Baby Bag

„ჩვენ დედებს არ ვუფრთხილდებით, ეს მამების საყურადღებოდ მინდა ვთქვა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ჩვენ დედებს არ ვუფრთხილდებით, ეს მამების საყურადღებოდ მინდა ვთქვა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

​​ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ბავშვი თავის პოტენციალს სწორედ ამგვარ გარემოში განავითარებს:

“რა არის აუცილებელი, რომ ჩვენ, როგორც სტრესის, ასევე ჩვეულებრივ გარემოში, გავითვალისწინოთ ბავშვებთან ურთიერთობაში? ექვს წლამდე ასაკის ბავშვს სჭირდება უსაფრთხო გარემო, კეთილგანწყობილი, მშვიდი, მოსიყვარულე. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია სწრაფად მორეაგირე გარემო, მაგრამ პანიკურად არა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვის განვითარება ძალიან კარგად მიდის, მისი პოტენცია, მის ტვინს პოტენციაში რაც აქვს, ის კარგად ვითარდება. ბავშვი ენდობა გარემოს. ის არის ოპტიმისტი, ​ის ნდობით არის განწყობილი მის გარშემო არსებული ადამიანების მიმართ, არ აქვს შფოთვა. ეს არის აუცილებელი პირობა.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი თავად იყოს მშვიდად და არ შფოთავდეს, რათა ბავშვმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს:

„ჩვენ შეიძლება ბავშვს შევუქმნათ ნდობით სავსე, უსაფრთხო გარემო, მაგრამ ჩვენ თვითონ გვქონდეს შფოთვა. არ გამოვა, რომ ჩვენ გვაქვს შფოთვა და ბავშვს ვუქმნით უსაფრთხო გარემოს. ძალიან ხშირად ჩვენთან მოდიან დედები და ჩივიან, რომ ბავშვს აქვს ძილის პრობლემები. აღმოჩნდება, რომ თუ დედას აქვს შფოთვა, ბავშვს სძინავს ცუდად. მით უმეტეს, თუ ძუძუს აჭმევს, ეს ადრენალინი მას გადაეცემა. ​საწყალი დედა შეიძლება ბევრ რამეზე შფოთავდეს. ის დაღლილია, ღამეებს ათენებს, იქ სამსახურში უნდა გაიქცეს, ფორმაში უნდა იყოს, სახლში რაღაც მოთხოვნებია ოჯახში. დედას ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს. ჩვენ დედებს არ ვუფრთხილდებით, ეს მამების საყურადღებოდ მინდა ვთქვა. იგულისხმება, რომ დედამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და არ არის ასე. ის ამას ვერ ახერხებს, შედეგად გვაქვს შფოთვა. ეს შფოთვა ბავშვს გადაეცემა.“

„ყველაფერზე თუ ვნერვიულობ, რაც უნდა ვეცადო, რომ შვილს უსაფრთხო გარემო შევუქმნა, ამას ვერ გავაკეთებ. განსაკუთრებით სტრესის პირობებში, ჯერ მე უნდა ვიყო კარგად. ვიღაც მკითხვას, როგორ უნდა ვიყო მე კარგად და ვიზრუნო ჩემს თავზე, როდესაც ათასი ვინმე მყავს საზრუნავი. ძალიან უკვირთ, როდესაც მშობლებს ვეუბნები: „ჯერ თავო და თავო...“ ჯერ მე უნდა ვიყო კარგად. ​კარგად ყოფნა ნიშნავს იმას, რომ მე ვარ მშვიდად, ვაკონტროლებ სიტუაციას. რასაც ვერ ვაკონტროლებ, იმაზე არ ვნერვიულობ. ჩვენ ყველაფერს ვერ გავაკონტროლებთ. მაგ. პანდემიის პირობებში, ჩვენ ამ ვირუსებს ვერ გავაკონტროლებთ. პანიკაში ჩავარდნას აზრი არ აქვს. რას ვაკონტროლებთ ჩვენ? რაც ჩვენს ხელთ არის, მხოლოდ ამას,“ - აცხადებს თამარ გაგოშიძე.

​წყარო


არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

შეიძლება დაინტერესდეთ

მუსიკის 10 სასარგებლო თვისება ადრეული ასაკის ბავშვებში

მუსიკის 10 სასარგებლო თვისება ადრეული ასაკის ბავშვებში

მუსიკასთან შეხება, ბავშვებს დაბადებიდანვე უწევთ. დაძინებისას ვუმღერით იავნანას, ციფრებს და ბგერებსაც კი სიმღერების მეშვეობით ვასწავლით.

