რა დადებითი ზეგავლენა აქვს მშობლების მიერ ჩვილებისთვის წიგნების წაკითხვას, რა სახის წიგნები შევარჩიოთ და როგორი უნდა იყოს ძილის წინ წიგნის კითხვის რიტუალი?
რა დადებითი ზეგავლენა აქვს მშობლების მიერ ჩვილებისთვის წიგნების წაკითხვას, რა სახის წიგნები შევარჩიოთ და როგორი უნდა იყოს ძილის წინ წიგნის კითხვის რიტუალი? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.geბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტ სოფო მელაძეს ესაუბრა.
- სოფო, რომელი თვიდან უნდა დავუწყოთ პატარებს წიგნის კითხვა?
- მშობელს შვილისთვის წიგნის გამოყენება და მისი წაკითხვა არა მხოლოდ ადრეულ ჩვილობაში შეუძლია, არამედ ორსულობის დროსაც კი. მოგეხსენებათ, ორსულები ხშირად ასმენინებენ პატარებს კლასიკურ მუსიკასაც. ბავშვი მუცელშიც ასხვავებს დედის ხმას და ხმაურს ერთმანეთისგან, შესაბამისად, ჩვენ ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდშიც შეგვიძლია წიგნის ემოციურად და საინტერესოდ წაკითხვა მათთვის. ეს ძალიან სასარგებლო პროცედურაა ნაყოფისთვის. პატარა მუცლადყოფნისას უკვე იწყებს ადრეული სოციალური უნარების და ურთიერთობების ჩამოყალიბებას დედასთან, ხმები და ემოციები ახდენს ნაყოფის რეფლექსების და რეაქციების სტიმულირებას. ბავშვი დაბადებამდე მეტ-ნაკლებად ახდენს ადაპტირებას გარემოსთან, მცირდება შფოთვა. რაც შეეხება ჩვილობის პირველ 2 თვეს, ამ დროს რეკომენდებულია სპეციფიკური წიგნების გამოყენება, ეს არის მკვეთრი კონტრასტის მქონე შავ-თეთრი გამოსახულებები. ამ თემაზე ძალიან საინტერესო აქტივობები ჰქონდა იტალიელ ექიმს და პედაგოგს, მარია მონტესორის. მისი აზრით, მსგავსი შავ-თეთრი გამოსახულების მქონე ნახატები ეხმარება ბავშვს მზერის ფიქსაციაში, კონცენტრაციის გაუმჯობესებაში. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პირველი ორი თვე, როცა ბავშვის მხედველობა მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბების პროცესშია, ჩვილი გამოსახულებებს ხედავს 20-25 სმ-ის მოშორებით.
2-4 თვემდე კი შეგვიძლია ღია, ნათელი ფერების მქონე წიგნების გამოყენება, სადაც მარტივი ილუსტრაციებია. აქ მთავარია, არა წიგნის შინაარსი, არამედ მისი ემოციურად გამოხმოვანება, რომელიც მიიქცევს ჩვილის ყურადღებას და კომუნიკაციას დაამყარებს შენთან, თუნდაც გაღიმებით ან თვალით კონაქტით.
- რა დადებითი ზეგავლენა აქვს ამ პროცესს?
- გარდა იმისა, რომ კითხვის პროცესი ასტიმულირებას, როგორც ბავშვის ვიზუალურ, ასევე სმენით უნარებს, ამასთან მეტყველების ერთ-ერთი ძლიერი მასტიმულირებელი საშუალებაა. გავიმეოროთ ის სიტყვები, დავასახელოთ ის საგნები, რაც დედამ გვანახა წიგნში ან წაგვიკითხა. ასევე იწვევს კრეატიულობის და წარმოსახვითი უნარების განვითარებას. სხვადასხვა სიუჟეტის წიგნი ხელს უწყობს სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას ბავშვებში, ემპათიის თუ სხვადასხვა ემოციის განცდის ხელშეწყობას, ბოლოს სოციალური როლების ჩამოყალიბებასა და გააზრებას.
- ზოგადად, ძილის წინ წიგნის კითხვის რიტუალზე რომ ვისაუბროთ...
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძილის წინ გვქონდეს გამოყოფილი გარკვეული დრო, როცა ბავშვთან ერთად წიგნს დავათვალიერებთ, გავახმოვანებთ და წავიკითხავთ. მნიშვნელოვანია, რომ ძილის წინ წასაკითხი წიგნები იყოს მშვიდი, სახალისო და ნაკლებად აქტიური. წიგნის კითხვის ან დათვალიერების პროცესი ერთ-ერთი სტრესის და შფოთვის შემამცირებელი აქტივობაა. ამ დროს ბავშვის სხეული და ორგანიზმი მოდუნებულია და კარგ წინაპირობას ქმნის მშვიდი ძილისთვის, ანუ ხელს უწყობს ძილის რუტინას.
