Baby Bag

სამი ვაჟის დედამ მომავალ რძალს წერილი მისწერა, რომლის წაკითხვისას ცრემლებს ვერ შეიკავებთ

სამი ვაჟის დედამ მომავალ რძალს წერილი მისწერა, რომლის წაკითხვისას ცრემლებს ვერ შეიკავებთ

​​რძლებსა და დედამთილებს შორის ურთიერთობები განსხვავებულია. ზოგიერთ ოჯახში სრული ჰარმონია სუფევს, ზოგიერთი რძალი და დედამთილი კი მეტისმეტად მტრულ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან. სამი ვაჟის დედამ მომავალ რძალს წერილი მისწერა, რომელიც საკუთარ ბლოგზე განათავსა. ემოციურმა წერილმა უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა. ქალბატონები არ მალავდნენ, რომ წერილის კითხვისას ცრემლების შეკავება ვერ შეძლეს. ჩვენს სტატიაში წერილს უცვლელად გთავაზობთ.

წერილი მომავალ რძალს

„ცოტა ხნის წინ ვიღაცამ მკითხა, როგორი მამაკაცები მინდა იყვნენ ჩემი შვილები, როდესაც გაიზრდებიან. ამ კითხვაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. როდესაც ჩემს ვაჟებს ვუყურებ, ვხედავ, რომ ისინი პატარა ბიჭები არიან, თუმცა არ მსურს, რომ შვილები პატარა ბიჭებად აღვზარდო. მე მამაკაცებს ვზრდი, რომლებიც ერთ დღეს ქმრები და ​მამები გახდებიან. ჩემი ვალია ვასწავლო შვილებს ყველაფერი, რაც აუცილებელია, რომ იცოდნენ, რათა ისინი მზად იყვნენ სამყაროში საკუთარი როლის ღირსეულად შესრულებისთვის. ჩემს ვაჟებთან გატარებული ყოველი დღე ღმერთის საჩუქარია და მე უდიდესი სერიოზულობით ვეკიდები ამ პასუხისმგებლობას.

ძვირფასო მომავალო რძალო, მსურს რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ გითხრა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის, რის თქმასაც ვისურვებდი, თუმცა სასაუბროდ ჩვენ ძალიან ბევრი დრო გვექნება. მე შენ ჯერ არ გიცნობ, მაგრამ უკვე მიყვარხარ, რადგან ერთ დღეს შენ ჩემს ვაჟს შეიყვარებ, ის კი სიყვარულით გიპასუხებს. გაივლის დრო და ეს პატარა ბიჭი შენი მეუღლე გახდება. ის ყოველთვის იქნება ჩემი, მაგრამ შენ ბევრ შემთხვევაში ჩაანაცვლებ ჩემს ადგილს.

ერთ დღეს შენი ხელი შეცვლის ჩემს ხელს, შენი თვალები სიმშვიდეს მოუტანს ჩემს ვაჟს, შენი გული კი იქცევა მის სახლად. ღამით სწორედ შენ გაჩუქებს ის კოცნას, შენ გაგიზიარებს მიზნებს და ოცნებებს, შენ დაამშვიდებ მას, როდესაც ცუდად იქნება. შენს ხელში იქნება ჩემი ვაჟის გული, რომელიც ძგერს ჩემს გულთან ახლოს, როდესაც საღამოობით ერთმანეთს ვეხუტებით.

შენ ყველაფერი ხარ შენი​ ოჯახისთვის, ისევე, როგორც ჩემი ვაჟები არიან ჩემთვის. ვისურვებდი, რომ მშობლები იყვნენ შენი მხარდამჭერები, გიცხადებდნენ ნდობასა და თანადგომას, გჩუქნიდნენ სიყვარულს. ვლოცულობ, რომ მშობლებმა, პირველ რიგში, საკუთარი თავის სიყვარული გასწავლონ, რადგან სხვაგვარად ვერ შეძლებ სხვა ადამიანის შეყვარებას. ვლოცულობ, რომ ყოველ დღე გაგრნობინონ თავი ღვთის საჩუქრად. ვლოცულობ, იგრძნო, რომ როდესაც ღმერთი გიყურებს, ის შენი სახით მის მიერ შექმნილ პრინცესას ხედავს. მე ჩემს ვაჟს ვზრდი მამაკაცად, რომელიც სწორედ ასეთი თვალებით შემოგხედავს.

ვლოცულობ, რომ იცოდე საკუთარი თავის ფასი და პატივისცემით ეპყრობოდე სხვებს. ვლოცულობ, არ გეშინოდეს იმის თქმა, რასაც ფიქრობ. კონსტრუქციული კრიტიკა ძალიან სასარგებლოა მამაკაცებისთვის.