ეს მუსიკალური გამოცდილება სახალისოა და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე.

კვლევებმა აჩვენეს, რომ ადრეულ ასაკში მუსიკალური გამოცდილების მიღება განაპირობებს IQ-ს ამაღლებას და ენობრივი უნარების გაუმჯობესებას.

მეტყველების და წერა-კითხვის უნარები

კვლევების შედეგად დასტურდება, რომ ადრეულ ასაკში მუსიკალური გამოცდილება ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას, აუმჯობესებს ლექსიკას, წერა-კითხვის და გააზრების უნარს. მაგალითად, სიმღერა სასარგებლოა საკომუნიკაციო უნარებისთვის, კერძოდ კი რითმული აქტივობები ხელს უწყობს მეტყველების უნარების განვითარებას.

საწყის ეტაპზე ბავშვების მუსიკალურ აქტივობებში ჩართვა სწორედ მშობლებისა და აღმზრდელების ხელშეწყობით ხდება.

მოტორული უნარები

იმის მიუხედავად თუ რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავთ, მუსიკა ანვითარებს ნატიფ მოტორიკას და კოორდინაციას. წარმოიდგინეთ ყველა ის მოქმედება, რაც კონკრეტულ მუსიკალურ ინსტრუმენტების გამოყენებისას არის საჭირო: მუსიკალური ინსტუმენტის ხელში დაჭერა, ჩაბერვა, დარტყმა და ა.შ.
მუსიკა ანვითარებს მსხვილ მოტორიკას ცეკვისა და მოძრაობის გზით.

კოგნიტური განვითარება

მუსიკა მოითხოვს ტვინის რამდენიმე უბნის ჩართულობას, ასტიმულირებს მეხსიერებას, ყურადღებას და პრობლემის გადაჭრის უნარებს.


ნეირომეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკალური განათლება აჩქარებს ტვინის განვითარებას ადრეული ასაკის ბავშვებში, ასევე დროის და სივრცის აღქმას და თვით მათემატიკური შესაძლებლობებსაც კი აუმჯობესებს.


ეს სასარგებლო შედეგები ვრცელდება როგორც ადრეული ასაკის ბავშვებზე, ისე მოზარდებზე.

ემოციური გამოხატვა

ბევრი ჩვენთაგანი მუსიკას უსმენს, როცა აღნიშნავს წარმატებას. ჩვენ ასევე ვრთავთ ჩვენ საყვარელ მელოდიას, როცა გვსურს განწყობის ამაღლება. მუსიკა ასევე გვეხმარება ემოციების გამოხატვაში, ახალგაზრდებისთვის კი მუსიკა გამოხატვის უმნიშვნელოვანესი ფორმასაც კი წარმოადგენს.
ადრეულ ასაკში ხდება თვით-გამორკვევის (self-awareness) და ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბება. სიმღერა ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის ბავშვებისთვის ემოციების გამოხატვის ექპერიმენტირებისთვის.


მოზრდილების მსგავსად, მუსიკა ბავშვებშიც არეგულირებს ემოციებს. ცალკეული ჟანრის მუსიკამ შესაბამისი ემოციური ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში, ის შეიძლება იყოს დამამშვიდებელი ეფექტის ფონური/ატმოსფერული მუსიკა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრამ შეიძლება განწყობა აუმაღლოს მუსიკოსს, შეამციროს სტრესი. ასე რომ ,თუნდაც ბავშვის ტანტრუმების დროს, სიმღერამ შეიძლება დადებითი ზემოქმედება მოახდინოს და დამამშვიდებელი ეფექტი იქონიოს.

სოციალური უნარები

მუსიკა ძალიან კარგი გზაა ბავშვებისთვის სოციალური ინტერაქციის განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის. ის ეხმარება თანამშრომლობასა და გუნდურ მუშაობაში. ჯგუფური მუსიკალური აქტივობები, ბგერების ერთობლივად შექმნა/შეთანხმება, ბუნებრივად ანგრევს საზღვრებს ბავშვებს შორის და მიმართავს მათ სოციალური ინტერაქციისკენ და ახალი საკომუნიკაციო გზების აღმოჩენისკენ.

