Baby Bag

როგორ ავუხსნათ ყველაზე პატარებს, რა არის კორონავირუსი და როგორ იყვნენ ფრთხილად? - პედიატრ თამარ ობგაიძის კორონა ამბავი ბავშვებისათვის

როგორ ავუხსნათ ყველაზე პატარებს, რა არის კორონავირუსი და როგორ იყვნენ ფრთხილად? - პედიატრ თამარ ობგაიძის კორონა ამბავი ბავშვებისათვის

ცნობილი პედიატრი თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე ბავშვებისთვის ​კორონა ამბავს აქვყენებს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

„​ყველაფერი კარგად იქნება

(კორონაამბავი ბავშვებისათვის)
- დღეს საბავშვო ბაღში არ მიდიხარ. - ელენეს დედის ხმა არ მოეწონა.
- რატომ?
არადა როგორი დილა იყო, ალერსიანი მზით სავსე.
- იმიტომ, რომ გარეთ კორონავირუსი დადის.
- კორონავირუსი რა არის? - იკითხა ელენემ, მაგრამ ოთახში დედა უკვე აღარ იყო. სამაგიეროდ, სამზარეულოდან ბლენდერის ხმა ისმოდა. ელენეს საუზმე უკვე მზადდებოდა.
ხმაურზე კუთხეში, საკუთარ ღუნღულა საწოლში მოკალათებულმა მუსიე რენემ ყურები ცქვიტა. ელენეს გაღვიძება მალე ეზოში გასეირნებას ნიშნავდა. ჰო, მართლა, მუსიე რენე პატარა თეთრი ხუჭუჭა ძაღლია.
- კორონავირუსი ერთი ბეწო ავი ცოცხალი ვირუსია, რომელსაც შეუძლია, ადამიანი ავად გახადოს. ცუდი ისაა, რომ ის თვალით არ ჩანს - გამოსძახა გვერდზე საწოლიდან სანდრომ. სანდრო ელენეს ძმაა. - იცი, როგორია? მრგვალი და ბევრი, დიიიდი საცეცები აქვს და მოდის, მოდის...- სანდრომ ხელები ავისმომასწავებლად აღმართა, შუბლი შეიკრა და საბნისქვეშ შეძვრალ ელენეს დააცხრა.
- დედააააააა! - ხმაურზე ოთახში შემოსულ დედას ოთახში ატირებული ელენე, ახარხარებული სანდრო და შეშინებული რენე დახვდნენ.
- კორონავირუსი ჩემთანაც მოვა?
- არ მოვა, თუ დაემალები - დედა ისეთი მშვიდი იყო, ელენეს აღარ შეეშინდა.
- როგორ დავემალო? -დედის მკერდს მიხუტებული ელენე ჩუმად სლუკუნებდა-სამსახურში წამიყვანე, შენთან ერთად არ მეშინია.
- სამსახურში როგორ წაგიყვანო? - გაეღიმა დედას - შენ ხომ კორონავირუსის გეშინია. იქ კი ბევრი კორონავირუსია.
ელენეს გაახსენდა, რომ დედა ექიმი იყო და საავადმყოფოში მუშაობდა.
- მე გასწავლი, როგორ დაემალო კორონავირუსს. - პიჟამოიანი სანდრო ლოგინიდან წამოხტა. - აბაზანაში წამომყევი.
მწყობრად დაადგნენ სააბაზანოს გზას - წინ სანდრო, უკან ელენე, სულ ბოლოს მუსიე რენე მხიარული ყეფით.
სანდრომ ონკანი მოუშვა.
- აი, მიყურე. წესი პირველი - დაიბანე ხელები საპნით ხშირად! თუ ხშირად დაიბან, მარტო კორონავირუსი კი არა, არც სხვა ვირუსები მოგეკარება.
სანდრომ მაჯები დაიკაპიწა და ხელები მოშვებულ წყალს შეუშვირა.
- იბან 20 წამის განმავლობაში.
- საათი რომ არ მაქვს?
- არ გჭირდება საათი. უბრალოდ სწრაფად დათვალე 20-მდე. მიდი.
ელენემაც შეუშვირა პატარა ხელები წყალს. -ერთი, ორი, სამი...
-კარგად დაიბანე და ცერა თითები არ გამოგრჩეს.
ბავშვებმა სველი ხელები გაიმშრალეს.