მე არ შემიძლია ავიღო სრული პასუხისმგებლობა ჩემი შვილის ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე. ის თავად არის საკუთარი თავის ბატონი. მას აქვს ხასიათის თავისებურებები და უნიკალური თვისებები, რომელთა გაცნობას დროთა განმავლობაში აუცილებლად შეძლებ. ერთ დღეს შენ იქნები ადამიანი, რომელიც ყველაზე უკეთ გაიცნობს ჩემს ვაჟს. მიეცი მას შესაძლებლობა იყოს ის, ვინც არის. მე კი ვასწავლი ჩემს ვაჟს, რომ ასევე მოგექცეს შენც.

ვლოცულობ, რომ ერთად ყოფნით ორივენი უკეთესები გახდეთ. გპირდები, რომ გაგიზიარებ ჩემს ცოდნას, საიდუმლოებებს, რომელიც ვიცი მის შესახებ, რათა დაგეხმარო მის სიყვარულში. მე მოგანდობ შენ ჩემი შვილის გულს, ისევე როგორც შენ მიანდობ მას საკუთარს. ჩემთვის ეს ცარიელი სიტყვები არ არის და იმედი მაქვს, რომ არც შენთვის იქნება. მე ჩემს ვაჟს ვზრდი მამაკაცად, რომელსაც ეცოდინება, რომ ქალის გული შეუფასებელია და თუ მას დაამსხვრევ, ის უკვე აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

არ მინდა ჩემი ვაჟი ის მამაკაცი იყოს, რომელიც გულს გატკენს. მე მას ვზრდი მამაკაცად, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგიფრთხილდება შენ და გაუფრთხილდება თქვენს სიყვარულს. მე მას ვასწავლი შენს დაფასებას და ​პატივისცემას, რომელიც ურთიერთობაში ორმხრივი უნდა იყოს.

მე ვცდილობ ჩემი ვაჟები ძლიერები და ამავე დროს მგრძნობიარეები გავზარდო, მამაცები, მაგრამ თავმდაბლები. მსურს ჩემს ვაჟებს ძლიერი გული ჰქონდეთ, მაგრამ არ ეშინოდეთ დახმარების თხოვნა, იყვნენ ლიდერები და აღიარებდნენ ავტორიტეტებს. ვლოცულობ, ჩემი ვაჟი აცნობიერებდეს იმ პატივს, რომელსაც მას შენთან ყოფნა მიანიჭებს. ვლოცულობ, რომ ის ღირსეულად გემსახუროს, შენ კი არ ისარგებლო ამით ბოროტად.

ვლოცულობ, რომ ჩემს ვაჟს ესმოდეს თავისი ვალდებულებები, იყოს მოწესრიგებული, გულწრფელი, ერთგული და მხიარული ადამიანი. ვლოცულობ, რომ ის ყოველთვის მიიწევდეს თავისი ოცნებებისკენ და არაფერი ეღობებოდეს წინ. ვლოცულობ, რომ ერთმანეთისთვის არასდროს იქცეთ წინაღობად.

მთელი ჩემი ძალები ჩემი ვაჟის​ დამოუკიდებელ ადამიანად აღზრდას მოვახმარე, რათა ის შენში დედას არ ეძებდეს. ამ როლს მეც სავსებით კარგად ვუმკლავდები. მე ვასწავლი ჩემს შვილს, რომ შენც ხარ ვიღაცის შვილი, რომელიც უპირველესად ღმერთს და მშობლებს ეკუთვნის, შემდეგ კი მას.

ვლოცულობ, რომ შენი სიყვარული ჩემი ვაჟისადმი ყოველდღიურად გაიზარდოს და იყოს ზღვარდაუდებელი. ვლოცულობ, რომ მასაც ასევე ძლიერად უყვარდე. ვლოცულობ, რომ ორივემ ერთად შექმნათ თქვენი ცხოვრება და არასდროს დაივიწყოთ, როგორ შეძელით ამის გაკეთება. იყავით ძლიერები ერთად. თქვენ მთელი ცხოვრება დაგჭირდებათ ერთმანეთი. მართალია, ჩემს ვაჟს ვასწავლი, რომ ის შენთან სურვილის გამო უნდა იყოს და არა საჭიროების, მაგრამ ზოგჯერ მას ძალიან დასჭირდები, ის კი შენ დაგჭირდება. ამ დროს ​აუცილებლად იყავით ერთმანეთის გვერდით.

​გიყვარდეთ ერთმანეთი, დაეხმარეთ ერთმანეთს, აირჩიეთ ერთმანეთი!

თანაცხოვრება ყოველთვის მარტივი არ არის. შესაძლოა, ერთ დღეს შენს მეუღლეს შეხედო და დაეჭვდე შენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში. ვლოცულობ, რომ ამ დროს გაიხსენო ფუნდამენტი, რომელზეც დგას თქვენი ურთიერთობა და გააცნობიერო, რატომ აირჩიე მის გვერდით ცხოვრება.

გპირდები, რომ ჩემს შვილს ვასწავლი, როგორ იზრუნოს საკუთარ თავზე, როგორ გარეცხოს ჭურჭელი, ტანსაცმელი და არ მოგიხდეს ყველაფრის მარტო კეთება. მე მას ვასწავლი, რას ნიშნავს იყო პარტნიორი. მე მას ვასწავლი გულახდილობას და საიდუმლოებების შენახვას. მე მას ვასწავლი შენ მიერ ნათქვამი სიტყვების სწორად გაგებას და შენს მხარდაჭერას, შენს დანახვას, შენს სიყვარულს.

