როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ძაღლის, კატის ან სხვა ნებისმიერი ცხოველის ნაკბენი ან ნაკაწრი ყოველთვის არის საფრთხის შემცველი, მათ შორის უკვე არსებულ ჭრილობაზე ცხოველის ნერწყვის მოხვედრა''
რა შემთხვევაში წარმოადგენს ცხოველის ნაკბენი საფრთხეს? - აღნიშნულ თემაზე MomsEdu.ge-ს რაბიოლოგი მანანა პაპავა ესაუბრა.
- რა შემთხვევაში წარმოადგენს საფრთხეს ძაღლის ან კატის ნაკბენი (თუნდაც ნაკაწრი) ბავშვისთვის?
- ძაღლის, კატის ან სხვა ნებისმიერი ცხოველის ნაკბენი ან ნაკაწრი ყოველთვის არის საფრთხის შემცველი, მათ შორის უკვე არსებულ ჭრილობაზე ცხოველის ნერწყვის მოხვედრა. ძაღლის ან კატის ნაკბენი, განსაკუთრებით საშიშია თუ ცხოველი აუცრელია, იმყოფება სხვა მიუსაფარ ცხოველებთან კონტაქტში და როდესაც ვერ ვაკვირდებით (არის მიუსაფარი).
ხშირად, როდესაც მშობლები მომმართავენ და ვიცი, რომ დაზიანება ცხოველის მიერ არის მიყენებული, მეუბნებიან რომ სახლის ძაღლმა ან კატამ უკბინა ბავშვს და თვლიან რომ აცრა არ სჭირდება. ძირითადად, აღმოჩნდება რომ ძაღლი არის ეზოში და აქვს კონტაქტი სხვა მიუსაფარ ცხოველებთან. ეს ფაქტი გასათვალისწინებელია, ვინაიდან მშობლები ასეთ დროს არ მიმართავენ ექიმს, არ იღებენ რჩევებს და უშვებენ შეცდომას.
ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს ცხოველის მოვლის საკითხს. ხშირად, ოჯახს არ აქვს ცხოველის პასპორტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ჩანაწერები ცოფზე ჩატარებულ იმუნიზაციაზე. აღნიშნულის არსებობა ექიმს დაეხმარება გამორიცხოს საფრთხეები.
- პირველ რიგში, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, საფრთხის თავიდან ასაცილებლად?
- უპირველესად, რაც უნდა გააკეთონ მშობლებმა, ეს არის ნაკბენის, ნაკაწრის, ან დადორბლილი ჭრილობის ჩამობანვა გამდინარე წყლით და გასუფთავება სარეცხი საშუალებით - საპონით (ყველაზე კარგია, სარეცხის საპონი 72%-ანი), ამის შემდეგ, ანტისეპტიკური ხსნარები, წყალბადის ზეჟანგი, ბეტადინის ხსნარი და მიმართონ ქირურგ-რაბიოლოგს.
- უფრო რომ დაგვიკონკრეტოთ, თუ გაკაწრულ ადგილზე ცხოველის ნერწყვი მოხვდა ბავშვს, ასეთ დროს როგორ ვიქცევით?
- როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ისეთივე საფრთხეს წარმოაგდენს, როგორსაც ნაკბენი, იმ შემთხვევაში, თუ გაკაწრული ნაწილი ღია, ანუ ახალ ჭრილობას წარმოადგენს, ხოლო თუ ეს უკვე ძველი ჭრილობაა, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველი არ არის.
- აქვე მინდა გკითხოთ, შეიძლება თუ არა გართულება მოჰყვეს ლურსმნებით ან მსგავსი ნივთებით სხეულის ნაწილის დაზიანებას?
- ნებისმიერი დაზიანება, რომელიც იწვევს კანის ზედაპირის მთლიანობის დარღვევას და განსაკუთრებით, ნაჩხვლეტი ჭრილობები, მათ შორის ლურსმანით მიყენებული, მიწით დაბინძურებული წარმოადგენს საფრთხეს, რადგან შეიძლება იყოს ტეტანუსის განვითარების მიზეზი. ბავშვები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ გეგმიური განრიგის მიხედვით აცრები, არ საჭიროებენ ტეტანუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციას. აუცილებელია მშობელმა მიმართოს ექიმსს, ვინაიდან ექიმი იღებს გადაწყვეტილებას თითოეულ პაციენტთან, ინდივიდუალურად, მრავალი ფაქტორების გათვალისწინებით.