,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„მუქარა ეს არის ძალადობა ბავშვზე, შესაბამისად ამის გაკეთება არის მიუღებელი,“ - ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე
ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე ბავშვის მიმართ მუქარის გამოყენების მიუღებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მუქარა არასდროს ამართლებს:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი ძალიან ცუდად ჭამდა, არასდროს ვემუქრებოდი. მე უბრალოდ ვთავაზობდი სხვა რამეებს, სახალისო საკვებს. შეგვიძლია ვიყოთ უფრო კრეატიულები, გავაფორმოთ საკვები. ყველაზე ცუდია, როდესაც დასჯის მსგავს მეთოდს მივმართავთ, რომელიც არ ამართლებს. ბავშვი არაფერზე აღარ რეაგირებს. ერთხელ დაემუქრეთ, მეორედ, მესამედ და რომ არ ასრულდა მუქარა, მას აღარ სჯერა.“
ნათია კუჭუხიძის თქმით, მუქარა ძალადობაა და მისი გამოყენება დაუშვებელია:
„ბავშვი განცდებით ოპერირებს. მან ზუსტად იცის, როდის რას განიცდის მშობელი. ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიცოდეთ, რომ მუქარა ეს არის ძალადობა ბავშვზე, შესაბამისად ამის გაკეთება არის მიუღებელი. ის, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი ემოციების მართვას, არის ჩვენი პრობლემა, ბავშვის პრობლემა არ არის. ნებისმიერი სახის მუქარა არის ძალადობა. რა ასაკისაც უნდა იყოს, ბავშვს უნდა შევთავაზოთ არჩევანი. ჩემი შვილი ჭამდა მარტო ორ წვნიანს, ბორშს და გუფთას. ეს იყო დიდი შრომის შედეგად მიღწეული.“
ნათია კუჭუხიძე აღნიშნავს, რომ ბავშვთან ურთიერთობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისას დიდი მნიშვნელობა აქვს მის ასაკს:
„პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. ორ წლამდე ასაკის ბავშვი სხვაგვარად აღიქვამს გარემოს, ორიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვი - აბსოლუტურად სხვაგვარად. თერთმეტი წლიდან ბავშვები ისევე აღიქვამენ გარემოს, როგორც ჩვენ. მუქარა ნებისმიერ ასაკში ძალიან მაღალი რისკის შემცველია, განსაკუთრებით მცირეწლოვანებთან. ბავშვი ფიქრობს, რომ მისთვის სამყარო არ არის უსაფრთხო, სანდო. ის ფიქრობს: „საკმარისია მე ცოტა გავჯიუტდე ან გავბრაზდე და ჩემზე უარს იტყვიან.“ ვერ ვიტყვი, რომ ეს ბავშვს მთელი ცხოვრება გაჰყვება. ადამიანების ფსიქიკა განსხვავდება ერთმანეთისგან. რამდენიც ვართ, იმდენი განსხვავებული ფსიქიკაა. რისკ-ფაქტორებია ჩვენი მოწყვლადობა, გენეტიკური განპირობებულობა, გარემო, რომელშიც ვიზრდებით. რამდენადაც მხარდამჭერია ოჯახი ჩემი, რამდენადაც მისაღებია მათთვის ჩემი გაბრაზება, იმდენად დაცული ვარ. როდესაც გველოდებიან, როდის დავასრულებთ ჩვენს ტრაგედიას, ე.ი. მათთვის ეს მისაღებია.“
„ბავშვი თვითონ ისწავლის მუქარას, ის ისევე იოპერირებს, როგორც ოპერირებდნენ მასთან მშობლები, პედაგოგები. ეს ასე არ ხდება ყოველთვის. დამცავი ფაქტორებიც ბევრია. ყოველთვის არსებობს ოჯახში თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც ესმის ჩვენი. ის გვახალისებს, გვეუნება: „არაუშავს, დედა გაბრაზებულია." პედაგოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება იყოს ძალიან დესტრუქციული ოჯახი, იყოს ბევრი რისკ-ფაქტორი ბავშვისთვის, მაგრამ თუ პედაგოგი მხარდამჭერი ადამიანია, მას შეუძლია გააძლიეროს ბავშვი. შეურაცხყოფა არის ძალადობა, ღირსების შემლახველი მიმართვა არის ძალადობა. ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება იწვევს უკუქმედებას. ჩემთვის ქალბატონებს ხშირად უთქვამთ: „იცით მე დედა როგორ მცემდა? მე ისე არ ვცემ.“ მთავარია ღირსება არ შევულახოთ ბავშვებს. მოვექცეთ პატივისცემით,“ - აღნიშნავს ნათია კუჭუხიძე.