Baby Bag

როგორ ავირიდოთ თავიდან სტრიები და რომელი საშუალებაა ყველაზე ეფექტური?

როგორ ავირიდოთ თავიდან სტრიები და რომელი საშუალებაა ყველაზე ეფექტური?

სტრიები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით ორსულებში. რა საშუალებები არსებობს მათი პრევენციისთვის და რით ვუშველოთ უკვე გაჩენილ სტრიებს? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია.

- ბატონო ზაზა, როგორ ავირიდოთ თავიდან სტრიები, განსაკუთრებით ორსულებმა?

- რეალურად, ძალზე ეფექტური საშუალება არ არსებობს. გენეტიკური წინასწარგანწყობა თამაშობს დიდ როლს, თუმცა ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა არის, უფრო ხშირად და ინტენსიურად დაატენიანოს კანი. დატენიანების შემთხვევაში იზრდება მისი ელასტიურობა, შესაბამისად, შესაძლებელია ამით თავიდან ავირიდოთ. სხვა საშუალებები, როგორიც არის აფთიაქში შერჩეული პროდუქცია, სამწუხაროდ, მათზე სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, რომ ახდენს პრევენციას. შესაბამისად, ერთადერთი რჩევა, რაც შეიძლება გათვალისწინებულ იქნას, არის ინტენსიური დატენიანება.

- რა ბუნებრივი საშუალებები შეიძლება გამოიყენოს ორსულმა პრევენციისთვის?

- როგორც უკვე ვთქვი, დამატენიანებლები, თუ ბუნებრივ საშუალებებში ეს იგულისხმება. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია თეთრი ვაზელინი, რომელიც იცავს კანს, როგორც დაზიანებისგან, ასევე მას ელასტიურობას ანიჭებს. ამით შესაძლებელია სტრიების განვითარების პრევენცია.

- სტრიების გაჩენის შემდეგ, რით შეიძლება მოვუაროთ?

- სამწუხაროდ, სტრიების არსებობის შემთხვევაში დღეისათვის მედიცინას არ გააჩნია საშუალება, რითაც შეიძლება გავაქროთ, ამიტომ უკვე გაჩენილ სტრიებს, რეალურად, ვერც ვერაფერს ვუშველით.

- რომელი ტიპის კანია უფრო მიდრეკილი სტრიების გაჩენისკენ?

- კანი, რომელსაც ნაკლები ელასტიურობა აქვს და რომელიც უფრო სიმშრალისკენ არის მიდრეკილი, მას უფრო მეტი რისკი აქვს იმისა, რომ სტრიები გაჩნდეს. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, გენეტიკური წინასწარგანწყობა თამაშობს დიდ როლს. სხვა მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები, რა თქმა უნდა, არის ისეთი, როგორიც არის წონის მომატება. ამ დროს უფრო მეტი ალბათობა და რისკია, რომ სტრიები გაჩნდეს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედებ​ის ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას?

რა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას?
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას? - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია. 


მენსტრუალური ციკლის გადაცდენას ორსულობის გარდა იწვევს სხვა მრავალი ფაქტორი. საშუალოდ მენსტრუალური ციკლი რეგულარულად 28 დღეშია. ყველა ქალს აქვს ინდივიდუალური მენსტრუალური ციკლი, ნორმად ითვლება ციკლიდან ციკლამდე 21 დღიდან 35 დღემდე შუალედი. განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, რაც იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას.

სტრესი - სტრესს შეუძლია დაარღვიოს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება- დაარღვიოს ჰორმონული დისბალანსი. ასევე სტრესი იწვევს წონის მკვეთრ მატებას ან მკვეთრ კლებას, რაც შესაბამისად გავლენას ახდენს მენსტრუალურ ციკლზე.


სხეულის მასისი დაბალი ინდექსი ( წონის დეფიციტი) - თუ იწონით თქვენთვის მისაღებ ნორმალურ წონაზე 10 %-ით ნაკლებს, ეს გამოიწვევს მენსტრუალური ფუნქციის დარღვევას და ანოვულაციას. გარდა ამისა ქალებს, რომელთაც აღენიშნებათ ანორექსია ან ბულემია, აუცილებლად თან ერთვის მენსტრუალური ციკლის დარღვევა.


გაცხიმოვნება - ისევე როგორც წონის დეფიციტი, ასევე გაცხიმოვნება იწვევს მენსტრუალური ფუნქციის დარღვევას. შეგიძლიათ სახლის პირობებში იკვებოთ სწორად და ივარჯიშოთ, რათა მოხდეს წონის კლება. თუ წონას რთულად იკლებთ ან საერთოდ ვერ იკლებთ, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგს.


პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი - ეს ის მდგომარეობაა, როდესაც არის ჰორმონული დისბალანსი. შედეგად საკვერცხეებში არის მრავლობითი წვრილი ფოლიკულები და ციკლი არის ანოვულატორული. ანოვულაცია კი შედაგად გამოიწვევს ციკლის გადაცდენას, ციკლის ჩავარდნას . 


ჩასახვის საწინააღმდეგო აბები - მათი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ხდება მენსტრუალური ციკლის დარღვევა. აბების მოხსნის შემდეგ შესაძლებელია 3-6 თვე დაგჭირდეთ მენსტრუალური ციკლის ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად.


ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა მაგალითად დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. იწვევენ მენსტრუალური ციკლის დარღვევას, ამიტომ უნდა მოხდეს მათი დროული მკურნალობა და მუდმივი კონტროლი.


ნაადრევი მენოპაუზა - ნორმაში მენოპაუზა იწყება 45-55 წლის შუალედში. იმ შემთხვევაში, როცა კლიმაქტერული ჩივილები და მენსტრუალური ციკლის დარღვევა იწყება 40 წლის ასაკში, საქმე გვაქვს ნაადრევ მენოპაუზადთან.


ფოლიკულური კისტა - როდესაც საკვერცხე ვერ ფუნქციონირებს კარგად, ყალიბდება ფოლიკულური ტიპის ცისტა ( ანოვულაცია), რაც იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას და გადაცდენას. 



წაიკითხეთ სრულად