,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„თუ ბავშვთან 72 საათის შემდეგ კვლავ ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად მიმაჩნია, გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ომიკრონის დროს ბავშვებში ცხელების მართვის შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:
„ომიკრონის შემთხვევაში არის ხოლმე ასე, რომ მშობლები ბავშვს მისცემენ სიცხის დამწევს და ტემპერატურა, იმის ნაცვლად, რომ დაიწიოს, მაღლა მიდის. როდესაც ტემპერატურა მიდის მაღლა, სანამ ის პიკს მიაღწევს, ბავშვისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვების სპაზმი და კანკალი. ზოგჯერ არის ხოლმე, თითქოს ბატუტზე ხტუნაობს ბავშვი, ისეთი ძლიერი შემცივნებაა. როდესაც ტემპერატურა პიკს მიაღწევს, ბავშვი ცხელდება, ხურდება. ამ დროს ბავშვი აუცილებლად უნდა გავაგრილოთ. როდესაც კანკალია, შეიძლება ბავშვი ჩავათბუნოთ.“
ინგა მამუჩიშვილის თქმით, ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს, შესაძლოა, ბავშვს სიცხის დამწევი საშუალების გაორმაგებული დოზა მივცეთ:
„ავტორთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ბავშვს ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს, შესაძლოა, მივცეთ სიცხის დამწევი საშუალების გაორმაგებული დოზა. შეიძლება ამ დროს თავის ტვინში ჰიპოქსიური პროცესების განვითარება მოხდეს. თუ სიცხის დამწევი მივეცით, მაგრამ ტემპერატურა კვლავ მაღლა მიდის, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ხალხური მეთოდები. ბავშვი გავაშიშვლოთ, დავზილოთ ოთახის ტემპერატურის თბილი წყლით და არა ცივი წყლით! ბავშვს უნდა დავუზილოთ კიდურები, მაგისტრალური სისხლძარღვების ადგილები. ზოგიერთს ამ ხალხურ მეთოდებზე ეცინება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამართლებს ეს მეთოდები. ათქვეფილი კვერცხის გული წასმული ხელისგულებსა და ფეხისგულებზე მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება ერბოკვერცხივით შეიწვას და ამ დროს ტემპერატურა მოდის დაბლა. სითხეებით, გრილი ჩაებით, რძით, კომპოტებით დავტვირთოთ ბავშვი. ბავშვმა შეიძლება არ დალიოს სითხე, მაგრამ ყლუპებით მაინც უნდა შევთავაზოთ.“
„ვინაიდან დღეს საქმე გვაქვს ომიკრონთან და შტამთან, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად შეუსწავლელია, სასურველია მაღალი ტემპერატურის პირველივე დღეს ბავშვის პირადი ექიმი ჩავაყენოთ საქმის კურსში, დავურეკოთ, ვესაუბროთ. თუ ბავშვთან 72 საათის შემდეგ კვლავ ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად მიმაჩნია, გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, თუნდაც ჰემოგრამა, რათა შევისწავლოთ ბავშვის ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ომიკრონი ახალი შტამია და ჩვენ არ ვიცით ის როგორ განვითარდება, ამიტომ სისხლის საერთო ანალიზი მაინც გავაკეთოთ ბავშვებში,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.