,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„სტრესულ და ცუდ ქცევას შორის განსხვავება უნდა დავინახოთ,“ - ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი
ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა სტრესულ და ცუდ ქცევას შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ ორ ქცევას შორის სხვაობის დანახვა უნდა შეგვეძლოს:
„სტრესულ და ცუდ ქცევას შორის განსხვავება უნდა დავინახოთ. შენ რომ იქცევი ასე, ეს არის სტრესული ქცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენს ორგანიზმში ფიზიოლოგიურ დონეზე არის დისბალანსი. თუ გაქვს ალერგია, ასთმა, კოვიდი, ან უბრალოდ სახლში კონფლიქტი გაქვს, ეს გახარჯვინებს უამრავ ენერგიას, რომ ამ სტრესს გაუმკლავდე. რესურსი აღარ გრჩება იმისთვის, რომ იფიქრო მომავალზე. შენ არ გაქვს რესურსი, რომ როდესაც ბავშვი გეუბნება: „დედა, ძალიან მეწყინა რაღაც,“ მოუსმინო. პირდაპირ გადადიხარ იმაზე, რომ მოაგვარო ეს პრობლემა. ჩვენს ემოციებს არ სჭირდება მოგვარება. მას უბრალოდ დასრულება სჭირდება. არავის უნდა, რომ სულ მშვიდად ვიყოთ. სიახლეები, აღმოჩენები, რაღაცის შექმნა გვჭირდება. სტრესი აუცილებელია, სტრესი ყველგან მყოფია. თუ ჭარბი სტრესის ქვეშ ხარ, მუდმივად გეცლება ენერგია, რომ სადღაც რაღაცები დააბალანსოს. შენ აღარ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ის აკეთო, რაც გულწრფელად გინდა.“
ნინო მარგველაშვილის თქმით, თუ ვხედავთ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა, პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადავდგათ:
„სულ არის ხუთი ნაბიჯი. პირველი არის ის, რომ ცუდ ქცევას შეხედო, დააკვირდე და დასვა შეკითხვები. ახლებურად უნდა შეხედო. ეს არის ცუდი ქცევა, ჩემი შვილი არის გაწონასწორებულ მდგომარეობაში და განზრახ არჩევანი გააკეთა, რომ ასე მოქცეულიყო. შენთვის ეთქვა ცუდი რამ. უნდა ნახო, განზრახ გააკეთა ეს თუ ბოლომდე ვერ აცნობიერებდა რას შვრებოდა.“
„მეორე საფეხურია, რომ შევამჩნიოთ, რის გამო იქცევა ასე, რა მოხდა. ეს უამრავ სფეროში უნდა იპოვო: როგორ ეძინა ბავშვს? იქ ხმაური იყო, მამას ელოდებოდა, მამა არ მოვიდა, სკოლაში გაკვეთილზე მასწავლებელმა რაღაცაზე გაიცინა. ამას აკვირდები, რომ გაიგო, რა სტრესორებია. შემდეგ ცდილობ, რომ ეს სტრესორები შეამცირო. თუ იცი, რომ შენი შვილი ხმაურზე რეაგირებს, მგრძნობიარეა და ენერგიას აცლის, შეგვიძლია ვიყიდოთ ყურსასმენები, რომელიც ახშობს ხმაურს. ისეთ დროს არ ჩართო გამწოვი, როდესაც ბავშვი მეცადინეობს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.