Baby Bag

რას გულისხმობს ბავშვის განვითარების შეფერხება, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და ძირითადად რა ნიშნები აფიქრებინებს, რომ პატარას პრობლემა აქვს?

რას გულისხმობს ბავშვის განვითარების შეფერხება, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და ძირითადად რა ნიშნები აფიქრებინებს, რომ პატარას პრობლემა აქვს?
რას გულისხმობს ბავშვის განვითარების შეფერხება, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და ძირითადად რა ნიშნები აფიქრებინებს, რომ პატარას პრობლემა აქვს? ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ნეიროფსიქოლოგი თათია მჭედლიშვილი.

​- ქალბატონო თათია, რას გულისხმობს ბავშვის ადრეული განვითარება და რა ეტაპებს მოიცავს?
- ადამიანის განვითარება კომპლექსური პროცესია და რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ადრეული განვითარება ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მნიშვნელოვანი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვის ადრეული განვითარება მოიცავს რამდენიმე სფეროს. ეს სფეროებია - მოტორული, კოგნიტური, ენა და მეტყველება, სოციალურ-ემოციური სფერო და ადაპტური ფუნქციონირება.
მოტორული (ფიზიკური) განვითარება გულისხმობს ძვლების და კუნთების ეტაპობრივ განვითარებას, სხეულის გარემოში მობილობის და მანიპულირების უნარს. მოტორულ განვითარებაში გამოიყოფა მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარები. მსხვილი მოტორული უნარები, ძირითადად დაკავშირებულია სხეულის დიდი კუნთების და კიდურების მოძრაობასთან, როგორებიცაა: ფეხები, ხელები, ტორსი და ჩართულია შემდეგი უნარების განვითარებაში: თავის დაჭერა, ჯდომა, ხოხვა, სიარული, სირბილი, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა. ნატიფი მოტორული უნარები ძირითადად დაკავშირებულია ხელის და მაჯის კუნთების მოძრაობებთან, მაგალითად, ტაშის დაკვრა, თითების თითებზე შეხება, ღილების შეკვრა/გახსნა, კუბიკების და ფაზლების აწყობა, მაკრატელის გამოყენება, გაფერადება, ხატვა და წერა.
ენის და მეტყველების განვითარება აერთიანებს მეტყველების გაგებას, საკუთარი აზრების და მოთხოვნილებების სიტყვიერად გამოხატვას, ასევე კომუნიკაციას. სოციალურ-ემოციური სფერო მოიცავს ისეთ უნარებს, რომლებიც ბავშვს ეხმარება დაამყაროს ურთიერთობები, გამოხატოს და მართოს საკუთარი ემოციები, გაიგოს სხვისი ემოციები, გამოხატოს თანაგრძნობა, ხოლო ადაპტური უნარები ადრეულ ასაკში გულისხმობს, თვითმომსახურების უნარებს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფუნქციონირებისას გვჭირდება.
თითოეული ამ სფეროსთვის არსებობს განვითარების ასაკობრივი ნორმები, ანუ განსაზღვრულია უნარების განვითარების ასაკობრივი პერიოდი. ეს სფეროები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა იზოლირებულად არ ფუნქციონირებენ და განვითარების პროცესში მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ერთმანეთზე.
- რას გულისხმობს ბავშვის განვითარების შეფერხება?
- ასაკობრივი განვითარების ნორმების ცოდნა გვეხმარება, განვსაზღვროთ მიჰყვება თუ არა ბავშვი განვითარების ნორმას ასაკის შესაბამისად. განვითარებაში ხანმოკლე ჩამორჩენა, როგორც წესი, არ არის საგანგაშო, თუმცა დროში გახანგრძლივებული შეფერხება, შესაძლოა, იყოს განვითარების ეტაპების დაყოვნების ან განვითარების დარღვევის ნიშანი.
განვითარების შეფერხება გულისხმობს ერთ ან მეტ სფეროში ასაკობრივი განვითარების ნორმებში მნიშვნელოვან ჩამორჩენას. ეს შეიძლება იყოს დროებითი ან ხანგრძლივი, როგორც რომელიმე ნეიროგანვითარების დარღვევის ადრეული გამოვლინება. ასეთ დროს განვითარების შეფერხების დიაგნოზი არის პირველადი დიაგნოზი მანამ, სანამ სპეციალისტები მოახდენენ მდგომარეობის ზუსტ იდენტიფიცირებას.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს უკვე განვითარებული უნარის რეგრესს, მაგალითად, ბავშვმა დაიწყოს მეტყველება და შემდეგ შეწყვიტოს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა და მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს სპეციალისტთან მიმართვა.
- შესაძლებელია თუ არა მშობელს გამოეპაროს განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები?