- წესი მეორე - დადექი შენი მეგობრებისგან ცოტათი შორს.
ეს უკვე ძნელი იყო.
სანდრომ ნაბიჯები დათვალა და ელენესგან მოშორებით დადგა.
- ამ მანძილზე ვირუსი ვერ მოგვწვდება.
- წესი მესამე - ქუჩაში გასვლისას გაიკეთე პირბადე.
სანდრომ დას პირბადე სწრაფად მოარგო ცხვირ-პირზე. - მხოლოდ პატარა ბავშვებს არ უკეთიათ ნიღაბი. შენ ხომ პატარა აღარ ხარ?!
- ვერ ვსუნთქვ! - დაიჩივლა ელენემ და პირბადე ოდნავ ქვემოთ დასწია.
- ასე არა! დაიმახსოვრე, პირბადე სწორად გიკეთია, თუ ცხვირიც და პირიც დამალული გაქვს. აი, მიყურე! სანდრომ საიმედოდ მოირგო ადამიანი-ობობას გამოსახულებიანი პირბადე.
- როცა გახველებს, გაცემინებს ან ხმამაღლა ლაპარაკობ, პირიდან და ცხვირიდან პაწაწინა წვეთები იფრქვევა, რომელშიც კორონავირუსებია. თუ ეს წვეთები შენს სახეს მოხვდა, ვირუსი შენთანაც შემოძვრება. თუ ორივეს ნიღაბი გვეკეთება, წვეთები და ვირუსი ჩვენამდე ვერ მოაღწევენ და ავადაც არ გავხდებით.
ნიღაბაფარებული ელენე ყურადღებით უსმენდა ძმას.
- წესი მეოთხე - თუ ყელი გტკივა, სიცხე გაქვს, ცხვირში გიჭერს ან ...ან... რა ვიცი, ცუდად ხარ მოკლედ, დედას უნდა უთხრა და გარეთ არ გახვიდე, რომ სხვებსაც არ გადასდო.
-და რენეს ვინ გაასეირნებს? -შეფიქრიანდა ელენე და რენემაც ისევ აცქვიტა პატარა ყურები.
- წესი მეხუთე - როცა გახველებს ან გაცემინებს...
- ეგ ვიცი, ცხვირ-პირზე ხელი უნდა ავიფარო - შეწყვეტინა გოგომ და სახეზე პატარა ხელები აიფარა.
- არაფერიც! ეგ სწორი არაა! ცხვირ-პირზე იდაყვი უნდა აიფარო. აი ასე.- სანდრომ სახესთან მოხრილი იდაყვი მიიტანა.- თუ ასე დაახველებ, წვეთები არ გაიფრქვევა და თან ხელები სუფთა დაგრჩება.
- აააა-ჩაფიქრდა ელენე და სანდროსავით მოხარა იდაყვი.
- და თუ დაგავიწყდა და მაინც ხელები მიიტანე ცხვირ-პირთან? - ბიჭი გამომცდელად უყურებდა დას - მაშინ?
- მაშინ აბაზანაში უნდა წავიდე და ხელები დავიბანო - ამაყად მიუგო ელენემ.
- ყოჩაღ! და თუ სახლში არ ხარ და არც წყალი გაქვს?
ეს უკვე მძიმე ამოცანა იყო და ელენეს პასუხი არ ჰქონდა.
- ჰოოოდა, დაიმახსოვრე! ჩანთაში უნდა გქონდეს საინტაიზერი. ამ სითხის ხელებზე წასმისას წყალი არ დაგჭირდება, ის ვირუსებისაგან იცავს.
- საანი ტაააიიზი? - სასაცილოდ ჩამომარცვლა გოგომ
- ჰოოო, ხელების დასამუშავებელი სითხე. აჰა! გქონდეს - გაუწოდა ჩანთიდან ამოღებული პატარა ბოთლი სანდრომ - მე კიდევ მაქვს. -ესეც მეექვსე წესი.
- კიდევ არის წესები? რენე უნდა გავიყვანო ეზოში, არ მცალია! - მობეზრდა ელენეს კორონავირუსთან ბრძოლა. რენე კი მოუთმენლად იდგა სახლის კართან.
- არის! - ოთახში შემოსულ დედას გემრიელი საუზმის სუნი შემოჰყვა. - მეშვიდე წესი: - თუ გინდა, რომ ავად არ გახდე, კარგად უნდა ჭამო. და თან ისეთი საკვები, სადაც ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, რომელიც იმუნიტეტს გააძლიერებს.
აი, აქ კი სულ დაიბნა პატარა ელენე.
