Baby Bag

„თუ თქვენ ღიზიანდებით, დაუყვირებთ ბავშვს, ძალიან გაგიჭირდებათ. საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ,“ - შალვა ამონაშვილი

„თუ თქვენ ღიზიანდებით, დაუყვირებთ ბავშვს, ძალიან გაგიჭირდებათ. საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ,“ - შალვა ამონაშვილი

​აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა სოციალურ ქსელში მშობლების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და მათ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა. მან მშობლებს ბავშვთან ურთიერთობისას თავშეკავებისკენ მოუწოდა:

„ჩემო ძვირფასებო, თუ თქვენ ღიზიანდებით, დაუყვირებთ ბავშვს, ალბათ, დაყვირებას სხვა რამეც მოჰყვება ხანდახან, გაღიზიანება, აკრძალვები, ძალიან გაგიჭირდებათ. ბავშვი გაგიხდებათ რვა წლის, თორმეტის, ჩვიდმეტის. ჩვიდმეტი წლის ბავშვს რაღა უნდა უყოთ? ჩვიდმეტი წლის გოგონას და ბიჭს დაუყვირებთ კიდევ, დაემუქრებით? ის აღარ მოგცემთ ამის უფლებას, არადა უკვე გზას არის აცდენილი. ​გაღიზიანება, ყვირილი, გაბრაზება - ეს ჭიანი გნომიკებია ჩვენში. ისინი ცხოვრობენ ჩვენში და თავიანთი ახირებებისკენ მივყავართ. რას ჰქვია, ვერ იკავებთ თავს? თუ თავს ვერ იკავებ, ბავშვი რატომ გააჩინე?“

შალვა ამონაშვილის თქმით, მშობელმა ბავშვის გაჩენამდე უნდა გააცნობიეროს მოთმინების, სიყვარულის და შვილისთვის გამოყოფილი დროის უდიდესი მნიშვნელობა:

„ვისაც არ ჰყავს ბავშვი, სამი რამ უნდა ვურჩიო. უნდა შეხედო ცას და უნდა სთხოვო: უფალო, ოღონდ ბავშვი გამომიგზავნე და მე სამ რამეს გავწირავ. იმდენი დრო მექნება, რამდენიც უნდა ბავშვის აღზრდას, მთელი ცხოვრება რომ მომთხოვოს, მივცემ მთელ ცხოვრებას და არასდროს ვიტყვი, დრო არ მყოფნის, რომ ბავშვი გავზარდო-მეთქი. იმდენი სიყვარული მექნება, რომ ბავშვი შიგნით ჩაიძირება. მექნება სუფთა სიყვარული, როგორიც შენ გინდა, იმ ​სიყვარულში ჩავძირავ ჩემს შვილს, ამასაც გპირდები, უფალო. იმდენი მოთმინება მექნება, რამდენიც შენ გაქვს, რომ ბავშვი არ დავაზიანო ჩემი გაღიზიანებითა და მოუთმენლობით. ის ხომ შენი შვილია და ჩემთან გყავს მობარებული. ეს ბავშვი უნდა ჩაგაბარო უკან. საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ. როდესაც ზღვარზე ხარ და უნდა აფეთქდე, მაშინ უნდა შეიკავო თავი. თუ თავს ვერ შეიკავებ, ატირდი მაინც, დაეცი მუხლებზე და უთხარი შვილებს: „მაპატიეთ, მოდით მაკოცეთ, რომ ადამიანი გავხდე მე.“ მოტევება სთხოვეთ თქვენს შვილებს. მათ უნდა დაინახონ, რომ თქვენც ადამიანები ხართ.“

შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, რომ ბავშვებს თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმარონ და მათ საკუთარი ძალების რწმენა შესძინონ:

„ბავშვს უნდა ჰქონდეს თავის თავზე ცოტა ამაღლებული წარმოდგენა. გადაჭარბებული კი არა, რომ სიამაყეში გადაეზარდოს. ​საკუთარი ძალების რწმენა უნდა გავუჩინოთ ბავშვს. ვთქვათ, ბავშვი ძუნწია. რა ვქნა? მივაბრალებ სიკეთეს, გულუხვობას მივაბრალებ. ვეტყვი, რომ თითქოს დას დაუთმო რაღაც. საღამოს მივუწვები საწოლთან და ვეტყვი: „შვილო, შეიძლება გაკოცო? ისეთი ამაყი ვარ, დღეს როგორ დაუთმე შენს დას. რა დიდი გული გქონია შენ?!“ ბავშვს გავაგებინე, რა არის კარგი. ისე კი არ გავაგებინე, რომ ვუთხარი: „დას არ აწყენინო, კარგი გაუკეთე!“ ეს დარიგება არ მოქმედებს. ჩემი გაოცება, გაკვირვება, ცრემლამდე მისული სიხარული არის ის სიმაღლე, რომლისკენაც ბავშვი ისწრაფვის. დაუმატეთ ბავშვს საღებავის ის ფერები, რაც არ აქვს მას.“

