,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელია უფრო გავრცელებული?
რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელია უფრო გავრცელებული? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ინფექციონისტი ია ჯალაღანია ესაუბრა.
- ზოგადად რომ ვისაუბროთ, რა არის ნაწლავური ინფექცია?
-ნაწლავური ინფექცია, როგორც სახელი მიგვანიშნებს, ინფექციური პათოლოგიაა, რომლის დროსაც ვითარდება ნაწლავის ანთება. კლინიკურად მისთვის დამახასიათებელია ნაწლავთა მოქმედების ცვლილება, უპირატესად დიარეა (დღის მანძილზე სამჯერ ან მეტჯერ არსებულ ნაწლავთა მოქმედება უპირატესად სითხისშემცველი მასებით),თუმცა დიარეა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ საქმე ნაწლავურ ინფექციასთან გვაქვს.
- რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელი უფრო გავრცელებულია?
- დაავადება წლის ყველა პერიოდში გვხვდება, თუმცა ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით ხშირია ნაწლავთა ვირუსული ინფექციები, ზაფხულში - ბაქტერიული ინფექციები. აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბუნებასთან მეტი კონტაქტიაექსკურსიების, ლაშქრობების, დასვენების სახით.ამასთან, ჰიგიენური ნორმების დარღვევა ცნობიერად თუ არაცნობიერად, მოგეხსენებათ, პატარებს დამოუკიდებლად უჭირთ პირადი ჰიგიენის დაცვა.
- რა არისნაწლავური ინფექციების გამომწვევი მიზეზი?
- გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
ბაქტერიები (კამპილობაქტერია, სალმონელა, შიგელა) ;
ვირუსები (როტავირუსი და ნოროვირუსი);
პარაზიტული აგენტები (კრიპტოსპორიდია და ლამბლია);
ჰელმინთები და ზოგიერთი პარაზიტული ინფექციები(Isospora Belli, Strongyloides Stercocalis, Trichuris trichiura, Entamoeba Histolytica).
- რა სიმპტომებით ხასიათდება?
- ძირითადი და მთავარი სიმპტომებია: დიარეა, გულისრევა, ღებინება, მოვლითი ხასიათის მუცლის ტკივილი, უმადობა, საერთო სისუსტე, ინტოქსიკაციის ნიშნები, ტემპერატურის მატება.
- როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
- კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებების გათვალისწინებასთან ერთად, ზუსტი დიაგნოსტირებისთვის საჭიროა დამატებით ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.ნებისმიერი ინფექციური აგენტით გამოწვეული დიარეა დაახლოებით ერთნაირი კლინიკით ვლინდება, თუმცა მკურნალობის სწორი ტაქტიკისთვის მნიშვნელოვანია გამომწვევი შესაძლო მიზეზის იდენტიფიცირება (პირველადი და ძირითადი კვლევა განავლის საერთო ანალიზია). ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა სისხლიანი დიარეის არსებობა, ვინაიდან აღნიშნულის შესაძლო, მძიმე და საშიში გართულებაა ჰემორაგიულ-ურემიული სინდრომი (HUS), რომლისთვისაც დამახასიათებელია თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება). რაც შეეხება მკურნალობას, აქ უმთავრესია სწორად და მდგომარეობის შესაბამისად მიწოდებული სარეჰიდრატაციო საშუალებები, სიმპტომური მკურნალობა და მართვა. ბინაზე უმართავი მდგომარეობისა და ჩივილების ინტენსივობის მატების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა დროულად მოხდეს დეჰიდრატაციის რისკის შეფასება და ჰოსპიტალიზაციის ჩვენების არსებობა/არარსებობა.
- პრევნეციის საშუალებებზეც რომ ვისაუბროთ.
- მთავარი და ძირითადი ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვაა, რაც გულისხმობს ხელების ჰიგიენას, საკვები პროდუქტების სწორ დამუშავებას, ინდივიდუალური ჰიგიენური ნივთების გამოყენებას, ინფიცირებულთან კონტაქტის არიდებას.