- იმუნიტეტის გაძლიერება რაღაა?
- იმუნიტეტი ჩვენი დაცვაა, ამიტომ თუ ის ძლიერია, კორონავირუსი ვერ მოგვერევა. გაიგე? - ეს მამა იყო, ის სამსახურში ყოველდილას ველოსიპედით დადიოდა, ახლაც გამოსაცვლელ ტანსაცმელს ალაგებდა ჩანთაში - უნდა ჭამო ხორცი, ფაფები, ხილი და ბოსტნეული, რძეც დალიო და ყველაფერზე „არ მინდა“ არ უნდა იძახო!
- სწორია! - გაზქურასთან მდგარ დედას უკვე გადმოეღო ომლეტი ელენესთვის თეფშზე და ფორთხოლის წვენს უსხამდა.
ყველაფრისმცოდნე სანდრო რძეში ბურღულს იყრიდა. ის ყოველთვის თავად იმზადებდა ფაფას.
- თუ სასარგებლო საჭმელს შეჭამ, ბევრ ვიტამინს მიიღებ და ავად აღარ გახდები.
- და კიდევ, დაიმახსოვრე მერვე წესი - ოხშივარავარდნილი ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა მამამ -აუცილებლად უნდა ისეირნო სუფთა ჰაერზე, ითამაშო, ირბინო. გახსოვდეს, ყოჩაღებს კორონავირუსი ვერ ერევა.
- ისევ კორონავირუსზე ლაპარაკობთ?- კარის ზღურბლზე ბებო იდგა.
- უჰ, სულ დამავიწყდა! - წამოხტა სანდრო- ელენე, აი, მეცხრე წესი - დროებით არ ჩავეხუტოთ ბებოს და პაპას, ჩვენ მათ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ.
ეს ბოლო წვეთი იყო და ელენე ატირდა.
- რატოოოოომ?
- იმიტომ, რომ ბებიებს და ბაბუებს კორონავირუსმა შეიძლება... შეიძლება... ძალიან ატკინოს რამე, უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ.
ბებო რისი ბებოა?! მაინც ჩაეხუტა ატირებულ ელენეს და როცა დედიკო და მამიკო სამსახურში წავიდნენ, კარადაში გადამალული ფორთხოლიანი ნამცხვარიც გამოაჩინა.
- მე მაინც მგონია, რომ ეს კორონავირუსი დიდი ხანი ჩვენთან ერთად ვერ იცხოვრებს. აი, სულ ცოტა ხანი უნდა გავიჭირვოთ და წესები დავიცვათ.
- ვერ იქნება, ჰო. მეცნიერები ვაქცინაზე მუშაობენ - ყველაფრისმცოდნე სანდრომ ნამცხვრის დიდი ნაჭერი სწრაფად გადაყლაპა. ისე, დედას არ უყვარდა, როცა ბავშვები ბევრ ტკბილეულს ჭამდნენ.
ვაქცინა რა იყო, ელენეს ახსოვდა - 1 კვირის წინ დედამ კლინიკაში რომ წაიყვანა, რაღაც ნემსი გაუკეთეს და უთხრეს, ავად აღარ გახდებიო.
- კი, მალე წავა - დაუდასტურა ბებიამ - როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთს უფრთხილდებიან და ზრუნავენ, არ შეიძლება, ყველაზე ცუდი ამბავიც კი კარგად არ დასრულდეს. ეს მეათე და მთავარი წესია!
- და ყველაფერი კარგად იქნება! - ელენემ რენეს საბელი მოიტანა - ჩვენ სასეირნოდ მივდივართ!
- და ყველაფერი კარგად იქნება! - გაიმეორა ბებიამ და ფანჯრიდან მზიან ეზოში ძაღლთან ერთად მორბენალ ელენეს ალერსიანი მზერა დაადევნა.
ახალი და იმედიანი დღე იწყებოდა.“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯ​გუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„​ერთხელ ვცადეთ და გადაეჩვია საფენს, მოითხოვა ქოთანი და წარმატებაც მიღწეულია! ასეთი ჯადოქრობები ამ საქმეში არ ხდება“ - როგორ გადავაჩვიოთ პატარა საფენს?