შალვა ამონაშვილის თქმით, აღზრდის პროცესს საზღვარი არ აქვს და ის მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება:

„რაც უნდა წლები იცხოვროს კაცმა დედამიწაზე, ვერ იტყვის, რომ ჩემი აღზრდა დასრულდაო. ​სრულყოფილებას აღზრდაში საზღვარი არ აქვს. შეიძლება ვიყო ზომა ჩემი შვილისთვის, რომ როგორიც მე ვარ ასეთი იყოს ისიც?! სანამ პატარაა მე მას უნდა მივცე საუკეთესო მაგალითები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი მაგალითების იქით საუკეთესო აღარ არსებობს. მე უნდა მივცე შვილს სიყვარულის ეტალონი, ადამიანთა პატივისცემის ეტალონი, დათმობის, ურთიერთობის, მე ყველა სიკეთის ნიმუში უნდა გავხდე.“
„უმრავლესობისთვის ოჯახში აღზრდის მეთოდი არის დასჯა და წახალისება. თუ კარგ რამეს აკეთებს ბავშვი, მას დაასაჩუქრებთ, სასეირნოდ გაუშვებთ. თუ ცუდ საქციელს ჩაიდენს, დედა ეუბნება: „აი, მამა მოვა და რას გიზამს“ ან კუთხეში დააყენებს, დაუყვირებს, რაღაცას წაართმევს, ზომებს მიიღებს. დასჯა-წახალისებას შორის კიდევ რა მეთოდს დამისახელებთ? რას ელით თქვენი შვილისგან? რომ დაინახავენ და იტყვიან: ეს იცით ვისი შვილია? რა კარგი ადამიანია, ხომ გაგიხარდებათ? ბედნიერია ის დედა და ის მამა, რომლებსაც შვილს შეუქებენ. შვილი ბედნიერია მაშინ, როდესაც მშობლებს უქებენ. თქვენი შვილი რომ შეაქონ, ეს ახლა უნდა დაიმსახუროთ. პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ ასეთები, განა პროფესორები და დოქტორები, უბრალოდ კეთილშობილები. ახლავე დაისახეთ მიზნად, რომ ​შვილებს სწავლაზე კი არ უჩიჩინოთ, არამედ კეთილშობილების და დიდსულოვნების ნიმუში უჩვენოთ,“ - განაცხადა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ ამონაშვილის აკადემია

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„თუ კაცი აღზრდილი არ არის, ცოდნა მის ხელში საშიშია. მთავარია არა სწავლა, არამედ აღზრდა,“ -...
​ცნობილი ფსიქოლოგი და პედაგოგი შალვა ამონაშვილი სკოლის ძირითადი დანიშნულებისა და ფუნქციის შესახებ საუბრობს, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სკოლა სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებაა:„მე არ ვიცი, როგო...

შეიძლება დაინტერესდეთ

„რკინიანი ბიუსჰალტერის ტარება, შესაძლოა, მკერდის კიბოს განვითარების მაპროვოცირებელი გახდეს,“ - ლევან რატიანის რეკომენდაცია ქალბატონებს

„რკინიანი ბიუსჰალტერის ტარება, შესაძლოა, მკერდის კიბოს განვითარების მაპროვოცირებელი გახდეს,“ - ლევან რატიანის რეკომენდაცია ქალბატონებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა არასწორად შერჩეული ბიუსჰალტერის გამოყენების შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ცუდად შერჩეული ბიუსჰალტერი უამრავი დაავადების მაპროვოცირებელი ხდება:

„არასწორად შერჩეული ბიუსჰალტერი, შესაძლოა, უამრავი დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს. მან შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა, კანის გაღიზიანება, თავის ტკივილი.

ქალბატონებმა უნდა ატარონ ბიუსჰალტერი, რომელიც არის რკინის გარეშე. რკინა მექანიკურად აწვება მკერდს, განსაკუთრებით გარეთა ზედა კვადრატში. ეს ერთ-ერთი მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს მკერდის კიბოს განვითარების.“

გადაცემა „ექიმების“ წამყვანებმა ისეთი ტანსაცმლის მავნე მხარეებზეც ისაუბრეს, რომელსაც ნიკელის დეტალები აქვს:

„ნიკელმა კანთან შეხებისას ადამიანს, შესაძლოა, მისცეს ალერგიული რეაქცია. ნიკელზე ალერგია კანის ალერგიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. შეიძლება ამ დროს იყოს ქავილის შეგრძნება. ვისაც აქვს ალერგია მეტალებზე, მსგავსმა ტანსაცმელმა შეიძლება გამოიწვიოს კანთან შეხების დროს ალერგიული რეაქცია, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და არ ჩავიცვათ ასეთი ტიპის ტანსაცმელი.“

წყარო:​ „ექიმები“ 

წაიკითხეთ სრულად