როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„აკრძალვებით იზრდება ადამიანი, ეს არის სწორედ ის, რაც თავისუფლებას გვასწავლის,“ - მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის სწორად აღზრდისთვის აკრძალვების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აკრძალვები ადამიანს თავისუფლებას ასწავლის:
„მშობელს ძალიან უყვარს თავისი შვილი. დიდი ემოცია აზროვნების ფუნქციას უკან წევს. როდესაც ძალიან შეყვარებული ხარ, კარგად ვერ აზროვნებ. ნებისმიერი ემოცია: შიში, ბრაზი, აზროვნებას არხს არ უტოვებს. მე არ მინდა, რომ ვინმეს ჭკუა დავარიგო. მე თვითონ ჩემმა შვილებმა მასწავლეს ბევრი რამ და იმ ბავშვებთან, ვისთანაც მქონია ურთიერთობა. მათ სჭირდებათ პატივისცემა და გათვალისწინება. სასჯელი უნდა იყოს ღირსეული, მასთან შეთანხმებული, ვის დასჯასაც აპირებ. სასჯელი არ უნდა იყოს წრეგადასული და შეურაცხმყოფელი. აკრძალვებით იზრდება ადამიანი. აკრძალვები არის სწორედ ის, რაც თავისუფლებას გვასწავლის. არჩევანის საშუალებას გვაძლევს, მარჯვნივ წავიდეთ თუ მარცხნივ.“
მარინა კაჭარავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ნებისყოფა გამოიმუშავოს და ქცევის კონტროლი ისწავლოს:
„ცხოვრება საჩუქარს არ იძლევა ყოველდღიურად. სიცოცხლე ისედაც საჩუქარია. ზეფირის ცნობილი ექსპერიმენტი რომ არის, ის ოცი წუთი ძალიან გადამწყვეტია ბავშვისთვის, რომ მას შეუძლია მოითმინოს. ეს არის ქცევის კონტროლის დასწავლა, ნებისყოფის გამომუშავება, რაც მას ძალიან დასჭირდება.“
„ბავშვი აღბეჭდავს დედისა და მამის ურთიერთობების მოდელს და ეს მოდელი ხდება მისთვის ერთადერთი, რაც იცის. შეიძლება ბევრი რამ ისწავლოს, მაგრამ ყველაზე უკეთ მაინც ეს იცის. მძაფრი ემოციის დროს ან დედასავით იქცევი, ან მამასავით. ერთ-ერთ ნარკოლოგს ჰკითხეს, როგორ აირჩია პროფესია. მას ძმა ჰყავდა ნარკომანი. მან უპასუხა, რომ მამა ჰყავდათ ნარკომანი. ერთმა აირჩია იგივე გამკლავების მექანიზმი, მეორემ ანტისცენარი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ურთიერთობებს, სიტყვა-პასუხს. დედას რომ ეშინია ან მამას, შიშები მთლიანად ტრანსლირდება ბავშვზე,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.