„​ერთხელ ვცადეთ და გადაეჩვია საფენს, მოითხოვა ქოთანი და წარმატებაც მიღწეულია! ასეთი ჯადოქრობები ამ საქმეში არ ხდება“ - როგორ გადავაჩვიოთ პატარა საფენს?

როგორ გადავაჩვიოთ პატარა საფენს? - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„რთული დავალებაა. იმიტომ, რომ ამ სერიოზულ ამბავზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.

აი, ყველაზე მნიშვნელოვანი:

18 თვემდე ბავშვების უდიდესი ნაწილი ამისათვის მზად არ არის, რადგან მას შარდის ბუშტის და სწორი ნაწლავის კონტროლი არ შეუძლია.
ბავშვები ერთმანეთს არ ჰგვანან, ამიტომ ქოთანზე ან უნიტაზზე მიჩვევის პროცესი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე - მათ შორის, თავად ბავშვის განვითარების დონეზე, ოჯახის ეთნიკურ და კულტურალურ თავისებურებებზე და სხვა. ამიტომ ბავშვების დიდი ნაწილი 18-24 თვემდე ასაკში ეჩვევა ქოთანს მაშინ, როცა ზოგი არაა მზად 3 წლამდე.
ეს არის პროცესი, რომელიც ბავშვისაგან კეთილ ნებას, მზაობას და მონდომებას მოითხოვს, შენგან კი დიდ მოთმინებასა და გულმოდგინებას. ამიტომ გირჩევ, ამისათვის მორალურად მოემზადო.
გამოცდილი დედები ამბობენ, რომ გოგონები უფრო ადვილად ეჩვევიან ქოთანს, ვიდრე ბიჭები. დედიკოები კი არადა, ზოგი კვლევაც ადასტურებს ამას, თუმცა აშშ პედიატრიის აკადემია ამ კვლევების სარწმუნოებას ეჭვქვეშ აყენებს.

როგორ გამოვიცნოთ, როდის დავიწყოთ გადაჩვევის პროცესი?

ვცადეთ ერთხელ და გადაეჩვია საფენს, მოითხოვა ქოთანი და წარმატებაც მიღწეულია! არა, ასეთი ჯადოქრობები ამ საქმეში არ ხდება. დააკვირდი:

  • შეუძლია თუ არა შარდვის შეკავება - აჯვარედინებს ფეხებს, ცვლის სახის გამომეტყველებას, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მას შეუძლია შარდის ან განავლის შეკავება.
  • სულ უფრო ხშირად ამჩნევ, რომ საფენი მშრალია.
  • აქვს თუ არა უნარი, გამოხატოს სურვილი ან საჭიროება
  • შეუძლია ქოთანზე დამოუკიდებლად დაჯდმომა და ადგომა
  • ახერხებს დამოუკიდებლად აიწიოს და ჩაიწიოს ქვედა საცვალი, შარვალი
  • იგებს და მოსწონს შექება და წახალისება
  • შეუძლია მიბაძვით რაიმეს გამეორება
  • აქვს სურვილი, რაიმე გააკეთოს დამოუკიდებლად და სულ უფრო შირად გეუბნება - მე თვითონ
  • ემორჩილება ინტსრუქციებს


​თუ ჩამოთვლილი პირობებიდან უმეტესობა სრულდება, დროა, საქმეს შეუდგე.

რით დავიწყოთ?

  • პირველ რიგში, სიტუაციის შეფასებით და მოტივაციის შექმნით. და თუ ეს ყველაფერი უკვე მოახერხე, დროა, მაღაზიაში საბავშვო ქოთანი შეარჩიო. სჯობს, ფერადი და მიზიდველი იყოს, პატარა ადვილად რომ დაინტერესდეს. მოუძებნე ქოთანს ადგილი - რა თქმა უნდა, ტუალეტი. თუმცა დასაწყისისათვის ის ოთახიც შეიძლება, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებს და უყვარს.
  • აუცილებლად უწოდე ექსკრემენტებს (განავალი და შარდი) საყვარელი სახელები, რათა ის არ უკავშირდებოდეს რაიმე ცუდს, ჭუჭყიანს. არჩევანი შენზეა - იმდენი მოსაფერებელი სიტყვა არსებობს „ფისების“ და „კუკების“ მოსახსენებლად.

შენ მწვრთნელი ხარ!

ყველაზე საინტერესო მეთოდის ავტორი ლორა ჯენსენი, მსოფლიოში ცნობილი 6 შვილის დედაა, რომელსაც ბავშვების აღზრდის სოლიდური გამოცილდება აქვს. სწორედ მას ეკუთვნის სახალისო წიგნი „ქოთნის სამდღიანი ტრენინგი“, რომელიც ბევრ მშობელს დაეხმარა ამ პრობლემის მოგვარებაში. 

ლორა ჯენსენი ამბობს, რომ საფენის გადასაჩვევად 3 დღეც საკმარისია, თუ მოთმინებას გამოიჩენ და ამ სამ დღეს სრულად მიუძღვნი შენს შვილს. მისი აზრით, უხშირესად ამისათვის საუკეთესო ასაკი 22 თვეა.