- მშობელი ყველაზე უკეთ იცნობს თავის შვილს და თვალს ადევნებს ბავშვის განვითარებას, თუმცა შესაძლოა, არ ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია სხვადასხვა უნარის განვითარების ასაკობრივ ნორმებზე, შესაბამისად, არ გაუჩნდეს ეჭვი და დროულად არ მიმართოს სპეციალისტს. განვითარების ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია რეგულარული ვიზიტები პედიატრთან და მეთვალყურეობა ბავშვის განვითარებაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს იდენტიფიცირება და შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება. შეიძლება თვითონ მშობელსაც გაუჩნდეს კითხვები ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით, ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც მშობელს უკვე ჰყავს სხვა ბავშვი და აქვს გამოცდილება ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით. ასეთ დროს, როგორც წესი, თავად მიმართავენ შესაბამის სპეციალისტს კონსულტაციისთვის.
- რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება ასაკის მიხედვით და რა ნიშნები აფიქრებინებს მას, რომ მდგომარეობა საყურადღებოა?
- ბავშვის განვითარება იმდენად კომპლექსური პროცესია, ასე ცალსახად თქმა რთულია. აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. თითოეული უნარი განვითარების პროცესში სხვადასხვა ეტაპს გადის, შესაბამისად, განვითარების შეფერხების შემთხვევები განსხვავებულია. გასათვალისწინებელია, როდის გამოვლინდა პირველად უნარი და განვითარების რა ეტაპზე გაჩერდა. ასევე, უნარის აღმოცენების დრო სხვა უნარებთან მიმართებაში, უნარის ჩამოყალიბების ტემპი და ასე შემდეგ.
მაგალითად, შეიძლება ბავშვი ცდილობდეს სიარულის დაწყებას, მაგრამ ასაკის მიუხედავად დამოუკიდებლად ვერ დადიოდეს ან საერთოდ არ ცდილობდეს და არ იჩენდეს სიარულის ინიციატივას. სავარაუდო შეფერხების მაჩვენებელი შეიძლება იყოს, როდესაც ბავშვს 9 თვის ასაკში აქვს დამოუკიდებლად ჯდომის სირთულე, 18 თვისას აქვს დამოუკიდებლად სიარულის სირთულე, არ რეაგირებს სახელზე. საყურადღებოა, როდესაც 5 თვის ბავშვი არ ღუღუნებს, 1-1,5 წლის ასაკში არ ცდილობს წარმოთქვას სიტყვები, მიამსგავსოს ბგერები მარტივ სიტყვებს. 2 წლის ასაკში სპონტანურად არ ამბობს ცალკეულ სიტყვებს ან არ იყენებს მარტივ 2-სიტყვიან ფრაზებს, აქვს უჩვეული ინტონაცია. არ მიჰყვება მარტივ სიტყვიერ ინსტრუქციებს. ასევე, მიიჩნევა, რომ 2 წლის ასაკში მშობლისთვის და ძირითადი აღმზრდელისთვის, ბავშვის მეტყველების 50% გასაგები უნდა იყოს. არ იყენებს სათამაშოს ფუნქციურად და ძირითადად იყენებს მხოლოდ ცალკეულ ნაწილებს. 3 წლის ასაკში არ იჩენს ინიციატივას ბავშვებთან ურთიერთობაში, არ თამაშობს მათთან.
თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული ნიშნების არსებობა არ გულისხმობს აუცილებლად განვითარების შეფერხებას, საჭიროა ინდივიდუალური შემთხვევის ანალიზი და ამ პროცესში სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება.
- რას ეტყოდით მშობლებს, ვინც ვარაუდობს, რომ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს განვითარების შეფერხება?
- აუცილებლად გაიარონ კონსულტაცია სპეციალისტთან და ნაკლებად მიაქციონ ყურადღება ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა: „მალე თავისით გაივლის“ ან „ჩემი ახლობელიც ასე იყო და თავისით დაიწყო ლაპარაკი“. კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა, უნარის განვითარების გადავადება მართლაც იყოს ტიპური განვითარების ნაწილი, თუმცა ასევე შეიძლება იყოს ადრეული ნიშანი განვითარების შეფერხების ან/და რომელიმე ნეიროგანვითარების დარღვევის, ასეთ დროს დროული იდენტიფიცირება და ადრეული ინტერვენცია მნიშვნელოვანია.
განვითარების შეფერხების პროგნოზი ინდივიდულურია. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული გარემო ან სხვა ფაქტორებით და დროული, სწორი ინტერვენციის შედეგად, მალევე მოხდეს ასაკობრივ ნორმებზე დაწევა. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც განვითარების შეფერხება ვლინდება, როგორც ადრეული ნიშანი რომელიმე ნეიროგანვითარების დარღვევის, შედეგი შეიძლება შედარებით დროში გახანგრძლივდეს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, დროულ იდენტიფიცირებას და ინტერვენციას აქვს პოზიტიური ეფექტი ბავშვის განვითარებაზე.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ​ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოიცადე, მოვიდეს მამა!“ - რატომ არ უნდა დავემუქროთ შვილებს მამის სახლში დაბრუნებით?