ასევე, მე ხშირად მესმის, რომ, როცა ბავშვი 1 წლის ან მეტისაა, უფრო მოძრავია, დღის მანძილზე რთულია მისი წიგნთან გაჩერება, უფრო მოტორული და მოძრავი თამაშები ურჩევნია, შესაბამისად, დედები ვეღარ ახერხებენ წიგნის კითხვის რუტინაში ჩართვას. ძილის წინ კი კითხვა ხელს შეუწყობს მის აქტიურად ჩართულობას ბავშვის ცხოვრებაში.
- როგორი წიგნები შევარჩიოთ ამ ასაკისთვის?
- როგორც აღვნიშნე, ორსულობის დროს ყურადღება მივაქციოთ ხმებს და ემოციებს, ნაკლებად ნახატებს, რადგან ბავშვი ფიზიკურად ამას ვერ დაინახავს.
როცა ჩვილი 1-2 თვისაა, გამოვიყენოთ სპეციფიკური კონტრასტული შავ-თეთრი გამოსახულებების მქონე ნახატები და მოვათავსოთ იგი მისგან 20-25 სმ-ის მოშორებით;
2-4 თვემდე მაქსიმალურად ჩავრთოთ სხვადასხვა ფერი, ფორმა;
ასევე 0-2 წლამდე ბავშვისთვის სენსომოტორული სტადიაა. ამ დროს ბავშვი მოტორულად ანუ მოქმედებით და სენსორული არხების საშუალებით, როგორებიცაა: მხედველობა, სმენა თუ შეხება საგნებთან, შეიმეცნებს მის გარშემო არსებულ სამყაროს, შესაბამისად, მაქსიმალურად ჩავრთოთ სენსორული სტიმულები თამაშებში. ვუყიდოთ წიგნები, სადაც სხვადასხვა ტექსტურაა გამოყენებული, მაგალითად, კატა ილუსტრირებულია ნატურალური ღუნღულა ბეწვით, სადაც ასევე იქნება ხაოიანი თუ რბილი მასალები. ვუყიდოთ ისეთი წიგნები, რომლებსაც სპეციალური ზედაპირი აქვს პირში ჩასადებად, წყალში დასასველებლად თუ ხელის მოჭიდებისთვის;
1-2 წლამდე ბავშვი უკვე იაზრებს, რომ წიგნებში გახმოვანებული სიტყვები და საგნები რაღაცას ნიშნავს და შეესაბამება მის გარშემო არსებულ გარემოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნივთების დასახელებისთვის თითის დადება, ხან მან დაადოს თითი, ხან - თქვენ. ასევე წიგნებზე გამოსახული ცხოველების იმიტირება: ხშირად შეჩერდით და დაუსვით მარტივი კითხვები, ეცადეთ აქტიურად ჩართოთ პროცესში და ხელი შეუწყვეთ მისი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
- ერთი და იგივე წიგნების წაკითხვა სჯობს თუ განსხვავებულის?
- არაა საჭირო ძალიან ბევრი და განსხვავებული წიგნი, 2-3 წიგნიც საკმარისი იქნება. ბავშვს შესაძლოა, ამ პერიოდში ჰქონდეს რომელიმე საყვარელი წიგნი, რომელთან ურთიერთობაც განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. არ დავუშალოთ, დაიმახსოვრეთ ერთი წიგნიც კი ძალიან ბევრი ფუნქციით, უნარის განსავითარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბავშვს უყვარს გამეორება, როცა რომელიმე ილუსტრაციას ან ამბავს კარგად აითვისებს, ეს ზრდის მათში კომპეტენტურობის და თავდაჯერებულობის განცდას.
- პატარები ხშირად წიგნების ფურცლებს ხევენ, დავუშალოთ ეს ქცევა თუ ამით იწყება მათი კონტაქტი წიგნებთან? როგორ ავუხსნათ, რომ ეს არ არის სწორი საქციელი?
- კი წიგნის ფურცვლა, მისი დახევა და თუნდაც პირში ჩადება ბავშვის წიგნთან ურთიერთობის პირველი მცდელობაა. ზემოთ ვახსენე, ზუსტად ეს არის სენსომოტორული სტადია. შეგრძნებებით ცდილობს გაიგოს, რა არის წიგნი, რა არის ფურცელი, იხევა და თუ აქვს ხმა გახევის პროცესში. მოსწონს შეხება და შეგრძნება, თუ როგორი ზედაპირი აქვს ფურცელს. უფრო მოზრდილ ასაკში კი შეგვიძლია დახევის სურვილი წიგნის მაგივრად ფერადი ქაღალდების გამოყენებით ჩავანაცვლოთ და ჩავრთოთ ეს რაიმე თამაშში. ასევე სხვადასხვა ტექსტურის და მასალის გამოყენებით ვათამაშოთ ბავშვი. ვითამაშოთ ბევრი მოტორული თამაში და ასე დავტვირთოთ მისი ტაქტილური თუ მოტორული მოხოვნილებები. გვქონდეს წიგნის კუთხე, სადაც ლამაზად დავალაგებთ და მოვუვლით წიგნებს. საჭიროა ვაჩვენოთ ბავშვს, რომ წიგნებს ვუფრთხილდებით.