კიდევ ბევრი წელი გაივლის, ვიდრე ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, მაგრამ მე ყოველდღიურად ვილოცებ შენთვის. მე შენ მეყვარები და როდესაც შეგხვდები, უფრო ძლიერად შეგიყვარებ, რადგან შენ ჩემი ვაჟი გეყვარება და ჩემი შვილი გახდები.

მომზადებულია ​adme-ru - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

დედას, რომელიც ძალიან დაიღალა
​დედას, რომელიც ძალიან დაიღალა და სააბაზანოში ჩაკეტილი ჩუმად ტირის, დედას, რომელიც სააბაზანოს გარდა სხვა ადგილს ვერ პოულობს, სადაც დამშვიდებას შეძლებს. ის ტირის, რადგან დაღლილობისგან აღარ იცის, როგორ...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გადავლახოთ მშობიარობის შიში? - რჩევები ორსულ ქალბატონებს

როგორ გადავლახოთ მშობიარობის შიში? - რჩევები ორსულ ქალბატონებს

ორსული ქალბატონები ხშირად ძალიან ღელავენ მოსალოდნელი მშობიარობის გამო და შიშისგან ღამეებსაც ათენებენ. მათი შიშები მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე ხშირად მომავალ დედებს სამშობიარო ტკივილების ეშინიათ. გარდა ამისა ქალბატონები ღელავენ მშობიარობის შესაძლო გართულებებზე, ბავშვის ჯანმრთელობაზე, გაუთვალისწინებელ სირთულეებზე და ა.შ.

ორსული ქალბატონები მშობიარობის დაწყების ცრუ სიმპტომებისა და რეალური ნიშნების ერთმანეთისგან გარჩევის სირთულეზეც ხშირად ფიქრობენ. არ აქვს მნიშვნელობა სიმპტომები რეალურია თუ მოჩვენებითი, ნებისმიერი დისკომფორტისა და უჩვეულო ნიშნების დროს ორსულმა ქალბატონმა ექიმს უნდა მიმართოს. მნიშვნელოვანია, რომ ორსული მუდმივ კონტაქტში იყოს ექიმთან, რომელიც მას მისი სიმპტომებიდან გამომდინარე ურჩევს, როგორ მოიქცეს, რაც ორსულ ქალბატონს სამშობიაროში დროულად მისვლის შესაძლებლობას მისცემს.

მომავალ დედებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ სამშობიარო ბლოკში სიმშვიდის შენარჩუნება შესაძლებელია, თუმცა ეს რთული არ არის. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ პროფესიონალების გარემოცვაში იმყოფებიან და მშობიარობის პროცესი აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.

დედებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ემოციები ბავშვსაც გადაედება. დედა და ბავშვი ერთი გუნდია, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ დედამ სიმშვიდე შეინარჩუნოს, რათა მშობიარობის პროცესი ორივესთვის მარტივად წარიმართოს.

ორსულებს ასევე ეშინიათ მშობიარობის დროს შორისის ჩაჭრის საჭიროების წარმოქმნის და ფიქრობენ, რომ პროცედურა მტკივნეულია, თუმცა ეს ასე არ არის და ეპიზიოტომია უმტკივნეულოდ ტარდება.

ორსულმა ქალბატონებმა გესტაციურ პერიოდში პროფესიონალებისგან რჩევები რეგულარულად უნდა მიიღონ. ეს მათ არასაჭირო შიშებისა და  ცრურწმენების ზეგავლენისგან დაიცავს.

ორსულებზე ძალიან კარგად მოქმედებს იოგა, რაც მათ განტვირთვაში ეხმარება. მნიშვნელოვანია სხვა ორსულებთან გამოცდილების, განცდებისა და მოლოდინების გაზიარება და აზრების გაცვლა-გამოცვლაც.

ორსულმა ქალბატონმა დასვენებისთვის ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და თავი გაინებივროს. განწყობის ასამაღლებლად და მშობიარობის მიმართ შიშების გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ორსულმა მის გარშემო დადებითი ატმოსფერო შექმნას. სქესის გამოცნობის ცერემონია, ბავშვის ტანსაცმლისა და ნივთების შეძენა, ჩვილის ოთახის მორთვა, ფოტოსესიების მოწყობა - ეს ყოველივე ორსულს ყურადღების გადატანასა და მშობიარობის შიშების გადალახვაში დაეხმარება.

მთავარია, რომ ორსულმა საკუთარი თავის ირწმუნოს და საკუთარ ორგანიზმს ენდოს. მომავალი დედა შვილის დაბადების უბედნიერეს წუთებს დადებითი მოლოდინით უნდა შეხვდეს და ირწმუნოს, რომ ყველაფერი საუკეთესო წინ არის.

წყარო:​ youaremom.com

წაიკითხეთ სრულად