  • დასაწყისისთვის უნდა მოიმარაგო 20-30 ცალი საბავშვო ტრუსი. ბევრი სითხე, უჯრედისის უხვად შემცველი საკვები (ხილი, ბოსტნეული). ეს პროდუქტები ხშირი შარდვის და დეფეკაციის გამოწვევაში დაგეხმარება.
  • არ დაივიწყო გემრიელი ნუგბარი და ახალი სათამაშო პატარას დასაჯილდოებლად.
  • საჭიროა სამი ყველა საქმისაგან თავისუფალი დღე, რომელიც სრულად უნდა მიუძღვნა ამ საჭირბოროტო საკითხს, თუმცა მოთმინება დაგიფასდება.
  • პირველი დღე ბავშვის გაღვიძებისთანავე იწყება, ჩააცვი მას ქვედა საცვალი საფენის გარეშე. სჯობს, შარვალი არ ჩააცვა, რათა მისი უნებლიე მარცხი ადვილად შენიშნო. იდეის ავტორი გრძელი მაისურის ჩაცმას გვირჩევს, რომელიც პატარის ფეხების ნაწილს დაფარავს.
  • დილას გამოცვლილი საფენი კი თავად მას გადააგდებინე და სთხოვე, დაემშვიდობოს. არ დაგავიწდეს აუხსნა ბავშვს, რატომ გადააგდე საფენი. იმიტომ, რომ ის უკვე დიდია და როგორც დიდებს, ისეთივე ტრუსი აცვია.
  • აჩვენე ქოთანი და აუხსენი, რომ ამ ჭურჭლის მოვალეობა „ფისების“ და „კუკუს“ დაჭერაა. სთხოვე, გითხრას, როდის იქნება მზად ქოთანზე დასაჯდომად. მანამდე კი რამდენჯერმე დასვი მცირე დროით ქოთანზე. უმეორე კითხვა ხშირად, თავად მიანიჭე პატარას კონტროლის საშუალება. ეს მას პასუხისმგებლობის გრძნობას შესძენს და წაახალისებს. ქოთანზე ჯდომისას ესაუბრე, მოუყევი რამე. და თუნდაც პატარა სრულებით ტყუილად ზის ქოთანზე, მაინც შეაქეთ ამ მოთმინებისათვის.
  • დასვი ქოთანზე გაღვიძების, კვების მერე, ძილის წინ.
  • არ დაგავიწყდეს, რომ პატარას ახლოს უნდა ჰქონდეს სითხისშემცევლი ბოთლი ან ჭიქა და წასახემსებლად ხილის მიცემაც არ დაივიწყო. შეეცადე, ნაკლები სითხე მისცე ძლის წინ.
  • „უბედური შემთხვევების“ გარეშე ეს პროცესი აბა, როგორ არ ჩაივლის. და როგორც კი ეს მოხდება, დასვი ბავშვი ქოთანზე იმის მისახვედრად, რომ მას იქ უნდა მოესაქმებინა. დაამშვიდე და უთხარი - „არა უშავს, შემდეგში უფრო ადრე დავჯდეთ ქოთანზე“.
  • როგორც კი ქოთანში განავალს ან შარდს დაინახავ, ეს ზარზეიმით უნდა აღნიშნო, წაახალისე, შეაქე, გამოუჩინე ახალი სათამაშო ან ნუგბარი. ქოთანი შიგთავსი კი ბავშვის თანდასწრებით ჩაცალე უნიტაზში და პატარას მისი ჩარეცხვის საშუალება მიეცი.
  • თუ ბავშვი რამდენიმე დღის მანძილზე გეწინააღმდეგება, ტირის, დაასვენე 2-3 კვირით და შემდეგ კვლავ შეუდექი საქმეს. ბავშვებს ხშრად ეზარებათ ქოთანზე დაჯდომა, რადგან ეს თამაშის შეწყვეტასთანაა დაკავშირებული. აუხსენი, რომ შემდეგ ისევ დაუბრუნება თამაშს.
  • არ დაგეგმო ქოთანზე მიჩვევის ტრენინგი, თუ ადგილმდებარეობის შეცვლას გეგმავთ. ვთქვათ, სხვა სახლში მიგყავთ ან სულაც აგარაკზე მიემგზავრებით. სჯობს იქ დაიწყოთ ქოთანზე შეჩვევის პროცესი, რომ ტრენინგის წყვეტა არ გამოგივიდეთ. ადგილის, სიტუაციის შეცვლა ქოთნის ტრენინგზე უაროფითად აისახება.
  • თუ ჯიუტად გააკეთებ ამ ყველაფერს, მონდომება აუცილებლად ერთად დაგიფასდებათ - და ეს თქვენი პირველი ერთობლივი გამარჯვება იქნება!“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.
წაიკითხეთ სრულად