,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ხმაურს აქვს ძლიერი ზეგავლენა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ტვინზე. ბავშვი ადაპტაციას ძნელად გადის ასეთ გარემოში,“ - მაია ხერხეულიძე
პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ხმაურის ნეგატიური ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვზე ყველაზე უარყოფით გავლენას სატრანსპორტო ხმაური ახდენს:
„რა თქმა უნდა, თვითონ ბავშვები არიან ხმაურიანები, გაცილებით ხმაურიანები ხშირად, ვიდრე მოზრდილები. როდესაც ეს გადადის საბავშვო ბაღის გარემოში, თვითონ შიდა ხმაურმაც, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება რაიმე ზეგავლენა იქონიოს. ამ ხმაურის სერიოზული ზეგავლენა განვითარებაზე, შემეცნებაზე არ ხდება, მაშინ, როდესაც ისეთი ხმაური, როგორიც არის სატრანსპორტო ხმაური, გაცილებით მძიმე შედეგს იწვევს, ვიდრე ბავშვთან დაკავშირებული ხმაური.“
მაია ხერხეულიძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს დიდი ხნით არ მისცენ ხმაურიანი ელექტრონული სათამაშოები:
„კიდევ ერთი კომპონენტი არის სათამაშოები, ელექტრონული სათამაშოები, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზეგავლენა გამოიწვიოს. ელექტრონული სათამაშოები ძალიან ხმაურიანი თუ არის, ხანგრძლივი დროით არ შეიძლება, რომ მოიხმაროს ბავშვმა. ასეთი სათამაშო არ უნდა იყოს ახლო კონტაქტში სახესთან, სასმენ აპარატთან, იმიტომ, რომ ამან შეიძლება სერიოზული ზეგავლენა იქონიოს და ისეთი მინიმალური სმენის დაქვეითება გამოიწვიოს, რომელიც ძალიან ძნელი შესამჩნევია სპეციალური კვლევის გარეშე. ის კი არა, რომ ბავშვს საერთოდ სმენა არ აქვს, მაგრამ ჩურჩული და მშვიდი საუბარი შეიძლება პრობლემური გახდეს.“
„ხმაურს აქვს ძლიერი ზეგავლენა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ტვინზე. ბავშვი ადაპტაციას ძნელად გადის ასეთ ხმაურიან გარემოში. ტვინზე ზეგავლენა რა არის?! პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, ძილის დარღვევა, რაც აისახება სხვადასხვა პრობლემის მხრივ, მაგალითად, ეს არის ჩაძინების გაძნელება. ითვლება, რომ ძილის დროს ოთახში ხმაური 30 დეციბალზე მეტი არ უნდა იყოს. იმ გარემოში, სადაც არის ტრანსპორტის აქტიური მოძრაობა ხმაური 80 დეციბალია. თუ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც ძალიან ახლოს ვართ ქუჩასთან და ფანჯარა ღიაა, 30 დეციბალი ჩვენს საძინებელში არასდროს არ არის. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხშირი გაღვიძება, გამოფხიზლება, არასრულყოფილი ძილი და თავისი ზეგავლენა მოახდინოს შრომისუნარიანობაზე,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.