,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ბავშვის ყველაზე დიდი შიში არის მშობლების სიკვდილის შიში,“ - ყარამან ფაღავა
„პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვების ცხოვრებაში დადებითი ემოციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი განწყობა პატარების ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად მოქმედებს:
„დადებითი ემოცია, კარგად ყოფნა ჯანმრთელობაზე და გამოჯანმრთელებაზეც მოქმედებს. კვლევებით დადგინდა, რომ დეპრივირებულ ბავშვებში, იმ ბავშვებში, რომლებსაც აკლიათ ალერსი, ყურადღება, ჩამორჩენილობა იყო ზრდაში. ასეთი ბავშვები უფრო ხშირად ავადდებოდნენ, აღინიშნებოდა ასევე გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენილობა, აგრესია უფრო მეტად იყო. ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა სახლებში მომვლელები არიან, არც საკვებს აკლებენ ბავშვებს, მაგრამ ალერსს აკლებენ. ვერ ერევა ერთი მომვლელი 12-15 ბავშვს. როგორც კი ბავშვები გაშვილდებიან, იმუნიტეტიც უუმჯობესდებათ და სიმაღლეშიც მატულობენ.“
ყარამან ფაღავამ მშობლებს ურჩია, რომ ბავშვებს სტრესი მაქსიმალურად შეუმსუბუქონ:
„პირველ რიგში, საჭიროა სტრესის მინიმალიზაცია. სტრესი ბავშვს აქვს სამ ადგილას: სკოლაში, ოჯახში, ეზოში ან გარემოში. ყველაზე დიდი სტრესი ბავშვისთვის არის ოჯახური სიტუაცია. თუ ოჯახში დაძაბულობაა, თუ ერთმანეთს უყვირიან მშობლები, ეს უდიდესი სტრესის გამოხატულებაა. მე უკვე აღარ ვლაპარაკობ ავად მოპყრობაზე ბავშვის მიმართ, როდესაც ეჩხუბებიან, შეურაცხყოფას აყენებენ, დასცინიან. ყველაზე დიდი შიში რა აქვთ ბავშვებს? ბავშვის ყველაზე დიდი შიში არის მშობლების სიკვდილის შიში. ყველაზე მეტად ბავშვს ეშინია მშობლების სიკვდილის. პატივცემულო მშობლებო, მიხედეთ თქვენს ჯანმრთელობას. შეწყვიტეთ სიგარეტის მოწევა, ხომ იცით, რომ ეს სიცოცხლეს გიმოკლებთ, მაინცდამაინც შვილის გაუბედურება გინდათ?! ასეთი სტრესები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.“
ყარამან ფაღავას თქმით, ბავშვი აბსოლუტურად უსტრესოდ არ უნდა გაიზარდოს, რადგან მას სტრესის დაძლევის ცოდნა აუცილებლად სჭირდება:
„სულ უსტრესოდაც არ გამოდის. თუ ბავშვი უსტრესოდ გაიზარდა, სულ ოჯახში კი არ იქნება, საბავშვო ბაღში მივა, სკოლაში მივა. ეს ოჯახშია, რომ ყველაზე საყვარელი და ყველაზე მოსაფერებელია, გარეთ უკვე კონკურენციაა. სტრესს მიჩვეული უნდა იყოს ბავშვი და უნდა იცოდეს სტრესის დაძლევა. სხვათა შორის, მკურნალობაც სტრესის დაძლევას გულისხმობს. ოჯახში უნდა იყოს კარგი, თბილი გარემო, ნდობა უნდა იყოს. ერთმანეთს უნდა უნაწილებდნენ სიახლეებს, უნდა უთხრან, როგორ გადაწყვიტონ ესა თუ ის პრობლემა. ზოგჯერ ბავშვს პატარა პრობლემა აქვს, ჩვენ გვეჩვენება, რომ დიდი არაფერი, მაგრამ ბავშვისთვის ეს პრობლემაა. უნდა დავეხმაროთ მას პრობლემის გადაწყვეტაში.“
„საქმით უნდა იყოს დაკავებული ბავშვი. ყველაზე მთავარი ეს არის ალერსი. ზოგიერთს ჰგონია, რომ ზედმეტი ალერსით ბავშვი გაფუჭდება, არავითარ შემთხვევაში! ყველაფრის ნების მიცემა არ შეიძლება. უნდა ვუთხრათ ბავშვს: შვილო, ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ, შენზე უკეთესი არავინ მყავს, მაგრამ რაც არ შეიძლება, არ შეიძლება,“- აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.