- ხმოვან წიგნებზეც რომ ვისაუბროთ. სჯობს თავად წავუკითხოთ, თუ ხმოვანი წიგნებიც იმავე ფუნქციის მატარებელია?
- ჩვილობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ხმა, მისი კომუნიკაცია ბავშვთან და ჩართულობა. ეს ბავშვში აყალიბებს ნდობის და უსაფრთხოების განცდას. მნიშვნელოვანია, მშობელი თავად ესაუბრებოდეს პატარას. ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიაც ამაზე უსვამს ხაზს, 0-1,5 ასაკამდე ბავშვს უვითარდება სამყაროს მიმართ ნდობა/უნდობლობის სტადია, რაც შემდგომში განაპირობებს მის პოზიტიურ ურთიერთდამოკიდებულებას სამყაროსთან თუ პირიქით შფოთვის დონეს. ამ პერიოდში, ასევე ვითარდება მშობლისადმი ბუნებრივი მიჯაჭვულობა, რომელიც უზრუნველჰყოფს მას საკვებით, უსაფრთხოების განცდით თუ ფიზიკური სიახლოვით. ამ ყველაფრის დეფიციტი იწვევს მისი შფოთვის დონის აწევას. აი, უკვე 18 თვიდან შეგვიძლია აქტიურად გამოვიყენოთ ყველანაირი ტიპის ხმოვანი სათამაშოები თუ წიგნები და მათი საშუალებით მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მეტყველების სტიმულირებას.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
პირველი დღე სამშობიაროდან შინ დაბრუნების შემდეგ, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.
„ეს დღეც დადგა - უკან დარჩა მშობლების, მეგობრების დარიგებები, თეთრხალათიანთა არმია, უსიამოვნო, მაგრამ საჭირო სამედიცინო ჩარევები, სამშობიარო ტკივილი ან საკეისრო კვეთისშემდგომი პრობლემები. შენ დედა გახდი! არ ვიცი, აცნობიერებ თუ არა ბოლომდე, მაგრამ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა! ახლა შენს წინ პაწაწინა არსებაა, ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანი! დგახარ სამშობიარო სახლის კარის ზღურბლთან საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და პირველი, რაც გეფიქრება, ალბათ, არის შემდეგი - შინ ბევრი პრობლემაა, იქ არც ექიმია, არც მედდა, სამაგიეროდ, არიან ყველაფრის მცოდნე მშობლები, მეგობრები და ცოტა შენსავით დაბნეული მეუღლე. მოდი, ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ იმ პირველი მთავარი 24 საათისათვის, როცა შინ ოჯახის ახალი წევრით დაბრუნდები.
სხეულის ფორმები
თუ შენ ფიქრობდი, რომ მშობიარობის შემდეგ შენი სხეული და წონა ჩვეულ ფორმებს დაუბრუნდებოდა, იმედი უნდა გაგიცრუო. ეს ასე არ მოხდება. ჩვეული წონის დაბრუნებას რამდენიმე თვე დასჭირდება, ხოლო მშობიარობისშემდგომი მუცლის ზომები ისევ დაგამსაგავსებს ორსულ ქალს, თუმცა დროებით. ამიტომ საშმობიაროდან გამოწერის დღისათვის ნუ შეიგულებ ძველ სამოსს, ჩვეული ამბავია ორსულობისდროინდელი ტანსაცმლით დაბრუნება სამშობიაროდან შინ.
პატარას სამოსი
აქ რჩევა-დარიგებების კასკადი და სიფრთხილის გადაჭარბებული დოზები გელის. გახსოვდეს, ახალშობილს ჩააცვი ისევე, როგორც შენ იცვამ, მაგრამ დაუმატე სამოსის კიდევ ერთი ფენა და ახალშობილისათვის განკუთვნილი პლედი.