როდესაც ბავშვები ერთობლივან ქმნიან მუსიკას, ამ დროს ისინი სწავლობენ მოსმენას, თანამშრომლობასა და ეფექტურ კომუნიკაციას. ეს უნარები კი აღრმავებს ემპათიის უნარს და ქმნის სოციალურ კავშირებს. მუსიკა ეხმარება ბავშვებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარების ფორმირებაში ადრეული ასაკიდანვე.

განსხვავებული კულტურების დაფასება (cultural appreciation)

მისიკის უკან არსებული კონტექსტის გაგება, ამეცნებს ბავშვებს მათ გარშემო არსებული სამყაროს შესახებ. განსხვავებული კულტურებისთვის დამახასიათებელი მუსიკის გაცნობა ბავშვს ეხმარება ცნობიერების ამაღლებაში, და ზოგადად განსხვავებულობების პატივისცემაში და მის მიმღებლობაში.

მუსიკის საშუალებით ამბების გადმოცემა საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკაა, რაც ბავშვებისთვის ახალი იდეებისა და აზრების წარმოშობის წყარო შეიძლება გახდეს. და რაც მთავარია, შემეცნების ეს პროცესი სახალისოა. მუსიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სწავლის პროცესის წამახალისებელი/დამხმარე საშუალება.

შემოქმედებითობა და წარმოსახვა

ყველაფერთან ერთად, მუსიკა გამოხატვის შემოქმედებითი ფორმაა. ბავშვების შემოქმედებითი „ინსტრუმენტებით“ აღჭურვა მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს მათ, კერძოდ მუსიკა ბგერების საშუალებით, შემოქმედებითად ფიქრის და გამოხატვის საშუალებას იძლევა.

მუსიკა იმპროვიზაციისა და ინოვაციების ძალიან კარგი საშუალებაა – მან შესაძლოა, თქვენი პატარას სრულიად უცნობი მხარე გამოავლინოს.

თავდაჯერებულობდა და თვითშეფასება

რამდენჯერ გვინახავს შემსრულებელი სცენაზე და გვიფიქრია, რომ „მე ამას ვერ შევძლებდი“? ადრეულ ასაკში პატარების მუსიკალურ აქტივობებში ჩართვა აამაღლებს მათ თვითშეფასებას და თავდაჯერებულობას. ასევე პოზიტიური უკუკავშირი მუსიკალური შესრულების შემდეგ, მოტივაციას ზრდის სწავლის გაგრძელებისა და პროგრესისთვის.

დისციპლინა და ფოკუსი

მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ცოდნა საკმაოდ რთულია. ის მოითხოვს დისციპლინას, პრაქტიკასა და კონცენტრაციას. ეს შეიძლება მშობლებს აფრთხობდეს კიდეც, თუმცა ბავშვის წახალისებამ პრაქტიკულ მუშაობაში ჩასაბმელად, ბევრი სარგებელი შეიძლება მოუტანოს მას გრძელვადიან პერსპექტივაში. რეგულარული მუსიკალური ვარჯიში აუმჯობესებს ბავშვის ყურადღებას, ფოკუსსა და თვითდისციპლინას.

ეს უნარები კი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაში,ნ როდესაც ბავშვი შეაბიჯებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ბავშვები, რომლებსაც ნასწავლი აქვთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, აკადემიური სწავლის პროცესში უკეთ არიან აღჭურვილები კონცენტრაციის უნარით.

ტვინის განვითარება და გრძელვადიანი სარგებელი

ადრეულ ასაკში ბავშვის მუსიკალურ აქტივობებში ჩართვა, მისი ჯანმრთელობისთვისაც კი მნიშვნელოვანი სარგებელის მომტანია, კერძოდ კი ეს პროცესი, ტვინის ფუნქციურ, გრძელვადიან ცვლილებას იწვევს. ტვინის ასეთი ცვლილება კი ასოცირებულია კოგნიტური უნარების, აკადემიური მოსწრებისა და ჯანმრთელობის დადებით შედეგებზე.

მასალა გამოყენებულია საბავშვო ბაღ ლარდის საიტიდან - ლარდი

ბაღში ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს: https://​shorturl.at/jtxBF . 
მისამართ: ქვემო ლისი, Tbilisi, Georgia.
599 64 64 59
Info@lardi.ge

R. 
წაიკითხეთ სრულად