,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„გადით ეზოში ან ქუჩაში და იქ იჩხუბეთ ბავშვთან დაკავშირებით, ბავშვის თვალწინ ამას ნუ აკეთებთ,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის აღზრდისას ოჯახის წევრების შეთანხმებული მოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უფროსების შეუთანხმებელი მოქმედებები ბავშვისთვის დამღუპველია:
„ერთი ეჩხუბება და მეორე ეფერება, ერთი უკრძალავს და მეორე აძლევს, ეს არის დამღუპველი ბავშვისთვის. ჩვენ ხშირად ვესაუბრებით ხოლმე ბებიებსაც და ბაბუებსაც, ვეუბნებით, გვესმის, რომ საუკეთესო უნდათ შვილიშვილისთვის. ხანდახან მშობლებსაც აქვთ ხოლმე ასეთი პრობლემები. მათ აქვთ ერთმანეთის საწინააღმდეგო სტრატეგიები ბავშვის აღზრდისას. მოლაპარაკება ძალიან ძნელია.“
თამარ გაგოშიძის თქმით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ ბავშვის წინ დედის, მამის ან ბებია-ბაბუის მიერ გამოყენებული აღზრდის წესები:
„თუ ჩვენ პრიმატად დავაყენებთ ბავშვის კეთილდღეობას, ჩვენ უნდა ავიტანოთ ის, რომ შეიძლება არ ვთვლიდეთ სწორად რძლის, ქმრის, ცოლის, დედამთილის წესებს, მაგრამ ბავშვის თვალწინ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს ამის განხილვა. ხუმრობით ვეუბნებით ხოლმე ოჯახის წევრებს, გადით ეზოში ან ქუჩაში და იქ იჩხუბეთ ბავშვთან დაკავშირებით. სახლში ბავშვის თვალწინ ამას ნუ აკეთებთ. თუ დედამ თქვა, რომ ბავშვი შეჭამს პირველ საათზე და მანამდე ვერ შეჭამს, მამას და ბებიას შეიძლება ეს არ მოსწონდეს, მაგრამ ეს უნდა შესრულდეს. მერე გაურჩიოს მამამ და ბებიამ საქმე დედას.“
„ჩვენ ვცდილობთ, ოჯახის წევრებს გავაგებინოთ, რომ ბავშვისთვის დათვური სამსახურია ეს. ბავშვი ასე სწავლობს მანიპულირებას, განსაკუთრებით ეს ეხებათ არასრული ოჯახის ბავშვებს. როდესაც მშობლები არიან გაშორებულები, მათ აქვთ დანაშაულის განცდა. ბავშვები ამ დანაშაულის განცდით მანიპულირებენ. როდესაც ბავშვი არის დედასთან, დედასთან მანიპულირებს. როდესაც ის არის მამასთან, მამასთან მანიპულირებს. ასე ყალიბდება ძალიან რთული და ოპოზიციური ხასიათი, რაც ხელს უშლის ბავშვსაც და მის გარშემომყოფებსაც,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.