საკვები
იდეალური საკვები პატარასთვის დედის რძეა, ამიტომ ეცადე, სამშობიაროშივე ისწავლო ძუძუთი სწორად კვება. ამაში მედდა დაგეხმარება. არ მისცე პატარას რაიმე სახის ხელოვნური საკვები იმ მოტივით, რომ მას რძე არ ყოფნის. გახსოვდეს, ახალშობილი მუდმივად ითხოვს ძუძუს, რადგან მას არამარტო შიმშილი აწუხებს, არამედ შენთან კონტაქტი, შეხება, შენი ხმისა და სუნის შეგრძნება სურს. ეს ყველაფერი მისთვის უსაფრთოებას ნიშნავს! რაც შეეხება ხსენის და რძის მცირე მოცულობას დაბადების პირველ დღეებში, ახალშობილის პატრა მოცულობის კუჭისათვის ის სრულიად საკმარისია, მე-3-4 დღიდან კი „რძის მოწოლა“ დაიწყება და რძის რაოდენობაც გაიზრდება. გაითვალისწინე, რომ შიმშილის ნიშნები გარდა ტირილისა, არის ტუჩების ცმაცუნი, ლოკვა, მოუსვენრობა. თუ ამ ნიშნებს ყურადღებას დროულად არ მიაქცევ, ცოტა ხანში პატარა მაღალი და მომთხოვნი ხმით დასჭექს.
როცა შინ სხვა პატარებიც გელიან...
თუ უკვე გყავს სხვა შვილიც, გაითვალისწინე, რომ ის მოუთმენლდ ელის შენს დაბრუნებას და ხშირად სულაც არ უნდა შენთან ერთად იმ არსების ნახვა, რომელმაც დედიკო უნდა გაუყოს. ასე, რომ სამშობიაროში წასვლამდე უფროს და-ძმას აუხსენი, რომ სულ მალე ოჯახში მატება იქნება. შინ დაბრუნებისას წარუდგინე მათ პატარა, გააცანი, მიეცი უფლება შეეხონ. დაასაქმე უფროსი და-ძმა, დააჭერინე ხელში ახალშობილი (რა თქმა უნდა, სიფრთხილით), დაიხმარე და მოატანინე პაწაწინასთვის განკუთვნილი ნივთები - საფენები, მოვლის საშუალებები.
თუ სახლში შინაური ცხოველიც გელის...
ოჯახის ახალი წევრის წარდგენა მისთვის მანამდე სჯობს დაიწყო, ვიდრე პირადად გააცნობ. გაუგზავნე სამშობიაროდან ახალშობილის რაიმე ნივთი დასაყნოსად, ვთქვათ, სამოსი, რომელიც მას უკვე ეცვა.
პირადად გაცნობა უმტკივნეულოდ ჩაივილის, თუმცა არ მისცე საყვარელ ცხოველს უფლება, შევიდეს იმ ოთახში, სადაც ახალშობილს სძინავს.
სტუმრები
ჰოოო, აი, ამას კი ვერაფრით აარიდებ თავს. შენ ხომ ახლა ყველაზე პოპულარული ქალი ხარ სანათესაო-სამეგობროში - დედა გახდი. ამიტომ ყველას სურს გინახულოს შენც და შენი პაწაწინა შვილიკოც. სულაც არა მოსარიდებელი, მოსთხოვო ყველა სტუმარს, პატარასთან შეხვედრამდე კარგად დაიბანოს ხელები, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც არ გრძნობს თავს ჯანმრთელად, სთხოვო, თავი შეიკავოს სტუმრობისაგან. გახსოვდეს, შენი პატარა უმწიფარი იმუნური სისტემით დაიბადა და მისთვის მიკრობები განსაკუთრებით საშიშია.
ექიმი
სულ ბოლოს გამახსენდა - შენს პატარას ექიმი სჭირდება და ის საგულდაგულოდ უნდა აირჩიო.
შემდგომი წლების მანძილზე სწორედ ის გახდება თქვენი ოჯახის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარიც და მრჩეველიც. ამიტომ ის ადამიანი უნდა მოძებნო, რომელთან ვიზიტი კი არ დაგრთგუნავს და შეგაშინებს, პირიქით, ბევრ დადებით ემოციას და სიმშვიდეს მოგიტანს.
რა კითხვები უნდა დაუსვა ექიმს პირველ შეხვედრაზე გარდა შენთვის საინტერესო სამედიცინო საკითხებისა?
1. როგორია თქვენი სამუშაო განრიგი? 2. რა არის ექიმთან გადაუდებელი ვიზიტის მიზეზი? 3. ვის და რა ნომერზე შეიძლება დავუკავშირდე გადაუდებელი შემთხვევებისას? 4. როგორი სიხშირით უნდა მოვიყვანო პატარა ჯანმრთელობის და განვითარების შესაფასებლად? 5. როცა პატარა ტირის, ნიშნავს თუ არა, რომ ის ავადაა?
ბედნიერ დედობას გისურვებ! და სანამ დაგემშვიდობები, მინდა გითხრა, ეს მხოლოდ მცირედია იმ რჩევებიდან, რაც მინდა, რომ მოგცე და გასწავლო. ასე, რომ გაგრძელება იქნება!" - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.