„მოიცადე, მოვიდეს მამა!“ - რატომ არ უნდა დავემუქროთ შვილებს მამის სახლში დაბრუნებით?

დედები ხშირად იყენებენ გამოთქმას: „მოიცადე, მოვიდეს მამა!“ ისინი ამ ცნობილ ფრაზას ბავშვების დასაშინებლად ამბობენ, რათა ბავშვებმა არასასურველი ქცევისგან თავი შეიკავონ. მამის მოსვლით ბავშვის დაშინება ტრადიციული „ხრიკია,“ რომლის გამოყენება თანამედროვე დედებმა უნდა შეწყვიტონ.

მამა ბავშვის თვალში ცუდ ადამიანად წარმოჩინდება

როდესაც დედები შვილის დასაშინებლად ამბობენ: „მოიცადე, მამა მოვიდეს!“ ისინი ბავშვს მამის ნეგატიურ ხატს უყალიბებენ. მამა ცუდი ადამიანის როლშია გამოყვანილი. ეს ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. სახლში მოსული მამა იძულებული ხდება ბავშვის ნეგატიურ ქცევებს „გაუმკლავდეს,“ რაც შვილებთან ურთიერთობას აზიანებს.

ბავშვს მამის მიმართ შიში უჩნდება

მსგავსი ფრაზების ხშირად მოსმენა ბავშვს მამის მიმართ შიშის გრძნობას უნერგავს. ბავშვს არცერთი მშობლის არ უნდა ეშინოდეს. როდესაც თქვენ მას ეუბნებით, რომ მამა სახლში მოვა და მას პრობლემები შეექმნება, ის აცნობიერებს, რომ პრობლემებს მამისგან უნდა ელოდოს, რაც ბავშვში მშობლისადმი შიშის გრძნობას აჩენს. მსგავსი ფრაზები ბავშვს მთელი დღის განმავლობაში შფოთვაში ამყოფებს. თუ ბავშვი დილით დედისთვის მიუღებელ ქცევას გამოავლენს, ის საღამომდე შიშით ელის მამის მოსვლას და როგორც კი მამა კარს შემოაღებს, ბავშვის შიში პიკს აღწევს. ეს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად ზემოქმედებს.

დედა ბავშვის თვალში სუსტად გამოიყურება

როდესაც დედა ბავშვს მამის მოსვლით ემუქრება, ის ამით მას უმტკიცებს, რომ თავად არ აქვს უნარი შვილი სწორად აღზარდოს და ის დისციპლინას აზიაროს. დედა მთლიანად მამაზეა დამოკიდებული, რომელიც სახლში დაბრუნებისას არსებულ ვითარებას მარტო უნდა გაუმკლავდეს. ეს ბავშვის თვალში დედას სუსტ ადამიანად წარმოაჩენს.

მამის მოსვლით დამუქრება ბავშვს აფიქრებინებს, რომ მას დედასთან ერთად ყოფნისას ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს, რადგან დისციპლინისა და წესრიგის დამყარებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მამაა.

გირჩევთ ბავშვებს არასდროს დაემუქროთ „მამის სახლში დაბრუნებით,“ რადგან ეს დისციპლინის დამყარებაში ნაკლებად დაგეხმარებათ და ბავშვის ფსიქიკაზეც ნეგატიურად აისახება.

წყარო:​ Moms.com

წაიკითხეთ სრულად