონკურსს თუ მოიგებს და მას შეაქებთ, ის იფიქრებს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი გამარჯვებაა. უმჯობესია, მას უთხრათ, რომ მისი შრომა და მონდომება დაფასდა. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ გამარჯვება შემთხვევითობა არ არის. ის უნდა მიახვედროთ, რა მნიშვნელობა აქვს შრომას და მონდომებას. თუ ბავშვს მხოლოდ მოგების გამო აქებთ, ის ვერ გაიგებს, როგორი მნიშვნელოვანია შრომის პროცესი.

  • ბავშვს აუხსენით, თუ რა სირთულეები შეიძლება შეხვდეს ცხოვრებაში

ბავშვებს მიზნის მიღწევამდე ბევრი სირთულის გადალახვა უწევთ. ისინი ხშირად მეგობრებთან დროის გატარებას ვერ ახერხებენ, რადგან მეცადინეობენ ან სპორტული აქტივობებით არიან დაკავებულები. როდესაც ბავშვები სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ, მათ მარცხთან შეგუებაც უწევთ. როდესაც ბავშვის წარმატებებს აღნიშნავთ, აუცილებლად უთხარით მას, თუ რამდენი რამის გამოვლა მოუხდა, რათა მიზნისთვის მიეღწია. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მის წარმატებებსა და წარუმატებლობებს თვალს ადევნებთ. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც მის ცხოვრებაში ხდება.

  • ბავშვის წარმატება სათანადოდ დააფასეთ და მის მიმართ აღფრთოვანება გამოხატეთ

თქვენი შვილის წარმატებით თუ იამაყებთ, ამაში ცუდი არაფერია. ბავშვი იგრძნობს, რომ მისი მიღწევები სიხარულს განიჭებთ და გაბედნიერებთ. ბავშვებს ძალიან უხარიათ, როდესაც მათ შესაძლებლობებს ხოტბას ასხამთ და სათანადოდ აფასებთ. თქვენს შვილს აუცილებლად უთხარით კომპლიმენტები, თუ ის ამას იმსახურებს. ეს ბავშვზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.

  • გადაჭარბებული აღფრთოვანება საჭირო არ არის

თქვენს სიამაყეს გარკვეული კონტექსტი უნდა ჰქონდეს. ბავშვის წარმატება ზედმეტად არ უნდა აღნიშნოთ. თუ თქვენი შვილი ცხოვრებაში პირველად მოიგებს საფეხბურთო ჩემპიონატს, მეზობლებისა და ნათესავების მოპატიჟება არ გჭირდებათ. თუ საზეიმო მიღებას მოაწყობთ და ბავშვის გამარჯვებას გრანდიოზულად აღნიშნავთ, ის იფიქრებს, რომ უკვე ყველაფერს მიაღწია, რაც სურდა. ბავშვის მიღწევები ოჯახურ წრეში აღნიშნეთ და მას თქვენი სიხარული გაუზიარეთ.

  • შექება ყოველთვის დროული უნდა იყოს

ბავშვი მაშინ უნდა შეაქოთ, როდესაც ის წარმატებას აღწევს. მისთვის მნიშვნელოვანი მოვლენიდან ერთი კვირის შემდეგ ქებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ბავშვმა ყველაფერი სიღრმისეულად რომ განიცადოს და პროცესის მთლიანობა აღიქვას, ქება დროული უნდა იყოს.

  • ბავშვის შექების დროს ნეგატიური ფრაზები არ გამოიყენოთ

მშობლებს ბავშვის შექება ძალიან აშინებთ, რადგან ფიქრობენ, რომ ის ზედმეტად გათამამდება. თუ თქვენი შვილი სკოლაში ცუდად სწავლობს, მაგრამ სპორტში წარმატებულია, მისი მიღწევების შექებისას, სწავლაში მის წარუმატებლობას ნუ ახსენებთ. თუ ბავშვს აქებთ, მას პარალელურად შენიშნვები არ უნდა მისცეთ.

  • ბავშვის შექებისას მასზე უნდა კონცენტრირდეთ

როდესაც ბავშვს აქებთ, ის სხვებს არ უნდა შეადაროთ. ქების დროს მხოლოდ მასზე უნდა კონცენტრირდეთ. თუ ბავშვს სხვებს შეადარებთ და აღნიშნავთ, რომ ის სხვებზე უკეთესი ან უარესია, ამით მას თავდაჯერებას ვერ შემატებთ.

  • ბავშვს სხვების შრომის დაფასება ასწავლეთ

ბავშვის ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბება თუ გსურთ, მას სხვების შრომის დაფასება უნდა ასწავლოთ. თუ ის სკოლაში წარმატებული მოსწავლეა, უნდა იცოდეს, რომ ეს მხოლოდ მისი დამსახურება არ არის. ბავშვს მასწავლებლისთვის მადლობის წერილი მიაწერინეთ. მან უნდა იცოდეს, რომ ჯგუფური მუშაობა და მიღწევები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ინდივიდუალური წარმატება.

მომზადებულია ​verywellfamily.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„დილით, სანამ ბავშვი საუზმეს მიირთმევს, სასურველია, დავუჭრათ ბულგარული წიწაკა და სტაფილო და წავახემსოთ,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„დილით, სანამ ბავშვი საუზმეს მიირთმევს, სასურველია, დავუჭრათ ბულგარული წიწაკა და სტაფილო და წავახემსოთ,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვთა კვებაში კომბოსტოსა და ბულგარული წიწაკის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია სელენი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ე.წ. ბრიუსელის კომბოსტო, რომელიც ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტურ ვიტამინებს. ხშირად მშობლები კომბოსტოს არ იყენებენ ბავშვთა კვებაში, თითქოს კომბოსტო დისკომფორტს შეუქმნის ბავშვის კუჭ-ნაწლავს. კომბოსტოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სასარგებლო თვისებები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.

ძალიან კარგია ბულგარული წიწაკა. სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დილით, სანამ ბავშვი მიირთმევს საუზმეს და მიირთმევს ფაფას, სანამ ეს ყველაფერი გამზადდება (ძირითადად ფაფას აჭმევენ ხოლმე ბავშვებს), სასურველია, ბავშვს დავუჭრათ ცოტა ბულგარული წიწაკა და სტაფილო ცოცხლად და მცირეოდენით წავახემსოთ. ეს აღძრავს მადას, გარდა იმისა, რომ აქვს კაროტინი. ეს უნდა მოხდეს სეზონურად. პროდუქტი უნდა იყოს ქართული. მშობელმა ძალიან უნდა იზრუნოს შვილის კვებაზე და თითოეულ დეტალს უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ჯანსაღი პროდუქტი მიაწოდოს ბავშვს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„პულსი“

წაიკითხეთ სრულად